”შენი ცხოვრების ზამთარს ღვთის წყალობით გაზაფხული შეცვლის. გაიხარებ, გამხიარულდები და ინანებ შენს მცირედმორწმუნეობას.. ამიტომაც ნუ დაღონდები, ნუ ფიქრობ ცუდზე, უფალი შენ გვერდითაა.. მალე ჩაივლის ზამთარი, გაზაფხული უკვე კარსაა მომდგარი..”
“ფერი იცვალე სულო ჩემო,
იცვალე ფერი!..
რაც გაწუხებდა, რაც გტკიოდა,
ქარს, ყველაფერი!..
გახდი მამაცი, უფრო თბილი,
უფრო მზისფერი!..
უფალმა თიხას რომ შთაბერა,
სწორედ იმფერი!..”
..იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.
არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ… ვიდრე ხედავ და გესმის…
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი – ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.
ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.
“ასეთია ცხოვრება… ხან სიმშვიდე… ხან მოულოდნელი სადარდებელი… ზოგჯერ უკუნი, ზოგჯერ ნათელი…
ზოგჯერ ჯანმრთელობა, ზოგჯერ ავადმყოფობა…
განსაცდელში – მოთმინება იქონიე, სიმშვიდისას კი – გზა გააგრძელე!.. იყავი მუდამ გახარებული, მუდამ მომავლის რწმენით!
არასოდეს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში!
ყოველ გრიგალს სიმშვიდე მოსდევს,
სიბნელეს – განთიადი და სინათლე,
დასავლეთს – აღმოსავლეთი,
დაცემას – სინანული,
ყოველ “ჯვარცმას” – “აღდგომა”,
ყოველ პრობლემას – მისი მოგვარება,
ყოველ ცრემლს – ღიმილი,
ყოველი დაბრკოლებისა და სირთულის შემდეგ – უფალი იესო ქრისტე მოდის!”
“ეძებე ბედნიერება შენს საკუთარ თავში და ღმერთში. იფიქრე, რამდენი მშვენიერი რამ ხდება შენს სულში, შენს ირგვლივ და იყავი ბედნიერი..”
“არ დაჰკარგო სასოება არაოდეს ღმერთზე. გინდ ჰხედვიდე, რომ მოსპობილია ყოველი იმედი აღსრულებად შენისა გულის წადილისა, თუ ის წადილი არის წმინდა და პატიოსანი, ნუ ჩაჰვარდები სასოწარკვეთილებაში, არამედ გრწმენინ, რომ ღმერთი ბოლოს მოგცემს შენ აღსრულებასა შენისა პატიოსნისა სურვილისასა.”
წმ. ეპისკოპოსო გაბრიელი (ქიქოძე)
“ღვთის განგების იმედი არასოდეს დაჰკარგო”..
ქრისტიანობა სიყვარულის, სიხარულის, სიმშვიდის, სიკეთის რელიგიაა.. სულის მარადიული გაზაფხულის რელიგიაა..
“უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?” /ფსალ. 26/
„თუკი ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშ ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ“.. /რომ. 8,31/
კომენტარის დატოვება