"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

სულიერი “თაიგული”

ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ქრიზოსტომოსისა და მისი დის, იღუმენია ვერონიკას სულიერი დარიგებების კრებული 

გახსოვდეს, რომ განსაცდელები არასოდეს დაცხრებიან… მაგრამ შენ არ შეშინდე, რადგან მათ სიკეთე მოაქვთ ჩვენთვის, გვწვრთნიან, გვავარჯიშებენ… ამიტომ ნუ შეშინდები, სულიერ კლდედ იქეცი… არასოდეს, არასოდეს არ დანებდე ბოროტებას! თუკი იგი შეგეხება, ან სულაც “ჯვარს გაცვამს” და დაგანაწევრებს – არ დაუთმო, ქედი არ მოუხარო… უდრეკად, გამართულად იდექი შენი გულის ზნეობრივ გალავანზე. ჩემო კეთილო შვილო, როდესაც დაღმართზე ნიაღვარი მოდის, მას პატარ-პატარა კენჭები მოყვებიან, ხოლო დიდი ქვები, ანუ “კლდეები” მტკიცედ დგანან და ნიაღვარს ეღობებიან… ამიტომ გევედრები, იმ სულიერ “კლდედ” იქეცი, რომელზეც, ღვთის შემწეობით, სატანური ნიაღვრის ყოველი შეტევა დაიმსხვრევა! შეიქენ კლდედ და ნუ შეშინდები… უფალი გიმზერს, გაკურთხებს, გვირგვინოსანგყოფს და გელოდება! იქეცი ქრისტიანულ “კლდედ”!

წმინდა სახარებაში, პირველი ადგილი სიყვარულს უჭირავს… ქრისტე თავად არის სიყვარული. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა არის ყველაზე დიდი სათნოება, მან უპასუხა: შეიყვარო უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულიერი ძალით და შეიყვარო მოყვასი როგორც თავი შენი, ვინაიდან კანონი და წინასწარმეტყველება ამ ორ მცნებას ეფუძნება. ყველა სათნოება კარგია, თუმცა ნებისმიერ კეთილ საქმეს, ნებისმიერ ქველმოქმედებას საფუძველი სიყვარულის გარეშე არ ექნება. სიყვარულია შენდობის თხოვნის საფუძველი, რადგან სიყვარულმა არ იცის რას ნიშნავს სიძულვილი… სიყვარულია – წყარო მოწყალებისა და ყოველგვარი სიკეთისა. სიკეთე მხოლოდ მაშინ არის სიკეთე, თუკი იგი სიყვარულით კეთდება… რა მშვენივრად წერს ერთი წმინდა მამა: “სიკეთე სიკეთეა მხოლოდ მაშინ, როდესაც “კეთილად კეთდება”. სულ პატარა სიკეთეს, რომელიც სიყვარულით კეთდება, დიდი ფასი აქვს. ამ დროს იგი ბრწყინვალე და ძვირფას საჩუქრად გადაიქცევა. სიყვარული სათნოებების “დედად” არის აღიარებული. სიყვარული სიხარულსა და გულს აფართოვებს… მათ საკუთარ თავში აერთიანებს… სიყვარულის ხალიჩა კი თავმდაბლობით იქსოვება… ყოველგვარ ცუდს სიყვარული შლის და ანადგურებს. ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასის ნაკლს აღმოაჩენს და მის განსაკურნებლად იღვწის… სიყვარული ჩვენს “უფლებებზე” მოყვასის შენობას, მის წინსვლას, მის ცხონებას აშენებს! ღვთისნიერი სიყვარული კი არ “კლავს”, არამედ მსხვერპლს გაიღებს ძმისთვის! ჭეშმარიტი სიყვარულისთვის სრულიად უცხოა სიძულვილი. ვისაც ჭეშმარიტად უყვარს, მას სიძულვილი არ შეუძლია. ჩემო კეთილო ძმებო და დებო, დაე შევიყვაროთ ყოველი ადამიანი! დაე ვიღვაწოთ, რომ საკუთარი “მე” დავივიწყოთ და მის ადგილას “ჩვენ” დავამკვიდროთ!

