ბედნიერებამ მითხრა – ნუ მეძებ!
შენი შვილების თვალებში მნახე.
ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე
ნაწვიმარ სიოდ გამომიძახე.
შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან,
სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს,
სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდა
ტალღებს მომდგარი მთების ფრიალო.
მნახე კახეთის უდრეკ დგომაში,
მთვარისფერ ვაზის ფოფინა ჩრდილში,
და ჭირნახულის ჟივილ-ხივილში,
დაზამთრებული გურიის მთებში,
ხელიხელ ნაკრეფ ჩხავერის ტკბილში,
საგაზაფხულედ მზა ნადურებში
და კრიმანჭულის ჭირზე სიცილში.
ბედნიერებამ მითხრა: რად მეძებ!
მე ხომ მეგრული ნანები მქვია,
ლაზური ქვისფერის დაბლობებზე
გაზრდილ ქალ-ვაჟებს რომ ზნედ ატყვია.
მე ამ ჰერეთის, ან იმერეთის
სტუმრის გულიან მოსაფერეთის,
უარყოფა ვარ სოფლის საამო.
ის ქალაქი ვარ, ქარის მცნობელი,
გულით ბაგრატის გუმბათისხელა,
ზემო იმერეთს დინჯად მომსვლელი,
ზრდილობიანი ვარ საპოვნელა.
მე მთების ზღვა ვარ თეთრად გაშლილი,
სვანური ზარის ცრემლში ნაჟური.
უშბის კალთა ვარ, მეწყრად დაშლილი
და აქაფებულ ენგურს ნაწური.
დარიალს მჯდომი ქირიკაშვილის
გერგეტის მზე ვარ, მყინვრად აშლილი
და განძის გადამმალავი ომში.
ჭიუხში ხევსურთან შემთხვეული,
ფშავში მისული ნისლის უბე ვარ.
დინჯი თუშის და ფიცხი მთიულის
თვალში დამდგარი ფიქრის გუბე ვარ.
ქართული სულის მგელვარე რაშის
შმაგი, ამაყი და მორცხვი მთა ვარ,
ჭოროხის თავშიც და გურჯის კარშიც
ჩაუქრობელი ქრისტეს ნატვრა ვარ.
კუპრად და ჭირად მოზღვავებულით
განდაგან თრევას არგუებული
შენი ერთგული აჭარელი ვარ.
ბედნიერებამ მითხრა: თუ მეძებ,
ალესანდროულს ნუ მოსწევ გვიან…
რაც კი რაჭველმა სწრაფად ვაკეთე,
იმას ნამდვილი ხვანჭკარა ჰქვიან.
ჭელიშის ოთხთავთან შეწირული,
სანთელ-ბერების არგანაგონი,
სჯულის მსხვერპლი ვარ თავგანწირული,
ტაოს ცრემლი ვარ, ბანად შთენილი,
სახლის დაცვა ვარ ლომგულ ფხოველის…
კლარჯეთის ხმა ვარ, ვერმოწვდენილი
გალავნებამდე სვეტიცხოველის…
მამა გრიგოლის შეწყნარებული
არაუდები ხანძთის შვილი ვარ.
ფარავანი ვარ, ნინოს ხლებული,
იოთამ ზედგენიძის ძილი ვარ.
თუ არ დაგღალე, აფხაზეთი ვარ…
სურნელი სოჭის მთუთქავს, მაციებს.
მე ყოველ ღამე კვლავ იქ შევდივარ,
სანამ უფალი არ მაპატიებს
სტუმარ-ქალების მალულად დევნას,
სიმდიდრისათვის გაფაციცებას,
მიწას მოწყვეტას, საფლიდო ლხენას.
სანამ უძღები შვილი მამასთან
თავჩაქინდრული ცრემლით არ მივალ,
სამოსელს პირველს მამა ჩამაცვამს
და სიხარულით გული წამივა.
სანამ ილორში წმინდა გიორგის
არ მივენდობი მწირველ მღვდელივით
ზურმუხტ ბიჭვინთის ღვთისმშობელივით.
მაშინ დასცხრება აბელის ცრემლად
სამაჩაბლოში დაბა ბრწყინვალე,
აღარ ვიქნები კერპების მძევლად,
აღარ შემარცხვენს ჩემი სიმხდალე.
ბედნიერებამ მითხრა: სად მეძებ!
მზე დასავლეთში როდის ასულა!
რეებს აგროვებ, დარდობ საგნებზე
და ვეღარ იცლი, იდგე კაცურად!
სადმე სულ ახლოს, აქ, ვარძიასთან,
სარგის თმოგველის ნაკამარალზე,
მტრის გაოგნებულ ელეგიასთან,
ქორებრ ხედვიდე მღელვარე ზეგანს
ლურჯ-ბალახიან ჯავახეთისა,
მესხთა სამკვიდროს, აბულის წყებას,
კუმურდოს ლოდის ძღვენთა კვეთისა.
ნაათაბაგარ, ნამოღალატარ,
ოდესღაც ტყიან განვლიდე გორებს,
დაუდევარი ფიქრის კვალდაკვალ
მიადგებოდე მოპარულ ლორეს…
ბედნიერებამ მითხრა: რა ვიცი,
კახში ინგილოს რა ეშველება,
თუ გეშორება უკვე დმანისი
და მარნეული არ გეშენება…
ისე მოკვდები, გარეთ არ გახვალ,
რისთვისღა ცხოვრობ? საერთოდ ვინ ხარ?
შენ, ძმაო, ქართველს სულ აღარ ჰგავხარ,
რას ადღეგრძელებ! რაებს იხსენებ!
ვის რად არგია, სად რა მოგსვლია?!
დასთვრები, ისტორიას იჩემებ…
ხალიბებს, ჭანებს, კაბადოკიას…
არაფერს არ ქმნი, რითღა შოულობ
მაგ საგროვებელს და არა – სარჩოს?
მოფხანვის მაგვარ შვებას პოულობ,
როცა იყიდი და აღარც გახსოვს,
რისთვის იყიდე, რის გეშინოდა,
რით მიგაძინეს და რა გინდოდა,
როცა ნამუსთან დაბრუნდებოდი.
ბედნიერებამ მითხრა: არ მეძებ!
თორემ სამშობლოს ცვარიან ბგერას
იავარქმნილი გულისნადებზე
იმყოფინებდი მალამოდ ძგერას…
მელექსეობის ამპარტავნებას
მდუმარე ჭვრეტის ლხინში გასცვლიდი,
დამანებებდი დევნას თავნებას
და შენთან მოსვლას თვითონ მაცლიდი
ნაღდი თბილისის საღამოებად,
ვიწრო ქუჩების ჭა-ეზოებად,
ნატანჯი ხალხის დაღლილ ღიმილში.
დაბრუნდებოდი მშობლების სახლში,
რაც ღმერთმა მოგცა, იმით ძლიერი,
დათმენის სიბრძნეს ჩაჰხედდი თვალში,
მოიქცეოდი, როგორც ივერი.
ჩაგიხუტებდი, რაც წლები დაგრჩა,
ჩემს სამკვიდროში კვლავ იქნებოდი
და შენნაირი გარეთ ვინ დაგრჩა,
აწი იმაზე დაფიქრდებოდი.
წარდგომის ჟამი დამშვიდებულზე
ნააღსარებზე აწი შენს გულზე
ძებნა და შფოთი არ იქნებოდა.
ამიტომ ნურსად, გესმის, ნუ მეძებ!
ყველა ასახდენ ზღაპარში მნახე!
…და სიხარულის უხლებ ველებზე
იმედის სიოდ გამომიძახე!..
ლევან ვასაძე
ა დ ა მ ი ა ნ ი
შენი ცხოვრებით ისე იცხოვრე
არ მიაყენო არვის ზიანი,
მათხოვარი რომ მათხოვარია
მასშიც ეძებე ა დ ა მ ი ა ნ ი.
თუ მის ღირსებას ფეხქვეშ გათელავ
სულში რომელსაც უმღერს იანი,
მაშინ მხეცი ხარ კაცი კი არა
არც უნდა გერქვას ა დ ა მ ი ა ნ ი.
სჯობს სულში ია-ვარდი ახარო
ეს არასოდეს არის გვიანი,
შეძლებ განდევნო სული ბოროტი
თუკი კაცი ხარ ა დ ა მ ი ა ნ ი.
ბოროტ ზრახვებზე მაღლა დადექი
ეს არასოდეს არის გვიანი,
მეც წაგაქეზებ: მიდი, ამაღლდი
შენ ხომ კაცი ხარ ა დ ა მ ი ა ნ ი.
ნუ დააფასებ ამპარტავნებას
თავმდაბლობა სჯობს გულდარდიანი,
გული ეძებე: სათნო, კეთილი
კაცში ეძებე ა დ ა მ ი ა ნ ი.
ყველა ბალახი ბალახი არის
ვაჟას უყვარდა დეკა-ღვიანი,
ილიას სევდას მთანიც კვნესიან
“ყველა კაცია- ა დ ა მ ი ა ნ ი?!”
