"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

გწამდეს..


არასოდეს დაკარგო რწმენა.. რწმენა, რომ უფალი არ მიგატოვებს განსაცდელში მყოფს.. ოღონდ შენ ისწრაფე გამუდმებით უფლისკენ, შენ არ აქციო ზურგი ღმერთს, სასოწარკვეთილებაში არ ჩაგაგდოს განსაცდელის სიმძიმემ.. გჯეროდეს ღვთის განგების, სამართლიანობის, სიკეთის, სიყვარულის.. მშვიდად შეეგებე ყველა განსაცდელს, ლოცვით უსმინე უფლის ხმას და მიჰყევი მის გზას.. გახსოვდეს – “არ არსებობს  ”აღდგომა”   “გოლგოთის”   გარეშე..”

ძნელია ადამიანობა.. ძნელია სულ ისე იარო, რომ არ წაიქცე.. ხანდახან ეკალსაც გაკრავ მხარს, ხანდახან ხავსსაც მოეჭიდები.. მაგრამ, არ შეჩერდე.. წამოდექი და მეტი შემართებით გააგრძელე გზა.. ადამიანი სწორედ იმით ფასდება, თუ რამდენად ღირსეულად გადაიტანს განსაცდელს.. ამ მცირე დროში კი შეეცადე სულით არ დაეცე, სანამ ისევ არ შემოვა ფანჯრიდან იმედის სხივი, უფლის სინათლე..

ზოგჯერ, გული ცრემლებად უნდა დაიღვენთოს, რომ მიხვდე, ღიმილი რამხელა ბედნიერებაა.. აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ შეიგრძნო რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა.. ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო.. სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი..

მთავარია გიყვარდეს.. სიყვარულით გქონდეს გული და სული სავსე.. არ შეგცვალოს ცხოვრების ეკლებმა..  არ გაუფერულდეს შენს სულში ბავშვობიდან წამოღებული ცისარტყველას ფერები.. გიყვარდეს მთელი სამყარო.. და არასოდეს მოითხოვო სიყვარულისთვის სიყვარული, თავმდაბლობისთვის – შექება, სამსახურისთვის – მადლიერება.. ნამდვილი სიყვარული სამაგიეროს არ ითხოვს.. ყველა ადამიანში არის ისეთი რაღაც, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს იგი.. და ეს რაღაც უფლის ხატებაა, რომელიც სულის თვალით უნდა დაინახო..

უფალმა ჩვენ ნატვრისთვალი გვაჩუქა და ეს ნატვრისთვალი ჩვენს გულშია დამალული.. და თუკი გავითავისუფლებთ სულს ყოველგვარი მანკიერებისგან, შევიყვარებთ ღმერთს, ერთმანეთს, სიცოცხლეს, მთელ სამყაროს უსაზღვროდ, ამ ნატვრისთვალსაც ვიპოვით.. სულის სიმშვიდეს, ბედნიერებას ვიპოვით..

ნათია გოგიაშვილი


ნათელი ფერებით გაალამაზე შენი ცხოვრება.. იპოვე საკუთარი თავი  სამყაროში და სამყარო – შენში.. შექმენი შენი ცხოვრებით ჯვარი:  ისწრაფე ღვთისკენ და ისწრაფე ადამიანებისკენ.. აავსე შენი გული სიყვარულით, სიმშვიდით და სიკეთით.. შეეცადე, ყოველდღე, ერთი ნაბიჯი მაინც გადადგა უკეთესობისკენ, პიროვნული სრულყოფისკენ.. გამოიყენე ყოველი დღე, ყოველი წუთი და ყოველი წამი საკუთარი თავის საპოვნელად.. ისწავლე სამყაროს დანახვა გულის თვალით, რადგან მხოლოდ გული ხედავს იმას, რაც მთავარი და არსებითია.. შეიყვარე ადამიანები, ბუნება, მთელი სამყარო უსაზღვროდ, მთელი არსებით.. იცხოვრე არა სიკვდილის შიშით, არამედ სიცოცხლის სიყვარულით..

ნათია გოგიაშვილი


“ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რა აზრი აქვს მის ცხოვრებას, რატომ მოვიდა იგი ამქვეყნად. მიწიერი ცხოვრება მხოლოდ დასაწყისია, მარადისობისთვის მომზადებაა. ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება იმისთვის მოგვეცა, რომ მომავალი, იმქვეყნიური ცხოვრებისთვის მოვემზადოთ. სულიერი ჯვრის გამოსახვა თავისი ცხოვრების წესით ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანია. ჩვენი მიწიერი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა განუწყვეტელი და გამუდმებული მიახლოება ღმერთთან. ყველანი ღვთისკენ მიმავალ გზაზე ვართ და კარგად უნდა ვიფიქროთ ამაზე, რათა გზის მითითებები არ დაგვავიწყდეს. ადამიანი ღმერთი არ არის, მაგრამ მისი არსებობის მიზანი, უფლის მცნების მიხედვით, ღვთის მსგავსებაა. ნუ მიეჯაჭვები წუთისოფელს – მიწიერი მოგზაურობის ჟამს. არცერთი კეთილგონიერი ადამიანი სახლს გზაზე არ ააშენებს. ეს ცხოვრება ღვთისგან სინანულისთვის მოგვეცა. ჩვენი მოვალეობაა, მთელი ცხოვრება ისე გავატაროთ, რომ როდესაც ამ ცხოვრებიდან გაგვიხმობენ, მშვიდი სინდისით ვთქვათ: “ჩემი გული მზად არის”. თუ აქვე, ამ სოფელში არ დავიწყეთ მზადება, აქვე არ შევუდეგით ჩვენს სულიერ ფერისცვალებას, მაშინ ვერ ვეღირსებით ღვთის სასუფეველის დიდებას, რაც შეიძინა აქ კაცის სულმა, იმას გადიტანს იმ სოფელშიც. რა ფერიც აქ მიიღო მისმა სულმა, იმ ფერით გადავა იმ სოფელში. ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ ღმერთთან ურთიერთობაა. “სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს” (ლკ. 17.21), – თქვა უფალმა. ჩვენ, ამ ანგელოზთა ხვედრს – სასუფეველს, საკუთარ თავს თვითონვე ვპარავთ. ჩვენი ცხოვრება გამუდმებული პარვაა დოისა, როცა მარადისობის მოპოვება იქნებოდა შესაძლებელი; რაში მდგომარეობს ამ ცხოვრების აზრი? იმაში, რომ თავი მოვამზადოთ ჩვენი სამშობლოს – ზეცისა და სამოთხისათვის. მთავარი ისაა, რომ ადამიანმა დაიჭიროს ცხოვრების ეს უღრმესი აზრი, ესაა სულის ცხონება. თუ ადამიანი ღმერთსა და მომავალ ცხოვრებას იწამებს, გააცნობიერებს, რომ ეს დროებითი ცხოვრება ამაოა და წარმავალი. ჩვენ გვავიწყდება ის, რომ ყველანი ამა სოფლის სტუმრები ვართ და რომ მალე უნდა წავიდეთ აქედან. აქ ფესვებს ვერ გავიდგამთ. ეს ჟამი იმისთვის არაა, რომ უდარდელად განვლიოთ, არამედ იმისათვის, რომ ცხოვრების გამოცდა ჩავაბაროთ და სხვა ცხოვრებაში ღირსეულად გადავიდეთ. ამიტომაც, ადამიანის დედამიწაზე ცხოვრების მიზანი ზეციური სასუფევლის მოხვეჭაა. ეს მიზანი ქრისტეს პირველივე სიტყვებში განცხადდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“ (მათ. 4. 17). ხოლო მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველსა დაბადებულსა“ (მარკ. 16, 15). მაგრამ, განა ყველა მისი სიტყვა ზეციური სასუფევლის შესახებ არ ღაღადებს, განა ამაღლებაცა და ზეციური სამყაროდან უფლის მოვლენაც ამასვე არ ადასტურებს? სახარება თავიდან ბოლომდე ადასტურებს და ლაპარაკობს ზეციური სამეფოს, როგორც ადამიანის ცხოვრებისეულ მიზანზე. სახარება არის წიგნი მიწიერი ცხოვრების აზრისა და ამ მიზნისაკენ მიმავალ გზასთან დაკავშირებით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აზრის შესახებ, რადგან ჯერ უნდა იცოდე თუ საით, ხოლო შემდგომ კი – როგორ მიდიხარ. განა ყველა ემადლიერება ღმერთს და თანაც ყველაფრისათვის? არიან ისეთებიც, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, იკითხონ: „რისთვის მოგვცა ღმერთმა სიცოცხლე? ჯობდა არ დავბადებულიყავით“. ღმერთმა სიცოცხლე მარადიული ნეტარებისთვის მოგვცა, უსასყიდლოდ მოგვცა და უსასყიდლოდვე აღგვჭურვა მარადიული სიცოცხლის მოსაპოვებელი საშუალებებით. ჯერი შენზეა, ოდნავ მაინც უნდა გაისარჯო. ამბობ: „მხოლოდ მწუხარება, სიღარიბე, სნეულება და შეურაცხყოფაა ჩემი ხვედრი“. მაგრამ ესენი ხომ მარადიული ნეტარების მოსახვეჭი საშუალებებია? მოითმინე.. მთელი შენი ცხოვრება გაელვებაც კი არაა მარადისობასთან შედარებით. თუნდაც გამუდმებით გიწევდეს წვალება, ისიც არაფერია მარადისობის პირისპირ. შენ კი ნუგეშის წუთები მაინც გაქვს. აწმყოს კი არა, სამომავლო ხვედრს მიაპყარი გულისყური და იზრუნე, მისი ღირსი გახდე. მაშინ მწუხარებას ვერც კი შენიშნავ. მარადიული ნუგეშის იმედი ყველანაირ მწუხარებას გააქარწყლებს და შენს ბაგეებს უფლის სამადლობელი არ მოსცილდება. წუთისოფელს სჩვევია ჭეშმარიტების გზიდან ჩვენი აცდენა, მაგრამ მიზანთან იგი არასოდეს მიგვიყვანს; ყველაფერს გვპირდება, მაგრამ ბოლოს,  ყველაფერს თვითონვე გვართმევს. ვერავინ მიუახლოვდება ღმერთს, თუ ამ სოფელს არ განეშორა. გონების თვალი აღაპყარ ზეციურ სამყაროს,  მოიხილე მისი მკვიდრნი – ვერც ერთს ვერ ჰპოებ იქ, ვინც იქამდე მოთმინების გზით არ მისულა. „სასუფეველი ცათაი იიძულების, და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მათე 11: 12). 

წმინდა მამათა სწავლებანის მიხედვით

უფალო…


„დიდი ხარ შენ, უფალო, და ღირსი იმისა, რომ ყველა გაქებდეს: დიდია ძალა შენი და უსასრულოა სიბრძნე შენი“ და შენი ქება სურს კაცს, შენივე ქმნილებების უბადრუკ ნაწილს; არ დაცხრება ჩვენი გული, ვიდრე არ განისვენებს შენში. მომეცი ძალა, უფალო, შევიცნო და მივხვდე, რითი დავიწყო: ჯერ გიხმო, ვიდრე ქებას შეგასხამდე, თუ ჯერ შეგიცნო და შემდეგ გიხმო? მაგრამ როგორ გიხმოს იმან, ვისაც ვერ უცვნიხარ?  ან, იქნებ, შენს შესაცნობად უმჯობესია ჯერ გიხმონ? „მაგრამ როგორ უხმობენ იმას, ვინც არა სწამთ? და ადიდებენ უფალს მაძიებელნი მისნი“. მაძიებელნი ჰპოვებენ მას და მპოვნელნი ადიდებენ მას. მე მოგძებნი, უფალო, შენი მხმობელი, და გიხმობ შენი მორწმუნე, რადგანაც შენი დიდება გვექადაგა ჩვენ. მაგრამ როგორ ვუხმობ ღმერთს ჩემსას და უფალს ჩემსას? ვინაიდან როდესაც ვუხმობ, ჩემშივე ვუხმობ მას, მაგრამ სადაა ჩემში ადგილი, რომ იქ შემოვიდეს უფალი ჩემი? სად შემოვა ჩემში ღმერთი; ღმერთი, „რომელმაც შექმნა ცა და მიწა?“ უფალო ჩემო, არის კია ჩემში რაღაც ისეთი, რომ დაგიტიოს? განა შენ მიერ შექმნილი ცა და მიწა, რომელთა წიაღშიაც შემქმენი მე, შენი დამტევნი არიან? მაგრამ უშენოდ არ იქნებოდა არაფერი, რაც არსებობს; მაშასადამე, ყველაფერი, რაც არსებობს, შენი დამტევია? კი მაგრამ, მეც ხომ ვარსებობ; მაშ, რაღაც გთხოვ, რომ ჩემში შემოხვიდე: მე ხომ არ ვიქნებოდი, შენ რომ არ ყოფილიყავი ჩემში? „ქვესკნელშიაც რომ ჩავიდე, შენც იქ იქნები“. მე ხომ არ ვიქნებოდი, ღმერთო ჩემო, ჩემში რომ არ იყო, ან, უფრო სწორად, არ ვიქნებოდი, შენში რომ არ ვყოფილიყავი; სად გიხმო, თუკი შენში ვარ? ან საიდან შემოხვალ ჩემში? სად წავიდე, ვინც ცასაც გავცდე და მიწასაც, რომ იქ მომეახლოს უფალი ჩემი, რომელმაც თქვა: „მე ვავსებ ცასა და მიწას“.

ვინა ხარ, ღმერთო ჩემო? გეკითხები, ვინა ხარ-მეთქი, თუ არა უფალი ღმერთი ჩემი? „ვინ არის უფალი, გარდა უფლისა, ან ვინ არის ღმერთი, გარდა ჩვენი ღმერთისა?“ უზენაესო, უკეთილესო, მძლეთა-მძლეო, ყოვლად ძლიერო, ყველაზე გულმოწყალევ და ყველაზე სამართლიანო, ყველაზე იდუმალო და ყველგან მყოფო, უმშვენიერესო და უმტკიცესო, უძრავო და გონებამიუწვდომელო, თვით უცვლელო და ყოვლის მცვლელო, მარად ახალო და მარად ძველო, რომელიც განაახლებ ყველაფერს და „აბერებ მზვაობართ, თუმცა თვითონაც არ იციან ეს“; მარად ქმედითო და მარადიულ სიმშვიდეში დავანებულო, რომელიც ჰკრებ ყველაფერს, თუმცა არა გჭირდება რა; მოგაქვს, ავსებ და ფარავ; ქმნი, ზრდი და სრულყოფ; ეძებ, თუმცა ყოვლის მფლობელი ხარ; გიყვარს, მაგრამ როდი მღელვარებ; ეჭვობ, მაგრამ არ შფოთავ; მრისხანებ, მაგრამ აუმღვრეველი ხარ; საქმეს იცვლი, მაგრამ არა ზრახვას; ყველაფერს აგროვებ, რასაც პოულობ, და არაფერს კარგავ; არ იცი, რაა ნაკლულოვანება და მოგებით ხარობ; არა ხარ ხარბი და ვახშს კი მოითხოვ; მეტს გაძლევენ, ვიდრე მართებთ, რათა მათი მოვალე იყო, მაგრამ ვისა აქვს რამე ისეთი, რომ შენი არ იყოს? ვალს იხდი, მაგრამ არავისი არა გმართებს რა; სესხს აბრუნებ, მაგრამ არაფერი გაკლდება. მეტი რა შეიძლება ითქვას, უფალო ჩემო, სიცოცხლევ ჩემო, წმიდათა-წმიდა სიხარულო ჩემო? მეტი რა შეიძლება ითქვას შენზე საუბრისას? მაგრამ ვაი მათ, ვინც დუმილით გივლიან გვერდს, რადგან თვით შენზე მეტყველნიც კი მუნჯნი არიან .

ვინ მაღირსებს, რომ შენში დავივანო? ვინ მაღირსებს, რომ ჩემს გულში შემოხვიდე, დავივიწყო ჩემი ბოროტება და გულში ჩაგიკრა ჩემი ერთადერთი სიკეთე? რა ხარ შენ ჩემთვის? შემიწყალე და მათქმევინე, ან მე თვითონ რაღა ვარ შენთვის, რომ მიბრძანებ მიყვარდე, და მრისხანებ, თუ შენს ბრძანებას არ ვასრულებ? მრისხანებ და საშინელ უბედურებას მიქადი! განა საშინელი უბედურება არ არის, არ მიყვარდე შენ? ვაიმე, ბედკრულს! მითხარი, შენი გულმოწყალებით, რა ხარ შენ ჩემთვის. უთხარი ჩემს სულს: „მე ვარ ხსნა შენი“. ამის გაგონებისთანავე მოგაშურებ და მოგეახლები. ნუ მარიდებ პირს: მოვკვდები თუ არ მოვკვდები, მაინც მეჩვენე.

საიდან უნდა იღებდეს დასაბამს ჩემნაირი არსება, თუ არა შენგან, უფალო? განა არსებობს ოსტატი, თავისავე თავს რომ ქმნიდეს? განა შეიძლება სხვაგან დიოდეს წყარო, საიდანაც იღვრება ჩვენში არსებობა და სიცოცხლე? არა, შენ გვქმნი, უფალო, ვისთვისაც ერთია არსებობა და სიცოცხლე, რადგანაც შენ ხარ უზენაესი არსებობა და უზენაესი სიცოცხლე. დღევანდელი დღე არასოდეს მთავრდება შენში, თუმცა არა, მაინც მთავრდება, რადგანაც ყოველი დღე შენშია; და ვერცერთი დღე ვერ გაიკვლევდა გზას, შენში რომ არ ყოფილიყო.

ჩემს სულში ხარ, უფალო.. მე ხელს ვიწვდი შენკენ, რათა შეგეხო, მაგრამ, ვიცი, რომ ამისათვის ჩემი ხელები ზეცაზე ფართო უნდა იყოს.. ვიწროა ჩემი სულის სახლი, უფალო, ვერ დაეტევი: მაშ, განავრცე. ინგრევა: შეაკეთე. ვიცი და ვაღიარებ, რამდენი რამაა შიგ, რასაც შეუძლია შეურაცხყოს შენი მზერა, მაგრამ ვინ დაგვის და დაასუფთავებს? ან ვის შევღაღადო, თუ არა შენ: „განმწმინდე ჩემი ფარული უწმინდურებისაგან,  უფალო,  და  დაიფარე  მაცთურთაგან მონა შენი..”