ეცადეთ ცხონებას უპირველეს ყოვლისა სიყვარულის სათნოების საშუალებით. თქვენს მთავარ საზრუნავად უნდა იქცეს ის, თუ როგორ გავმდიდრდეთ სიყვარულით. თავად ღმერთია მასში, ვისაც აქვს სიყვარული, რადგან ღმერთი – “სიყვარული არს”… თუ ფული არა გაქვს, რომ მატერიალური მოწყალება გასცე, იცოდე, რომ ერთი ტკბილი სიტყვა, ერთი ლოცვა, ვინმეს მძიმე ხასიათის მოთმინებით ატანა, მოყვასისათვის გასაჭირში პრაქტიკული მხარდაჭერა და ა.შ. – მოწყალების გაცემა და სიყვარულის გამოხატულებაა… ღვთისნიერი სიყვარული პატიობს შეცდომებს, “გადაეფარება” და მალავს მცირე ნაკლს, უთმობს სიჯიუტეს, არ განიკითხავს, ამსხვრევს ყოველ ეგოისტურ ქმედებას… რა ბრწყინვალედ ბრძანებს წმ. იოანე ღვთისმეტყველი: “ღვთის სიყვარულმა ზეცა მიწასთან შეაერთა… ღვთის სიყვარულმა ადამიანი მეფის ტახტზე აიყვანა… ღვთის სიყვარულმა ღმერთი მიწაზე გამოაჩინა… ღვთის სიყვარულმა მონა ბატონად აქცია… ღვთის სიყვარულმა მტრების სიყვარულისთვის თავისი საყვარელი ძე გაიმეტა”…

ის სიყვარულია ნამდვილი, რომელიც სათავეს ღვთის სიყვარულიდან იღებს.” ღმერთი სიყვარული არს…” როგორი საუცხოო, როგორი დიადი, როგორი გამოუთქმელი და ამავე დროს როგორი ადამიანურია წმ. იოანე ღვთისმეტყველის ეს გამონათქვამი: “ღმერთი სიყვარული არს…”. ყოველი ღვთიური ენერგია სიყვარულს მოიცავს, ყოველი მისი ქმნილება სიყვარულის შედეგია. ეცადე, რომ ჩვენი საკუთარი ცხოვრებაც სიყვარულად იქცეს. ერთი კეთილი სიტყვით, ერთი ღიმილით, ერთი გულისხმიერი, გულღია, კეთილი მოპყრობით ჩვენს მოყვასს მივუახლოვდეთ, რითაც უფლის სიტყვებისადმი: “იყუარებოდით ურთიერთას” – რწმენას გამოვხატავთ.

სადღაც წავიკითხე: “სიყვარულზე რომ გიამბოთ – მარადიულობა არ გვეყოფა!” ნამდვილი სიყვარული, ლოგიკის ყოველგვარ კანონს არღვევს და საკუთარ გარემოში ღვთიური მადლი შემოჰყავს! დაე, გიყვარდეს არა ანგარებით, არა ანგარიშის გაწევით, არა იმით, რომ “სიყვარული უნდა აჩვენო”, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მცნება აღასრულო! ერთმა ადამიანმა უფალ იესო ქრისტეს მიმართა: ყველგან მოვიარე, შევიძინე განათლება და სიბრძნე, მაგრამ სადაც კი გეძებე, ვერ გიპოვე!  იესომ კი უპასუხა: – ადამიანი – შენი მოყვასი უფრო მეტად შეიყვარე და მაშინ მიპოვი!

დავუტევოთ წარსული – ღვთის მოწყალებას, აწმყო – ღვთის სიყვარულს და მომავალი – მის განგებას. მაშინ ყოველი დღე წინაზე უკეთესი და უბედნიერესი გახდება. გაიხედე უკან, საუკუნეებს იქით, და ქრისტეს – შენთვის ტანჯულს დაინახავ! აიხედე ზევით და ქრისტეს – ზეციური მამის წინაშე შენთვის შუამდგომელს დაინახავ, ჩაიხედე საკუთარ თავში და ქრისტეს დაინახავ, რომელიც შენი გულის “კარზე” აკაკუნებს! გაიხედე წინ და ქრისტეს – შენთვის მომავალს დაინახავ! მწუხარება და ზოგადად განსაცდელები, საუკეთესო წამალია იმისათვის, რომ ამაყნი მუხლებზე დააჩოქოს და ცოდვისაგან გაქვავებული გულები დაამსხვრიოს… ყოველი დღე ღვთისაგან იმიტომ გვეძლევა, რომ იმაზე უკეთესები გავხდეთ ვიდრე გუშინ ვიყავით.

