არა ერთი და ორი ადგილი მოიპოვება წმინდა წერილში, საიდანაც კარგად ჩანს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ღმერთი სიმდაბლეს, სიმშვიდეს. “ვისზედ მოვიხედო, – ამბობს უფალი, – არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყვათაგან ჩემთა”, “უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, მდაბალთა მოსცის მადლი”, “დაამხვნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა მდაბალნი”, “დამდაბლდით წინაშე უფლისა და აღგამაღლებს თქვენ”, “რომელსა უნებს თქვენ შორის დიდ ყოფად, იყავნ თქვენდა მსახურ“ და სხვა. როგორც ძველს, ისე ახალ აღთქმაში სიმშვიდე სხვა სათნოებათა შორის ამკობდა ღვთისაგან და კაცთაგან გამორჩეულ პიროვნებებს. აბრაამ მამა-მთავარი, როგორი პატივცემული იყო ყველასაგან, როგორი მფარველი იყო მისი ღმერთი და თავის თავზე ამბობდა: მე ვარ მიწა და ნაცარი. დავით მეფე, სახელოვანი მხედარი და წინასწარმეტყველი, თავის თავს მატლად მიიჩნევდა. პავლე მოციქულს, როგორც მშრომელს, დაუღალავად მოღვაწეს და განვითარებულს, პირველი ადგილი ეჭირა მოციქულთა შორის, მაგრამ თავის თავს პირველ ცოდვილ კაცად თვლიდა. მარიამ ქალწულმა თვითონ თავის პირით აღიარა, რომ პირველი და უმთავრესი ღირსება, რისთვისაც ღმერთმა დააჯილდოვა იგი და გახდა ღირსი ღვთის მშობლად ყოფნისა, იყო მისი სიმშვიდე. “განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდბლესა ზედა მხევლისა თვისისასა”. “როგორც მე ვარ მშვიდი, ისე ყავით თქვენც, აიღეთ მაგალითი ჩემგანო”, არიგებდა მაცხოვარი თავის მოწაფეებს. თუმცა ყოველი ჩვენგანი მოვალეა მიიღოს იესო ქრისტეს დარიგება, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, მოიპოვებიან ისეთი ადამიანებიც, რომელნიც სიმდაბლეს უყურებენ როგორც ღირსების დამამცირებელ სისუსტეს. უწინდელ დროშიც ასე ფიქრობდნენ კერპთაყვანისმცემელნი.
ამბობდნენ და იმეორებდნენ, კაცმა თავის ღირსება უნდა იგრძნოს და დააფასოსო, თორემ წინ ვერ წავაო. ვისაც უნდა სხვა შეიყვაროს, სხვას პატივი სცეს, საჭიროა ჯერ თვითონ თავისი თავი შეიყვაროსო, თავისი ღირსება შეიგრძნოსო და ფასი დასდოსო. ამის წინააღმდეგს საღმრთო წერილი სრულებითაც არაფერს არ ამბობს. ყოველ კაცს ნებას აძლევს, შეიყვაროს თავისი თავი, როდესაც მოაგონებს, “დააკლო ღმერთმა იგი (კაცი) მცირედ რაიმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან-ჰყო იგი” (ფს. 8, 6). მაგრამ, რადგან კაცი ხშირად გადააჭარბებს ხოლმე და უსაფუძვლოდაც ცდილობს თავის პატივისცემას, საღმრთო წერილი, ამ გატაცებისაგან აკავებს მას. “რომელი ჰგონებდეს დგომას, ეკრძალენ, ნუ უკვე დაეცეს” (1 კორ. 10, 12), ე. ი. კაცი ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს და თუ უნდა არ დაეცეს, მარტო თავის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ყოველ საქმეს ღვთის იმედით უნდა მოკიდოს ხელი; რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს, მაინც, თუ მადლი ღვთისა არ ტრიალებს მის თავზე, ვერცერთ საქმეში ბოლომდე ვერ გაატანს. მოსე წინასწარმეტყველი როგორი ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ, როდესაც ღმერთმა მოუწოდა მას, რომ ებრაელები გამოეყვანა ეგვიპტიდან და დაეხსნა ისინი მონობისაგან, ვერ ჰპოვა თავი თვისი იმდენ ღირსეულ კაცად, რომ ასეთი დიდი საქმის შესრულება ეკისრა, თუ ღმერთი არ ეყოლებოდა მას შემწედ. ისაია წინასწარმეტყველმა უარი განაცხადა, როდესაც მოუწოდა მას უფალმა. წმიდა მამები: გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი, როგორ უარზე იდგნენ და არ თანხმდებოდნენ მღვდელ-მთავრის ხარისხის მიღებაზე. რისთვის? განა აქ სულმოკლეობა გამოიჩინეს მათ? სრულებითაც არა. მათი უარის თქმის მიზეზი სულმოკლეობა, სისუსტე, სიმხდალე კი არ იყო, არამედ შეგნება იმ დიდი მოვალეობის, რომელიც მათ უნდა მიეღოთ და ედვათ საკუთრ თავზე.
რამდენადაც მაღლა დგას მშვიდი კაცის ნიჭი, რამდენადაც იგი განათლებულია, იმდენად მაღლა აყენებს, რასაც ჩვენ უწოდებთ სისრულეს, იმდენად შორს ხედავს თავის თავს ამ სისრულისგან და ნაკლებ ენდობა თავის თავს და ერიდება ყოველივე გარეგნულ ამაღლებას. მოსე ასე ამბობს თავის თავზე: “ამოირჩიეთ ჩემზე უკეთესი და ღირსეული კაციო” (გამ. 4, 13). ეს სისუსტის კი არა, მაღალი სულიერების ნიშანია. თავმოყვარე ადამიანი კი მალე კარგავს ჭეშმარიტ შეხედულებას საკუთრ თავზე, მცირეოდენი გამარჯვება რაიმე საქმეში აბრმავებს და ვეღარ ხედავს იმ დაბრკოლებებს, რომელთა დასაძლევად მას დიდი შრომა მოელის. ჰგონია, რომ ვერავითარი დაბრკოლება მას წინ ვერ გადაეღობება, მის მოქმედებას ვერ შეაფერხებს. ერთხელ ორმა მოწაფემ სთხოვა იესოს: ნება მოგვეცი ერთი შენ მარჯვნივ და ერთი მარცხნივ ვისხდეთ მომავალ სასუფეველშიო. მაცხოვარმა უპასუხა: “შეგიძლიათ, თუ მიიღოთ ის სასუმელი, რომელსაც მე დავლევო”. მოწაფეებმა თამამად მიუგეს: “შეგვიძლიაო”, მაგრამ როგორ გაიქცნენ ისინი, როდესაც მაცხოვარი დაიჭირეს? (მათ. 10, 38, 28, 56). თუკი მოწაფეები შეცდნენ, სანამ სული წმიდა გადმოვიდოდა მათზე, მით უმეტეს ჩვენ უნდა მოველოდეთ ასეთ განსაცდელს. ყოველივე გამარჯვება ადამიანმა მარტო თავის თავს კი არ უნდა მიაწეროს, არამედ ღვთის შემწეობას; ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ უფალი ღმერთი თუ არ ეყოლება მფარველად, თავისი ძალით ვერაფერს გახდება. დავით წინასწარმეტყველი წერს: “არა თუმცა უფალმან აღაშენნა სახლი, ამაოდ შვრებიან მაშენებელნი მისნი, არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ამაოდ იღვიძებენ მხუმილნი მისნი” (126, 1), და როცა ადამიანს ღვთის იმედი აქვს, როცა დარწმუნებულია, რომ უიმისოდ ვერას გახდება, უსათუოდ მშვიდი იქნება, სიმშვიდე კი მას შეაძლებინებს ერთი მხრივ საკუთარი თავი შეიცნოს, მეორე მხრივ კი საზოგადოების სასარგებლო და საყვარელი წევრი გახდეს.
ერთმა ბრძენმა თქვა: “ყოველი კაცი მოვალეა თავისი თავი შეიცნოს, შეისწავლოს, ეს კი შეიძლება მხოლოდ სიმდაბლის, სიმშვიდის საშუალებითო. და ამ შემთხვევაში, არაფერი ისე ხელს არ უშლის მას, როგორც ამპარტავნება, რომელიც ადამიანს ნაკლოვანებასაც ღირსებად მიაჩნევინებსო”. ხოლო როდესაც ადამიანი შეიგნებს საკუთარ ღირსებებსა და ნაკლოვანებებს, ღვთისაგან მოძებულ თავის ნიჭს და ძალას, ადვილად მიხვდება თავის დანიშნულებას, გაიგებს, თუ რა მოვალეობა აქვს აღსასრულებელი ღვთისა და კაცის წინაშე, თავის “მე”-ს უკან დააყენებს და პირველ ადგილს თავის დანიშნულების ასრულებას დაუთმობს, და თუ საჭიროება მოითხოვს, პირველს დაუზარებლად, უშიშრად, მსხვერპლად შესწირავს. ასე იქცეოდნენ მოციქულნი და მოწამენი, რომელნიც მეტად მშვიდნი იყვნენ, მაგრამ ამასთანვე თავგანწირულნი მამაცნიც.
სიმშვიდე ყველა დანარჩენი სათნოების დედაა და ერთი ათად მეტ მნიშვნელობას ანიჭებს სხვა ღირსებებს, როცა მათ დაერთობა. რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს კაცი, რაც არ უნდა დიდი თანამდებობა ეკავოს, თუ მოკლებულია სიმშვიდეს, სიწყნარეს, ვერ მოიპოვებს სიყვარულს, როგორც თანასწორთაგან, ისე ხელქვეითთაგან. მშვიდ ადამიანთან ურთიერთობა კი ყველას უნდა, თვით ამპარტავანსაც. ამპარტავანს თავისი მსგავსი სძულს, და თუ სხვა შემთხვევაში მსგავსს მსგავსი უყვარს, აქ პირიქითაა. მშვიდი კაცი ყველას უყვარს, ყველას უნდა მისი მეგობრობა, ყველას უნდა მას შეეწიოს, როცა საჭიროება მოითხოვს, ყველგან ადგილი აქვს, ყველას უნდა აღამაღლოს. ამიტომ თქვა მაცხოვარმა: “ვინც აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, ვინც დაიმდაბლოს, იგი ამაღლდეს”, “ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა”.
„სიტყვის გება მდაბალი მოაქცევს გულის წყრომას – და სიტყვამან ფიცხელმან აღმართოს რისხვა“ (იგ. 15, 1). დამნაშავე თუ ხარ ვინმეს წინაშე, მაშინ მდუმარება უებარი წამალია, რომ აიცდინო, ან შეიმსუბუქო მაინც სასჯელი. ერთხელ ქალაქ ანტიოქიის მცხოვრებლებმა გაანაწყენეს მეფე და დიდი სასჯელი მოელოდათ, მაგრამ მთავარეპისკოპოსმა ფლაბიანემ დაიხსნა ისინი განსაცდელისგან. მეფის წინაშე წარსდგა, გაჩუმდა, ხმა არ ამოიღო, მხოლოდ ტიროდა. მღვდელმთავრის ასეთმა საქციელმა ისე იმოქმედა მეფეზე, რომ იძულებული გახდა, ეპატიებინა ანტიოქიელებისთვის მათი დანაშაული. ამიტომ ამბობს ერთი წმინდანი “სიმდაბლე ხეა ცხოვრებისო”.
“ხმა მწყემსისა”
Comments on: "სიმშვიდე" (1)
გაიხარე ნათია! სულიერად ვისვენებ შენი ჩანახატების კითხვისას. ძალიან ლამაზად წერ, თითქოს ნაკადული მოედინება სიტყვების და რაც მთავარია იგრძნობა უბრალოება და ღვთის სიყვარული. გაგახაროს და გაგაძლიეროს უფალმა.