ნეტარი ავგუსტინეს “აღსარებანი” –ს მიხედვით

სიკეთე


“უდიდესი მეცნიერებაა, იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი. ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.  სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება. კეთილი ის კი არ არის, ვინც სიკეთეს აკეთებს, არამედ ის – ვისაც ბოროტების ქმნა არ შეუძლია. ვისაც შენზე მცირე სახსარი აქვს, მას რომ დაეხმარები, ასეთი სიკეთეა ღვთის წინაშე შეწირული. ყველასათვის უნდა გინდოდეს სიკეთე. ღმერთი ჩვენგან გულიდან გამოსულ კეთილ საქმეს ითხოვს. რაც ერთ ადამიანს კეთილი უყავი, ის მე მიყავი, – ამბობს უფალი. როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, ხოლო როდეაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ჩვენ ცხოვრება. ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ; ამ წესის აღსრულებაა სიკეთე. გაუკეთე სხვებს ის, რაც გინდა, რომ შენ გაგიკეთონ – ესაა სათნოება. უფალმა ორი ნიჭი გვიბოძა, რომელიც ჩვენი გულისათვის ერთნაირად ძვირფასია – ხსოვნა და დავიწყება. როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობა მის ხსოვნას ითხოვს; ხოლო როდესაც ბოროტებას გვიკეთებენ, სიყვარული მას გვავიწყებს. გუკეთე კეთილი საქმე მეგობრებს, რათა მათ კიდევ უფრო მეტად უყვარდე: ასევე მოექეცი შენს მტრებსაც, რათა ისინი შენი მეგობრები გახდნენ. უფალი არასდროს აკეთებს მხოლოდ ერთ სიკეთეს, არამედ   სამ-ოთხ   სიკეთეს   ერთად.     ბოროტებასაც  არასდროს  უშვებს, თუ მისგან მრავალი სიკეთე  არ მოდის. ყველაფერს: შეცდომებსაც, ხიფათსაც იგი ჩვენს სასარგებლოდ იყენებს. სიკეთე და ბოროტება ერთმანეთშია არეული. კარგი იქნებოდა ისინი გამიჯნული ყოფილიყო, მაგრამ ადამიანის პირადი ინტერესები მათ ურევენ და ერთმანეთში ხლართავენ. თუმცა ღმერთი სარგებელს ამ გაუგებრობიდანაც ამოიღებს. ამიტომ, უნდა გვჯეროდეს, რომ უფალი მხოლოდ იმას დაუშვებს, რისგანაც სიკეთე გამომდინარეობს, ვინაიდან მას უყვარს თავისი ქმნილება.  მა შეიძლება დაუშვას რაიმე მცირე ცდუნება იმისათვის, რომ დაგვიცვას დიდი საცდურისაგან.  როცა კეთილ ადამიანს ხედავთ, გწამდეთ, რომ ის ოდესღაც უბედური იყო. კეთილად ცხოვრება, სიკეთის ქმნა და სიკეთზე ფიქრი ღვთისადმი მიტანილი მსხვერპლი კი არ არის, არამედ – ადამიანის ვალი უფლის წინაშე. არასასიამოვნოა ხეების ყურება გაშიშვლებული ტოტებით; არასასიამოვნოა ცქერა გაყინული მინდვრის, რომელზეც ერთი ბალახიც კი არ არის მწვანე, მაგრამ კიდევ უფრო სევდისმომგვრელია სიკეთისადმი გაციებული გულის ცქერა, რომელსაც სასიკეთო ძალები, სიცოცხლის ხალისი და სიმართლის ნაყოფი აღარ აქვს. იცხოვრე ისე, რომ მაგალითი იყო სხვებისთვის, მაგრამ შენი მხრიდან ნუ შეეცდები, გამოაჩინო შენი კეთილი საქმეები და მითუმეტეს, მხოლოდ ადამიანთა თვალწინ ნუ აღასრულებ მას – ეს ნუ იქნება შენი მიზანი სიკეთის ქმნისას.   სანთელი წვას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა იქ ადამიანები; ასევე ვენც გამუდმებით უნდა აღასრულებდეთ სიკეთეს და არ უნდა ფიქრობდეთ იმაე, უცქერს თუ არა ვინმე ჩვენს საქმეს. მთელი ცხოვრება ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენი სული სიკეთისკენ იყოს მიმართული. იმისთვის ვართ ამ  ქვეყანად, რომ რაც შეიძლება ბევრი კეთილი საქმე აღვასრულოთ.” 

წმინდა მამათა სწავლებანის მიხედვით

ხატის წინ..


უფალო, გთხოვ, დამეხმარე, რომ ისეთი ცხოვრებით ვიცხოვრო, როგორსაც შენ მოითხოვ ჩვენგან. უადგილოდ არ დასვა ჩემს ცხოვრებაში წერტილი, რომ ღირსეულად წარვსდგე სამსჯავროზე შენ წინაშე. მინდა, სანამ ცოცხალი ვარ, სანამ პირში სული მიდგას,  გამუდმებით შენკენ, შენი ხატებისკენ ვისწრაფვო. ამიხილე სულიერი თვალი, რომ დავინახო  შენკენ სავალი გზა. განწმინდე ჩემი გული და სული ყოველგვარი ცოდვისა თუ მანკიერებისგან. ჩვენი სიცოცხლე ხომ წამია მარადისობასთან შედარებით.. არ ვიცი, რამდენ ხანს ენთება ამ ქვეყნად ჩემი სანთელი. გთხოვ სანამ ჩავმქრალვარ, არ მიმატოვო, მიხსენი ცოდვებისგან, რომ სამუდამო უკუნეთში არ აღმოვჩნდე; დამეხმარე, რომ ჩემი სულის კელაპტარი უკვადავების მარადიული ცეცხლით დაენთოს. შენ ხარ ერთადერთი ნათელი წუთისოფლის სიბნელში.. არასოდეს მიმატოვო უფალო, არასოდეს.. ვიცი, შენ კი არა, ჩვენ..ჩვენ გტოვებთ ხოლმე, ჩვენ გვიბნელდება სულის თვალი და ვერ ვხედავთ შენს ნათელს.. ჩვენ გშორდებით ჩვენი ცოდვილი ცხოვრებით.. მოგვიტევე, უფალო, ჩვენ ხომ ერთი საცოდავი და უმწეო არსებანი ვართ, ტალახისგან შექმნილი არსებანი. ამიტომაც გვიჭირს ამ ტალახში შენი მსგავსებისა და ხატების დანახვა, იმ ღვთიური სულის დანახვა შენ რომ შთაბერე ამ ტალახს..  ძნელია წუთისოფელთან ჭიდილი, მისგან თავის დაღწევა, როცა მისი ნაწილი ხარ, მასში აღმოცენდი და განვითარდი. გვავიწყდება, რომ ჩვენი არსებობის მიზანი მისგან გათავისუფლებაა, ცხოვრების ჭაობიდან ამოსვლაა.. ყველა ჩვენგანი მარტოა, მარტოსულია თავის თავში, თავის ღმერთში. ყველას გვჭირდება შენი შემწეობა. ვიცი, უმადურები ვართ ადამიანები, შენ ხომ ჩვენ ყველაზე დიდი საჩუქარი გვიბოძე ამ ქვეყნად, გამოგვარჩიე  ყველა  სხვა  სულდგმულისგან, მოგვანიჭე შენი მსგავსება, რომელიც ლაფში ამოვსვარეთ.. მაგრამ, მაინც არ გაგვწირე, მაინც არ მიგვატოვე და  ჩვენ გამო დედამიწაზე ჩამოხვედი, ჩვენ გამოსახსნელად ადამიანად იქეცი, ჩვენი ცოდვები იტვირთე.. ჩვენ კი, უმადურმა და ბრმა  ადამიანებმა, სამაგიერო იმით გადაგიხადეთ, რომ საკუთარი ხელით მოგკალით.. სიკვდილის წინ კი, მწყურვალს, ძმარი და ნაღველი შემოგთავაზეთ, მეტი ვერაფერი გავიმეტეთ.. და დღესაც იგივეს ვაკეთებთ,  ისევ ჯვარზე გაკრავთ და ძმარსა და ნაღველს გთავაზობთ ჩვენი ცოდვილი ცხოვრებით.. როგორღა ვბედავთ ამის შემდეგ  შემწეობა ვითხოვოთ შენგან, უფალო, როგორღა ვბედავთ.. მაგრამ, ვიცით, რომ უშენოდ გავქრებით, დროის უსასრულობაში გავუჩინარდებით.. მოგვიტევე უგუნურებს სულიერი სიბრმავე, “განგვინათლენ თვალნი გონებისა ჩვენისანი”.. გთხოვ, უფალო,  გაგვაძლიერე, რომ ღირსეულად შევხვდეთ ყოველგვარ განსაცდელს, არასოდეს დავეცეთ სულიერად. გვიხსენი შეცდომებისგან, აავსე ჩვენი გული ზღვა სიყვარულით, რომ ეს სითბო ერთმანეთს გავუზიაროთ. ხანდახან ისე მეშინია.. მეშინია ამაოების, დაუნდობელი წუთისოფლის, მაგრამ შენ თუ ჩემ გვერდით იქნები, ყველა განსაცდელს გავუძლებ. უფალო.. დაიფარე ჩემთვის ძვირფასი ადამიანები; ვგრძნობ, რომ ყველაზე მეტად მათი დაკარგვის მეშინია. დალოცე და შეეწიე მათ.. დაიფარე ყველა ადამიანი, გზასაცდენილებს გონება გაუნათე, იხსენი მათი სული, დაიფარე ყველა სულდგმული ცისქვეშეთში. ნეტავ, ყველა ბედნიერი იყოს.. ყველამ გიპოვოს უფალო, იხაროს და იბედნიეროს შენში.. ყველანი ხომ შენი შვილები ვართ, ზოგი ღირსეული, ზოგიც გზასაცდენილი, მაგრამ მაინც შენი შვილები, შენი ხატება და მსგავსება.. აგვიხილე სულიერი თვალი, რომ  დაგინახოთ უფალო, დავინახოთ შენი ნათელი ჩვენში, ვიპოვოთ საკუთარი თავი და ჩვენი არსებობის მიზანი ამ სამყაროში.. მოგვეცი ძალა, რომ ერთმანეთს ამოვუდგეთ მხარში, გავიზიაროთ ერთმანეთის ტკივილი, ვიტვირთოთ ერთმანეთის ჯვარი..  შენ ხარ ჩვენი დასაბამი, ჩვენი შემოქმედი.. არ გაგვწირო არც ერთი ჩვენგანი.. გვიხსენი უფალო, გვიხსენი.. მოგვიტევე ჩვენი ცოდვილი ცხოვრება.. გევედრები, მოგვიტევე..