იცოდეთ, რომ გადამეტებული დარდის უკან, სიღრმეში, ეგოიზმი და სიამაყე იმალება. ამიტომ გევედრებით, არასოდეს, არასოდეს! არ იყოთ სასოწარკვეთილნი! მუდამ გახარებული იყავით! დილაობით, “მამაო ჩვენოს” კი ვამბობთ, მაგრამ, სამწუხაროდ, შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში, უყურადღებოდ ვართ, “ობლებივით” ვიქცევით! სადაც სიყვარული მცირეა, იქ შეცდომები – ბევრია და დიდი. სიყვარულის გარეშე ყველაფერი შეუძლებელია, ხოლო სიყვარულით – ყველაფერია შესაძლებელი. სიმდაბლის გარეშე ყველაფერი – არაფრად, ხოლო სიმდაბლით არაფერი – ყველაფრად იქცევა! 

სინანულისა და აღსარების საიდუმლოს გარეშე ცხონება არ არსებობს. სინანული დედამიწისთვის ზეცის ყველაზე დიდი საჩუქარია. სამოთხეში პირველი ავაზაკი შევიდა, რომელმაც მოწყალება ქრისტესგან რწმენით ითხოვა! იუდა მოციქული იყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს დაივიწყა, არად ჩააგდო ღვთის მოწყალება და დაიღუპა! მოციქული პეტრე – პირველი მოციქულთა შორის, მოღალატე გახდა, მაგრამ სასოწარკვეთას არ მიეცა! შეინანა! – და კვლავ მოციქული და ყველაზე დალოცვილი ადამიანი გახდა დედამიწაზე! ხედავთ, რისი გამოსწორება შეუძლია სინანულს?

სიკეთე და ბოროტება – ერთმანეთის ორი მარადიული “მოწინააღმდეგეა”… თუკი ჩანს, რომ ბოროტება იმარჯვებს, ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ!… 

კარგია, როდესაც ადამიანი მრავალ ენას სწავლობს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რაც გააჩნია ის შეინარჩუნოს! შეუძლებელია ვისაუბროთ სინათელზე, თუკი ჩვენ თავად არა ვართ განათლებულნი… ვერ შევძლებთ ვისაუბროთ ღვთის მადლზე, თუკი თავად ჩვენ არ ვიქნებით მადლმოსილნი… როგორ შევძლებთ ვისაუბროთ სიყვარულზე, თუკი არ გვექნება სიყვარული? როგორ შევძლებთ გადავცეთ სხვას ის, რაც თავად არ გაგვაჩნია? 

საკმეველი იმისათვის რომ სურნელი გამოსცეს, ცეცხლზე უნდა დაიდოს… თავთავი იმისათვის რომ პურად იქცეს, წისქვილში უნდა დაიფქვას… მარმარილო იმისათვის რომ ქანდაკებად გადაიქცეს, უამრავ ნაწილებად უნდა დაიმსხვრეს…  ყველაფერი ფასეული ცხოვრებაში, მრავალი გამოცდითა და მოთმინებით იქმნება!

იუდა, სიკვდილის ხის ნაცვლად, რწმენითა და სინანულით, ქრისტეს ჯვარცმის ხისკენ რომ გაქცეულიყო, მაშინ ისიც მონანული ავაზაკის მსგავსად, სამოთხეში შევიდოდა. ჯოჯოხეთი მხოლოდ მისთვისაა, ვინც არ ნანობს…

არასოდეს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში! ყოველ გრიგალს სიმშვიდე მოსდევს, სიბნელეს – განთიადი და სინათლე, დასავლეთს – აღმოსავლეთი, დაცემას – სინანული, ყოველ “ჯვარცმას” – “აღდგომა”, ყოველ პრობლემას – მისი მოგვარება, ყოველ ცრემლს – ღიმილი, ყოველი დაბრკოლებისა და სირთულის შემდეგ – უფალი იესო ქრისტე მოდის! არ არსებობს “აღდგომა” “გოლგოთის” გარეშე..

გაათავისუფლეთ თქვენი სულიერი სამყარო ყოველგვარი მწუხარებისა და შფოთისაგან, იცხოვრეთ მარტივად… აავსეთ თქვენი ცხოვრება სიყვარულით… მიმოფანტეთ ყველგან სიხარული და სინათლე..

როდესაც  საღამო  მოვა,  დაჯექი  ერთ  კუთხეში და დაფიქრდი: როგორ გავატარე დღე? გულისხმიერი ვიყავი, თუ – უყურადღებო? სირთულეების დროს შევინარჩუნე სულიერი სიმშვიდე? ვისაც შევხვდი, მივანიჭე სიხარული, გავამხნევე, გავუღიმე? გავაკეთე ან შევქმენი რაიმე ქრისტიანული, ადამიანური, თუ უაზროდ გავფლანგე ძვირფასი დრო? ხშირად ვაცნობიერებდი მფარველი ანგელოზის უხილავ თანადგომას? გავაფართოვე ღვთიურზე ფიქრით ჩემი აზროვნება? ვიზრუნე “ლოცვაზე”? უკეთესი გავხდი… თუ – “უფრო პატარა”? …იცი როგორ გვეხმარება ყოველდღიური თვითკრიტიკა? 

ქრისტიანული სარწმუნოება ნუგეშისა და იმედის მტკიცე საძირკველია. რაც უნდა მოხდეს, სარწმუნოება გაძლევს ძალას, რომ თქვა: ყველაფერი, რასაც ღმერთი უშვებს – კურთხეულია… და კვლავ, ყველაფერს მომავლის რწმენით იწყებ.

ყველაზე ბრწყინვალე და შესანიშნავი გამოთქმა კაცობრიობის ისტორიაში არის: “გიყვარდეს მტერი შენი”. გაუფრთხილდი… გაფრთხილდი!  ნუ მიუთითებ სხვის ნაკლს “დასვრილი” ხელით!… გაფრთხილდი! ერთადერთი ტალახი რომელიც გვსვრის ის არის, რომელსაც სხვას ვესვრით…

ჩვენი რწმენა მაშინ უნდა გამოვამჟღავნოთ, როდესაც ყოყმანი გვეუფლება… მოთმინებას უნდა მოვუხმოთ, როდესაც თან გვდევს წარუმატებლობა… ღვთის განგებულება ვიწამოთ, როდესაც უიმედობის ტალღები “გვახრჩობენ”… ლოცვას უნდა მოვუხმოთ, როდესაც მტერს მოწყენილობისა და მარტოობის განცდის ალყაში სურს ჩვენი მოქცევა… სიყვარული მუდამ უნდა გავცეთ, და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირგვლივ ადამიანური ტკივილია გავრცელებული და სიბოროტე სხვადასხვა ფორმებით გვებრძვის. შესაძლებელია შენი პატივისცემა, გულწრფელობა, შენი ქრისტიანული მრწამსი უნებისყოფობაში ჩაგითვალონ, მაგრამ ყველანაირად ეცადე, რომ გულწრფელი დარჩე! შესაძლებელია ის, რაც შენ დიდი შრომის ფასად ააშენე, მტერმა ერთ ღამეში დაგინგრიოს, მაგრამ ყველანაირად ეცადე უშიშრად გააგრძელო შენება!

ღმერთი იქცა ადამიანად, რათა ადამიანი ღმერთად ქცეულიყო… იმისათვის, რომ გახდე ზეცის “მოსახლე”, ჯერ შენში უნდა დასახლდეს ზეცა! სიფრთხილეა საჭირო ჩვენს სულიერ ცხოვრებაში. ვამბობთ, რომ “ქრისტიანულად” ვცხოვრობთ, მაგრამ რეალურად, ყოველ დღეს “მიწიერად” ვატარებთ. ვამბობთ, რომ ეკლესიის შიგნით ვიმყოფებით, მაგრამ “ბილიკებს”, რომლებსაც ყოველდღიურად ვსერავთ, ეკლესიის გარეთ მივყავართ… 

ღვთის შემწეობით განიწმინდე გული და აუღებელ ციხედ აქციე! დიახ! მხურვალედ გევედრებით, სიმდაბლითა და სიყვარულით შეიარაღებულები ფხიზელი მცველებივით მტკიცედ იდექით თქვენი გულის ქრისტიანულ გალავანზე! …და ნუ შეშინდებით! ჩვენს გვერდით უფალი იესო ქრისტე დგას!

ვითხოვე უფლისაგან ძალა, რათა წარმატებისათვის მიმეღწია, მაგრამ …უძლურება მივიღე, მორჩილება რომ მესწავლა… კვლავ ვითხოვე ძალა, მაგრამ მან სირთულეები მომცა, რათა ისინი გადამელახა! ვთხოვე უფალს სიბრძნე, მაგრამ მან “პრობლემები” მომცა, რათა ისინი გადამეწყვიტა!… ვთხოვე უფალს ეკონომიკური კეთილდღეობა, მან კი შრომის უნარი მომცა! ვთხოვე უფალს გამბედაობა, მან კი საფრთხეები მომცა, რომ ისინი დამეძლია! ვთხოვე უფალს სიყვარული, მან კი მომცა რთული ადამიანები, რათა მათ დავხმარებოდი! ვთხოვე უფალს სიხარული, მან კი მომცა შანსი, რომ გამომეყენებინა! დიდი საქმეების საკეთებლად უფალს ჯანმრთელობა ვთხოვე, მაგრამ მან, საქმის უკეთ საკეთებლად, ინვალიდობა მომცა… ვთხოვე უფალს სიმდიდრე, რათა ბედნიერი ვყოფილიყავი… მან კი სიღარიბე მომცა, რომ დავბრძენებულიყავი… ვთხოვე უფალს ძალაუფლება იმისათვის, რომ ადამიანებს განვედიდებინე… მან კი უძლურება მომცა, რათა ღვთის საჭიროება შემეგრძნო… ვთხოვე უფალს ყველაფერი, რათა სიცოცხლეში გამეხარა… მან კი მომცა სიცოცხლე, რომ ყველაფრით გავიხარო! რაც კი ვითხოვე – არაფერი არ მომეცა… რაც მსურდა, ვერაფერი მივიღე… თუმცა მივიღე ყველაფერი, რაც ნამდვილად მჭირდებოდა! ჩემი ლოცვა შესმენილ იქნა… კურთხეულ არს სახელი უფლისა!… 

მხოლოდ ერთი უბრალო “გამარჯობაა” საკმარისი იმისათვის, რომ როგორც შენი, ასევე შენი მოყვასის დღე გაალამაზო. ერთი ღიმილიც კი საკმარისია, რომ მას შვება მიანიჭო! საკმარისია მოყვასს ხელი გაუწოდო, რომ მას ტკივილი შეუმსუბუქდეს! მისთვის ერთი ლოცვაც კი საკმარისია, გაჭირვების დროს რომ სიხარულის ფრთები შეესხას!

არასოდეს არ დაკარგოთ დრო! დრო “კარგავს” მას, ვინც დროს კარგავს! ცხოვრება მშვენიერია, მაგრამ ეს მშვენიერება კომფორტში და სიმდიდრეში კი არ არის, არამედ მხოლოდ – სიყვარულში. სიყვარული ყველაფერს “ალამაზებს“. ნამდვილი, ღვთისმიერი სიყვარული ყოველივეს გამოუთქმელ მშვენიერებას ანიჭებს… ჭეშმარიტი სიყვარული ცხოვრებას აზრსა და მიზანს აძლევს… 

კარგი ოჯახი – სათნოებათა წმიდათა წმიდაა… ქრისტიანული სახლი არის ადგილი, სადაც თითოეული ცხოვრობს ერთმანეთისთვის და ყველა ერთად – ღმერთისთვის…

თუკი გამუდმებით შევთხოვთ უფალს დახმარებას, მაშინ მოვიპოვებთ ძალას, რომ მოვიცილოთ უსარგებლო სიტყვა – “არ შემიძლია”, რომელიც სიცოცხლისა და ზნეობრივი ბრძოლის უარყოფაა… “არ შემიძლია” – არის სილაჩრე, გაქცევა, უარყოფა, უმოძრაობა, მონობა, ეშმაკობა!, ხოლო სიტყვა – “შემიძლია” – ღვთის შემწეობით – არის სიხარული, თავისუფლება, მოძრაობა, შემოქმედება, წინსვლა და სიცოცხლე!

თუ ადამიანი ტკივილით არ განიწმინდება, ღმერთთან ვერ მიაღწევს… თუ ვინმე არ ავა “გოლგოთაზე”, თუ “ჯვარს არ ეცმის”, თუ განსაცდელების “ბრძმედში” არ გამოიწრთობა, ვერ შეძლებს მამა-ღმერთთან მისვლას… სამოთხის კარი ტკივილით იღება! ზეციური კარიბჭეები – მიწაზე “ჯვარცმულებით” იღება!

უფალი ყველაზე ზრუნავს. ლოცვა და ვედრება არ იკარგება, ღმერთი ყველას უსმენს. და თუ ვხედავთ ჩვენს ვედრებაზე უარყოფით პასუხს, ეს უარიც – ღვთის უარია. ყოვლადბრძენი ღვთის პასუხი ჩვენს ლოცვებზე – სამგვარია: ჰო! არა! მოითმინე! მოთმინება არის ის, როდესაც: გტკივა, მაგრამ ტკივილი ვერ გერევა, გტკივა, მაგრამ არ წუწუნებ, გტკივა, მაგრამ იღიმი, გტკივა, მაგრამ გამართულად დგახარ, გტკივა, მაგრამ ღმერთს ადიდებ, გტკივა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვისთვის იხარჯები, გტკივა, მაგრამ უდრეკი რჩები, გტკივა, მაგრამ მადლიერი ხარ, გტკივა, მაგრამ ლოცულობ… სირთულეებიდან გამარჯვებული მხოლოდ ამგვარად გამოხვალ… გამარჯვებული – მოთმინებით! “ვისაც სურს აღდგომა – გოლგოთა უნდა გაიაროს…”

ვინც სიბრძნეს ეძებს, იგი უკვე – ბრძენია, მაგრამ იმ წამიდან, როდესაც ჩათვლის, რომ იპოვა – უმწიფრად გადაიქცევა… ბევრს შეუძლია საათობით ლაპარაკი, მაგრამ ცოტაა ისეთი, ვისაც საუბარი შეუძლია. “მრავლისმეტყველებით ცოტა ითქმება, ხოლო მცირე საუბრით – ბევრი…” შეიყვარე მდუმარება, რათა სინდისი მასწავლებლად გექცეს. კეთილად მოღვაწე სინდისი – საუკეთესო წიგნია ზნეობის შესახებ… შენ ბატონობ იმ სიტყვებზე, რომლებიც არ გითქვამს და ემონები – უკვე ნათქვამს! მხოლოდ მაშინ ისაუბრე, როდესაც ჩათვლი, რომ დუმილზე მეტის თქმა შეგიძლია…

ღარიბია არა ის, ვისაც ცოტა აქვს, არამედ ის, ვისაც ბევრი უნდა… ურწმუნო ადამიანი ჯანმრთელობას იმისათვის ხარჯავს, რომ დიდი ქონება დააგროვოს და შემდეგ ამ ქონებას ხარჯავს, რომ ჯანმრთელობა გაიუმჯობესოს… 

ცხოვრების მანძილზე ნებისმიერი განსაცდელის დროს შეეცადე გაექცე კითხვას – “რატომ?”… კითხვა “რატომ?” თავად არის განსაცდელი… ყურადღება მიაქციე შენს აზრებს, რადგან ისინი სიტყვებად იქცევიან. ყურადღება მიაქციე შენს სიტყვებს, რადგან ისინი საქმეებად იქცევიან. ყურადღება მიაქციე შენს საქმეებს, რადგან ისინი ჩვევებად იქცევიან. ყურადღება მიაქციე შენს ჩვევებს, რადგან ისინი შენს ხასიათად ჩამოყალიბდება. ყურადღება მიაქციე შენს ხასიათს, რადგან ის შენს “ბედად” იქცევა…

გონიერი და ჭკვიანი ადამიანი აზრს იცვლის, ეგოისტი და უჭკუო კი – არასოდეს. იზრუნე, რომ საკუთარი ნაკლი დასაჯო იმისათვის, რომ მისგან არ დაისაჯო… ყოველ დღე ეცადე იპოვო წუთები, როდესაც განმარტოვდები, იქნები მშვიდად და ილოცებ… ეს ძალზე დაგეხმარება ღვთისა და საკუთარი თავის პოვნაში… მართლაც უცნაურია, რამდენი უნდა ვისწავლოთ, რომ გავიგოთ, თუ რა ცოტა ვიცით… ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში შენს თავს ჰკითხე: როგორ მოიქცეოდა ქრისტე შენს ადგილას? როდესაც ვლაპარაკობთ – ვთესავთ, როდესაც ვუსმენთ – ვიმკით… რომლის კეთება სჯობს?  როდესაც იღებ, ხელები გევსება და როდესაც მოწყალბას გასცემ – გული…

ერთ დიდ ასკეტს ჰკითხეს: – მამაო, როგორ ცხონდება ადამიანი? მან თავი დახარა და უპასუხა: – სწორ გზაზე სიარულით… – და რომელია სწორი გზა? ასკეტი დაფიქრდა და ცოტა ხანში დაბეჯითებით თქვა: – აღმართი…!

გსურს დარჩე გამართული? – დაიჩოქე!  გსურს ახვიდე მაღლა? – დაიჩოქე! გსურს ღვთის ხილვა? – დაინახე შენი ცოდვები! ზოგი ამბობს: ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და იქ იპოვეთ სიმშვიდეო; სხვები ამბობენ: გამოდით საკუთარი თავიდან და სიამოვნებებში იპოვეთ ბედნიერებაო… ზოგადად ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია: ბედნიერება არც ჩვენს შიგნით და არც ჩვენს გარეთ არ იმყოფება… ბედნიერება ჩვენში და ჩვენს გარეთ მხოლოდ ღმერთთან ერთადაა… ვისაც ბევრი აქვს გადატანილი, მრავალი ენის მცოდნეს ჰგავს, შესწევს ძალა ბევრს გაუგოს და ასევე, ბევრს ესმოდეს მისი… ღმერთს ადამიანები ტკივილის სიღრმეებში დასახრჩობად კი არა, განსაბანად შეჰყავს… სულის სიმშვიდესა და თავისუფლებაზე დიდი სიკეთე არ არსებობს…

არ არსებობს დაკეტილი კარი, რომელსაც სიყვარული ვერ გააღებს… სიყვარულის თავშიც და ბოლოშიც – სამოთხეა… რადგანაც სიყვარული – ღმერთია… არ არსებობს ადამიანი, რომელიც ღმერთმა მიატოვა, არსებობენ მხოლოდ ადამიანები, რომლებმაც ღმერთი მიატოვეს… სულიერი ადამიანები წარმატებას ტკივილით აღწევენ, რადგან ტკივილი არის ძაფი, რომლისგანაც სიხარულის ქსოვილი იქსოვება.

ადამიანი – “ხატი” ღვთისა და მისი შემოქმედების მწვერვალი, რომელიც ცხონებისათვის იღვწის, ზეცაში იმ უჭკნობი გვირგვინით დაჯილდოვდება, რომელიც აქ, დედამიწაზე, განსაცდელებისა და მწუხარებების “ეკლებით” იქსოვება…

დაეხმარე… ურჩიე… განანათლე… აკეთე სიკეთე ყველგან და ყველასათვის.. არასოდეს დაგავიწყდეს უფლის სიტყვები: “… რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს?” (მარკოზი 8,36). და ასევე, თვალწინ გქონდეს მოციქულ პავლეს შეგონება ტიმოთეს მიმართ: “ეკრძალე თავსა შენსა”. 

დაგიფაროთ მაცხოვარმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა, შეგეწიოთ და განგანათლოთ, რათა აღასრულოთ თქვენი ცხოვრების ყოველი სათნო განზრახვა… ამინ!

Comments on: "სულიერი “თაიგული”" (3)

  1. ღმერთს ებარებოდე..
    ეს წერილი ერთხელ წასაკითხი არ არის.. მისი მრავალჯერ წაკითხვაც ცხოვრების წესია, არათუ ამ ყველაფრის აღსრულება…

  2. რომ მომენატრება კეთილი და ადამიანური საუბრები, შემოვდივარ და ვკითხულობ!!! გმადლობ, ნათია.

  3. maia mamageishvil said:

    მადლობა ამ წერილისთვის, მალამოდ ედება სულს. გაიხარეთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Tag Cloud

%d bloggers like this: