კვირა დღე საუფლოა… უფლისაა, მაგრამ, ისევ და ისევ ჩვენთვისაა, რომ მივიდეთ ტაძრად და უფალს ვმადლობდეთ… მივიდეთ უფლის სახლში, რადგან უფალს თავისი შვილების ტაძარში ყოფნა ახარებს ყველაზე მეტად …
ღვთაების მონასტრის მოლოცვის შემდეგ ჩვენი გზა შავნაბადას მონასტრისკენ გაგრძელდა…
შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი თბილისიდან 30 კმ-ში მდებარეობს. იგი დაარსდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან 1992 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. მონასტრის სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ლეგენდა: 1795 წელს, მას შემდეგ რაც აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი აიღო, სპარსელებმა ქალაქის ძარცვა-რბევა დაიწყეს. სპარსელთა მოთარეშე არმია ბანაკში გვიან ღამით ბრუნდებოდა. ბანაკი მტკვრის მიმართულებით მარცხენა მხარეს, სოღანლუღის მიდამოებში, მაღლა მთაზე მდებარეობდა. ლეგენდის მიხედვით, ნაძარცვით დაბრუნებულ ჯარს ყოველ ღამეს უჩვეულო განსაცდელი ატყდებოდა თავს: შუაღამისას მოსასვენებლად დაბინევებულ სპარსელთა ბანაკში ყიჟინით შემოიჭრებოდა შავნაბდიანი ცხენოსანი მხედარი, ბანაკს აყრიდა,
მრავალს დახოცავდა, შიშით შეძრწუნებულებს მოულოდნელად დატოვებდა და გაუჩინარდებოდა. ასე მეორდებოდა თითმის ყოველ დღე. სპარსელებმა გადაწყვიტეს, ჩასაფრებოდნენ ღამის მხედარს და გასწორებოდნენ, მაგრამ შავნაბდიანი მხედრის შეპყრობა ან მოკვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. შეშინებულმა აღა-მაჰმად-ხანმა ჯარის სასწრაფოდ აყრა და საქართველოს დატოვება განიზრახა. საქართველოდან წასვლისას კი პირობა დადო, მომავალ წელს კვლავ შემოვესევი და ქვას ქვაზე არ დავტოვებო. ქართველებმა იმ მთას, სადაც შავნაბდიანი მხედარი მტერს მიეჭრებოდა და არბევდა, შავნაბადის მთა უწოდა, ხოლო
მთის წვერზე, ქართველთა შემწის, ზეციური მხედრის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააგო. ზეციური მინიშნებით ეს მხედარი სწორედ დიდმოწამე გიორგი იყო. ერთი წლის შემდეგ აღა-მაჰმად-ხანმა მართლაც განიზრახა საქართველოს დასაპყრობად წამოსვლა, მაგრამ სალაშქროდ წამოსვლის წინა საღამოს საგულდაგულოდ დაცულ კარავში, სპარსეთის მბრძანებელი, ყველასათვის გასაოცრად, მახვილით განგმირული იპოვეს.
რწმენა, იმედი, სინანული, მიტევება, უფალთან საუბარი, ლოცვა, – ეს ყველაფერი იმ გზის დასაწყისია, რომელსაც ტაძრამდე მივყავართ… როცა ადამიანი დაფიქრდება იმაზე, რომ უფალმა მას ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლის უფლება უბოძა, მიხვდება, რომ ამ ხანმოკლე საჩუქარს დაფასება უნდა… ვაკეთოდ სიკეთე, გვიყვარდეს მოყვასი, გვეცოდებოდეს დავრდომილი, გაჭირვებულს არ ჩავუაროთ გულგრილად… თუ ასე იქცევი, უნდა მადლობდე უფალს, რომ ძალა მოგცა ყოველივე ამისათვის და ყოველ საღამოს უნდა შესთხოვო ხვალაც გაგითენოს კიდევ ერთი ახალი დღე, რომ ისევ სიკეთე აკეთო…
,,უფალო ღმერთო, შენ გევედრები, გვაცოცხლე სულის გადარჩენამდე, სანამდე კიდევ გვქენჯნის სინდისი და გზა სავალი მოჩანს შენამდე…”
Comments on: "შავნაბადა" (1)
მაგარია, ნათია … წარმატებები!