ნათია გოგიაშვილი


ნათქვამია, ქვეყნად ტკივილი რომ არ იყოს, ადამიანი, ალბათ, ენასაც არ ამოიდგამდაო; რომ ბედნიერებაც და უბედურებაც ერთნაირად საჭიროა და ერთ–ერთის არ არსებობის შემთხვევაში, მეორეც არ იქნებოდაო.  ალბათ ასეც არის… ყველა რომ გახარებული იყოს, ყველას რომ ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეს, მაშინ ხომ ფასი აღარ ექნებოდა ბედნიერებას, თვითონ ამ სიტყვის ცნებაც აღარ იარსებებდა. ახლა კი, ტკივილი რომ არსებობს, ტანჯვა რომ არსებობს, იმიტომ ჰქვია ბედნიერებას ბედნიერება, იმიტომ მიისწრაფის მთელი ცხოვრება ადამიანი მის მოსაპოვებლად. ზოგი პოულობს მას, ზოგსაც ჰგონია რომ იპოვა, მაგრამ მერე ხვდება, რომ ბედნიერება მხოლოდ მის ილუზიებში არსებობდა; ზოგიც მთელი ცხოვრება ეძებს, მაგრამ ამაოდ. ეს იმიტომ, რომ, ხშირად, იქ არ ვეძებთ ხოლმე მას, სადაც საჭიროა. ბედნიერება ადამიანის  შინაგანი მდგომარეობაა, ადამიანის სულის ნეტარებაა, ამიტომ გარეთ ამაოდ ვეძებთ. მართალია  მას გარე ფაქტორებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ, მაგრამ მაინც სულიდან და გულიდან, ჩვენი შინაგანი სამყაროდან მოდის. რამდენი  ბრძნული გამონათქვამიც  არ უნდა წაიკითხოს ადამიანმა, ბედნიერი ცხოვრების ერთ, საერთო, უნივერსალურ „რეცეპტს“ მაინც ვერ მიაგნებს; იმიტომ, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია თავისი ხედვით, ცხოვრებით და აზროვნებით; კარგი იქნებოდა ყველა ადამიანი ყოფილიყო ბედნიერი, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ამქვეყნიური ცხოვრების “კანონებს”; რომ არ იყვნენ უბედურნი, არ იქნებოდნენ ბედნიერნი. როგორც წესი, ერთი ადამიანის წარმატება, მეორეს წარუმატებლობის  ფონია. ასეთი „უსამართლოა“ წუთისოფელი და ვინ რომელ მხარეს აღმოჩნდება, როდის და როგორ, ეს არავინ იცის.. რამდენი ტკივილი და სევდა ტრალებს ჩვენ გარშემო, რამდენი ადამიანის გულია ცრემლებად დაღვრილი. ალბათ, კარგიც არის ერთმანეთის გულსა და სულს რომ ვერ ვხედავთ, ერთმანეთის ტანჯვას რომ ვერ ვგრძნობთ, თორემ ვერავის გული ვერ გაუძლებდა ამდენ ტკივილს. ერთი და იგივე დღე ზოგისთვის ცხოვრების დასაწყისია, ზოგისთვის – დასასრული, ზოგისთვის ჩამავალი მზეც ამომავალია, ზოგის გული კი ისეთი გაყინულია, რომ მცხუნვარე მზის სითბოსაც ვერ გრძნობს. ერთი და იგივე წუთი ზოგს ღიმილს, სიყვარულს და ბედნიერებას ჩუქნის, ზოგს კი სამუდამოდ უხურავს ბედნიერების კარს, ცრემლების წვიმის ნაცრისფერი ღრუბელი ფარავს იმ მზეს, სხვას იმ წუთას რომ გულს უთბობს. არავინ იცის, როგორი იქნება ხვალინდელი დღე მისთვის, რა „საჩუქარს“ უმზადებს მომავალი. დღეს ღამე ცვლის, სიხარულს – მწუხარება, ცრემლს – ღიმილი.. და პირიქით. ერთი მეორის მსაზღვრელია. ამიტომ არის ერთნაირად საჭირო ორივეს არსებობა.  იმედია მხოლოდ ჩვენი ერთგული მეგობარი, რომელიც სიბნელეშიც არ გვტოვებს მარტო; მეგობარი, რომელიც ჩვენთან ერთად კვდება ბოლოს. „ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა! ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა!“ ასეთია ჩვენი ცხოვრება. ტკივილის შემდეგ აუცილებლად მოდის შვება, ტანჯვის მერე მოულოდნელი სიხარული და – პირიქით; ეს აწონასწორებს ჩვენს ცხოვრებას. ამიტომაც ამბობენ არაბები: ”გამუდმებული მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიანო” და მართლაც, ადამიანები, რომელნიც მწუხარების გარეშე განვლენ წუთისოფელს, ხშირად უდაბნოს ემსგავსებიან. მუდმივი ამაღლება და დაცემა – აი ჩვენი ცხოვრების რეალური სახე. ალბათ, ამ ყველაფრის გარეშე, აზრს დაკარგავდა ჩვენი სიცოცხლე, მაშინ, ალბათ, ადამიანებიც აღარ ვიქნებოდით.. სწორედ ამაშია ჩვენი ადამიანობა. ამიტომ, დღეს შენ თუ თვლი რომ ბედნიერი ხარ, დააფასე ეს, უფლის წინაშე მუხლი მოიყარე და მადლობა შესწირე ამ საჩუქრისთვის; იმიტომ, რომ ზუსტად ამ დროს ვიღაც სხვაც დაჩოქილია, ოღონდ უძლურებისგან, ცხოვრების უსამართლობისგან… შენ თუ მზე გათბობს ახლა და მზის სხივებს უმზერ ღიმილიანი სახით, ესეც დააფასე, რადგან ზუსტად ამ დროს, ვიღაცის გული მზის ქვეშ სიცივისგან იყინება.. და თუ შენ ხარ ერთ–ერთი ის ადამიანი, ვინც ახლა გულისტკივილს განიცდის რაღაცის გამო და დროებით სიბნელეში აღმოჩენილა, არ შეშინდე – ბნელს ყოველთვის ნათელი ცვლის, “ჯვარცმას” – “აღდგომა”, ცრემლს – ღიმილი.. უფლის წყალობით, მალე გათენდება! ყველას უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ.. ♥

ნათია გოგიაშვილი


როგორი ხანმოკლეა ჩვენი სიცოცხლე და, ხშირ შემთხვევაში, როგორ არასათანადოდ ვიყენებთ მას. გვავიწყდება, რომ შეიძლება ნებისმიერი დღე უკანასკნელი აღმოჩნდეს ჩვენთვის, ამიტომ ყოველი დღე, წუთი და წამი დასაფასებელია. თითქოს სამუდამოდ აქ ვრჩებოდეთ, არ ვცდილობთ დროის სათანადოდ გამოყენებას და ვკარგავთ უამრავ ბედნიერ წუთს. ხშირად, მომავლისთვის ვდებთ იმას,  რისი გაკეთებაც დღესაა შესაძლებელი და ხვალ შეიძლება გვიანი აღმოჩნდეს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არავინ იცის რამდენ ხანს იქნება ამ ქვეყნად, ამიტომ გამუდმებით უნდა ვცდილობდეთ რაც შეიძლება მეტი ბედნიერი დღე ვაჩუქოთ საკუთრ თავს და გარშემომყოფ ადამიანებს. რაც არ უნდა ხანმოკლე იყოს ჩვენი ცხოვრების გზა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ დღეშიც შეიძლება უამრავი კარგი საქმის გაკეთება; ერთ დღეშიც შეიძლება იმდენი სიკეთის და მადლის დათესვა, რამდენსაც ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ვაგროვებთ. უნდა ვეცადოთ ვიცხოვროთ ისე, რომ გზის ბოლოს აღმოჩენილებმა სინანულით არ მოვიხედოთ უკან და ამაოდ არ ვინატროთ ფუჭად დაკარგული დროის დაბრუნება. სამწუხაროა, რომ დღეს ადამიანთა უმრავლესობა საკუთარ თავშია გამოკეტილი, მარტოსულია, გარშემო უამრავი ადამიანი ახვევია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. თითქოს ერთად ვართ, გვერდიგვერდ მივაბიჯებთ ცხოვრების გზაზე, მაგრამ ამავე დროს უსაზღვროდ შორს ვართ ერთმანეთისგან, იმდენად შორს, რომ მხარდამხარ მიმავალნი ერთმანეთს ვერ ვხედავთ. ალბათ, იმიტომ რომ დავკარგეთ ერთმანეთის სიყვარულის ნიჭი. ქვეცნობიერად, ყოველთვის სხვისგან ვითხოვთ მზრუნველობას,  ყურადღებას, გაგებას, პატიებას, სიყვარულს.. და თუ რამეს გავცემთ – დაფასებას, სამაგიეროს, საზღურს.. ალბათ,  ამაშია  ჩვენი “უბედურების”  მიზეზიც..   ბევრი  ადამიანი  წასულა  ამ ქვეყნიდან ისე, რომ ერთხელაც არ დაფიქრებულა რა აზრი ჰქონდა მის სიცოცხლეს; და თუ დაფიქრებულა,  მაინც არაფერი შეუცვლია თავის ცხოვრებაში. რამდენ ადამიანს უნატრია უაზროდ დაკარგული წლების დაბრუნება, რამდენს უნანია საკუთარი უმოქმედობა. თითოეულ დღეს თავისი უსაზღვრო მადლი აქვს, რომელიც ჩვენვე უნდა აღმოვაჩინოთ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ. ცხოვრება არც ისეთი უმოწყალოა, როგორც ეს ხშირად გვეჩვენება. პრობლემა ცხოვრებაში კი არა – ჩვენშია, მისდამი ჩვენს არასწორ ხედვაშია. ადამიანი ხომ ღვთის ხატია და შესაბამისად ამოუწურავი სიკეთისა და სიყვარულის მატარებელია. მაგრამ, ამ მადლს პოვნა და გამოყენება უნდა. ეგოიზმის ტყვეობიდან თავის დაღწევა ადვილი არ არის.. სამყაროს შეცვლა ჩენი სულიერი მდგომარეობის შეცვლით უნდა დავიწყოთ, შინაგანი სიმშვიდე მოვიპოვოთ და მერე ჩვენ გარეთაც ყველაფერი თავისით დალაგდება, სამყარო იმნაირია როგორი ხედვაც გვაქვს მისდამი, როგორი მდგომარეობაცაა ჩვენს სულში.. გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გავულამაზოთ ერთმანეთს ცხოვრება. როცა ჩვენს თანამგზავრს ძირს დაცემულს დავინახავთ, წამოდგომაში მივეხმაროთ, ვიტვირთოთ ერთმანეთის ტკივილი. როცა სხვას ჩამქრალსა და დაცლილს დავინახავთ, ჩვენ ვუწილადოთ საკუთარი კანდელიდან სიცოცხლის ზეთი. რამდენი ადამიანია სულიერად დაცლილი, რომელიც შეიძლება შენმა ერთმა კეთილმა სიტყვამ  აავსოს, სიცოცხლის ძალა დაუბრუნოს. შენც რომ გიჭირდეს, ძლივს რომ მიუყვებოდე ცხოვრების გზას, მაინც შეგხვდება ისეთი ადამიანი შენზე მეტად რომ იქნება გაჭირვებული; მასაც უნდა დაეხმარო, რამდენადაც შეგიძლია მხარში ამოუდგე, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება შენ აღმოჩნდე მის ადგილას და შენ დაგჭირდეს სხვისი შემწეობა. სწორედ ამაშია ჩვენი ადამიანობა. ჩვენ ერთნი ვართ ყველა, სიცოცხლის ტაძარში დანთებული სხვადასხვა სანთელი. ადრე თუ გვიან, ყველა ჩვენგანი ჩაიწვება და ჩვენს ადგილას სხვა სანთელს დაანთებს სამყაროს ტაძრის შემოქმედი. ამიტომ, მე თუ მნახავ ჩამქრალსა და ჩაბნელებულს, ნუ დაგენანება შენი კელაპტრიდან სითბო მიწილადო, სიყვარული და სითბო გაზიარებით არ ნელდება, მეც სინათლით ავივსები და ერთმანეთს გავუნათებთ ცხოვრების გზას. თითოეული ჩვენგანი ამოუწურავი სინათლის, სიკეთის, სითბოს, მადლისა და სიყვარულის წყაროა. ამიტომ, სანამ ცოცხლები ვართ, სანამ პირში სული გვიდგას ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ვიპოვოთ საკუთარი ბედნიერება ერთმანეთის ბედნიერებაში. ერთად ვილოცოთ გადარჩენისთვის სიცოცხლის ტაძარში.. სანამ წვეთ–წვეთად, სულ ბოლომდე დავიღვენთებით..

ნათია გოგიაშვილი


სიტყვით შეიქმნა სამყარო… „თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო ღმერთთან და ყველაფერი მის მიერ შეიქმნა და უმისოდ არაფერი შეიქმნა, რაც კი შეიქმნა”…. რადგანაც სიტყვა იყო ღმერთი ე.ი. სიტყვას, როგორც ღმერთს, არა აქვს დასაწყისი და არც დასასრული… სიტყვა ღმერთშია და ღმერთი სიტყვაშია… ბიბლიიდან კარგად ჩანს, თუ რამხელა ძალა აქვს სიტყვას, იგი მარადიულია… ჩვენ მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა ჰაერში კი არ ქრება, მარადისობაში მიემართება… სიტყვა ჩვენი სულის ნაწილია. მისი მეშვეობით  იღვრება სულში აზრები, შეგრძნებები, განცდები, გრძნობები… ადამიანი, ცოცხალ არსებათა შორის ერთადერთია, რომელსაც ღმერთმა სიტყვის წარმოთქმის უნარი მიანიჭა, სიტყვის, რომელიც მარადისობად იქცევა… თუმცა, ხშირად ყოველგვარი ყურადღების გარეშე ვფანტავთ სიტყვებს და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ზეცამდე აღმავალ და მარადისობაში მიმავალ ამ სიტყვებს დიდი ზეგავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე. ჩვენ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება… ჩვენივე სიტყვებით გავმართლდებით და ჩვენივე სიტყვებით გავმტყუნდებით… “ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს” (მათე 12,36). უფალი ამბობს: “მას ვინც უარმყოფს და არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, თავისი მსაჯული ჰყავს: სიტყვა, რომელიც მე ვთქვი; ის განსჯის მას უკანასკნელ დღეს” (იოან. 12,48). ამიტომ, უნდა ვეცადოთ  თავი  ავარიდოთ  ზედმეტ  და  ამაო  მეტყველებას, სხვის განსჯას და ამქვეყნად მხოლოდ  სიკეთე დავთესოთ… რამდენჯერ განგვიკითხავს სხვა ადამიანი საუბრისას, განგვისჯია ფიქრებში… ძალა თვით უთქმელ სიტყვასაც კი აქვს. სიტყვა მდუმარებაშიც არის… სამწუხაროა, რომ დღეს, ჩვენთვის, სიტყვამ დაკარგა ყველანაირი ღირებული მნიშვნელობა. ზოგჯერ, სიტყვას ვამბობთ ისე, რომ მისი მნიშვნელობაც კი არ გვესმის. ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: სანამ სიტყვას იტყვი, შენ ხარ იმ სიტყვის პატრონი, მაგრამ სიტყვას რომ იტყვი, მერე უკვე ის სიტყვაა შენი პატრონიო… მართლა ასეა… ვერც კი წარმოიდგენ რამხელა ზემოქმედება აქვს სხვაზე ჩვენს სიტყვას… სიტყვით შესაძლებელია ადამიანის ამაღლება, განწმენდა და გაკეთილშობილება… შესაძლებელია შესძინო მას რწმენა, სიხარული და სიმხნევე, ჩანერგო მასში სიყვარული და გულმოწყალება, მომადლო მის სულს მშვიდობა და სიმყუდროვე. სიტყვას ადამიანის გადარჩენა შეუძლია… ავსიტყვაობით კი შეიძლება მოშხამო სული,  შეჰყარო მას ყველა სახის ვნება, ცოდვა და მანკიერება, შებილწო წმინდა გული. ავ სიტყვას ადამიანის განადგურება შეუძლია, კაცის მოკვლა შეუძლია… ამიტომ, დაუფიქრდი თითოეულ სიტყვას… „ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს.“ სიტყვები უკვალოდ არ ქრება… უკან გვიბრუნდება… ადამიანები უფრო დიდხანს იცოცხლებდნენ ბევრი თბილი სიტყვა რომ ესმოდეთ ახლობლებისგან… ალბათ, არც კი დაბერდებოდნენ… კეთილ სიტყვას ყველაფერი შეუძლია… ჩვენ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა, ისევე როგორც მარცვალი მთესავის იგავში, პოხიერ ნიადაგზე რომ დაეცემა, იძლევა ნაყოფს: ზოგი – ერთიოცდაათად, ზოგი – ერთისამოცად, ხოლო ზოგი – ერთიასად… გახსოვდეს, რომ სიტყვა იყო  სიკეთის, სიყვარულის, სითბოს, ყოველგვარი სათნოების    სათავე…    ღმერთისაც    კი…    ვაჩუქოთ    ერთმანეთს   გულიდან     წამოსული   თბილი  სიტყვები… ♥ 

ნათია გოგიაშვილი


ნებისმიერი დანაშაული, რაც კი სიტყვით, საქმით, თუ გულისხმისყოფით ჩაგვიდენია, ჩვენში ჩაბუდებული ცოდვის ნაყოფია… ცოდვას ჩვენს არსებაში ისე ღრმად აქვს გადგმული ფესვი, რომ მისი დამარცხება მხოლოდ უფლის დახმარებით შეიძლება და ისიც მხოლოდ შეუპოვარი და დაუღალავი ბრძოლით. ადამიანს საკუთარ თავში მტერი ჰყავს, დაცემული ბუნების სახით. ყველა ჩვენგანში არის რაღაც, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის. ეს არის ცოდვა…  ისეთი ღრმა და ისეთი ჩაკირული ჩვენს არსებაში, რომ ღვთის დახმარების გარეშე ძნელია მისი დაძლევა…  ძნელია საკუთრის თავის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ თუ სინანული გვექნება, უფალი დაგვეხმარება მისკენ სავალ გზაზე… სინანული მხოლოდ ცრემლების ღვრა ან სინდისის ქენჯნა არ არის… ესაა ადამიანის მტკიცე გადაწყვეტილება, ზურგი შეაქციოს უღმერთობას, უღმერთო ცხოვრებას და ღვთისაკენ წავიდეს, დაიწყოს უფლის მცნებების აღსრულება. არ არსებობს ცოდვა, რომელიც სინანულს აღემატება… სინანული ოკეანეა, ცოდვა კი მასში ჩაგდებული პატარა კენჭი… და თუ სინანული გვექნება, ხსნის გზას ვიპოვით, ვიპოვით უფალს. რწმენას სასწაულების მოხდენა შეუძლია… ის, რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, შესაძლებელია ღვთის მიერ… დანაშაულის ჩაუდენლობა უცოდველობას არ ნიშნავს. სასიკვდილო ცოდვა მარტო  კაცის  კვლა, ქურდობა  და  მრუშობა  არ არის… ყველა ცოდვა სასიკვდილოა, რომელიც უფალს დაგვაკარგვინებს. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ცოდვით მოვხვდებით იქ, სადაც ღმერთი არ არის… რა თქმა უნდა, საქმით ჩადენილი ცოდვა უფრო მძიმეა, ვიდრე სიტყვით… სიტყვით ჩადენილი კი უფრო მძიმე, ვიდრე გულისხმისყოფით… მაგრამ, ცოდვა ვითარდება. თუ ადამიანი გულისხმისყოფაში არ ებრძვის ცოდვას, ის აუცილებლად გამოვლინდება სიტყვაში… და თუ სიტყვაში არ ებრძვის, აუცილებლად გამოვლინდება საქმეში… ცოდვის შედეგი კი სიკვდილია, არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერიც. სულიერად მკვდარი ადამიანი კი ღმერთს კარგავს, სიცოცხლის არსს კარგავს… ადამიანს ოდნავი სიღრმე თუ მაინც გააჩნია, ფიზიკურმა სიკვდილმაც უნდა დააფიქროს და ძიება დაიწყოს… ძიება, რომელიც საბოლოოდ ღმერთის აღიარებამდე მიიყვანს… და თუ  სინდისის თანახმადაც იფიქრებს და იცხოვრებს, ჭეშმარიტებასაც აუცილებლად მისწვდება… უღმერთოდ, ადამიანი მხოლოდ ფიზიოლოგიური არსებაა. სავალალოა მისი ცხოვრება, რადგან იგი სიცოცხლეშივე მკვდარია… სიცარიელეა… ჩვენს გულში ზღვა უფსკრულია და ეს უფსკრული მხოლოდ ღმერთმა შეიძლება ამოავსოს. უამისოდ, ადამიანი საკუთარი თავის გარეთ ცხოვრობს, რადგან  მის შიგნით სიცარიელეა… უაზროდ მიყვება ცხოვრების დინებას… სინდისიც არაფერზე ქენჯნის, რადგან საკუთარ ბუნებას არ უწევს წინააღმდეგობას, დაცემული ბუნების შესაბამისი ცხოვრებით ცხოვრობს… ფიზიოლოგიის ტყვეობაში მოქცეული ადამიანური პიროვნება ვერასოდეს იპოვის ბედნიერებას. ისე წავა ამ ქვეყნიდან, ვითომ არც უცხოვრია. რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას, ასეთ სიცოცხლეს… ბედნიერი მხოლოდ  ის არის, ვინც სიცოცხლის არსს ჩასწვდება, საკუთარი ცხოვრების აზრს იპოვის… ასეთი ადამიანის შინაგანი სამყარო მთელი გარემომცველი სამყაროს მადლს იტევს, სიცოცხლის სილამაზეს იტევს, სხვებსაც მადლით ავსებს… გონიერია ასეთი ადამიანი… იგი ცხოვრებას არ ზომავს დღეების ხანგრძლივობით. თითოეულ დღეს  სიგრძეზე მეტი სიღრმე აქვს, რომელიც შეიძლება წელიწადსაც კი გაუტოლდეს.. ყველას გისურვებთ გეპოვნოთ სიცოცხლის არსი, გეცხოვროთ ღირსეული და ლამაზი ცხოვრებით… ცა მიწიდან იწყება… ღმერთმა დაგლოცოთ…

