აბრაამის ბატკანი – გამონათქვამი თანამედრვე მნიშვნელობით უდანაშაულოს ნიშნავს. თუმცა, შესაძლოა, ირონიული ელფერიც დაკრავდეს და გულისხმობდეს ადამიანს, რომელიც არც ისე მიამიტი და უცოდველია, როგორადაც ცდილობს წარმოგვიდგეს.
ძველი აღთქმის თანახმად, იუდეველთა ერთ–ერთი პატრიარქი აბრაამი ღმერთმა გამოარჩია და უთხრა: “წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.“
აბრაამი უსიტყვოდ დაემორჩილა უფლის ბრძანებას და ქანაანის გზას დაადგა. წარმართული წარსულის მთლიანად უარყოფის შემდგომ, აბრამი იქცა „აბრაამად“, რაც ნიშნავს „უამრავი ხალხის მამას“, „მამას მრავლისა“. ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ღმერთმა აბრაამს, წმენისა და ერთგულების გამოსაცდელად, მრავალი განსაცდელი მოუვლინა. ერთხელაც უბრძანა, თავისი საყვარელი ძე მსხვერპლად შეეწირა და დაეწვა. ისააკი აბრაამის ერთადერთი იმედი იყო, ძალიან უყვარდა იგი, თუმცა მზად იყო ღვთის ეს ბრძანება შეესრულებინა. მაგრამ, უფალმა ანგელოზი მოუვლინა და უთხრა: „ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ღვთისმოშიში ყოფილხარ – ერთადერთი შვილი გაიმეტე ჩემთვის.“ ამ დროს დაინახა აბრაამმა ბუჩქებში ვერძი. მან ღმერთს ისააკის ნაცვლად ვერძი შესწირა და შინისკენ გამოემართა. ასე იქცა ვერძი ადამიანის სანაცვლოდ „აღსავლენ მსხვერპლად“, აბრაამი კი ქრისტიანულ მწერლობაში, ღვთისადმი უსიტყვო მორჩილების გამო, „რწმენის მამად“ იწოდება.
ავგიასის თავლა – აურაცხელი სიმდიდრის პატრონი იყო ელისის მეფე ავგიასი, მაგრამ ყველაზე სახელგანთქმული მაინც მისი ჯოგები გახლდათ. საქონლის სადგომი სიბინძურისგან მრავალი წლის მანძილზე არ იწმინდებოდა. საბერძნეთის სახელგანთქმულმა ვაჟკაცმა ჰერაკლემ ამ თავლების ერთ დღეში დასუფთავება იტვირთა. და, თუკი ამ საქმეს მართლაც მზის ჩასვლამდე დაასრულებდა, ჯოგის მეათედი მისი გახდებოდა. ავგიასს ვერ წარმოედგინა, თუ ვინმე შეძლებდა სადგომების ასე მალე გაწმენდას. ჰერაკლემ ორ მდინარეს დინება შეუცვალა და თავლებს მიუშვა. დღის ბოლოს მონგრეული კედლები ამოაშენა და მდინარეები ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნა.
„ავგიასის თავლა“ რთული, ჩახლართული საქმის მნიშვნელობით იხმარება, ხოლო „ავგიასის თავლების დასუფთავება“ ამ რთულ საქმეში გამოსავლის მოძებნას, სიტუაციიდან თვის დაძვრენას ნიშნავს.
ატლასი – ბევრმა თქვენგანმა ალბათ არ იცის, რატომ დაარქვეს გეოგრაფიულ რუქათა კრებულს ატლასი. პირველი ასეთ კრებულებზე გამოსახულ დედამიწას მხრებით ტიტანი ატლასი შედგომია. კრონოსისა და ზევსის თაობის ღმერთებს შორის გაჩაღებულ ბრძოლაში იგი ტიტანთა მხარეს დადგა, ამიტომ ზევსის გამარჯვების შემდეგ სასტიკად დაისაჯა. შორს, იქ, სადაც დღე და ღამე ერთმანეთს უერთდება ცის თაღს შედგომია ატლასი და ხელებით იჭერს, რომ ზეცა დედამიწას არ ჩამოემხოს.
ავგურის ღიმილი – რომულუსმა (რომის დამაარსებელი პირველი მეფე) ძველ რომში ავგურთა კოლეგია დააარსა. ავგურები მისნები იყვნენ. ისინი ფრინველთა ხმის მიხედვით და მათზე დაკვირვებით წინასწარმეტყველებდნენ. მისანთა კოლეგია ცხრა კაცისგან შედგებოდა, თანდათნობით კი მათი რიცხვი თექვსმეტამდე გაიზარდა. თავდაპირველად, რომაელი არისტოკრატები ავგურობას საპატიო საქმედ მიიჩნევდნენ, რადგან დიდი იყო მათი გავლენა კანონმდებლობაზე. დროთა განმავლობაში, ავგურების საქმიანობა ფორმალური გახდა. ცნობილი რომაელი ორატორი ციცერონი მოგვითხრობს, რომ ავგურები გარკვეული პროცედურების შესრულებისას თავიანთ ნათქვამზე სიცილს ძლივს იკავებდნენ, ანუ თავადაც არ სჯეროდათ, რასაც ამბობდნენ, თვალს უკრავდნენ ერთმანეთს და ღიმილით განაგრძობდნენ საქმიანობას.
„ავგურის ღიმილი“ აქვს ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ცოდნას გააიდუმალებენ, ორაზროვანი სახით მიგვანიშნებენ საკუთარ უპირატესობაზე და გამიზნულად იმგვარი სიტყვებით საუბრობენ, რომელთა მნიშვნელობაც მხოლოდ რამდენიმე კაცმა თუ იცის.
დღეს გამონათქვამი იხმარება ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოსაუბრეებმა კარგად იციან, რომ ცრუობენ, მაგრამ დამცინავი სახით განაგრძობენ ლაპარაკს და სხვათა მოტყუებას.
ამაოება ამაოებათა – ეკლესიასტეს ცნობილი სიტყვებით, „ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაოა“, ვადასტურებთ, რომ ამქვეყნიური, ადამიანური ყოფიერება ამაოა და არარაა ღვთისა და მარადიულობის წინაშე.
აქილევსის ქუსლი – დღეს ამ გამონათქვამს ადამიანის ნებისმიერი სისუსტის აღსანიშნავად ხმარობენ.
დედამისი, უკვდავი ნიმფა თეტისი, ჩვილობიდანვე აწრთობდა აქილევსს, რათა ისიც უკვდავი გაეხადა: დღისით ამბროსიას უსვამდა სხეულზე, ღამით კი ქუსლით ეჭირა და სტიქსის უკვდავ წყლებში აბანავებდა. ასე დარჩა აქილევსის სხეულის ეს ნაწილი, ქუსლი, სამუდამოდ სუსტი. სწორედ ქუსლში მოხვდა მას ტროას ომში პარისის ნასროლი ისარი და სიცოცხლეს გამოასალმა.
ანი და ჰოე – „იოანეს გამოცხადებაში“ ვკითხულობთ, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლისა და საშინელი სამსჯავროს შემდეგ ქვეყნად საუკუნო ნეტარება და ღვთის სუფევა დამკვიდრდება. უფალმა ყოველივე ხილვით აუწყა იოანეს, დაავალა აღეწერა ნანახი და დასძინა: „აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის წყაროდან“ (გამოცხ., 21; 6)
„ანი“ და „ჰოე“ ქართული ანბანის პირველ და უკანასკნელ ასოთა სახელებია (დედანში იყო „ალფა“ და „ომეგა“, ბერძნული ანბანის თავკიდურა ასოები), რაც ხატოვნად აღნიშნავს თავსა და ბოლოს, დასაწყისსა და დასასრულს.
თუმცა „ანი და ჰოე“ უფლის ეპითეტია, დღეს მას მივმართავთ, როცა გვსურს გამოვხატოთ რაიმე საქმის, მოვლენის სრული არსი, თავიდან ბოლომდე, დასაწყისიდან დასასრულამდე.
არა პურითა ერთითა – გულისხმობს სულიერ საზრდოსა და ღირებულებებს. გამონათქვამს ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ვხვდებით (იხ. მეორე რჯული, 8,3) შემდეგ კი მას იესოც მოიხმობს. როდესაც უდაბნოში ორმოცდღიანი მარხვისას მაცხოვარს ძალიან დაიმშა, ეშმაკმა შესთავაზა, როგორც ღვთის ძეს, ქვები პურებად გადაექცია. „დაწერილია, რომ არა პურითა ერითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით (მათე 4, 4) – მიუგო ქრისტემ მის გამოსაცდელად მისულ მაცდურს.
აღთქმული ქვეყანა – მონობიდან თავდასაღწევად, ებრაელებმა ეგვიპტე დატოვეს მოსეს წინამძღოლობით. ღმერთი ამხნევებდა, გასაჭირში ეხმარებოდა მათ და ჰპირდებოდა ისეთ მიწაზე დამკვიდრებას, სადაც ღვარად მოედინებოდა თაფლი და რძე. პავლე მოციქული მას „აღთქმულ ქვეყანას“ უწოდებს.
კალენდარი – რომაელები „კალენდებს“ თვის პირველ დღეებს უწოდებდნენ. ბერძნებს კალენდები, ანუ ამგვარი სიტყვა, არასოდეს ჰქონიათ. “Ad Kalendas graecas”, ე.ი გამონათქვამი „ბერძნულ კალენდებამდე“ იგივეა, რაც „არასოდეს“. ერის მამად აღიარებული რომის იმპერატორ ავგუსტუსს სხვადსხვა გამოთქმების ხშირი გამოყენება სჩვეოდა. მას ეკუთვნის გამონათქვამი: „იჩქარე ნელა!” (“Festina lente!“). ავგუსტუსი თავისი მევალეების მისამართით აღნიშნავდა ხოლმე, რომ ვალებს ბერძნულ კალენდებამდე გაისტუმრებდნენ. ეს კი ნიშნავდა, რომ მათ გადახდა არასოდეს ეწერათ.
გედის სიმღერა – დღეს გამონათქვამი ტალანტის ბოლო, უკანასკნელ გაელვებას აღნიშნავს და ეფუძნება გადმოცემას, რომ გედები სიკვდლის წინ მღერიან. ეს თქმულება უძველესი დროიდან მომდინარეობს. ერთ იგავში ეზოპე მოგვითხრობს, რომ გედები მხოლოდ ერთხელ, სიკვდილის წინ მღერიან. ცნობილია, რო გედს, სხვა მგალობელი ფრინველებისგან განსხვავებით, ძალზე უსიამოვნო ხმა აქვს; მაგრამ, როგორც ამბობენ, ერთ–ერთი ჯიშის გედი სიკვდილის წინ ისე საცოდავად „ტირის“, რომ მისი ხმა მართლაც ზარების რეკვის ულამაზეს ხმას ჩამოჰგავს.
თავზე ნაცრის დაყრა – იუდეველთა ეს უძველესი ტრადიცია უკიდურეს წუხილსა და გლოვას გამოხატავდა. ძველი აღთქმის ტექსტებში არაერთხელ არის დამოწმებული, რომ გლოვის ჟამს მართლაც იყრიდნენ თავზე ნაცარს ან მიწას. გავიხსენოთ თუნდაც იობის მეგობრების საქციელი, როდესაც გლოვით და სნეულებით ნატანჯი იობი იხილეს „თავს ზემოთ ცისკენ აპნევდნენ მტვერს“ (იობი, 2; 12).
ტროას ცხენი – ხის ცხენი, რომელიც ბერძნებმა დატოვეს ტროას მისადგომებთან. ტროელებმა იგი ღმერთების საჩუქრად ჩათვალეს და ქალაქში შეაგორეს. ღამით ბერძენი მეომრები ცხენიდან გადმოვიდნენ, მცველები დახოცეს, კარიბჭე გაუღეს თანამებრძოლებს და ერთიანად ააოხრეს ქალაქი. ამიტომაც, შენიღბულ და მუხანათურ ჩანაფიქრს ხშირად „ტროას ცხენს“ უწოდებენ.
განხეთქილების ვაშლი – მითიური ოქროს ვაშლი წარწერით „უმშვენიერესს“. განხეთქილების ქალღმერთმა ერიდამ ჩამოაგდო პელევსისა და თეტიდას ქორწილში, განრისხებულმა იმით, რომ თვითონ არ დაპატიჟეს. ქორწილში იმყოფებოდნენ ქალღმერთნი: ჰერა, ათენა, აფროდიტე. მათ შორის ერთ-ერთს უნდა რგებოდა ოქროს ვაშლი. დავის გადასაწყვეტად ტროას მეფისწულს პარისს მიმართეს. აფროდიტემ მსაჯული დაიმარტოვა და აღუთქვა: ულამაზეს ქალს შეგრთავ თუ ვაშლს მე მარგებო, რითაც დაისაკუთრა კიდეც ვაშლი და უმშვენიერესის ტიტულიც. სამაგიეროდ პარისს დაეხმარა მენელაოსის მეუღლე მშვენიერი ელენე ტროაში წაეყვანა, რაც დიდი განხეთქილების მიზეზი გახდა. ამას მოჰყვა ტროას ომი, რაც 10 წლის შემდეგ ქალაქის დანგრევით დასრულდა.
თანამედროვე მეტყველებაში „განხეთქილების ვაშლი“, ხატოვნად, რაიმე დავის, უთანხმოების მიზეზს ნიშნავს.
ევრიკა – „ევრიკა“ წარმოითქმება უეცარი აღმოჩენისას. „ევრიკა! ვიპოვე!“ – ასე ყვიროდა არქიმედე, როდესაც ერთი აღმოჩენა გააკეთა. სირაკუზელ მეფეს ეჭვი ეპარებოდა თავისი ოქრომჭედლის კეთილსინდისიერებაში. ფიქრობდა, რომ ხელოსანი იმაზე მეტ ვერცხლს ურევდა ოქროში, ვიდრე საჭიროება მოითხოვდა. ჰიერონმა თავისი გვირგვინი მისცა აქილევსს და სთხოვა მასში ოქროს შემცველობა დაედგინა და ემხილა უსინდისო. ერთხელაც, როცა წყლით სავსე აბაზანაში ჩაწვა, არქიმედემ შენიშნა, რომ იქიდან იმდენივე წყალი გადმოიღვარა, რამდენსაც თვითონ იწონიდა. ასე აღმოაჩინა მათემატიკოსმა ჰიდროსტატიკის მთავარი კანონი“ წყალში ჩაძირული სხეული ზუსტად იმდენს იწონის, რამდენსაც იწონის მის მიერ გადმოდენილი სითხე.”
ბალთაზარის ნადიმი – ბალთაზარი, ბაბილონის უკანასკნელი მეფე, ისტორიული პიროვნებაა. ერთხელ მან სასახლეში დიდი ნადიმი გამართა. მოქეიფენი ბაბილონის ღმერთებს ადიდებდნენ და ღვინოს სწორედც იმ ძვირფასი სასმისებით შეექცეოდნენ, რომლებიც ოდესღაც იერუსალიმის ტაძრიდან დაიტაცეს.
სწორედ ამ დროს უხილავმა ხელმა სასახლის კედელზე გაუგებარი სიტყვები დაწერა: „მენე, მენე, თეკელ, ფარეზ“. შეძრწუნებულ ბალთაზარს სიტყვების აზრი ვერავინ განუმარტა. შემდეგ სასახლეში მოიყვანეს წინასწარმეტყველი დანიელი, რომელმას აუხსნა მათ წარწერის შინაარსი, რომ უფლის განგებით, ბალთაზარი ამპარტავნებისთვის სასტიკად დაისჯებოდა, მას მოკლავდნენ და მის სამეფოს კი მტრები დაეპატრონებოდნენ. მართლაც, ასე მოხდა, როდესაც ბაბილონი სპარსელებმა დაიპყრეს, ბალთაზარი მოკლეს და მის ნაცვლად ტახტზე მეფე დარიოსი ავიდა.
დღეს „ბალთაზარის ნადიმს“ მოსალოდნელი უბედურების წინ გამართულ ლხინს და გართობას უწოდებენ.
დაფნის გვირგვინი – ძველად სწამდათ, რომ დაფნა წინასწარმეტყველებისა და პოეზიის სულთან იყო კავშირში. ძველ საბერძნეთში დაფნის გვირგვინებით აჯილდოებდნენ ათლეტურ და ოლიმპიურ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს, ასევე პოეტებს. რომში ის სამხედრო გამარჯვების სიმბოლო იყო. დაფნის გვირგვინებს წარმატებულ მხედართმთავრებს ადგამდნენ ტრიუმფალური აღლუმების დროს. დღეისათვის დაფნა გამარჯვებისა და მშვიდობის სიმბოლოა.
დაფნის ხე აპოლონის საყვარელი მცენარე იყო. დაფნე ერქვა ნიმფას, რომელიც მას თავდავიწყებთ შეუყვარდა. ნიმფამ აპოლონის სიყვარული უარყო და ღმერთებს დახმარება სთხოვა. ღმერთებმა ის დაფნის ხედ აქციეს, რომლის ტოტებისგანაც შეყვარებულმა აპოლონმა სამახსოვრო გვირგვინი გაიკეთა და არასოდეს მოუხსნია თავიდან.
აპოლონი ხელოვნების მფარველი ღმერთია, ამიტომ ხელოვანთა კონკურსებში გამარჯვებულებს დაფნის გვირგვინით ამკობენ.
გოლგოთა – თანამედროვე ადამიანი ასე ხშირად გაუსაძლისი ტანჯვა–წამების ადგილს მოიხსენიებს ან სურს დაუსრულებელ, არაადამიანურ ტანჯვაზე მიანიშნოს.
გოლგოთა მთაა იერუსალიმის ახლოს, სადაც მაცხოვარი აცვეს ჯვარს. ქრისტემ „წაიღო თავისი ჯვარი და გავიდა ადგილზე, რომელსაც ეწოდება თხემი, ებრაულად კი გოლგოთა“, ვკითხულობთ სახარებაში (მათე, 27; 23).
მაცხოვრის ჯვარცმას ყოველი ქრისტიანი უსაზღვრო, ენით გამოუთქმელ წამებად გაიაზრებს, რის გამოც დიდი დარდი და სატანჯველი ხატოვნად, „გოლგოთად“ იწოდება.
დამოკლეს მახვილი – გამონათქვამს საფუძვლად ცნობილი ორატორის, ციცერონის მონათხრობი დაედო. ძვ. წ. IV საუკუნეში სირაკუზს დიონისიოს უფროსი მართვდა. ბევრს შურდა მისი იღბლის განსაკუთრებით კი დამოკლეს, რომელიც სულ გაიძახოდა, ბედნიერებაა მეფობა და რა იღბლიანია დიონისიოსი, კაცთა შორის უბედნიერესიო. ერთხელაც, მორიგი ნადიმის დროს, მეფემ მოშურნეს თავთან ცხენის ძუით მახვილი ჩამოუკიდა. შეშინებულ დამოკლეს დიონისიოსმა აუხსნა, რომ მახვილი იმ მოსალოდნელ ხიფათბს განასახიერებდა, რომელიც მმართველს, მისი მოჩვენებითი ბედნიერების მიუხედავად, გამუდმებით ემუქრება.
აქედან დამკვიდრდა გამონათქვამი „დამოკლეს მახვილი“ ჩასაფრებული საფრთხის, მოსალოდნელი ხიფათის აღსანიშნავად.
განტევების ვაცი – იგულისხმება არსება, რომელიც ვინმეს მიერ ჩადენილი ცოდვისთვის უდანაშაულოდ ისჯება, ან სხვების ნაცვლად იტვირთავს პასუხისმგებლობას.
იუდეველთა ტრადიციით, საგანგებო სამსხვერპლოზე ერის „განწმენდის“ რიტუალი იმართებოდა: მიიყვანდნენ ცოცხალ ცხვარს, ისრაელიანთა ყველა უკეთურებასა და შეცოდებას მას გადააბარებდნენ და უდაბნოში უშვებდნენ (ლევიანნი, 16, 21–22).
დიოგენეს ფარანი – ძვ. წ. IV საუკუნის ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენე დღისით ქუჩაში ანთებული ფარნით დადიოდა და გაიძახოდა, ადამიანს ვეძებო. მას შემდეგ დამკვირდა გამონათქვამი „დიოგენეს ფარანი“, რაც ჭეშმარიტებისკენ სწრაფვას, გადაგვარებულ სამყაროში სუფთა ადამიანის ძიებას ნიშნავს.
ლაკონიურად საუბარი – ლაკონია საბერძნეთის ერთ–ერთი მხარეა, ხოლო სპარტა – მისი ცენტრი. ოდესღაც სპარტელები გამორჩეული მეომრები ყოფილან. ისინი არა მარტო საომარი ტექნიკის ცოდნით აკვირვებდნენ დანარჩენ ბერძნებს, არამედ გამჭრიახი სიტყვა პასუხითაც. ერთხელ, ფილიპე მაკედონელმა სპარტელებს მისწერა, თუ სპარტაში შემოვალ, ბოლომდე გაგანადგურებთო. სპარტელთა საპასუხო წერილი კი ერთი სიტყვით შემოიფარგლა. „თუ“ – ასეთი იყო ლაკონიელთა უმოკლესი პასუხი.
ამიტომაც არის, უკვე მრავალი საუკუნეა, მოხდენილ, მოსაზრებულ და სხარტ საუბარს „ლაკონიურს“ ვუწოდებთ.
თეთრი ყვავი – პირველად გამონთქვამი რომაელმა პოეტმა იუვენალისმა გამოიყენა თავის სატირაში: “ბედი უღიმის მონებსაც, აძლევს რა თავისუფლებას; დატვევებულებს ხანდახან ტრიუმფატორად აქცევს. თეთრ ყვავებსაც ხომ ვერსად ნახავთ სვებედნიერთ მსგავსად“.
დღეს „თეთრი ყვავი“ სხვათაგან გამორჩეულ ადამიანს აღნიშნავს.
პარნასი – დღეს პარნასს შემოქმედთა ჯგუფს ვუწოდებთ, ძველი ბერძნების წარმოდგენით კი, პარნასოსის მთაზე ხელოვნების მფარველი ღვთაებები ცხოვრობდნენ. მის ძირში ქალაქი დელფო იყო გაშენებული, სადაც ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სამისნო მდებარეობდა.
მათუსალას ხნის – მათუსალა (მეთუშალახ), ნოეს ბაბუა, ბიბლიური პატრიარქია. იგი კაცობრიობის ერთ–ერთ წინაპრად მიიჩნევა. თქმულების მიხედვით, მან 969 წელი იცოცხლა და წარღვნის წინ გარდაიცვალა. შესაბამისად, გამონათქვამი „მათუსალას ხნის“ დღეგრძელ, მეტისმეტად ხანდაზმულ ადამიანს აღნიშნავს.
რუბიკონის გადალახვა – გამონათქვამი გულისხმობს აკრძლვის მიუხედავად რთული, მეტად სარისკო საქმის წამოწყებას, სახიფათო გადაწყვეტილების მიღებას.
მდინარე რუბიკონი გალიას დანარჩენი იტალიისგან გამოყოფდა. ძვ. წ. 44 წელს იულიუს კეისარი თავისი მხედრობითურთ ამ მიდამოებს მიადგა. დადგენილი წესის თანახმად, პროკონსულს უფლება არ ჰქონდა იტალიის ფარგლებში ჯარისთვის ეხელმძღვანელა. იულიუსმა, ერთპიროვნული ძალაუფლების მოპოვების მიზნით, დადგენილება დაარღვია და ლაშქარს წინ გაუძღვა.
კეისარს კარგად ესმოდა, რომ ეს სახიფათო გადაწყვეტილება მომავალში მრავალი უბედურების საწინდარი გახდებოდა. ბევრი იყოყმანა, ბოლოს მხნეობა მოიკრიბა და ის ცნობილი სიყვები წარმოთქვა, რომელსაც საფრთხით აღსავსე, სარისკო საქმის დასაწყისში ამბობენ: “Alia iacta est” (“წილი ნაყარია“). კეისარმა ლაშქარი დაძრა და, სენატის აკრძალვის მიუხედავად, მდინარე რუბიკონზე მხედრების გადასვლა ბრძანა. ამის შემდგომ ომისთვის ყველა კარი ფართოდ გაიღო, წაიშალა რომის კანონები.
სკილა და ქარიბდისი – გამონათქვამი დაახლოებით იმასვე გულისმობს, რასაც ქართული გამოთქმა: „ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე.“
სამშობლოში მიმავალი ოდისევსის ხომალდს ერთი საბედისწერო ადგილი უნდა გაევლო. წყლის ვიწრო გასასვლელის ორივე მხარეს მაღალი კლდეები აღმართულიყო. ერთ კლდეზე, გამოქვაბულში სკილა ცხოვრობდა. საშინელი თორმეტფეხა, ექვსთავა არსება გამუდმებით ყეფდა და ხომალდებიდან მგზავრებს იტაცებდა. ვინც სკილას გადაურჩებოდა, ქარიბდისს ვერ დააღწევდა თავს. ამ ორმხრივმა განსაცდელმა ოდისევსის მრავალი მეგობარი იმსხვერპლა, თავად კი სიკვდილს მხოლოდ ქალღმერთის დახმარებით გადაურჩა.
ჰერკულესის სვეტები – ჰერკულესმა (ბერძ. ჰერაკლე) ხალხს მრავალი საგმირო საქმით დაამახსოვრა თავი, მაგრამ ყველაზე ცნობილი მაინც ის თორმეტი გმირობაა, რომლებიც ევრისთევსის დავალებით უნდა ჩაედინა. ჰერაკლეს მეათე გმირობა გერიონის მეწამული ძროხების მორეკვა იყო. ამ დავალების შესასრულებლად ჰერაკლემ რამდენიმე ქვეყანა გადაიარა, ხოლო როდესაც ქვეყნის დასალიერს მიუახლოვდა (ეს კი, ძველი ხალხის წარმოდგენით, ევროპისა და აფრიკის გასაყართან უნდა ყოფილიყო), დღევანდელი ჰიბრალტარის სრუტის ორივე მხარეს ქვის სვეტები აღმართა. ერთი ვერსიის მიხედვით, ჰერაკლემ სვეტებით სრუტე შეავიწროვა და იქიდან ურჩხულების შემოსვლა შეუძლებელი გახადა.
გამონათქვამი „ჰერკულესის სვეტებამდე მისვლა“ დღეს რაიმე საზღვრამდე მისვლას, მისაღწეველის მიღწევას გულისხმობს.
ფორტუნა – რომაულ მითოლოგიაში ქალღმერთ ფორტუნას მუდამ თვალებახვეულს გამოსახავდნენ. ღვთაებას ერთ ხელში საჭე ეპყრა, მეორეში კი სიუხვის რქა. ფორტუნა გადაწყვეტილებებს ბრმად იღებდა და რჩეულთ რქიდან ყოველგვარ სიკეთეს დააბნევდა. მაგრამ, ბორბალი ბრუნავდა და ფორტუნაც მოულოდნელად ზურგს აქცევდა ბედის რჩეულს. აქედან დამკვიდრდა გამონათქვამები „ბედის ბორბალი“ და „ბედისწერა ბრმაა“.
მეცენატი – დღეს ასე ხელოვნებისა და მეცნიერების გავლენიან, შეძლებულ მფარველს მოვიხსენიებთ, რომელიც მუზათა მსახურებისთვის სიკეთესა და წყალობას არ იშურებს.
ძვ. წ. I საუკუნეში რომში ცხოვრობდა დიდგვაროვანი და გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწე გაიუს მეცენატი. მას თავადაც უყვარდა ხელოვნება, ამიტომ პოეტებსა და მხტვრებს მფარველობას არ აკლებდა. ახ. წ. I საუკუნეში რომაელმა პოეტმა მარციალისმა ერთი ასეთი ეპიგრამა დაწერა: “ნეტავ იყვნენ მეცენატები, თორემ ვერგილიუსებს რა გამოლევსო“.
როგორც ჩანს, „მეცენატის“ დღევანდელი მნიშვნელობის სათავეც სწორედ აქ უნდა ვეძიოთ.
თვალი თვალსა წილ, კბილი კბილსა წილ – ასე გამოითქმის ძველი აღთქმის კანონი, რომლის მიხედვითაც, ყოველგვარ დანაშაულზე პასუხისმგებლობა მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებში ექცეოდა და ნებისმიერი ადამიანი საკუთარი ბრალეულობის სრული შესატყვისობით ისჯებოდა. კანონის თანახმად, პასუხისმგებლობა კონკრეტულ დამნაშავეს ეკისრებოდა და არა მთელ მის ოჯახს, როგორც ეს მანამდე იყო. კანონი განეკუთვნებოდა მხოლოდ მსაჯულებსა და ტომის უხუცესებს და არა რიგით პირებს. დღევანდელი განმარტრბით კი „კბილი კბილის წილ“ ჩვეულებრივ შურისძიების ფორმულად და მოწოდებად აღიქმება.
კეისარს კეისრისა – გამონათქვამი გულისხმობს, რომ ყველას თავისი კუთვნილი უნდა მიეცეს და მიეზღოს. როდესავ ფარისევლებმა ჰკითხეს იესოს უნდა გადაეხადათ თუ არა იმპერატორისთვის ხარკი, მან მოატანინა ვერცხლის დრაჰკანი, ფულის მონეტა კეისრის გამოსახულებით და იკითხა: – “ვისია ეს სახე და წარწერა?“ – „კეისრის“. – იყო პასუხი. მაშინ იესომ მიუგო მათ: „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა“ ( მათე, 22; 20–21).
ბაბილონის გოდოლი – დღეს ეს გამონათქვამი მიესედაგება ქაოტურ ვითარებას, როდესაც ერთმანეთისა არავის ესმის და ყველა უთავბოლოდ მოქმედებს.
ბიბლიის თანახმად, დედამიწის მკვიდრნი თავდაპირველად ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ. აღმოსავლეთიდან წამოსული ტომები დასახლდნენ „შინყარის ქვეყანაში“ (ტიგროსისა და ევფრატის აუზის მიდამოებში), სადაც მიწა უხვ მოსავალს იძლეოდა. ადამიანები, დოვლათის მატებასთან ერთად მეტისმეტად გაკადნიერდნენ. განიზრახეს, ქალაქი აეშენებინათ და აღემართათ გოდოლი (კოშკი), რომლის წვერიც ცას მისწვდებოდა. იმედოვნებდნენ, რომ ამის შემდეგ ხალხი დედამიწის ზურგზე ვეღარ გაიფანტებოდა.
უფალი განარისხა ადამიანების ამპარტავნებამ. ამიტომაც სხვადასხვა ენაზე აამეტყველა გოდოლის მშენებლები, რომ ერთმანეთის ვეღარაფერი გაეგოთ და თავგზა აბნეოდათ. ამან დიდი არეულობა გამოიწვია, მათ განზრახვაზე ხელი აიღეს და მთელს დედამიწაზე მიმოიფანტნენ. იმ ქალაქს კი, სადაც გოდოლი უნდა აეგოთ, „ბაბილონი“ უწოდეს.
ლუკულუსის ლხინი – ლუკულუსი ცნობილი რომაელი სარდალი იყო. მისი სახელი ისტორიას შეუდარებელი ხელგაშლილობისა და არნახული ფუფუნების წყალობით შემორჩა. ლუკულუსი ბევრს ომობდა და დაპყობილი ქვეყნებიდან ისეთი ნადავლით ბრუნდებოდა, რომ ყველას ანცვიფრებდა. იგი ცდილობდა ხალხი თავისი მდიდრული ცხოვრებით მოეხიბლა. აწყობდა საუცხოო წვეულებებს, ასპარეზობებსა და გამარჯვებისადმი მიძღვნილ ზეიმებს.
დღეს „ლუკულუსის ლხინს“ ვუწოდებთ არნახულ ნადიმს, რომელიც თვალისმომჭრელი ფუფუნებით და უზომო ხარჯით გამოირჩევა.
მენტორული ტონი – „მენტორად“ მოიხსენიებენ ადამიანს, რომელიც მუდამ სხვებს ასწავლის ჭკუას, „მენტორული“ კი დამრიგებლურ ტონზე ითქმის და ხანდახან, შესაძლოა, ირონიული ელფერიც ჰქონდეს. გამონათქვამი მხოლოდ მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც XVII საუკუნის ფრანგმა მწერალმა ფენელონმა გამოიყენა თავის რომანში “ტელემაქოსის თავგადასავალი“.
მენტორი ოდისევსის მეგობარი იყო, ტროაში გამგზავრბის წინ გმირმა სასახლის პატრონობა მას მიანდო. მენტორი მეურვეობდა ტელემაქოსს და მასაც მასწავლებლის უსიტყვოდ სჯეროდა. ამიტომაც, როცა ქალღმერთი ათენა მის დახმარებას მოისურვებდა, მენტორის სახეს იღებდა და ისე მოძღვრავდა ჭაბუკს.
პანდორას ყუთი – პრომეთეზე განრისხებულმა ზევსმა უბრძანა ჰეფესტოს, შეექმნა ქალი პანდორა, როგორც კაცობრიობის სასჯელი. ჰეფესტომ მიწისა და წყლისგან შექმნა არსება, რომელსაც ქალღმერთის გარეგნობა და ადამიანის ხმა ჰქონდა. ქალღმერთმა აფროდიტემ პანდორას სინარნარე და მომხიბვლელობა დაანათლა; ჰერმესმა – ეშმაკობა და ვერაგობა; ათენა პალადამ კი ხელსაქმე ასწავლა. პრომეთე გრძნობდა რა მოახლოებულ საშიშროებას, გააფრთხილა თავისი ძმა ეპიმეთევსი, არ მიეღო საჩუქარი ზევსისგან. მიუხედავად პრომეთეს გაფრთხილებისა, ეპიმეთევსმა ცოლად მოიყვანა პანდორა. ზევსმა საჩუქრად მისცა პანდორას დახურული ყუთი და გააფრთხილა, რომ არ გაეხსნა, მაგრამ ვინაიდან ღმერთებმა პანდორას ცნობისმოყვარეობაც დაანათლეს, მან ძალაუნებურად გახსნა ყუთი. გახსნა რა ყუთი, ამოფრინდა ყველანაირი ბოროტება, სიავე, ავადმყოფობა და გავრცელდა მთელს მსოფლიოში. შეშინებულმა პანდორამ ყუთი დახურა და ერთადერთი რაც ყუთში დარჩა, აღმოჩნდა იმედი. ამის შემდეგ ბოლო მოეღო ადამიანთა უდარდელ და ბედნიერ ცხოვრებას. სწორედ აქედან წარმოიშვა და გავრცელდა გამოთქმა – “პანდორას ყუთი“, რომელიც ყოველგვარ უბედურებათა წყაროს ნიშნავს.
პანიკა – ღმერთი პანი დაბადებიდან ყველას შიშის ზარს სცემდა. მას თხის ფეხები, რქები და წვერი ჰქონდა. იგი ნიმფებს მხიარული მუსიკითა და საცეკვაო ფერხულებით ართობდა. მაგრამ, ხანდახან დაუნდობელი ხდებოდა მათ მიმართ, ვინც მყუდროებას დაურღვევდა. ისე შემზარავად აკივლდებოდა, რომ ყველას ელდას სცემდა. ამიტომაც დამკვიდრდა საზარელი შიშის აღსანიშნავად მისი სახელისგან ნაწარმოები სიტყვა, „პანიკური შიში“.
პიგმალიონი – კვიპროსელმა მოქანდაკემ, პიგმალიონმა, ქალის ქანდაკბა შექმნა და მთელი თავისი ოსტატობა და ხელოვნება ჩააქსოვა. პიგმალიონს თავისი ქმნილება თავდავიწყებით შეუყვარდა. აფროდიტეს შეებრალა პიგმალიონი და გალატეა გააცოცხლა. ბოლოს კი ეს სიყვარული ბედნიერი ქორწილით დასრულდა.
დღეს პიგმალიონს ვუწოდებთ ხელოვანს, რომელიც სულსა და გულს ჩააქსობს თავის ქმნილებას და შემდეგ უზომოდ, გადამეტებულად შეიყვარებს.
ქვათა ღაღადი – ქრისტეს დანახვაზე მისი მოწაფეები ხმამაღლა ადიდებდნენ უფალს. რამდენიმე ფარისეველმა ურჩია იესოს, დაეშალა მათთვის ამგვარი ქცევა. მაცხოვარმა კი მიუგო: „თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს“ (ლუკა, 20; 40).
დღევანდელი გაგებით, „ქვათა ღაღადი“ ნიშნავს უკიდურეს აღშფოთებას, გულისწყრომას, როცა დადუმება და ბოროტებასთან შეგუება შეუძლებელი ხდება.
ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა – დღეს გამონათქვამი გულისხმობს სასოწარკვეთილ ძახილს, ფუჭ ლაპარაკს თუ მტკიცებას, რომელსავ არავინ ისმენს და ითვალისწინებს.
გამონათქვამი გვხვდება როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში: „ეს არის ის (იგულისხმება იოანე ნათლისმცემელი), რომლის შესახებაც თქვა ესაია წინასწამეტყველმა: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ (მათე, 3; 3).
ჰიპოკრატეს ფიცი – ძველი ბერძენი ექიმის ჰიპოკრატეს ყველა წინაპარი ექიმი იყო, თავად მეჩვიდმეტე თაობას მიეკუთვნებოდა. დღეს ყველა ექიმი დებს ფიცს, რომელსაც „ჰიპოკრატეს ფიცის“ სახელით იცნობენ. ფიქრობენ, რომ ტექსტი (სადღეისოდ იგი შეცვლილი სახით წარმოითქმება) სწორედ ჰიპოკრატეს ეკუთვნის, თუმცა მსგავსი რამ ეგვიპტეშიც არსებობდა. ფიცის მიხედვით, ყველა ექიმი ვალდებულია, არასოდეს თქვას უარი თავის მოვალეობებზე, არ მიაყენოს ზიანი პაციენტს, არასოდეს გათქვას საიდუმლო, რომელსაც ავადმყოფი გაუმხელს.
კომენტარის დატოვება