გაზულუქებულს ნუ გაუღიმებ,
სული არა აქვს სანდო, მთლიანი
თავმდაბალს, სათნოს გულით მიენდე
მხოლოდ ის არის ა დ ა მ ი ა ნ ი.
ცრუსა და მავნეს ნუ დააფასებ,
არ მიაყენო შენს სულს ზიანი,
უბრალო კაცის რწმენით იცხოვრე,
იყავი მართლა ა დ ა მ ი ა ნ ი.
იქნებ შეცდომაც ბევრი მოგსვლია,
მაგრამ არასდროს არის გვიანი,
კაცში ეძებო პატიოსნება ,
და მათხოვარში ა დ ა მ ი ა ნ ი.
სხვის ტახტრევანზე გული ნუ გწყდება,
დრონი მეფობენ არა მეფენი,
ამაღლებული სულით იცხოვრე,
კარგ ადამიანს როგორც შეჰფერის.
ყოველი სიტყვა აწონე ისე,
სხვისი სული არ დააზიანო,
შენთვის არავის დაესვას კითხვა,
რა დაგიშავე ა დ ა მ ი ა ნ ო ???
დიალოგი ღმერთთან
შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში,
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში.
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა,
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად.
იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას,
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას.
მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა,
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან.
და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა,
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა.
– ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად,
მე შენი სულის ვხედავ მორევში
იმ ბოროტებას რომელსაც მალავ.
მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა,
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.
თავი ავწიე და ღმერთი ვნახე,
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი,
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე,
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი.
– უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი,
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?..
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!
მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს,
მე ვგრძნობდი ტკივილს, მდიოდა ოფლი,
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.
სიმართლე გინდა? აგერ ვარ, შენ წინ
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ,
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავ?
იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას,
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.
მაგრამ არ იცი უფალო რადგან,
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ცრემლი და დაღლა,
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.
მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე.
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ,
რომ მითხრა ვერ დავიჯერებ,
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ…
თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან?
თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ,
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.
ცოდვებით არის სამყარო სავსე,
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ,
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!
ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა,
შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს
და თითქოს მონას პასუხი გამცა:
– გტკივა, და ასე იქნება მარად.
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის,
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.
ნახეთ სამყარო, ჩვილი და სუფთა,
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით,
მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთან
ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?
არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში,
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გულში დაჭრა მიწიერ ომში.
შენ მართალი ხარ, უკვდავი სული
არ გაღონდება ცოცხალი სევდით,
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული,
ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით.
ოდესღაც ასე უცრემლო, მშვიდი
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს,
და ერთადერთი გავწირე შვილი,
ამდენი შვილის გადასარჩენად.
გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლისებრ …ბერებს
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა, ეს იყო ცხოვრების მერე.
თავი დავხარე, დავმალე სახე,
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი,
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე,
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი.
თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლესვას,
არ დააბრალო მერე მშენებელს,
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს.
უფალს შევთხოვე, დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო,
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს,
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო.
ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს,
მე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი რომ
უკვდავებში ვეძებდი ბრალულს.
დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად,
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე
და შვილი შენი მოველი დასჯას!
თემურ ელიავა
იქ…
გეძებდი არსად და ლოდებში მოთქვამდა ქარი,
და გულში მაინც შეხვედრას რომ მაინც მპირდები,
გადავაბიჯე, აღარ დამრჩა მეტი საზღვარი,
და ალბათ წუთით შემაჩერებს პირამიდები.
დუმდა ხეოფსი უდაბნოსგან სახით დაღლილი,
და ნეფერტიტის უცხო პროფილს ვაყოლებ თითებს,
მთვარემ გიზაში მოწამლული იგრძნო მახვილი,
იქ აიეტის წარმოშობა მივანდე ზვირთებს.
სად ხარ ჰელიოს, გამინათე ამ დღის წყვდიადი,
მე ვნახე სინაც,მაგრამ რჯული ვერ შევიმოსე,
იქ ღმერთი იყო, ათი მცნებით ზღვა და დიადი,
მერე ნილოსმა გამორიყა პატარა მოსე.
მე შეგხვდი არსად, შეგხვდი ყველგან და კიდევ ჩემში,
თუ არა ხატი, აღმართული დატოვე ნიში,
და დიდი მოსეს ცხელი ცრემლი მეჭირა ხელში,
და კიდევ რაღაც, თუ არ ვცდები –
მ ა ც ხ ო ვ რ ი ს შ ი შ ი.
მამა პეტრე
პეტრე
და პეტრე ტალღებს ესროდა ბადეს.
სული ჯვარს აცვა ღამე ტკივილმა
და საიდუმლო ქვესკნელში ჩადეს.
განთიადამდე დრო იყო კიდევ,
მაგრამ სარკმელთან წუხდა მამალი,
ცრემლებით მინდა სინანულს ვმკიდე,
ვერ მოვამზადე ცოდვის წამალი.
ბადეს ამოყვა კიდობნის ძელი,
პეტრე კი თევზებს ღიმილით თვლიდა,
ვერ შევაშველე ბორკილი ხელი,
განთიადამდე გულდასმით წვიმდა.
პეტრემ რომ ბადე მიაგდო გვერდზე,
მე ავედევნე უცხო ნაპირებს,
მერე მახვილი ვიგრძენი მკერდზე,
სამგზის უარყო მოძღვარი მისი,
სულში აყივლდა პეტრეს მამალი,
უფალთან დგომის კვლავ გახდა ღირსი,
პეტრე -მომეცი შენი წამალი.
ნაპირთან ბადე ცრემლით შევკერე,
და წამოდგომის ვიგრძენი გემო,
არ მინდა, მამლის ყივილის მერე,
მერეც უარგყო, იესო ჩემო…
მამა პეტრე
ზაქე
ჩამოდი ზაქე, შენს ოჯახში უნდა მივიდე,
იუდასთან და თუ არ არის ახლა გვიანი,
ერთი უბრალო ხის ჯვარი და მორჩა იყიდე,
ზაქე ჩამოდი კაცი ხარ თუ ადამიანი.
თუ ხის ტოტებზე მოქანავე ზაქეს ახედე,
სახლში თუ არა სახლთან მაინც დადექი ახლო,
ზაქე მითხარი, თვალებს როგორ უნდა ვახელდე,
ნაზარეველის პერანგს მინდა ხელი რომ ვახლო …
მამა პეტრე
ყველაფერი კარგად იქნება
ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ,
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება.
იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!
როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრებაც ისე იქნება.
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალის
და ყველაფერი კარგად იქნება!
ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება;
ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება!
როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა ატყობ იწყება
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას თქვი,
ყველაფერი კარგად იქნება!
რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!
თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი,
ღმერთი არ გტოვებს, შენსკენ იხრება;
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
და ყველაფერი კარგად იქნება!
როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია, რაც გადაგარჩენს, თქვი:
ყველაფერი კარგად იქნება!
დიდი ნიჭია თავშეკავება
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება,
როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!
როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!
როდის იქნება? როგორ იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება,
ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს
ღმერთის წყალობით
ყველაფერი კარგად იქნება!
…
შემინდე მამა, რაც შევცოდე მე უსუსურმა,
ამპარტავნებით გაჯერებულ ბრიყვმა, ცოდვილმა,
გამოგექეცი, დავივიწყე შენი ამაგი,
წვერში ჭაღარა გაგირია ჩემმა ლოდინმა.
შემინდე მამა, უფალს სთხოვე ცოდვათ შენდობა,
ვიცი ლოცულობ, ჩემზე ზრუნავ, ამის კი მჯერა,
მაგრამ ჩემს სულში, ორომტრიალს, ხელჩართულ ბრძოლას,
ვერანაირად მივაწვდინე შენი ხმა, ვერა.
შემინდე მამა, სიჯიუტე და თავხედობა,
შემინდე მე მრუშს, მატყუარას, მტანჯველი ცოდვა,
შემინდე ხრამში გადაჩეხილს სასოწარკვეთა,
შემინდე, იქნებ განმეშოროს შეშლილის ბოდვა.
შემინდე მამა, მე ქურდს, სასტიკს, შურისმძიებელს,
გემოთმოყვარეს, განმაშორე ლოთის სიმთვრალე,
სიმწრის ცრემლები მომერია მე უსინდისოს,
რამდენჯერ გთხოვე პატიება, ვერც დავითვალე.
შემინდე მამა მლიქვნელობა, გაუმაძღრობა,
შემინდე ზარმაცს, ცოდვის მნახველს უმოქმედობა,
დაცემული ვარ მწარედ, ფეხზე წამოსადგომად,
შენგან უფალო, მუხლმოდრეკით ვითხოვ შენდობას.
შემინდე მამა შეგინება, კაცთა განკითხვა,
ბილწსიტყვაობა… ყოველივე, რაც ჩავიდინე,
ილოცე ჩემთვის, უფალს სთხოვე ცოდვათშენდობა,
გულო აენთე, სინანულის ცრემლო იდინე.
ადამიანი უნებურად ივიწყებს უფალს,
თუ თავის თავში ხედავს ძალას და მას ენდობა,
ეს მე მრავალგზის გამოვცადე და დაცემული,
შენგან უფალო მუხლმოდრეკით ვითხოვ შენდობას.
შალვა ნატროშვილი
პეტრე
მე მოვედი, მაპატიე ღალატი,
მაპატიე, მაპატიე ყოველი,
ჰე, უფალო, დამიფარე მარადის,
ვიტანჯები შენი უარმყოფელი.
რაც კი მქონდა გავატანე ქარებს და,
ცოდვით ვსვარე სამოსელი პირველი,
მიყრდნობილი ვტირი, საყდრის კარებთან,
მინდა ვიყო სინანულის მწირველი.
მე მოვედი, დაკარგული კრავი და,
ხეტიალით მტკივა სუსტი მუხლები,
რაც მომეცი, ყველაფერი წავიდა,
და არ დამრჩა მცნება ხელებუხლები.
მე მოვედი და ისე ვარ დაღლილი,
ჰე უფალო, მაპატიე ყოველი,
შენს წინ ვდგავარ ახლა თვალებდახრილი,
მე პეტრე ვარ, შენი უარმყოფელი…
Comments on: "ლექსები" (10)
შენი გული და ცხოვრება ყოფილიყოს წმინდა ”იორდანე”, სადაც უფალი ნათელს იღებს.. და შენს ამ ქვეყნად არსებობას მირონივით წარუშლელად იცავდეს მადლი ”ნათლისღებისა”.
*********************
ლოდინით დაღლილი ქვები შემოდგომის ფოთლებივით მცვივა,
არავის აღარ ვახსენდები, მიტოვებული ბავშვივით მცივა.
სიზმრად მაგონდება საკურთხეველთან თქვენი წრფელი გულების ფეთქვა,
ნანგრევად ვქცეულვარ, ერთ დროს დიდი სალოცავი ტაძარი მერქვა.
მერე რა, თუკი ჩემს კედლებში შეიგრძნობა ორპირი ქარი,
თქვენ მიმატოვეთ, თორემ ღმერთი სულ ჩემთან არის.
მაინც დავტირი მე ჩემს სამწყსოს, ჩემს ფესვზე გაზრდილს,
დანგრეულ კედლებს, გაფანტულ ლოდებს წვიმა
ღვთისმშობლის ცრემლებად დასდის.
ბურჯად ვედექი ერთ დროს ასე ხალხმრავალ სოფელს,
შენ ეი, მგზავრო, ნუთუ მართლა ჩემს კარზე მოხველ?
თუ არ მოთიბავ, ეს ეკალი ფეხით გათელე,
როგორ მოგრევიათ სიზარმაცე ასე ქართველებს.
თითქოს გაიგო მგზავრმა ტაძრის უხმო ჩივილი,
მუხლზე დაეცა – საქართველო აკურთხეო – სთხოვა ტირილით,
უეცრად სხივი ჩამობრწყინდა მაღალი ციდან,
კაცმა ახედა, ტაძრის კედელთან მომღიმარი უფალი იდგა
უეცრად სხივი ჩამობრწყინდა მაღალი ციდან,
კაცმა ახედა, ტაძრის კედელთან მომღიმარი უფალი იდგა..
გაიხაარე ნათია. ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს.
სიტყვები ზედმეტიააა…………..
იცი? ბევრი ადამიანი შემოდის გულში, მაგრამ მალევე ტოვებენ ჩემი გულის სივრცეს… ტოვებენ იქ ტკივილს გაუგებარს, აუხსნელს. ისეთებისთვის, როგორიც შენ ხარ, ჩემს გულს კარი არ აქვს….
ნათია, მინდა მადლობა გითხრა ასეთი ლამაზი და გულშიჩამწვდომი საიტისთვის. გაიხარე, უფალი გფარავდეს!!!!!
ნათია, არაჩვეულებრივია… მე არ შემიძლია, რომ სიტყვებით გამოვხატო ჩემი აღტაცება. ღმერთმა დაგლოცოს და ბედნიერად გამყოფოს.
მართლა ძალიან კარგი საიტია, არ შემიძლია ჩემი გულწრფელი აღტაცება არ გამოვხატო.
ნათია, უფალი გფარავდეს!