ნათია გოგიაშვილი


თუ გინდა რომ იყო ბედნიერი, უნდა მოიპოვო.. ცხოვრება ბრძოლაა და თუ არ იბრძოლებ, გაუჩინარდები.. არასოდეს არ დაკარგო იმედი, გჯეროდეს  სამართლიანობის, რადგან  მთავარი  რწმენაა.. არ შეგაშინოს ცხოვრების ეკლებმა, იმიტომ რომ მათში ხშირად ვარდები იმალება.. კარგი და ცუდი კი ყოველთვის იარსებებს, რადგან ცხოვრება ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის.. ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე, მოსპობით კი არც ერთი არ მოისპობა, რადგან ცხოვრებისთვის ორივე თანაბრადაა საჭირო. ერთი მოერის საზომია.. ბოროტება რომ არსებობს ამიტომ ვაფასებთ სიკეთეს.. ზოგჯერ, გული ცრემლებად უნდა დაიღვენთოს, რომ მიხვდე, ღიმილი რამხელა ბედნიერებაა.. აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ შეიგრძნო რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა. ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო.. სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი.. მთავარია, არასოდეს დანებდე, იბრძოლე ბედნიერებისთვის, იცხოვრე მართალი ცხოვრებით და იყავი სხვებისთვის მაგალითი.. არა მარტო სიტყვით, არამედ შენი ცხოვრების წესითაც.  გახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ სიტყვა, მაგრამ არ გააჩნია საქმე, ხის მსგავსია, რომელსაც ფოთლები აქვს, მაგრამ ნაყოფი – არა. ამიტომ, ნუ იქნები გზაზე დამდგარი სვეტი, რომელიც მხოლოდ გზას მიუთითებს, მაგრამ თავად ადგილიდან არ იძვრის.. არამედ იყავი წანამძღოლი, რომელიც სხვებსაც უჩვენებს გზას და თავადაც წინ მიდის. იარე უკეთესი მომავლისკენ, არასოდეს შეჩერდე, იბრძოლე ბედნიერებისთვის..

ნათია გოგიაშვილი


გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს.

შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა.

როდესაც თავს განსაცდელი დაგატყდება და მდინარესავით მოგადგება მტერი, მინდა იცოდე, რომ ეს ჩემგანაა.

შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და თუ გსურს უსაფრთხოდ იყო, მომეცი საშუალება, ვიბრძოლო შენთვის.

მძიმე გარემოებაში იმყოფები? იმ ადამიანთა შორის, შენი რომ არ ესმით, ანგარიშს არ უწევენ შენი სულისათვის საჭიროს და გთრგუნავენ? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.

მე ვარ უფალი, მეუფე ყოველგვარი გარემოებისა, შემთხვევით კი არ აღმოჩენილხარ იქ, სადაც დაგადგინე.

შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა, დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან.

შენი გარემო და შენთან მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას აღასრულებენ.

გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის – ეს ჩემგანაა. ჩემს ხელშია მატერიალური კეთილდღეობა შენი, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია.

მინდა, რომ დარწმუნდე ჩემს ერთგულებაში. არ დავუშვებ, გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი – არ გწამდა ღმერთისო!

ტანჯვას განიცდი ღამ-ღამობით? განშორებული ხარ ახლობლებს? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.

მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სულის სიმშვიდე.

მოტყუვდი მეგობარში, ან ადამიანში, ვისთვისაც გული გიბოძებია? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი, ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მინდა, ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს ლოცვებში.

ცილი დაგწამეს? მომანდე ეს საქმე და იყავი ჩემთან, შენს თავშესაფარში, რათა მტკიცედ დაუხვდე „ენის ყივილს“. თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, შენი სამართლიანობა კი გახდება მსგავსი შუადღისა.

დაინგრა შენი გეგმები? სულით დაეცი და დაიღალე? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი გეგმებს და მომიტანე, რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ მე მსურს, რომ მე დამითმო, წარვმართო შენი ცხოვრება, მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალზედ მძიმეა ის შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი.

იგემე მოულოდნელი, ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? ეს ჩემგან იყო, რადგან მინდა, შენი სული და გული მუდამ ენთოს და ჩემი სახელით ამარცხებდე სულმოკლეობას.

დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და, სულმოკლეობის გამო, უნუგეშობასა და დრტვინვას მისცემიხარ? იცოდე – ეს ჩემგანაა, რადგან ამ წუხილით ვცდი ახლობლებისათვის შენი ლოცვის კადნიერების ძალას. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს?

მოგიხილა მძიმე ავადმყოფობამ – დროებითმა ან უკურნებელმა და სარეცელს მიეჯაჭვე? იცოდე – ეს ჩემგან იყო. რადგან მინდა, უფრო ღრმად შემიცნო სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩასწვდე ჩემს განგებას, ადამიანთა სულების სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებულს, მოუდრიკე ქედი წყალობას ჩემსას შენ მიმართ.

ოცნებობდი, ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ნაცვლად ამისა სარეცელს მიჯაჭვული აღმოჩნდი? იცოდე – ეს ჩემგან იყო. წარმატებისას საქმეებში იყავი გართული და არ შემეძლო, წარმომემართა შენი ფიქრები ჩემკენ. მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, იდგე ჩემს სამსახურში. მინდა გასწავლო შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ საკუთარ თავს ვერაფერში ენდობი.

ჩემი საუკეთესო თანამებრძოლნი, ძირითადად, ისინი არიან, ვინც ცოცხალ მოღვაწეობას მოწყვეტილა, რათა ესწავლათ ფლობა იარაღისა, განუწყვეტელი ლოცვა რომ ჰქვია.

უეცრად მოგიწოდეს მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობის დასაკავებლად? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებს, რადგან მათთვის გაკურთხა უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაკეთდება შენი ხელებით.

გაძლევ ჭურჭელს წმინდა მირონით. ისარგებლე, შვილო ჩემო! ამ მირონით იყოს ცხებული ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, ყოველი შეურაცხყოფა სიტყვითი, ყოველი მარცხი სამსახურში, გულისწყვეტის გამომწვევი, ყოველი აღიარება შენი უძლურებისა და უუნარობისა.

გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა!

ყოველი საწრეტელი შეხებისთანავე დაჩლუნგდება, რადგან გულში ჩაგითესე დღეს განცხადებული სიტყვები – ეს ჩემგან იყო!

წმინდა სერაფიმე

სიყვარული


“არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელმაც ახსნას ბოლომდე, თუ რა არის სიყვარული და რასაც ვერ ჩასწვდები და ვერ გაიგებ, არც უნდა ეცადო. ყოველგვარი არსება ორ ნაწილად იყოფა: ქმნილად და შეუქმნელად. შეუქმნელი მხოლოდ ღმერთია, ხოლო შექმნილი – ყველა დანარჩენი. სიყვარულიც შეუქმნელია, შეუქმნელი და მარადიული.. რადგანაც სიყვარული ღმერთის თვისება კი არ არის, არამედ ღმერთის სახელია, – მის სხვა სახელებთან ერთად და – საღმრთო არსებობის არსი. ამიტომაც არის ნათქვამი: “ღმერთი სიყვარული არს”. სიყვარული ბუნებით ღმერთს მიმსგავსებაა, რადგან მისაწვდომი და შესაძლებელია კაცთათვის, ხოლო საქმით სულის დამატკბობელია, სახით სარწმუნოების წყაროა, სულგრძელობის უფსკრულია და სიმდაბლის ზღვაა. ჭეშმარიტი სიყვარული განძარცვაა ბოროტ გულისთქმათაგან, რადგან სიყვარული ბოროტს არ მოიხსენებს.

სრულყოფილი სიყვარული ადამიანთა მთლიან ბუნებას არ ანაწევრებს მის სხვადასხვა თვისებათა მიხედვით, არამედ ყველა ერთნაირად უყვარს. კეთილი უყვარს, როგორც მეგობარი, ხოლო უკეთური – როგორც მტერი. სიკეთეს უკეთებს მას, სულგრძელია, იტანს მისგან მიყენებულ ზიანს, ბოროტებას არ აზღვევინებს, ეხმარება კიდეც, როცა ამას შემთხვევა მოითხოვს, რათა, თუ შესაძლო იქნება, ისიც თავის მეგობრად აქციოს. ხოლო თუკი ამას ვერ ახერხებს, მაინც უარს არ ამბობს მისადმი კარგ დამოკიდებულებაზე, ყოველთვის თანაბრად ამჟღავნებს სიყვარულს ყველა ადამიანისადმი. ვინც ერთნაირ არარაობად არ მიიჩნევს დიდებასა და უბრალოებას, სიმდიდრესა და სიღარიბეს, სიამესა და მწუხარებას, მას ჯერ კიდევ ვერ მიუღწევია სრულყოფილი სიყვარულისთვის. სრულყოფილი სიყვარული არა თუ ყოველივე ამას მიიჩნევს არარად, არამედ თავად ამქვეყნიურ სიცოცხლესა და სიკვდილსაც კი. თუ ზოგი გძულს, ზოგი კი არც გიყვარს და არც გძულს, ზოგი გიყვარს, ოღონდ საშუალოდ, ზოგი კიდევ – ძალიან, მაშინ ამ განსხვავებებიდან გამომდინარე, იცოდე, რომ ჯერ კიდევ შორს ხარ სრულყოფილი სიყვარულისგან, რომელიც გვასწავლის, ყველა ადამიანი თანაბრად გვიყვარდეს. რამდენადაც შეგიძლია, ეცადე, რომ ყველა ადამიანი გიყვარდეს. თუ ჯერ კიდევ არ ძალგიძს ეს, ძალიან ეცადე, რომ არ შეიძულო მაინც ვინმე. მაგრამ ვერც ამის გაკეთებას შეძლებ, თუ არ უარყოფ ყოველივე მიწიერს.

ნურავის ეგონება, რომ სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და ყველამ უნდა ვისწავლოთ. ჭეშმარიტი სიყვარული ჭეშმარიტი სიმდაბლიდან მოიპოვება. ყოველგვარი სათნოება სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის სხვადასხვა სახეობა. ღვთის ყველა მცნება ერთიანდება ერთში, სწორედ რომ სიყვარულის მცნებაში (მათ. 22, 37-40). როდესაც მოისმენ, რომ უკანასკნელნი პირველნი იქნებიან, პირველნი კი უკანასკნელნი (მთ. 19.30), სათნოებათა წილმქონეებად და სიყვარულის წილმქონეებად გაიაზრე ისინი, რადგან სიყვარული რიგის მიხედვით უკანასკნელია სათნოებათა შორის, მაგრამ ღირსების მიხედვით გვევლინება ყველაზე პირველი და  უკანასკნელებად გამოაჩინებს მის წინამორბედებს. დრო სამ ნაწილად იყოფა (ახლანდელი, წარსული და მომავალი). რწმენა სამივე ნაწილს მოიცავს; სასოება ერთს (მომავალს). ხოლო სიყვარული ორს (ახლანდელსა და მომავალს). რწმენასა და სასოებას გააჩნია საზღვრები, ხოლო სიყვარული, რომელიც უსასრულოსთან შეერთებული და მარად მზარდია, საუკუნოდ გრძელდება.. და ამიტომ „ამათში უმეტესი სიყვარულია“.

თუ ღმერთი გიყვარს, აუცილებლად უნდა გიყვარდეს მისი ხატიც – ადამიანი. ღვთის სიყვარული მოყვასის სიყვარულით მჟღავნდება. როგორც იოანე ღმრთისმეტყველი გვასწავლის, თუ ადამიანმა მოყვასი ვერ შეიყვარა, რომელიც ყოველთვის მის წინაშეა, მით უმეტეს, ვერ შეიყვარებს ღმერთს, რომელიც არასოდეს უხილავს. ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს დაგანახებს.“

წმინდა მამათა სწავლებანის მიხედვით


„ნეტარია, ვინც ამაღლებულად ცხოვრობს, მაგრამ თავმდაბალი აზრები აქვს. როგორც სინათლის გარეშე ყველაფერი წყვდიადით მოცულია, ასევე კაცის სულშიც სიმდაბლის გარეშე არაფერია – მხოლოდ წყვდიადი. ჯობს სიმდაბლით ვაღიარებდეთ ჩვენს ცოდვებს, ვიდრე ამპარტავნულად ვიქებდეთ თავს სათნოებებით. უმჯობესია, თავმდაბალი ცოდვილი იყო, ვიდრეაპარტავანი მართალი. ვინც მეტად შეიცნობს უფალს, მით უფრო მდაბალი ხდება. თუ ადამიანი ვერ შეიძენს სრულყოფილ თავმდაბლობასა და მორჩილებას – მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი სხეულით, იგი ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს. დიდი სიმაღლეა ღმერთის მუდამ ხსენება; მაგრამ ეს მეტად სახიფათოა მაშინ, როცა მისკენ მიმავალი კიბე არ ეყრდნობა სიმდაბლის ურყევ კლდეს. თუკი მხოლოდ ამპარტავნების გამო ჩამოვარდა ეშმაკი ზეციდან ძირს, წარმოვიდგინოთ: განა შევძლებთ, რომ სიმდაბლის გარდა სხვა სათნოებით მივაღწიოთ ზეცას?! ნუ შეიმოსები მხოლოდ ფოთლებით, არამედ ღრმად გაიდგი ფესვები, რათა წყარო იპოვო, როგორც ამას ჭადარი აკეთებს; ისე, რომ განუწყვეტლივ აღმოივსებდე წყალს და იზრდებოდე; რათა, როცა გვალვა დაგიდგება, არანაირი ცვალება არ განიცადო, რადგან საკუთარი წყარო გაქვს ნაპოვნი; და როცა ამჟამინდელი სანთელი ჩაგიქრება, სხვა გექნება უკვე ანთებული შენი საქმეების წყალობით და წყვდიადი ვერაფერს გავნებს. სიმდაბლის ნიშანი – ურიცხვი ცრემლია, მისგან წარმოიქმნება შინაგანი ლოცვა, საკმარისია თქვა “იესო, ჩემო უფალო“ და უკვე ცრემლები მოგდის.. მაშინ იშვება სიწყნარე მთელს სხეულში და სრული მშვიდობა.  შევიყვაროთ სიმდაბლე და ვიხილავთ ღმერთის დიდებას: რადგან, სადაც სიმდაბლეა, იქვეა ღმერთის დიდებაც. ყოველ საქმეში საკუთარი თავი მწირად ჩათვალე იმისათვის, რომ სხვებს ასწავლო. უფალი ოცდაათი წელი ცხოვრობდა ხუროს სახელოსნოში და თავადაც ფიზიკურად შრომობდა, რათა ჩვენ განვესწავლეთ სიმდაბლეში.  გაიხსენე ის შეურაცხყოფა, დევნა და უპატიობა, რაც ქრისტემ ჯვარზე მოითმინა და ეს თავის დამდაბლებაში დაგეხმარება.  თუ არ დაეცი, მაშ, როგორ ადგები; თუ არ დამდაბლდი, როგორ ამაღლდები. რატომაა, რომ რაც უფრო იზრდება ხე, მით ღრმად იდგამს ფესვებს მიწაში? იგი სიმაღლეში ზრდით მდაბლდება, თავმდაბლობით კი ამაღლდება. ასევ უნდა მოიქცე შენც.. თავმდაბლობის ღრმა ფესვების გარეშე ვერასოდეს იქნები დაცული დაცემისგან. როგორც გონიერი სახლის მშენებელი ეძებს საძირკველს და სანამ კლდეს არ იპოვის, შენებას არ დაიწყებს, ასევე უნდა მოიქცე შენც, თუ  სულიერი სახლის შენება სურს და სიმდაბლის საძირკველზე უნდა ააშენო იგი. თუ გსურს, ღვთის წინაშე იყო დიდი, საკუთარ თავში დაიმდაბლე თავი. მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის. ღმერთი არის სიყვარული და ერთმანეთის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. ჭეშმარიტი სიყვარული ჭეშმარიტი სიმდაბლიდან მოიპოვება. თავმდაბლობა სიმაღლეა.. ვინც მეტად იმდაბლებს თავს, ის მეტად ამაღლდება. „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“.

წმინდა მამათა სწავლებანის მიხედვით


“ამქვეყნიური დიდება ამაოა იმიტო, რომ ის ვერასდროს შეედრება ზეციურ დიდებას. მთელი ეს სამყარო ისეთივე არარაობაა, როგორც ერთი წამი მარადისობასთან შედარებით. მისი დიდება ამაოა, ვინაიდან მსწრაფლწარმავალია. მთელი ჩვენი ცხოვრება მარადიულობასთან შედარებით – უფრო მცირეა, ვიდრე გულისცემა, თვალის დახამხამება – წამზე უმცირესიც კი.

თუ ადამიანს არ აქვს მიზნად სიცოცხლე, ეს არსებობაც უაზრო და მტანჯველი ხდება. თუ მარადისობა არ არსებობს, სიცოცხლეც კვდება. რადენ დიდხანსაც არ უნდა ვიცხოვროთ, ოდესმე ამქვეყნიური გზა დასრულდება… თუ სიცოცხლე მარადიული არ არის, მაშ, რაღა ფასი აქვს სამყაროს ან რისთვის წვალობს ადამიანი? ყველაფერს ხომ აზრი ეკარგება. მათ, ვისაც არ სჯეროდა მარადისობის არსებობის, სრული უიმედობა და აპათია იპყრობდა, ქმნიდნენ ფილოსოფიურ სისტემებს და ასკვნიდნენ, რომ ოდესღაც ყველაფერს აზრი ეკარგება, მაგრამ რწმენა, სინდისი, გული, ქვეცნობიერი და კაცობრიობის ისტორია გვიდასტურებ, რომ მარადისობა არსებობს და ეს მარადისობა უკვდავებაშია.

მარადისობა არ არის უსასრულოდ გაჭიანურებული დრო დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ, და ასე დაუსრულებლად. მარადისობა არის დაუსრულებელი აწმყო. ჩვენ ხომ აწმყო არ გვინახავს. ჩვენ ვიცით, რა არის წარსული და რა არის მომავალი. ჩვენ დროში ვცხოვრობთ, დროში კი აწმყო რეალურად არ არსებობს; დროში მუდმივი მდინარებაა. წარმოვიდგინოთ, რომ მდინარეში ვართ. იგი არ ჩერდება, მუდმივად მიედინება. როგორც სული არ გვინახავს, სანამ ხორცში ვართ, როგორც არ ვიცით, როგორი იქნება ჩვენი სხეული მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, ასევე არ ვიცით, რას ნიშნავს აწმყო. მაგრამ უკვდავება სწორედ აწმყოა, იქ დრო არ არის.

ღმერთმა დრო მარადისობისათვის მოსამზადებლად შექმნა. დრო არ არის დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, ის მარადისობის ფონზე მიედინება. დრო – ეს მზადებისა და არჩევანის მდგომარეობაა, გზაჯვარედინია, სადაც ადამიანის არსებობის მთავარი საკითხი წყდება, ვისთანაა იგი – ღმერთთან თუ ღმერთის გარეშე.. დრო – ეს ცვლილებების, პიროვნების ჩამოყალიბების საშუალებაა, ღვთისმსგავსების გამოვლენისა ან დაკარგვის, იმის შეძენის, რაც მარადისობაში განიხსნება. 

დრო ადამიანის გამოცდის ველია, მარადისობა კი თვით ღვთაებრიობის კუთვნილებაა, ღვთაებრიობის სუნთქვაა, რომლის შეგრძნებაც სულს ლოცვის დროს შეუძლია. ურწმუნოსთვის დრო მარტოოდენ სიკვდილის წინკარია, ყოფიერების მსხვრევაა. ამიტომ ურწმუნოთ დროსთან ბრძოლის მხოლოდ ერთი საშუალება რჩებათ – დაივიწყონ იგი.  ქრისტიანისთვის კი დრო – ეს უდიდესი ძღვენია ღვთისაგან და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობა, მარადისობა შესაძლოა ჩვენთვის ღვთის უსასრულო კარგვად იქცეს.

ადამიანის არსების ძირითადი თვისება მარადისობა-უკვდავებაა.. გაუფრთხილდი დროს,  იგი ოქროზე ძვირფასია: მისით შეისყიდება მარადიულობა. იცხოვრე დედამიწაზე დროში ისე, რომ დროის შეწყვეტის შემდეგ მარადიულად ზეცაში იცხოვრო..”

წმინდა მამათა სწავლებანის მიხედვით

გონიერება


“ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, სანამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული – გაგითბობს. ღმერთი ძლიერია..  ყველას გულში, – ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენ, – ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ გვინდა რომ პირნათლად შევეყაროთ ჩვენს გამჩენს. ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაც ხანდახან იმისთანა საქმეს გვაკეთებინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს.

ღმერთმა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას – ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, – იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზე, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.

კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდეს, ერთი აქ დასარჩენი, მეორე კი თან წასაყოლი. არასოდეს არ გაურიო საქმეში უზნეობა და უპატიოსნობა. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი.

არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.. საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობით, ღირსების აწონ-დაწონა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გადაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზე მეტია. ასეთი სასწორი, ასეთი არჩევა კარგის და ავის, მართლის და ტყუილის მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდ ფქვავს მინდმოკიდებულ წისქვილსავით..

ამოვიკითხავთ წიგნებიდან რაღაცას და გვგონია, ეს-ეს არის ქვეყნის ღერძს ხელი ჩავკიდეთო. აღარც იქით ვიხედებით, აღარც აქეთ. რაკი წიგნი ხელთ გვიპყრია, თითქოს ჭკუა, თუ არ წიგნში, სხვაგან აღარსად იყოს… არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი, თუნდ უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია..“

ილია


”რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი.. ვნახავდი სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს.. თუმცა, ცა რომ სარკე იყოს, ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა.. ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ.. რა კარგი იქნებოდა ცა რომ სარკე იყოს.. 

ცხოვრების ჭეშმარიტება ისაა, რომ ისწავლო ადამიანის სიყვარული, ცხოვრობდე ადამიანებს შორის და ცხოვრობდე ადამიანებისთვის.. თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუცია ღმერთს ადამიანისთვის, სიყვარულის ნიჭია.. ცოდვაა ის კაცი, ვინც ამ დიდი ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან.. ადამიანი ფრესკა არ არის რომ ერთ სიბრტყეში უყურო.. ადამიანს, როგორც ქანდაკებას ისე უნდა შემოუარო გარშემო და იმ კუთხიდან უმზირო, საიდანაც ყველაზე ლამაზად იმზირება..

როდესაც დგახარ მწვერვალზე და ხელს ასწევ ცაში, რომ მზეს ასწვდე, რადგან  მზე  შენი  გვირგვინი  გგონია.. როდესაც დაბლა დაიხედავ, ღრუბელი შენს ფერხთქვეშ მიცურავს და შენი ფეხის მტვერი გგონია.. მიწა შენს ფერხთქვეშ წევს და შენი ტერფის ტოლი გგონია.. გახედავ ზღვას და ერთი პეშვი გგონია.. დაგიბერავს ქარი და შენი ფრთები გგონია.. ეძახი ღმერთს და ნაპრალებიდან მოსული ექო, შენივე ხმით რომ გპასუხობს, შენი თავი ღმერთი გგონია.. და თუ ღმერთია შემქმნელი ყოვლისა ამ ქვეყანაზე, ეს დედამიწაც შენი ნაოფლარი, შენი ნასისხლარი, შენი ნაჯაფი, შენი შექმნილი გგონია.. და როდესაც ასე გგონია კაცი ხარ მაშინ..

დედამიწა ცოცხალი სხეულია.. დაგორავს, დაიარება, ხედავს, სუნთქავს, ესმის, სტკივა, უყვარს, სძულს, უხარია და სწყინს. ამიტომ ხან კვნესის, ხან ოხრავს, ხან ბორგავს, ხან იცინის, ხან ტირის, ჩვენ კი შესეული ვართ ამ ვეებერთელა სულდგმულს მკბენარებივით, ვჩიჩქნით, ვწიწკნით, ვჯიჯგნით, ვგლეჯთ, ვჯბენთ, დავრბივართ, ვაწუხებთ და ისე ვაწუხებთ ხანდახან, რომ ვეღარ ითმენს, შეაჟრჟოლბს ხოლმე და დაგვინგრევს, მოგვიშლის, წაგვლეკს საბუდარს, ყველაფერს, რაც გაგვაჩნია. ჩვენ კი, გონს მოსულნი, ისევ შევესევით, ისევ დავუწყებთ ჩიჩქნას, ძიძგნას, კბენას, ვიდრე კვლავ არ გაიღვიძებს ეს გოლიათი და ა შეგვაძრწუნებს კვლავ, რათა მერე ყველაფერი თავიდან დაიწყოს..

მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო – ცაში წავიდე..

მზეო, ნუ მიგვატოვებ, გევედრებით, ჩვენ გვეყვარება ერთმანეთი და სიყვარულით გარდავიცვლებით აწ და მარადის, ოღონდ ახლა ნუ მიგვატოვებ, მზეო.. ჩვენ წავალთ შენი სახელით, შემოვივლით მთელ კაცობრიობას და ვთხოვთ, რომ სიყვარული დაგიბრუნონ.. მე ვიცი, მზეო, კაცობრიობა შეისმენს შენს თხოვნას, დაივიწყებს სიძულვილს და ხელმეორედ დაიწყებს სიყვარულის თესვას.. წამიყვანე თან, მზეო, მე არ შემიძლია უშენოდ სიცოცხლე, მიმიღე შენს წიაღში, როგორც სიყვარული და წამიყვანე..

მაინც რა მოგდის მზეო, რა გტკივა, გვითხარი..

- დედამიწა მტკივა, დედამიწა!

- მერე და დედამიწის ტკივილიცა და სიცოცხლეც შენს ხელთ არ არის, დალოცვილო?

- დედამიწა ჩემი გულია, მე დიდი ხანია უკვე ვკვდები, ჩემ გარშემო ყველა პლანეტა, ჩემი სხეულის უჯრედი და შემადგენელი ნაწილი, მკვდარია უკვე უთვალავი საუკუნეა. მხოლოდ დედამიწა სუნთქავს ჩემში, ერთადერთი ნაწილი ჩემი სხეულისა სუნთქავს, ცოცხლობს და მაცოცხლებს.. ნუთუ თქვენ, ადამიანები, ამდენი საუკუნეა რომ მომჩერებიხართ და თაყვანს მცემთ, ვერ ხედავთ ამას, ვერ გრძნობთ ამას და ვერ ხვდებით ამას?! 

- მაშ, შენ თვითონ ვინღა ხარ და რა ხარ, მზეო?

მე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა მოგიზგიზე სული ვარ. ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს.. უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვდგები კვლავ მკვდრეთით.. მე გევედრებით თქვენ, ადამიანებს, მე – მზე.. დამიბრუნეთ სიცოცხლე ჩემი, დედამიწაზე სიყვარულად აღმოცენებული.. დამიბრუნეთ სიყვარული და მე დაგიბრუნდებით თქვენ..

ნუ მიგვატოვებ, მზეო.. ნუ მიგვატოვებ..“

ნ. დუმბაძე

Tag Cloud

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 59 other followers

%d bloggers like this: