ჩვენი გზა კახეთისკენ გაგრძელდა… თელავში ერეკლე მეორეს სახლ–მუზეუმის დათვალიერების შემდეგ შუამთის სამონასტრო კომპლექსის მოსალოცად გავეშურეთ… ჯერ ახალ შუამთას ვესტუმრეთ…
ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი თელავის სიახლოვეს მდებარეობს, ცივგომბორის მთის ტყით შეფენილ კალთაზე. სახელწოდება მონასტერმა ადგილმდებარეობიდან მიიღო – მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთათაშუა მდებარე ვაკეზეა აგებული. მონასტერი დაფუძნდა XVI ს-ის 50-იან წლებში კახეთის მეფის ლევანის და მისი მეუღლის თინათინის მიერ. დედოფალი თინათინი ამავე მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად და აქვეა დაკრძალული.
მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს ასეთი გადმოცემა: თინათინ გურიელის ასულს, გათხოვებამდე ჰქონია ხილვა – რომ ცოლად მიჰყავდა „კაცსა ვისმე მთავართაგანსა“. გზად შეისვენეს ერთ ადგილას, სადაც იდგა აყვავებული შინდი. ერთერთმა მღვდელმა თინათინს ურჩია იმ ადგილას ღვთისმშობლის შობის ტაძარი აეშენებინა… როცა თინათინი ლევან მეფემ კახეთს წამოიყვანა, გზად იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერია აგებული. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ღამისთევისას ერთი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა… დაქორწინების შემდეგ, დედოფალი მალევე შეუდგა იმ ადგილას ახალი მონასტრის შენებას. ამგვარად შეიქმნა ახალი მონასტერი – ძველი შუამთა კი გაუუქმებიათ…
აგურით ნაგები ეკლესია გეგმით ჯვაროვან-გუმბათოვანია, შიგნით – მოხატული. ტაძრის ხილვისას, ყურადღებას იპყრობს მისი აზიდული პროპორციები. მაღალგუმბათიან ნაგებობას ფასადებზე ჯვრით დაგვირგვინებულლი დეკორი ამშვენებს. ტაძრის ფრესკები ნაწილობრივ დაზიანებულია… ფერწერულ ანსამბლში გაერთიანებულია ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტები…
ახალი შუამთიდან, ზემოთ, ძველი მონასტრისკენ გავეშურეთ… ალბათ, არასოდეს დაგვავიწყდება ის მშვენიერი გზა, რომელიც ეკლესიისკენ მიგვიძღოდა… მონასტერი მდებარეობს ფოთლოვან ტყეში, 7 კმ–ის მოშორებით თელავიდან. ანსამბლში შედის V ს–ის ბაზილიკა და VII ს–ის ორი ეკლესია. სამივე ეკლესია რიყის ქვით არის ნაგები…
საოცარი სიმშვიდე სუფევდა მონასტრის გარშემო… ბუნების წიაღში ჩაფლული უძველესი ეკლესია… ჩიტების გალობა, ყვავილები, მზის სხივებს ჩამოყოლილი გაზაფხულის წვიმა… ასეთ ადგილებში თითქოს სხვანაირია ცა, ჰაერი, მიწა, სამყარო… სხვანაირები ვართ ჩვენც… ახლოს უფალთან, ერთმანეთთან, საკუთარ გულთან და სულთან…
Comments on: "შუამთა" (1)
მადლობა, რომ ის გამახსენე, რაც თურმე დიდი ხანია მენატრება) კარგად წერ, კარგი ადამიანი ხარ)