"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

სონეტები

უილიამ შექსპირი

“რაც უფრო მეტად მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს,
მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში;
მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედს და ქალაქის ამკლებს
გრძნობების ზღვიდან ცრუ სათქმელის გამორიყვაში.

ვეღარც გაზაფხულს შევადარებ სიყვარულს ჩვენსას,
ის აღარც ვარდს ჰგავს, აღარც იხდენს იას ტოლივით,
ვეღარ შევკადრებ შემოდგომას ყმაწვილურ კვნესას
და დავდუმდები ვალმოხდილი იადონივით.

თუმცა ნაკლებად ღამის წყვდიადს არ ვეტრფი ახლა,
თუმცა ბატონობს შმაგი ვნება კვლავაც ნებაზე,
მაგრამ ვაი, რომ სიყვარულსაც დაეტყო დაღლა
და გონზე ყოფნას ვეღარ გავცვლი გაოგნებაზე.

ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს,
მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს.”

. . .

“თურმე ვცდებოდი, სიყვარულში ზღვარს რომ ვეძებდი,
მე უკანასკნელს არ გიძღვნიდი თურმე სტრიქონებს,
ან რა ვიცოდი, ცეცხლთან ჭიდილს კვლავ თუ შევძლებდი
და ჩემს მახლობლად ტრფობის სიო კვლავ თუ იქროლებს?!

ან რას ვიცნობდი იმ ერთადერთს უთვალავს შორის,
იმ ერთ შემთხვევას, სადიდებელს რაც ხდის საკიცხავს,
რაც ერთ სიტყვით აქრობს თურმე სათავეს ჭორის
და აცვლევინებს თვით მეფესაც ფიცს და საფიცარს.

ან რას ვიგრძნობდი, გაავებულ დროსთან მოდავე,
რომ შემძლებია სიყვარული ზღვარგადასული,
აუხდენელის გაცხადების რომ ვარ მოთავე
და რომ მომავალს ვერ ამიმღვრევს ბნელი წარსული?!

ახლაღა ვხვდები – სიყვარული თურმე ბავშვია
და მის გაზრდამდე მოყვარენი ფრთას რომ არ შლიან.”

. . .

“ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში დიდი ომი აქვთ,

მეტოქეებმა ვერ შეიძლეს შენი გაყოფა,

ჩემმა თვალებმა რომ გიმზირონ – გულს არ სდომია,

გულს კი თვალები უკრძალავენ შენთან ლაღობას.

გულმა ისურვა შენი სრული დასაკუთრება,

რამეთუ გულის ცხრაკლიტულში ხარ ჩაკეტილი.

თვალნი თავს თვლიან მაგ მშვენების ნავსაყუდრებად,

რადგან თვალებში ჩანს ეს სახე გამოკვეთილი,

ამ სამსჯავროზე მოსამართლედ დადგა გონება

და მოდავენი უკვე დავით აღარ სცოდავენ,

შენი მშვენება განაწილდა, როგორც ქონება,

და მესაკუთრედ აღიარეს ორივ მოდავე:

ჩემ თვალებს ერგო ეგ თვალები მარად მნათები,

გულს კი საკუთრად დარჩა შენი გულის ნადები.”

. . .

“მშვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა,

რომ სილამაზემ იფერადოს ვარდის კონებად,

დამჭკნარ სიტურფეს მაინც ვერ ჰკლავს ჟამის ღრეობა,

მემკვიდრე არის მისი ხსოვნა და მოგონება.

გრძნობებს რომ ფანტავ, რაღა გრჩება, ნეტავ, მარაგად,

შენ, საკუთარი სილამაზის მონადქცეულო?!

ხრიოკ უდაბნოდ რად აქციე რთველის ბარაქა

შენ, საკუთარი არსებობის მტერო წყეულო!

მთელი მსოფლიოს სამკაული შენა ხარ ახლა,

მხოლოდ შენ ძალგიძს გაზაფხულთან გაბაასება,

რად არ გაშინებს, თუ ნაყოფი კვირტშივე გახმა,

მშვენიერებას რატომ ფლანგავ, ძუნწო არსებავ?!

წუთისოფელი შეიბრალე, შენს მზეს რომ ფიცავს,

მაგ სილამაზეს ნუ დაუთმობ სამარის მიწას.”

. . .

“ვისაც ძალა აქვს ავი იქმნას, მაგრამ ავს არ იქმს,

ვისაც ძალა აქვს მუდამ დარჩეს კლდედ და პიტალოდ,

სხვა ამოქმედოს, მაგრამ არვის დასცეს თავზარი

და ცდუნებათა შემოტევაც გადაიტანოს,

მას თვითონ ზეცა მადლიერი თვალით დაჰყურებს,

მისია მიწის საგანძური დამარჯნებული,

სხვები ხდებიან მისი ნების მოსამსახურე,

ის კი მეფეა, თავის თავზე გამარჯვებული.

ზაფხულის ყვავილს საზაფხულო მოაქვს სურნელი,

თუმცა დრო აჭკნობს და მუდმივად როდი ალაღებს,

მაგრამ თუ სენი შეეყარა განუკურნელი,

ყვავილებს ვარჩევთ სარეველა მინდვრის ბალახებს.

და თუმცა ისევ სიკეკლუცეს ჩემობს სნეული,

დამპალ ზამბახებს სჯობს ჭინჭარი შემოსეული.”

. . .

“ზოგს წარმოშობა, ზოგს სიმდიდრე ეამაყება,

ზოგს მოსასხამი მოხატული ცისარტყელებად.

ზოგი ტრაბახობს, თუკი მკლავში ძალა დაჰყვება,

ზოგს ბედაური ან მწევრები ესახელება.

ყველას თავისი გასართობი მოუგონია.

ყველას თავისი მიზანი აქვს, დასაფიცარი,

მე კი, ამქვეყნად, სიხარული სხვა რამ მგონია,

ბედნიერება უმაღლესი გამოვიცანი.

შენი ტრფიალი მირჩევნია ყველა წოდებას,

მათხოვარია ჩემთვის მეფეც თავის განძებით,

მწევრით გართული მონადირეც შემეცოდება

და ბედნიერი შენი ტრფობით დავიქანცები.

მაგრამ მახვილი შეგიძლია არ ამარიდო.

გრძნობა წამართვა და ერთ წამში გამაღარიბო.”

. . .

“შენ ჩემს მუზასთან რადგან არ ხარ ჯვარდაწერილი,

სხვა პოეტებით გატაცება არ გეკრძალება,

მხოლოდ ამ ლექსით მოხიბლული ვიცი ვერ ივლი,

როს სხვათა ხოტბა შენი გულის კარს ეძალება.

გონიერებაც მოუცია შენთვის განგებას

და შენს საქებრად ჩემი სიტყვა გეცოტავება,

ამიტომ გინდა განგადიდონ სხვათა ჩანგებმა,

რაც ვერ შეიძლეს ამ ლექსებმა, საცოდავებმა.

მაგრამ მე ვიცი, მათი ძალა დაიშრიტება,

ენამჭევრობა მეტოქეთა მე არ მაშინებს,

მალე მიხვდები ამ უბრალო ლექსის დიდებას

და ალალ სიტყვას დაედება ფასი მაშინვე.”

. . .

“მე უცნაური სიყვარულით შევიქენ ავად:
ის მიყვარს, რასაც გავურბოდი ჟამით ჟამიერ,
რასაც სახელად “დამღუპველი” ვუწოდე თავად
და რაც სამსალას უმოწყალოდ მასმევს ამიერ.

აქ დავასრულე სააქაო ფიქრთა გზა-შარა,
აქ დაეჭედა ჩემს სიყვარულს ბნელი წერტილი
და უგნურებამ სამომავლო სივრცე გაშალა
სიცარიელის სიქათქათით გადაპენტილი.

აღარ მსურს შენში, სინათლის წილ,

წყვდიადს ვხედავდე,

შენ მიმიყვანე სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე.

ჩემს გონებასაც ღამედ ექცა მადლი დღისა და
ვერ განმიკურნა მე ეს სნება, ნებით ნებული,
და შემომწყრალმა ნუგეშიც კი არ მაღირსა და
სიკვდილის კართან მიმატოვა გაოგნებული.”

. . .

“ყველაფრით დაღლილს,

სანატრელად სიკვდილი დამრჩა,

რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,

რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,

რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,

რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,

რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,

რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ,

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,

რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,

რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,

რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,

მაგრამ, არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს..”

Comments on: "სონეტები" (8)

  1. ♥ ♥ ♥ მაგარია

  2. Paata Tyebuchava said:

    უმაგრესი სონეტებია, დავიფერფლე.

  3. მართლაც უმაგრესია… ძალიან მიყვარს …. მადლობა ნათია : )

  4. კარგია, მართლა, ძალიან.

  5. “როდესაც შენი სიყვარული ისე ჩაცხრება,
    რომ შეიძულებ, რაც გიყვარდა ჩემში ამდენხანს,
    მეც მოგემხრობი ჩემივ თავის დასამარცხებლად
    და არ გავამხელ, რაც იკადრე ფიცის გამტეხმა.
    არავინ უწყის ჩემზე უკეთ ჩემი ცოდვები
    და თუ საქვეყნოდ ვაღიარე, რასაც ვმალავდი,
    მიტოვებული აღარავის შევეცოდები
    და შენც ღირსებად ჩაგეთვლება ჩემი ღალატი.
    შენი მოგება როდი ნიშნავს ჩემთვის წაგებას,
    მე ხომ დღედაღამ შენს სახელზე ვლოცულობ სანთლით
    და თუ დიდებას მოგანიჭებს ჩემი ძაგება,
    მე შენს დიდებას ჩემს საკუთარ დიდებად ჩავთვლი.
    ჩვენი ტრფიალი საუკუნოდ კვლავ მეწამება
    და ნეტარებას მომანიჭებს შენთვის წამება.”

  6. dzalian magaria sagol

  7. ყველა სონეტი გულში ჩამწვდომი და ამაღელვებელია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: