"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

ქადაგებები

ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან

“ჩვენი ამქვეყნიური ყოფა რაღაც დიადისა და მარადიულის კარიბჭეა. მიწიერი ცხოვრება რთული, წინააღმდეგობებით სავსე და მარავალფეროვანია. ამ მცირე დროში უნდა მოვასწროთ სამყაროს რეალური სახის დანახვა, მისი სწორად აღქმა და, რაც მთავარია, შევძლოთ საკუთარი თავის შეცნობა. ხედავდე შენს თავს და სამყაროს ერთმანეთისაგან განცალკევებულად კი არა, არამედ ერთმანეთში: შენს თავს – სამყაროში, და სამყაროს – შენში. აი, რას უნდა ვესწრაფოდეთ ჩვენ.”

“თუ კეთილი რამ განიზრახე, მაინც კარგად დაფიქრდი, მრავალი კუთხით განიხილე იგი და განსაზღვრე მისი შემდგომი განვითარებაც. დაიმახსოვრე, კეთილი ფიქრი ისაა, თუ განხორციელების შემთხვევაში სიხარულს მოუტანს არა მარტო მას, რომელ ადამიანშიც იგი იშვა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სხვებს – მის გარშემო მყოფთ.”

“რა მშვენიერია ქალი, რომელიც გამოირჩევა ღვთისმოშიშებით, სინაზით, სათნოებით, პატიოსნებით, შრომისმოყვარეობით, სიფაქიზით, მზრუნველობით, კეთილგონიერებით. ასეთი ადამიანი სიკეთეს უხვად გასცემს და გარშემომყოფებზეც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს.”

“თუ ბოროტებას ბოროტებით გადაუხდი, ბოროტება ორმაგი გახდება, იგი სხვაშიც და შენშიც გაძლიერდება. წამალი ბოროტებისა მხოლოდ ერთია – სამაგიეროს გადახდა სიყვარულითა და სიკეთით..”

‎”ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც არის მადლმოსილი. ადამიანის გული უნდა იყოს ტაძარი სულისა წმინდისა. თუ ეს არ არის, ბოროტება იკავებს მის ადგილს.”

“კაცთმოყვარე ღმერთი შენგან შრომას ითხოვს მცირედს და თვით მოგაგებს დიდებულს. შენგან ელის მიზეზს, რათა დაგაჯილდოვოს ცხონებით.”

“ზოგჯერ, ადამიანს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდ თანამდებობას ან დიდ სიმდიდრეს შეიძენს, თავი თაბორზე წარმოუდგენია და ყველას ზემოდან დაჰყურებს. სინამდვილეში კი, ამ დროს უფსკრულში დგას და ზემოდან, პირიქით, მას დაჰყურებენ. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი გოლგოთის აღმართს ვერ გაუძლებს და აუცილებლად დაეცემა.”

“ადამიანი როგორიც არის შინაგანად, ისე ფიქრობს სხვაზეც. თუ კეთილია და წმიდა, – მას ყველა წმიდანი ჰგონია. თუ ცოდვილია და ბოროტია – თავის თავს კი ვერ ხედავს და ხედავს მხოლოდ სხვის ნაკლს.”

“ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. იგი შეიძლება ზეცამდეც ამაღლდეს და შეიძლება ქვესკნელამდეც დაეცეს, მაგრამ ყველაზე ცოდვილმა კაცმაც უნდა იცოდეს, რომ ფეხზე წამოდგომა შესაძლებელია და ამიტომ გამოსწორების იმედი არ უნდა დაკარგოს, უფლის შეწევნით.”

“რა არის საჭირო, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა? უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენ წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ.”

“ხშირად ადამიანი აღსარების დროს გაორებულია. ერთი ხმა ეუბნება, რომ ყოველი შეცოდება გულწრფელად აღიაროს ღვთისა და მოძღვრის წინაშე და ცოდვის ტვირთისაგან განთავისუფლდეს, მეორე ხმა კი აჩერებს და ეუბნება: ნუ ეტყვი, სირცხვილია, რას იფიქრებს შენზე მოძღვარიო. პირველი ხმა კეთილ ანგელოზს ეკუთვნის, მეორე კი – ბოროტს. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ყოველ აღსარებაზე ისე უნდა მივდიოდეთ, თითქოს იგი ჩვენთვის უკანასკნელი იყოს. ვინც ასე იფიქრებს, რა თქმა უნდა, ცოდვებისაგან გათავისუფლებას მოინდომებს და ყველა ცოდვას გულწრფელად აღიარებს. ცენტრი ადამიანისა გულია. იქ ხდება ყველაფერი, ამიტომაც ევედრება უფალს დავით წინასწარმეტყველი: “გული წმიდაჲ დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა”. გულია მთავარი, რადგან როგორც წმიდა წერილი გვასწავლის, გულიდან გამოდიან ზრახვანი ბოროტნი და კეთილნი; გულის კულტურა უდიდესი საიდუმლოა და სწორედ ის შეძლებს იყოს მსგავსი ღვთისა, ვინც მის განწმენდას მოახერხებს.”

“თავისუფლება არ არის ყველაფრის უფლება, არამედ იგი მუდმივი თვითკონტროლი და, მისი საშუალებით, ცოდვის მონობიდან თავის დაღწევაა. მოციქული პავლე გვასწავლის, რომ მხოლოდ ღმერთში და ღმერთით შეგვიძლია ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვება “თავისუფლებისათვის ხართ, ძმანო, ხმობილნი, – გვარიგებს იგი, – მაგრამ ხორციელი განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას” (გალ. 5,13)”

“როგორც ღრუბლიან დღეს ადამიანი ვერ ხედავს მზეს და ამბობს, არანაირი მზე არ არსებობსო, ასეა ისიც, ვისი გული და სული დაფარულია ცოდვით. ასეთი ადამიანი ვერც ღმერთს ხედავს და ვერც მის სასწაულს.”

“არიან ადამიანები, ვის გულშიც მთელი სამყარო ეტევა: ცოდვილებიცა და მართლებიც. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა გულშიც საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ვერ ეტევიან. გავხსნათ ჩვენი გულები, დავიტიოთ ერთმანეთის სიყვარული. უნდა გვახსოვდეს, რომ რაც მეტად შევიყვარებთ, მით მეტად შეგვიყვარებს უფალი.”

“ნუ შეგვაშფოთებს და სასოწარკვეთილებაში ნუ ჩაგვაგდებს დღევანდელი ჩვენი მძიმე ყოფა, რადგან ხშირად განსაცდელი მშვიდობისა და კეთილდღეობის წინამორბედია. გავიხსენოთ, როგორ შეცვალა სიხარულმა მაცხოვრის ჯვარცმით გამოწვეული მწუხარება, დამცირება დიდების საწინდრად იქცა, სიკვდილმა უკვდავებას დაუთმო გზა.”

“უფალი ხედავს ჩვენს ყოველ ნაბიჯს, აზრის ყოველ მოძრაობას, იცის ჩვენი შესაძლებლობანი და თუ ძალიან გაგვიჭირდება, ჩვენს ჯვარს იტვირთებს და შეგვიმსუბუქებს სიმძიმეს მისას. ქრისტეს გზა ვიწროა და ეკლიანი, მაგრამ ერთადერთია და გადამრჩენელი. იგი ჯვარცმაა, მაგრამ აღდგომაც არის.”

“ადამიანის ცხოვრება გზას ჰგავს, რომელიც შეიძლება იყოს მოკლე, ან ხანგრძლივად სასიარულო, მაგრამ ორივე შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გზა არ იქნება იოლად სავალი და მხოლოდ სიხარულის მომნიჭებელი. არც იმას უნდა ვფიქრობდეთ, რომ იგი იქნება აუტანელად მძიმე და დამთრგუნველი. მიწიერი ჩვენი ყოფა სინამდვილეში გამოცდაა და ჩვენ ვალდებულნი ვართ ეს გამოცდა ჩავაბაროთ. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ვიცხოვრებთ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით.”

“საოცარია და საკვირველი საქმენი უფლისანი! ადამიანის გონება ან მისი გული ვერასდროს მისწვდება მას. იგი გამოვლინდება ყველგან: ადამიანის მოქმედებაში, აზროვნებაში, საერთოდ, ცოცხალ სამყაროში და მთელ კოსმოსში. ერთი დიდი მეცნიერი სწორად შენიშნავს: “მე არ მინახავს ღმერთი, მე ვნახე მხოლოდ კვალი უფლის ხელისა”. მართლაც, ამ კვალს ყველგან ვხედავთ, უპირველეს ყოვლისა კი, საკუთარ თავში და ჩვენსავე ცხოვრებაში. ვხედავთ, რომ უფალი მუდამ მფარველობს ადამიანს და განსაკუთრებით ისეთს, რომელიც ცდილობს, დაუახლოვდეს შემოქმედს.”

“ყველაფერი ღვთისგანაა.. ღმერთი არის სიყვარული; თითოეული ჩვენგანი კი ღვთის სიყვარულის, ღვთის წყალობის შედეგია, მაგრამ, ამავე დროს, ბევრი რამ დამოკიდებულია თვითონ ადამიანზე. იციან თქმა, რომ ამა თუ იმ პიროვნებას ბედი აქვს ან ცუდი ბედი აქვსო, ეს არ არის სწორი; ბედს ბევრად განსაზღვრავს თვითონ ადამიანი. უფალი ხედავს არა მარტო იმას, თუ როგორ იქცევა იგი, არამედ ხედავს იმასაც, როგორ მოიქცევა იგი მომავალში და როგორ დაამთავრებს თავის ცხოვრებას. უფლისათვის წარსული და მომავალი – ყველაფერი აწმყოა. გახსოვთ, ბიბლიაში უფალი წინასწარმეტყველს ეუბნება,– შენ ჯერ ჩასახული არ იყავი დედის მუცელში, როცა მე გიცნობდიო. ე.ი. უფალი ისევე ხედავს მომავალს, როგორც აწმყოს. როცა ადამიანი სიკეთეს აკეთებს, უნდა გვახსოვდეს, რომ სიკეთის მადლი ღვთისგან არის მონიჭებული, და იგი ეფინება არა მარტო იმ ადამიანს, არამედ მის ოჯახს, მის შვილებს, შვილთაშვილებს; ასევეა ბოროტებაც – როცა ადამიანი ბოროტებას აკეთებს, ეს ბოროტებაც ამქვეყნად არა მარტო მასზე გადადის, არამედ მის შვილებზეც. და ასე იქმნება ადამიანის ბედი”.

“ცოდვა დღეს არ წარმოშობილა, იგი უძველესი დროიდან არსებობდა და არსებობს, მაგრამ ადრე ცოდვას ცოდვა ერქვა და იგი სირცხვილად მიიჩნეოდა; დღეს კი სიტუაცია იცვლება და იქითკენ მიდის, რომ ცოდვის ლეგალიზება მოხდეს.

განა შეიძლება ნარკომანობა იყოს ჩვეულებრივი მდგომარეობა და ნარკომანი საზოგადოების სრულფასოვან წევრად მიიჩნეოდეს? განა შეიძლება სოდომ-გომორის ცოდვა ბუნებრივ მოთხოვნილებად შევრაცხოთ და ეს გადახრა ჩვეულებრივ მოვლენად წარმოვაჩინოთ? მაშინ რატომღა ვსჯით მკვლელებსა და ქურდებს, სხვა ბოროტმოქმედთ, მათაც ხომ მიდრეკილებები აქვთ ამ დანაშაულობების მიმართ?

ასეთი ლიბერალური მიდგომის პროპაგანდა არ შეიძლება; ამას მხოლოდ ურწმუნონი თუ გააკეთებენ და ისინი, ვისაც, როგორც ამბობს პავლე მოციქული, სინდისი დამწვარი აქვთ. მართალია, მათი რიცხვი საქართველოში ჯერ დიდი არ არის, მაგრამ ეკლესიის ვალია გააფრთხილოს ისინი და აუხსნას, რომ იმქვეყნად თავიანთ თავს საშინელ ხვედრს უმზადებენ, თუმცა არც ამქვეყნად დარჩებიან დაუსჯელნი.

დამკვიდრდა ე.წ. “თავისუფლება”, ანუ პრინციპი – “ყველაფერი ნებადართულია”. ფილოსოფოსი ნიკოლოზ ბერდიაევი წერს: “ადამიანმა შეიყვარა ცრუ თავისუფლება. ამგვარ თავისუფლებას ის უჩვეულო დაჟინებით ესწრაფვის და მის გარეშე უკვე აღარაფერი სურს”.

“რაც შეეხება მტერთან მიმართებაში ჩვენს დამოკიდებულებას, აქ განვითარების ოთხი საფეხური არსებობს:

პირველი – შეურაცხმყოფელს შენც სათანადო პასუხს სცემ (რაც ძველაღთქმისეული ანგარიშსწორებაა, – “კბილი კბილისა წილ” და ახალი აღთქმისთვის მიუღებელია);

მეორე – მოყენებული გულისტკივილისათვის სამაგიეროს არ მიაგებ, მაგრამ შინაგანად მრისხანებ;

მესამე – დამცირებას უდრტვინველად იტან;

მეოთხე – შენს მიმართ ჩადენილ უსამართლობას აღიქვამ, როგორც შენს სხვა ცოდვათა გამოსასყიდს, მადლიერი ხარ უფლისა და შინაგანად ხარობ.

დაფიქრდი რომელ საფეხურზე დგახარ და მიხვდები როგორი ქრისტიანი ხარ. “შეიყვარე მტერი შენი” – გვასწავლის მაცხოვარი. ხოლო ვისთვისაც ეს სიტყვები გაუგებარი და მიუღებელია, მათ პავლე მოციქული ასე არიგებს: “ილოცე შენი მტრებისთვის და ნუ სწყევლი მათ”. ამით თქვენ მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებთ მის თავზე. ღმერთი სამართლიანია და ყველას დამსახურებისამებრ მიაგებს. ჩვენი შეურაცხმყოფელიც (და საერთოდ ნებისმიერი ბოროტმოქმედი) დაუსჯელი არ დარჩება, ოღონდ ამას ჩვენს ნაცვლად უფალი გააკეთებს; “ჩემია შურისგება” – ბრძანებს იგი.”

“შესანიშნავი სიტყვები ეკუთვნის ჰაინრიხ ჰაინეს იმის თაობაზე, რომ ქვეყანა შუაზე გაიყო და ბზარმა მის გულზე გაიარა. მართლაც, ეს გაყოფა განსაკუთრებით ადამიანის გულზე იგრძნობა. თუ შენ ამ ბზარს არ გრძნობ და ჭრილობის განკურნებას არ ცდილობ, არ იღწვი იმისათვის, რომ ბოროტს კეთილმა სძლიოს, მაშასადამე, უფლის მარჯვნივ ვერ დადგები.”

რომელ ჩვენგანს შეუძლია, გულწრფელად თქვას და არა ფარისევლურად – ”ცოდვილთა შორის პირველი მე ვარო”, მაგრამ ამის თქმა შეეძლო პავლე მოციქულს.”

მე უნდა ვიყო მდიდარი”, ”მე უნდა ვიყო დაფასებული”, ”მე ვარ ნიჭიერი”, ”მე მინდა”, ”მე შემიძლია”, ”მე გაძლევთ გარანტიას”… ამ წესით მცხოვრებ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ჩვენი დამსახურება სულაც არ არის თუნდაც ის, რომ ვსუნთქავთ, დავდივართ, ვხედავთ, ვგრძნობთ, ვაზროვნებთ.”

საოცარია, რომ უმეტესად სხვებს ვაკვირდებით, ვცდილობთ, დავინახოთ მათში ცოდვა და გვიჩნდება სურვილი, რომ იგი გამოსწორდეს. ეს დიდი შეცდომაა, რადგან, უპირველეს ყოვლისა, გამოსწორება ჩვენი თავით უნდა დავიწყოთ.”

„უფლისათვის არ არსებობს არც წარსული, არც მომავალი – ყველაფერი დღევანდელი დღეა, ყველაფერი აწმყოა. კაცთათვის კი დრო ცვალებადია. ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: „ტემპორე მუტანტურ ეტნოს მუტამურ ინ იმის“ – დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთადო.

ბოლო წლებში ადამიანმა შეიძინა ბევრი ცოდნა. ხაზს ვუსვამ – ბევრი ცოდნა და არა ღრმა ცოდნა; და მასთან ერთად, შედარებით, ზერელე აზროვნება. იგი ზედაპირულად აფასებს ყველაფერს. ეს შედეგია მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარებისა. ისე გამოდის, რომ მეცნიერება და ტექნიკა წინ მიდის და მას ადამიანი ვერ ეწევა. უკვე არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სულიერად და ზნეობრივად ადამიანი ჩამორჩა მეცნიერების განვითარებას. სამწუხაროდ, არამარტო ჩამორჩა, უარესი მოხდა – სულ უფრო უკან და უკან წავიდა.“

დიდი ფიზიოლოგი პავლოვი ამბობდა, რომ ადამიანს აქვს ორი გონება: მცირე და დიდი. მცირე გონება – არის ჩვენი აზროვნება, ხოლო დიდი გონება – ეს არის გული. მაგრამ არ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს მხოლოდ ერთით. აუცილებლად ორივე უნდა აკონტროლებდეს ერთმანეთს: გონება – გულსა და გული – გონებას. თუმცა გული მაინც პირველია და უმთავარესი.

ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ უფალმა გაგვინათოს ორივე გონება: მცირეც და დიდიც, რომ სწორად შეფასების უნარი გვქონდეს.”

„ჩინური ფილოსოფიიდანაა სიტყვები: „ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა! ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა!“ ცხოვრება შედგება ამაღლებისა და დაცემისაგან. მაგრამ რომ დაეცემი, არ უნდა დარჩე ამ მდგომარეობაში. ისევ უნდა ადგე და სთხოვო უფალს შენდობა და ძალა და კვლავ გააგრძელო ცხოვრების გზა. ისიც ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანს ჰგონია, რომ ძალიან მძიმეა მისი ჯვარი. უფალმა იცის, ვის რომელი ჯვარი მისცეს: ზოგს დიდ ჯვარს აძლევს, ზოგს – მცირეს; ზოგს აძლევს ერის ჯვარს (ერის სიმძიმეს), ზოგს – ოჯახის ჯვარს, ზოგს – ბერობის ჯვარს და ა. შ. და როცა უჭირს ადამიანს ჯვრის ტარება, ამ დროს უფალი თვითონ ეხმარება, იქვე არის უფალი და შეეწევა ამ ჯვრის ბოლომდე მიტანაში. მთავარია, მუდამ გვქონდეს სამი უმთავრესი სათნოება: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. იმედით უნდა ცხოვრობდეს ადამიანი და აი, ამ იმედით უნდა იტვირთოს თავისი ჯვარიც და სხვათაც, შესაძლებლობისამებრ, დაეხმაროს კეთილი საქმეებით.

კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით. თუ შენ სიკეთეს იმისათვის აკეთებ, რომ სხვამ დაგინახოს და დაგაფასოს – ეს სიკეთე არაფერს ნიშნავს და იგი საერთოდ სიკეთეც აღარ არის. თქვენ იტყვით, ახლა ყველას გვიჭირს და როგორ დავეხმაროთ სხვასო. დავეხმაროთ ტკბილი სიტყვით, ერთი ჭიქა წყლით, სიყვარულით, იმედით.

როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება.“

„საოცარია და საკვირველი საქმენი უფლისანი! ადამიანის გონება ან მისი გული ვერასდროს მისწვდება მას. იგი გამოვლინდება ყველგან: ადამიანის მოქმედებაში, აზროვნებაში, საერთოდ, ცოცხალ სამყაროში და მთელ კოსმოსში.

ერთი დიდი მეცნიერი სწორად შენიშნავს: „მე არ მინახავს ღმერთი, მე ვნახე მხოლოდ კვალი უფლის ხელისა“. მართლაც, ამ კვალს ყველგან ვხედავთ, უპირველეს ყოვლისა კი, საკუთარ თავში და ჩვენსავე ცხოვრებაში. ვხედავთ, რომ უფალი მუდამ მფარველობს ადამიანს და განსაკუთრებით ისეთს, რომელიც ცდილობს, დაუახლოვდეს შემოქმედს.“

„თითოეულ ჩვენთაგანს მრავალი განსაცდელი აქვს დასაძლევი და შეუძლებელია, იგი პრობლემების გარეშე განვვლოთ. ერთი მეცნიერი ამბობს: ქვეყანა შუაზე გაიპო და ბზარმა ჩემს გულზე გაიარაო. თითოეული ჩვენთაგანის გული უნდა გამთლიანდეს და მასში სიკეთემ უნდა სძლიოს ბოროტებას. ცოდვა ოდითგანვე არსებობდა, ჯერ კაენისა და აბელის დროიდან, მაგრამ მაშინ ცოდვას ცოდვა ერქვა. მას გრძნობდა და ხედავდა ყოველი ადამიანი და ცდილობდნენ მისგან განთავისუფლებას.

ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს თავისი გზა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ისეთ გზას ირჩევს, რომელიც დამღუპველია მისთვის და მარტოოდენ მიწიერი ზრუნვითა და ინტერესებით შემოიფარგლება. ასეთი ადამიანი ჩაკეტილია თავის ეგოიზმში.“

“შესანიშნავი ლექსი აქვს ერთ-ერთ იაპონელ პოეტს: „მოვიდა გაზაფხული და აყვავდა ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლი და ვეღარ ვარჩევ, სად არის თოვლი და სად არის ალუბლის ყვავილი“. ეს ადამიანებზეა ნათქვამი, იმაზე, რომ გვიჭირს გარჩევა – სად არის კეთილი და სად – ბოროტი.

მაგრამ უფალი ყველაფერს ხედავს! უფალი ხედავს გულსა კაცისასა. ბიბლიაში წერია, ერთ წინასწარმეტყველს უფალი ეუბნება: შენ ჯერ ჩასახულიც არ იყავი დედის მუცელში, როცა მე უკვე გიცნობდიო. წარმოიდგინეთ, როგორი საოცრებაა! და ასე უფალი ყველას გვიცნობს. ადამიანი ხედავს სახესა კაცისასა და ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა. ამიტომაა, რომ დავით წინასწარმეტყველს ძალიან ხშირად აქვს ნახსენები გული, გულის კულტურა: „გული წმიდა დაჰბადა ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“.

“ადამიანი შესაქმის ყველაზე დიდი და გამოუცნობი საიდუმლოა. თითოეული პიროვნების სულიერ სამყაროში ორი მიმართლება უპირისპირდება ერთმანეთს; მასშია მსგავსება ღვთისა და ცოდვით დაცემული ბუნება კაცისა, მასშია სიმაღლე და სიმდაბლე, თავისუფლება და მონობა, ძალა დიდი სიყვარულისა, თავდადებისა და ასევე მდაბალი გრძნობა უნაპირო ეგოიზმისა და დიდი სისასტიკისა; მასშია აღდგომისა და ამაღლების უნარი და დაცემისა და ყოველივეს განადგურების შესაძლებლობა. არჩევანის უფლება ღმერთმა ჩვენ მოგვანიჭა. ჩვენზეა დამოკიდებული, რომელ გზას გავყვებით.”

“ურწმუნონი უარყოფენ სასწაულს, რადგან ნებისმიერ სასწაულში არის ის, რასაც ლოგოკითა და მიწიერი კანონებით ვერ ახსნი.

მორწმუნეთათვის კი ცხოვრება ღვთისა და სამყაროში მისი სასწაულების აღიარების გარეშე, წარმოუდგენელია. მშვენივრად თქვა გოეთემ: „როგორც არ უნდა მოინდომოს ადამიანმა, ბუნება და მასში მიმდინარე პროცესები გონებაზე უნაშთოდ არ იყოფა. ანუ ყველგან და ყველაფერში რჩება ადგილი, ირაციონალურისთვის, რწმენისთვის.“

“ყოველი განსაცდელი ან გაჭირვება ღრმა აზრს შეიცავს და თავისებურ ხიბლს ატარებს. ტკივილის შემდეგ აუცილებლად მოდის შვება, მოულოდნელი სიხარული და – პირიქით, რაც აწონასწორებს ჩვენს ცხოვრებას.

ამიტომაც ამბობენ არაბები: “გამუდმებული მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიანო”, და მართლაც, ადამიანები, რომელნიც მწუხარების გარეშე განვლენ წუთისოფელს, ხშირად უდაბნოს ემსგავსებიან. მუდმივი წარმატებისა და წინსვლის საფრთხე კი იმაში მდგომარეობა, რომ იგი პიროვნებაში ამპარტავნებას, დამოუკიდებლობის გრძნობას აძლიერებს და აღვივებს ცრუ აზრს, თითქოს ღვთის დახმარების გარეშე გვქონდეს უნარი ვიყოთ განმგებელნი ჩვენი ყოფისა. მხოლოდ განსაცდელის ჟამს ვაცნობიერებთ ხოლმე, რამდენად უსუსურნი და უმწეონი ვართ და როგორ აუცილებლად გვჭირდება შეწევნა ღვთისა.”

“ჩვენ სიკვდილისა და გაქრობისათვის ნამდვილად არ ვართ დაბადებულნი. თითოეული ჩვენგანის მიზანი მარადიული სიცოცხლის მოპოვებაა, უფალთან მიახლებაა, რადგან სიცოცხლეა ღმერთში და საუკუნო ნეტარებაში. ამქვეყნიური ცხოვრება კი გამოცდაა ჩვენი სულისა.”

“როდესაც მორწმუნე ადამიანი რეალურად შეხედავს, თავის გარემომცველ სამყაროს, მიდის დასკვნამდე, რომ მიწიერი ჩვენი ცხოვრება–ეს არის მხოლოდ მომზადება მარადიული და უკვდავი ცხოვრებისათვის.”

“იმის საშიშროება აშკარაა, რომ ჩვენი მთავარი ყურადღება მიპყრობილია ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური ეფექტების მიღწევაზე, ურთიერთობის ზნეობრივი მხარე კი სრულიად დავიწყებულია. უფრო მეტიც, ლამის იძულებით ხდება ზნეობრიობის გადაგვარება, ეს კი სულიერი და ფიზიკური განადგურების რეალურ საფრთხეს ქმნის. ღმერთი ნამდვილად არ გვაპატიებს თავაშვებული ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ეს ყველამ უნდა გაითავისოს.

 სამწუხაროა, რომ ტელევიზია და მასობრივი იმფორმაციის საშუალებანი ყოველგვარი მორიდების გარეშე აჩვევენ საზოგადოებას სულიერი დაცემის გამაოგნებელ სცენებს, ძალადობასა და ათასგვარ მკვლელობებს და ამით ანგრევენ ჩვენში ღვთის მიერ დადგენილ ზღუდეებს.

არ უარვყობთ იმ ფაქტს, რომ ზნეობრივი სიმახინჯეები ყოველთვის იყო, მაგრამ ადრე ამ თემებზე საუბრისაც კი რცხვენოდათ; ადამინაები აცნობიერებდნენ, რომ ეს არის ცოდვა, და მრავალი მათგანი ჩადენილ დანაშაულს ინანიებდა. ახლა ყოველივე ეს დაშვებულია და ლამის პროგრესულ მოვლენადაც არის მიჩნეული.“

„რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცრუმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა… საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული.

მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწაფვის ღვთისაკენ და მიისწაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს.“

„რწმენა ღვთის არსებობის დაჯერებას კი არ ნიშნავს მხოლოდ, იგი უპირველესად გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში, სასოებას, იმედს მისი წყალობისას.

ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს.“

Comments on: "ქადაგებები" (3)

  1. საოცრებაა…

  2. ულამაზესი საიტია სულში ჩამწვდომი… აღფრთოვანებული ვარ. ასე მგონია, აქამდე ამაზე საოცარი საიტი და სიმშვიდე არსად მინახავს… აქ ადამიანი ბევრ რაიმეს ისწავლის, დარწმუნებული ვარ…

  3. მომწონს ეს საიტი..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: