– რომელი იყო ის მცნება, რომელიც ადამიანს უფლისაგან პირველი მიეცა?
– პირველი მცნება, რომელიც ადამიანს უფლისაგან მიეცა, მარხვის შესახებ მცნება იყო.
წმ. იოანე ოქროპირი
– რას აღნიშნავს წმინდა ტრაპეზი?
– წმინდა ტრაპეზი აღნიშნავს საფლავის ადგილს, სადაც დაასვენეს ქრისტე; მასში დევს ჭეშმარიტი და ზეციური პური, საიდუმლო და უსისხლო მსხვერპლი, რომელიც ცხოვლად შეიწირება. უფლის ხორცი და სისხლი საუკუნო ცხოვრების საჭმელად და სასმელად მიენიჭებათ მორწმუნეებს. ტრაპეზი ტახტია ღვთისა, რომელზეც ზეციერმა და ქერუბიმებზე ამხედრებულმა ღმერთმა განისვენა. ამავე ტრაპეზზე, საიდუმლო სერობის ჟამს, მოციქულთა შორის ინახ–იდგა უფალმა, რომელმაც აიღო პური და ღვინო და ეს უთხრა მის მოწაფეებს და მოციქულებს: “მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი… სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა’ (მათ. 26, 26–28). წმიდა ტრაპეზი მონაცვლეა იმ ტრაპეზისა, რომელიც ქრისტეს ჰქონდა მოწაფეებთან.
წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელი
– შეიძლება თუ არა ყოველ კვირადღეს ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს?
– შეხედე… ყოველ წირვაზე მოგვიხმობს მღვდელი: “შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით!” მაშასადამე, ყოველ წირვაზე შეგვიძლია “მოვიდეთ”, მით უმეტეს, შეგვიძლია “მოვიდეთ” ხშირად. ჩვენში კი ზოგიერთმა ისიც თქვა, ხშირი ზიარება ცოდვააო, იმასაც ამბობენ, ექვსკვირიან შუალედზე ადრე ზიარება არ შეიძლებაო. იქნებ ამ საკითხში სხვა შეცდომებიც იყოს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ ამ მითქმა–მოთქმას და ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე ეზიარეთ, საკუთარი მოთხოვნილებისდა მიხედვით. მხოლოდ ეცადეთ, ყოველმხრივ მოემზადოთ როგორც წესი და რიგია და შიშით და ძრწოლით მიეახლოთ, რწმენით, შემუსვრილი გულითა და სინანულის განცდით.
წმ. თეოფანე დაყუდებული
– რა მიზეზების გამო ვარდება ადამიანი ხიბლში?
– ადამიანი ხიბლში ორი მიზეზით ვარდება – გამოუცდელობის ან სიამაყის გამო. თუკი ხიბლის მდგომარეობა გამოუცდელობითაა გამოწვეული, უფალი მალე განკურნავს ასეთ ადამიანს. სიამაყის მიზეზით წარმოშობილი ხიბლის შემთხვევაში კი დიდხანს დაიტანჯება სული, ვიდრემდის არ ისწავლის სიმდაბლეს და აი, მაშინ განკურნავს მას უფალი.
წმ. სილუან ათონელი
– რის მიხედვით ეძლევა ადამიანს თავისი ამქვეყნიური ჯვარი?
– რაც უნდა მძიმე იყოს კაცისთვის ის ჯვარი, რომელსაც ცხოვრების მანძილზე ატარებს, ხე, რომლისგანაც ის შეიქმნა, მაინც მისი გულის ნიადაგზეა აღმოცენებული.
წმ. ამბროსი ოპტინელი
– რატომ ვცემთ ლოცვისას ღმერთს თაყვანს აღმოსავლეთისკენ პირმიქცეულნი?
1. რადგანაც ღმერთი არის სულიერი ნათელი და ქრისტე წერილში იწოდება “მზედ სიმართლისა” (მალ. 4,2) და აღმოსავლეთად (ზაქ. 3.8) ამიტომ ჯერ არს თაყვანისცემისათვის მას აღმოსავლეთი მივუძღვნათ ხოლმე.
2. საღმრთო წერილი ამბობს: “და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავლეთით, და დადვა მუნ კაცი იგი, რომელი შექმნა” (დაბ.2,8). მაშასადამე, ვეძიებთ რა ჩვენს ოდინდელ მამულს და სამკვიდრებელს (სამოთხეს) და მივმართავთ რა მზერას მისკენ (აღმოსავლეთისაკენ), ჩვენ ამით თაყვანს ვსცემთ ღმერთს.
3. და ზეცად ამაღლებისასაც ხომ სწორედ აღმოსავლეთისაკენ აღმაღლდებოდა ღმერთი და მოციქულნიც ხომ სწორედ ასე, აღმოსავლეთისაკენ პირმიქცეულნი სცემდნენ მას თაყვანს და იგიც ხომ “ეგრეთვე მოვიდეს”, როგორც მოციქულებმა იხილეს აღმავალი ზეცად. (საქმე. 1.11).
წმ. იოანე დამასკელი
– რატომ განვიკითხავთ მოყვასს?
– იმიტომ, რომ არ ვცდილობთ საკუთარი თავის შეცნობას. ხოლო მას, ვინც მოშურნეა დაინახოს თავისი ნაკლოვანებები, სხვათა ცოდვების შესამჩნევად აღარ სცალია. საკუთარი თავი განიკითხე და ამით სხვების განკითხვას გადაეჩვევი. განიკითხე მხოლოდ უკეთური საქმე და არა მისი ჩამდენი. საკუთარი თავი ყველაზე ცოდვილად ჩათვალე და მაშინ მოყვასს ყოველ ცოდვას მიუტევებ. სინანულის კარი ყველასათვის ღიაა და უცნობია, ვინ უფრო მალე შევა მასში – შენ, განმკითხველი, თუ ის, ვისაც შენ განიკითხავ.
წმ. სერაფიმე საროველი
– რისი სიმბოლოა სეფისკვერი?
– “შესაწირავი”, რომელსაც ეწოდება აგრეთვე “სეფისკვერი”, “ევლოგია” ანდა “პირველნაყოფი” და რომლისგანაც სრულდება საუფლო ხორცის კვეთა, სიმბოლოა ღვთისმშობლის, რომელმაც მამისეული სათნოყოფით, ძისა და სიტყვის ნებით და სულიწმიდის მოსვლით მუცლადიღო ძე და სიტყვა ღვთისა, წმიდა სამებისაგან ერთი და შვა იგი როგორც სრული კაცი და სრული ღმერთი. საუფლო პური მთლიანი სეფისკვერისაგან ანუ ევლოგიისაგან, როგორც ქალწულებრივი სხეულის ხორცისაგან, დიაკონის მიერ რკინის იარაღით ანუ “ლახვრით” აღმოიკვეთება და სეფისკვერისაგან თვითგვამოვნად განცალკვედება. ამის მოქმედი დიაკონი პურთან ერთად გაამზადებს საუფლო სისხლსაც, რომელსაც სრულყოფა უნდა მიეცეს. როდესაც ვნების შესატყვისი დრო დადგება, სულიწმიდის გარდამოსვლის ჟამს, ლოცვას აღავლენს მღვდელი, დიაკონი კი საუფლო ძღვენს წინადააგებს და ემსგავსება იმ ანგელოზს, რომელმაც აკურთხა ღვთისმშობელი და “გიხაროდენი” წართქვა მის მიმართ.
წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელი
– რა მნიშვნელობა აქვს ტაძარში ლოცვის მოსასმენად დროულად მისვლას და დასრულებამდე იქ დგომას?
– ერთმა წმიდა ბერმა და წინასწარმეტყველმა მიამბო: როდესაც ძმები ლოცვად შეიკრიბებოდნენ, ვხედავდი მშვენიერი აღნაგობის, სამღვდელო სამოსით მოსილ კაცს. იგი საკურთხევლიდან გამოდიოდა, ხელთ ევლოგია (მცირე ჭურჭელი მირონით) ეპყრა, დააწებდა მას პატრუკს, მიმოივლიდა ძმებს და ჯვრის სახედ სცხებდა თითოეულ მათგანს. ისიც შევნიშნე, რომ ეს კაცი ზოგიერთ ისეთ ადგილზე გამოსახავდა ჯვარს, სადაც არავინ იდგა, ზოგან კი – არა. ლოცვის დასასრულსაც გამოვიდა იგი საკურთხევლიდან და იგივე გაიმეორა. ერთ დღეს შეიპყრა იგი ერთმა ბერმა, ფერხთ ჩაუვარდა და თავისი ვინაობისა და საქციელის მნიშვნელობის გამხელას ევედრა. მან კი მიუგო: “მე ღვთის ანგელოზი ვარ. ნაბრძანები მაქვს მათი გულმოდგინებისათვის მირონი ვცხო ყველას, ვინც ლოცვის დაწყებიდან გასრულებამდე ტაძარში დგას. ზოგიერითი ძმა მოსწრაფეა დაესწროს ლოცვას, მაგრამ ხორციელი უძლურებით შეიწრებული ამას ვერ ახერხებს. მათაც მიეცემათ ევლოგია, ასევე იმათ, რომლებიც სხვადასხვა მორჩილებას აღასრულებენ და ამის გამო ლოცვას ვერ ესწრებიან. ევლოგიას მხოლოდ ისინი ვერ მიიღებენ, რომელთაც შეეძლოთ ლოცვაზე მოსვლა, მაგრამ სიზარმაცის გამო არ მოდიან. ისინი თავად ხდიან საკუთარ თავს ევლოგიის უღირსად”. ისწრაფეთ, ძმებო, რათა არ დაგიკავოთ წმიდა ანგელოზმა თავისი ბეჭედი.
აბა დოროთე
– რას აღნიშნავს საკმეველი?
– საკმეველი აღნიშნავს იმ ნელსაცხებლებს, რომელბიც უფლის დასასაფლავებლად იყო მიტანილი.
წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელი
– რატომ არის დაწესებული მარხვა ოთხშაბათსა და პარასკევს?
– ამ დღეებში მარხვა, გადმოცემისამებრ, კანონიერად არის დაწესებული ჩვენთვის: ოთხშაბათს – ურიების მიერ უფლის შესაპყრობად მოწყობილი შეკრების გამო; პარასკევს – მისი საცხოვნებელი ვნების გამო.
წმ. ტიმოთე ალექსანდრიელი
– ვინ დაგვიწესა იესოს ლოცვა?
– არ გეგონოთ, თითქოს იესოს ლოცვა კაცის გამოგონილი იყოს, იგი ღმერთის დაწესებულია. იესოს უწმინდესი ლოცვა დაგვიწერა და გვამცნო თვით უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ. საიდუმლო სერობის შემდეგ, რომელზეც შესრულდა უდიდესი ქრისტიანული საიდუმლო – წმ. ევქარისტია. უფალმა თავის მოწაფეებთან გამოსათხოვარ საუბრებში. საშინელი წამებისა და ჯვარცმის წინ, წარწყმედილი კაცობრიობის გამოსასყიდად მსხვერპლად შეწირვის წინ გადმოგვცა ყველაზე მაღალი სწავლება და უმნიშვნელოვანესი მცნებები. მათ შორის იყო მცნება და ნებართვა მისი სახელით ლოცვისა – “ამენ, ამენ გეტყვი თქუენ, რამეთუ რაოდენიცა–რა სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ” (იოან. 16.23) “და რაცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რათა იდიდოს მამა ძისა თანა. და უკუეთუ რაოდენი ითხოვოთ სახელითა ჩემითა, მე ვყო” (იოან. 14. 13–14).
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
– როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც მინდა წმიდანს რაიმე ვთხოვო?
– როდესაც წმიდანის მოხმობა გინდა, ჯერ წმიდა სამების სახელზე ჯვარი უნდა გამოისახო. შემდეგ ღვთისმშობლის ლოცვა თქვა: “ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ..” შემდეგ სამჯერ მოუხმო იმ წმიდანს, რომელსაც გინდა რაიმე სთხოვო.
“ბერის დიადემა”
– მამაო, სწორად როგორ ვემთხვიო ხატებს?
– მაცხოვრის წმიდა ხატს ფეხებზე უნდა ვემთხვიოთ; ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და წმიდანებს – ხელებზე; მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს და იოანე ნათლისმცემლის ხატს – თმაზე.
“შეკითხვა მოძღვარს”
– რას აღნიშნავს წმიდა ტრაპეზი?
– წმიდა ტრაპეზი აღნიშნავს საფლავის ადგილს, სადაც დაასვენეს ქრისტე; მასში დევს ჭეშმარიტი და ზეციური პური, საიდუმლო და უსისხლო მსხვერპლი, რომელიც ცხოვლად შეიწირება. უფლის ხორცი და სისხლი საუკუნო ცხოვრების საჭმელად და სასმელად მიენიჭებათ მორწმუნეებს. ტრაპეზი ტახტია ღვთისა, რომელზეც ზეციერმა და ქერუბიმებზე ამხედრებულმა ღმერთმა განისვენა. ამავე ტრაპეზზე, საიდუმლო სერობის ჟამს, მოციქულთა შორის ინახ–იდგა უფალმა, რომელმაც აიღო პური და ღვინო და ეს უთხრა მის მოწაფეებს და მოციქულებს: „მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი… სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათ. 26, 26–28). წმიდა ტრაპეზი მონაცვლეა იმ ტრაპეზისა, რომელიც ქრისტეს ჰქონდა მოწაფეებთან.
წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელი
– რას განასახიერებს წმიდა ლიტურგია?
– წმიდა ლიტურგია განასახიერებს განკაცებული უფლის – იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებას: შობას, ჯვარცმას, აღდგომას და ამაღელებას. მასში უხილავად თვით უფალი მონაწილეობს და ღვთისმსახურების ხელით ყველაფერს თავად აღასრულებს.
წმ. იოანე კრონშტადტელი
– როდის და ვისგან მოგვეცა ჩვენ სამობით წმინდა ლოცვა „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ“?
– საეკლესიო იტორიის შემდგენელნი მოგვითხრობენ, რომ მთავარეპისკოპოს პროკლეს დროს კონსტანტინოპოლს რაღაც დიდი უბედურება დაატყდა თავს (ქარიშხალი და ხანძრები), და როცა ერთხელ მრავალრიცხოვანი ხალხი ერთად ლოცულობდა ღვთის წინაშე და ამ უბედურების დასრულებას ევედრებოდა ღმერთს, მოხდა ისე, რომ ყრმა ვინმე ზეაღტაცებულ იქმნა ხალხისაგან და ცაში დამოძღვრილ იქნა ანგელოზთაგან სამწმიდაობით გალობით: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ!“ და როგორც კი ეს ყრმა უკანვე დააბრუნეს ანგელოზებმა, მან აუწყა ხალხს ის, რაც ანგელოზებმა ასწავლეს. ყველამ ერთხმად იგალობა ეს სადიდებელი და უბედურებაც ამით დასრულდა.
წმ. იოანე დამასკელი
– როგორ დავინახოთ საკუთარი უძლურება?
– ვისაც სურს საკუთარი უძლურების შეცნობა, თუნდაც მხოლოდ ერთი დღე ადევნოს თვალყური თავის აზრებს, სიტყვებსა და საქმეებს – რაზე ფიქრობდა, რას ამბობდა, რას აკეთებდა. იგი უთუოდ ნახავს, რომ დიდი ნაწილი მისი ზრახვებისა, სიტყვებისა და საქმეებისა იყო ცოდვილიანი, არასწორი, უგუნური და ცუდი. ამგვარი ცდა შთამბეჭდავად მიახვედრებს მას, რამდენად უძლური და შინაგანად მოუწესრიგებელია იგი. ხოლო ამგვარი წარმოდგენიდან, თუკი მას გულწრფელად სურს სიკეთე საკუთარი თავისათვის, მივა იმის შემეცნებამდე, თუ რამდენად უაზრობაა, მოელოდე რაიმე სიკეთეს მხოლოდ საკუთარი თავისაგან და ესავდე მხოლოდ საკუთარ თავს.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
– რას ნიშნავს სულიერი მარხვა?
– ხორციელ მარხვასთან ერთად სულიერი მარხვაც არსებობს. ხორციელი მარხვისას ადამიანი მარხულობს საკვებითა და სასმელით. სულიერი მარხვისას თავს უნდა ვიკავებდეთ ბოროტი აზრებისაგან, სიტყვებისა და საქმეებისაგან. ჭეშმარიტი მმარხველი წინააღუდგება მრისხანებას, სიფიცხეს, ბოღმას, შურისძიებას. იგი არ ბილწსიტყვაობს, არ ჭორაობს, უქმად არ მეტყველებს, არ გინიკითხავს, არ ტყუის. ერთი სიტყვით, ჭეშმარიტი მმარხველი არის ის, ვინც ყოველგვარ ბოროტებას განეშორება.
წმ. ბასილი დიდი
– რა არის ამბიონი?
– ამბიონი სახეობრივად წარმოაჩენს წმიდა საფლავის ლოდს, რომელიც ანგელოზმა გადააგორა საფლავის კარიდან. მანვე უფლის აღდგომა განუცხადა მენელსაცხებლე დედებს. წინასწარმეტყველმაც ეს გვაუწყა: „მოვაკებულ მთაზე აამაღლეთ ნიშანი. ამოდი მახარებელო და აღიმაღლე ხმა“ (ეს. 38.1). „მთა“ არის ის, რაც ბრტყელ და მოსწორებულ ადგილზე მდებარეობს.
წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელი
– რას გამოხატავს მეტანია?
– ყოველდღიური მუხლმოდრეკითა და ისევ ადგომით ვაჩვენებთ, რომ ცოდვით ქვეყანაზე დავეცით და ჩვენი დამბადებლის კაცთმოყვარეობით ზეცისაკენ ვართ მიხმობილნი.
წმ. ბასილი დიდი
– რა არის საჭირო, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა?
– უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენ წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ.
ილია II
– რას ნიშნავს სიტყვა “ემმანუელი”?
– ემმანუელი ნიშნავს: “ჩუენ თანა ღმერთი”. გამოიკვლიეთ საკუთარი თავი, სინამდვილეში ჩვენთანაა ღმერთი თუ არა. თუ ჩვენ ბოროტებას გავეშორეთ და მისი გამომგონებლის ეშმაკისაგან უცხონი გავხდით, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენთანაა ღმერთი. თუ ბოროტი საქმეების სიტკბო გამწარდა ჩვენთვის და ჩვენ კეთილი საქმეების და სამუდამოდ ზეცაში ცხოვრების სურვილი გვატკბობს, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენთანაა ღმერთი. თუ ყველა ადამიანს ერთნაირად ვუყურებთ და ყოველი დღე (სამწუხრო თუ მშვიდი) ჩვენთვის ერთნაირია, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენთანაა ღმერთი. თუ ჩვენი მოძულენი, ცილისმწამებელნი, შეურაცხმყოფელნი, უარმყოფელნი, ზარალის მომყენებელნი და მჩაგვრელები ისევე გვიყვარს, როგორც ჩვენი მოყვარულნი, რომლებიც გვაქებენ, შემონაწირებით უზრუნველგვყოფენ და გვიწყნარებენ, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენთანაა ღმერთი. ამ საზომს მიღწეული ადამიანის ნიშანი კი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ადამიანი ყოველთვის ღმერთთანაა, რამეთუ ღმერთიც ყოველთვის მასთანაა.
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
– რას შეახსენებდით ისეთ ადამიანს, რომელსაც საკუთარი ჯვრის ტვირთვა გაძნელებია?
– მთელი ჩემი არსების მომცველი ცოდვა განუწყვეტლივ ჩამჩიჩინებს: “ჩამოდი ჯვრიდან!”.. ჩამოვდივარ იმ იმედით, რომ უჯვროდ ვიპოვი ჭეშმარიტებას და.. სულიერ განსაცდელებში ვვარდები – მღელვარებისა და შფოთის ტალღებმა ლამის შთამნთქან. ჯვრიდან ჩამოსული ქრისტეს გარეშე ვიმყოფები, განსაცდელებში ვინ შემეწევა? მაცხოვარს ვევედრები, რომ კვლავ ჯვარზე დამაბრუნოს.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
– თუ შეიძლება ლოცვის დასრულებამდე ეკლესიიდან გამოსვლა?
– ლოცვასა და წირვაზე იდექი და მოიცადე დასრულებამდე. გაიხსენე იუდა გამცემლის დანაშული და ნუ გამოხვალ ეკლესიიდან, რადგან იგი შეიქმნა დასაბამი იუდას წარწყმედისა, ვინაიდან არ დაელოდა ლოცვის დასრულებას. მიიღო თუ არა ცხოვრების პური, ადგა და გამოვიდა. მაშინვე შევიდა მასში ეშმაკი და ისწრაფოდა უფლის გაცემას. თუ შენც დროზე ადრე გამოხვა, იმავე სასჯელს მიიღებ. მცირე დროის გამო ნუ ეზიარები იუდას სასჯელს. არ არის შენთვის მძიმე იქ დგომა და ლოდინი. არც ზამთარი გაჭირვებს შენ იქ, არც ცეცხლი, არც სხვა რაიმე გვემა, არამედ მხოლოდ მოთმინებაა საჭირო იმ ერთი ჟამისთვის. ჩვენ სხვა არაფრისათვის გვებრძანა უქმობა კვირა დღეს, არამედ, რათა ლოცვისათვის მოვიცალოთ.
წმ. ევსევი
– ფსალმუნების გალობისას გონება მებნევა და აზრებით სადღაც დავხეტიალობ; როგორ უნდა მოვიქცე ამ დროს?
– როდესაც აზრი გვერდზე გადაიხრება, მაშინ დაბრუნდი უკან და წინამდებარე ფსალმუნის იმ სიტყვებიდან დაიწყე, რომლებიც მახსოვრობაში შემოგრჩა. და თუ ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ დაბრუნების შემდეგ, გიჭირს იმ სიტყვების გახსენება, რომლებზეც შენი კითხვა შეწყდა, ანდა თუ გაიხსენებ, მაგრამ ვერ პოულობ იმ ადგილს, საიდანაც კითხვა უნდა გააგრძელო, მაშინ იგივე ფსალმუნი თავიდან დაიწყე. მტრის მიზანი ისაა, რომ დავიწყება დიდებისმეტყველებას დაუპირისპიროს. წინამდებარე ფსალმუნების თანმიმდევრული კითხვა დიდებისმეტყველებაა, ხოლო ამ დროს გონების გაუბნევლობა მხოლოდ იმათ ხელეწიფებათ, რომელთაც წმინდა გრძნობები აქვთ, მაგრამ ჩვენ ჯერაც უძლურები ვართ. როდესაც გაბნევას შევამჩნევთ, წაკითხულის გასააზრებლად სიფხიზლეს მოვუხმოთ, იმიტომ, რომ სხვაგვარად ის ჩვენს განკითხვას მოემსახურება.
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
– რა სარგებლობა მოაქვს სეფისკვერისა და ნაკურთხი წყლის მიღებას?
– როდესაც ადამიანი სეფისკვერსა და ნაკურთხ წყალს იღებს, ბოროტი სული აღარ ეკარება, სული და ხორცი იკურთხება, ფიქრები ნათლდება ღმრთისათვის სათნოყოფის სურვილით და ადამიანი განეწყობა მარხვისა, ლოცვისა და ყოველგვარი სათნოებისათვის.
მამა გიორგი ზადონელი
– რას ნიშნავს სიტყვა “ამინ”?
– “ამინ” ნიშნავს ჭეშმარიტად, ანდა “იყავნ”.
წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელი
კომენტარის დატოვება