წმ. იოანე ოქროპირი
ღმერთთან ახლოს ან შორს ყოფნა თავად ადამიანზეა დამოკიდებული, ვინაიდან უფალი ყველგან არის.
დაე, ცოლისთვის ქმარი ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი იყოს, ქმრისთვის კი ცოლი – უსაყვარლესი. ცოლი ყოველთვის ქმრის თანამზრახველი და თანამეინახე უნდა იყოს. ამაზეა დამყარებული მთელი კაცობრიობის კეთილდღეობა.
* * *
თუ უფალს ყოველთვის ვუჭვრეტთ გონებით, თუკი მუდმივად გვემახსოვრება იგი, მაშინ ჩვენთვის ყველაფერი ადვილი, ყველაფერი მოსათმენი გახდება, ყოველივეს თავისუფლად ავიტანთ და ყველაფერზე ავმაღლდებით.
* * *
ჭეშმარიტად თავისუფალია ის, ვინც ქრისტესთვის ცხოვრობს: იგი ყველა უბედურებაზე მაღლა დგას, თუ იგი თავად არ მოისურვებს შეამთხვიოს საკუთარ თავს ბოროტება, მაშინ სხვა ამას ვერასდროს შეძლებს.
* * *
სიმდიდრე ის კი არ არის, რომ ბევრი გქონდეს, არამედ ის, რომ მის მოხვეჭაზე არ ზრუნავდე.
* * *
მოყვასის არათუ განკითხვა, არამედ განკითხვის მოსმენაც კი არ შეიძლება.
* * *
ნუ იკითხავ, ჰგავს თუ არა ბუნებას ის, რასაც ბუნების შემოქმედი ქმნის.
* * *
სინანული დაცემულს წამოაყენებს; ცოდვებზე ტირილი სასუფევლის კარს უკაკუნებს, თავმდაბლობა კი ხსნის მათ.
* * *
კეთილი უვიცობა ცუდ ცოდნაზე უმჯობესია.
* * *
ნუ იამაყებ იმით, რომ დგახარ, არამედ გეშინოდეს, რომ არ დაეცე.
* * *
ის, ვინც ცოდვის გამო აქ არ ისჯება, ყველაზე უბედური ადამიანია.
* * *
არ არსებობს იმაზე სასტიკი განსაცდელი, ვიდრე პირფერ ადამიანთან შეხვედრაა.
* * *
ნუ მეტყვი, რომ გიყვარს უფალი – ეს მხოლოდ სიტყვებია: მიჩვენე სიყვარული საქმით.
* * *
სათნოების გზაზე რაც მეტად წაიეწევ წინ, მით უფრო მსუბუქი მოგეჩვენება შენი გზა.
* * *
კეთროვანი სუფთასაც აავადებს; ასევე ბოროტებთან ურთიერთობა კარგ ადამიანებსაც რყვნის.
* * *
რაც ჩვენთვის სასარგებლოა, სწორედ ის სურს ღმერთს, და რაც ღმერთს უნდა, ჩვენთვის სასარგებლოა.
* * *
იმდენად არ სწყინს ღმერთს წარმართის უწმინდური ცხოვრება, რამდენადაც – ქრისტიანის გარყვნილება.
* * *
ნუ განიკითხავ სხვას, არამედ ეცადე, საკუთარი თავი გამოასწორო, რათა თვითონ არ გახდე განსჯის ღირსი.
* * *
მშობლები არა მხოლოდ საკუთარი ცოდვებისთვის დაისჯებიან, არამედ თავიანთი შვილებისაც, თუ მათ ღვთისმოშიშებით არ აღზრდიან.
* * *
როდესაც მოყვასს წყენის სანაცვლოს მიაგებ, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის; ხოლო როდესაც შენ მიუტევებ, მაშინ უფალი ან მას დასჯის, ან შენ ცოდვებს მოგიტევებს.
* * *
ჩვენი სულიერი მამის წინაშე გაცილებით მეტად ვართ ვალდებულნი, ვიდრე – ხორციელი მამის წინაშე, რადგან ეს უკანასნელნი ამა სოფლისა და საერო ცხოვრებისთვის გვშობენ, პირველნი კი – ზეცისა და მარადიული ცხოვრებისთვის.
* * *
როდესაც ჩიტები ჰაერში მაღლა დაფრინავენ, მათ მახით ვერ დაიჭერ; ასევე შენც ვერ დაგიჭერს ვნებებისა და საცდურების მახეები, როდესაც ზეცად ამაღლდები. ვინც მთის წვერზე ავიდა, მას ქალაქი და მისი გალავანი მცირედ მოეჩვენება, მიწაზე მოსიარულე ადამიანები კი – ჭიანჭველებად. ასევე შენც ყველაფერი მიწიერი არარაობად მოგეჩვენება, თუ ღვთის სიყვარულში ამაღლდები.
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
ქრისტიანი ისაა, ვინც ადამიანის შეძლებისდაგვარად ბაძავს ქრისტეს სიტყვით, საქმითა და გულისთქმით.
თუნდაც საკუთარი თვალით იხილო ცოდვილი, მაინც ნუ განიკითხავ, რადგან ხშირად თვალებიც ცდებიან.
* * *
მოიშორე ცოდვა და თვალთაგან ცრემლის დენაც აღარ დაგჭირდება, რადგან თუ ჭრილობა არ არის, არც სალბუნია საჭირო.
* * *
თავს ნუ აიმაღლებ, თუკი სხვებისთვის ლოცულობდი და უფალმა გისმინა; რამეთუ ეს მათმა რწმენამ იმოქმედა და აღასრულა.
* * *
დიდია ის კაცი, ვინც სიხარულით მიიღებს გინებას, ხოლო წმინდა და პატიოსანია იგი, ვინც ქებას თავს უვნებლად გაარიდებს.
* * *
ჰოი შენ, თიხავ და მიწისგან შექმნილო, თავს ნუ აიმაღლებ, რაც არ უნდა ბევრი იღვაწო, რადგან მრავალი უსხეულო და უხორცო გადმოვარდა ზეციდან.
* * *
ვიხილე ადამიანები, რომლებიც ბაგით მადლობას სწირავდნენ ღმერთს, ხოლო გონებით თავს იმაღლებდნენ. ამის მოწმე ფარისეველია, რომელიც ამბობდა: “ღმერთო გმადლობ შენ” (ლუკ. 18.11).
* * *
ნუ მიბაძავთ მკვდართა დამმარხველებს, რომლებიც ხან დასტირიან მათ, ხან კი მათთვის სვამენ და თვრებიან, არამედ ემსგავსე დილეგის ტუსაღს, ყოველდღიურად გვემას რომ იტანს მტარვალთაგან.
* * *
გულმოდგინედ მიიტანე ქრისტეს წინაშე შენი ახალგაზრდობის ნაყოფი და გაიხარებ სიბერეში უვნებელი სიმდიდრით, რამეთუ ახალგაზრდობაში შეკრებილი კვებავს და ანუგეშებს მოხუცებულობის უძლურებას.
წმ. სერაფიმე საროველი
სადაც განსაცდელი არ არის, იქ არც ცხონებაა.
სასოწარკვეთაზე დამღუპველი და საშინელი ცოდვა, სულისთვის არ არსებობს.
* * *
ყველაფერი ნელნელა აკეთე, თანდათან და არა უეცრად: სათნოება მსხალი როდია, უცებ რომ შეჭამო.
* * *
თუ ხორციელად იცხოვრებ, სულსაც დაღუპავ და ხორცსაც; ხოლო თუ ღვთივსათნოდ იცხოვრებ, ორივეს აცხოვნებ.
* * *
გულში მუდამ იმეორე იესოს ლოცვა: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”. შთაგონებით ილოცე და შენი გონი სულს შეუერთე.
* * *
ჭეშმარიტი მარხვა ნიშნავს არა მარტო ხორცის მოუძლურებას, არამედ იმასაც, რომ პურის ის ნატეხი რომელიც შენთვის გინდოდა, მშიერს მისცე.
* * *
სათნოებათა დასაბამი არის შიში ღმრთისა. გეშინოდეს ღმრთისა, გწყუროდეს ღმერთი და ყველას ისე მოექეცი, როგორც სუფთა სინდისი გიკარნახებს.
* * *
ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, ის თავის თავს წუთისოფლის სტუმრად და მგზავრად მიიჩნევს, რამეთუ სულით და გონებით ერთადერთს – ღმერთს ჭვრეტს.
* * *
ყველასათვის ყოველდღე ილოცე, მოიპოვე სულის მშვიდობა, რათა არავინ შეურაცხყო და არც შენ თვითონ გეწყინოს ვინმესგან შეურაცხყოფა. მაშინ კი ღმერთი მოგცემს სინანულის ცრემლს.
* * *
ვინც საკუთარი თავის შეცნობით არის დაკავებული, იმას სხვისთვის თვალყურის სადევნელად არ სცალია. თავი განიკითხე და მოეშვი კაცთა განკითხვას. ცუდი საქმე კი განიკითხე მაგრამ ადამიანს ნუ ერჩი.
* * *
ნურავის განვიკითხავთ, თუნდაც საკუთარი თვალით ვხედავდეთ, რომ კაცი სცოდავს ანდა უკვე დამყაყებულიც კია ღმერთის მცნებების გადასვლაში, რადგან ღმერთმა გვიბრძანა: “ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ” (მთ. 7,1).
* * *
შევიყვაროთ სიმდაბლე და ვიხილავთ ღმერთის დიდებას: რამეთუ სადაც სიმდაბლეა, იქვეა ღმერთის დიდებაც. როგორც სინათლის გარეშე ყველაფერი წყვდიადით მოცულია, ასევე კაცის სულშიც სიმდაბლის გარეშე არაფერია – მხოლოდ წყვდიადი.
* * *
ვითარცა მატყლს ბერტყავენ, ტკეპნიან, ვარცხნიან, რეცხავენ და თოვლივით აქათქათებენ, ასევე დამცირების, ძაგების, შეურაცხყოფის დამთმენი მორჩილი განიწმინდება და ვერცხლივით წმინდა, ცეცხლივით მოგიზგიზე და ბრწყინვალე ხდება.
* * *
არ უნდა გვაინტერესებდეს სხვისი საქმეები, არ უნდა ვფიქრობდეთ და ვლაპარაკობდეთ მათზე, არ უნდა მივბაძოთ მათ, “რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა” (ფსალმ. 143,8), არამედ ვევედროთ უფალს: “საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე და უცხოთაგან იცევ მონა შენი” (ფსალმ. 18,13-14).
* * *
ღმერთმა უთხრა ესაიას: “და ვის ზედა მოვიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყვათაგან ჩემთა?” (ეს. 66,2). ევედრე ღმერთს, რომ გაგიგრძელოს ცხოვრების დღენი. გულის განწმენდას უშრომლად ვერ შეძლებ, დუმილით კი დიდი ცოდვები ითრგუნება.
* * *
ყველა წმინდანი სხვადასხვა განსაცდელითაა დაცდილი. როგორც ცეცხლში ჩაგდებული ოქრო იწმინდება, ასევე წმინდანები საცდურებისაგან მეტი გამოცდილები ხდებიან და მოთმინებით უფლის გულს იგებენ, უახლოვდებიან ქრისტეს, რომლის სიტყვითა და სახელითაც ითმენენ.
* * *
ხდება ხოლმე, რომ აქ, მიწაზე ეზიარებიან, ხოლო უფალთან უზიარებლები რჩებიან! ზოგიერთს ძლიერ სურს ზიარება, მაგრამ რატომღაც არ უსრულდება ნატვრა, მაშინ სრულიად დამოუკიდებლად და უხილავად, უფლის ანგელოზის მეშვეობით ხორციელდება ზიარება.
* * *
წმ. პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში წერს: “მარტო წყალს ნუკი სვამ, ხანდახან ღვინოც იხმიე”-ო (1ტიმ, 5,23); თუმცა სხვაგან ამბობს, “ნუ დაითვრებით ღვინითა-“ო (ეფეს. 5.18). ზომიერების დასაცავად გონებაა საჭირო. ნუ იტყვი, მაგრამ სადაც თქმა აუცილებელია, ნუ გაჩუმდები.
* * *
არის სიყვარული, რომელიც მცირე კანდელს წააგავს: ზეთი რომ დაშრება, კანდელიც ქრება; ან წვიმის ნაკადს, რომლის დინება წვიმის გადაღებისთანავე წყდება. მაგრამ არის ისეთი სიყვარული, რომელიც, მიწის წიაღიდან ამოხეთქილი წყაროს მსგავსად არასოდეს იკლებს. პირველი კაცობრივი სიყვარულია, მეორე კი – საღმრთო, რომლის მიზეზიც ღმერთია თავად.
* * *
გრიგოლ ღმრთისმეტყველის თქმით, წმ. წერილი არის ანგელოზთა პური, რომლითაც საზრდოობენ ღმერთის სიყვარულით ანთებული სულები. ყველაზე მეტად ახალი აღთქმა და ფსალმუნი იკითხე: ამ გზით ხდება გონების განათლება – მისი განახლება საღმრთო განახლებით. თავი ისე უნდა განსწავლო, რომ გონება წმინდა წერილს საკუთარ სტიქიად აღიქვამდეს; მუდამ წმინდა წერილით იხელმძღვანელე და მის მიხედვით წარმართე შენი ცხოვრება.
წმ. ტიხონ ზადონელი
ღარიბი ის ქრისტიანია, ვისაც ამა სოფელში გამდიდრება სურს.
ჯერ საკუთარი თავის მართვა უნდა ისწავლო, შემდეგ კი – სხვებისა.
* * *
თვით უმცირესი ჩიტუნაც კი არ არის მამაზეციერისგან მივიწყებული.
* * *
როგორც სიბოროტის ქმნაა ცოდვა, ასეთივეა სიკეთის აღუსრულებლობა.
* * *
ქრისტიანული სახელი ქრისტიანული ცხოვრების გარეშე მლიქვნელობაა.
* * *
გაცილებით უკეთესია, მხოლოდ ღმერთს უყვარდე, ვიდრე – მთელ სამყაროს.
* * *
მიუტევე მოყვასს ასი ლეპტა, რათა უფალმა მრავალი ტალანტი მოგიტევოს.
* * *
ერთი თვალით ღვთის გულმოწყალებას უმზირე, მეორეთი კი – მის სამართალს.
* * *
ღვთის შემეცნება და მისდამი მოწიწება საქმით აჩვენე და არა – სიტყვით.
* * *
ღმერთი, რომელიც ჯვარს გვატვირთავს, თავადვე გვეხმარება ჯვრის ზიდვაში.
* * *
ვინც მეტად შეიცნობს უფალს, მით უფრო მდაბალი ხდება, ეშინია და უყვარს იგი.
* * *
სჯობს სიღატაკეში იცხოვრო, ვიდრე – არამართებულად მოპოვებულ სიმდიდრეში.
* * *
ნეტავ ადამიანმა ისე დააფასოს ღმერთი, რა პატივშიც იმყოფება იგი ღმერთისაგან.
* * *
როგორც მოთმინებით მსუბუქდება, ასევე მოუთმენლობით მრავლდება ტანჯვა-წამება.
* * *
არაფერი აქვს მას, ვინც არ მოიხვეჭა ცხონება, თუნდაც მას მთელი სამყარო ეკუთვნოდეს.
* * *
ის კი არ არის დიდებული, ვისაც ეს სოფელი ადიდებს, არამედ ის – ვისაც ღმერთი განადიდებს.
* * *
თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი – ზეცაში ყოფნაც წამებაა.
* * *
ქრისტიანული ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა – მუდმივი, სიცოცხლის დასასრულამდე სინანული.
* * *
ის, ვინც ღვთის გულმოწყალების მისაღებად არ ზრუნავს, ღვთის სამართალს თავის თავზე შეიცნობს.
* * *
მრავალნი ადამიანებზე ბატონობენ, მაგრამ თვითონ საკუთარი ვნებების მონები და ტყვეები არიან.
* * *
ის კი არ არის ნეტარი, ვინც კარგად იწყებს, არამედ ის, ვინც კარგად ამთავრებს თავის მოღვაწეობას.
* * *
ადვილად ნუ დაუჯერებ დამსმენს, არამედ ერთი ყურით უსმინე მას, მეორე კი მოპასუხისათვის დატოვე.
* * *
ჩვენი მიწიერი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა – განუწყვეტელი და გამუდმებული მიახლოება ღმერთთან.
* * *
როგორც ბედნიერება აამაყებს, ისე უბედურება ამდაბლებს და საკუთარი თავის შეცნობას უწყობს ხელს.
* * *
ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის დაღუპვა და იღუპავს კიდეც, მაგრამ გადარჩენა თავისით არ ძალუძს.
* * *
ჭეშმარიტად თავმდაბალს ყვედრება არ სწყინს და არ მრიცხანებს, რადგან თავს ყოველგვარი დამცირების ღირსად თვლის.
* * *
პირფერს ენაზე თაფლი აქვს, გულში კი ღვარძლს ატარებს – სიტყვით მშვიდობას გპირდება, საქმით კი მახვილს გიმზადებს.
* * *
ცხონების გზა ვიწროა, მაგრამ მაღალი სამშობლოსაკენ, ზეცისაკენ მივყავართ. თუ გსურს, ამ სამშობლოს მიაღწიო, ამ გზით იარე.
* * *
ღვთის ყოველგვარი საჩუქარი ჩვენთვის საზიანო ხდება, როდესაც მისგან არა ღვთის, არამედ – ჩვენს საკუთარ დიდებას ვეძიებთ.
* * *
ხარისხი ანდა პატივი ქრისტიანისთვის უღელია, რომელიც ღვთის სახელის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ უნდა დაიდგას.
* * *
ვინ არის ბრძენი? – ის, ვინც ყველგან და ყოველთვის ფრთხილად იქცევა და უხილავ ღმერთს, როგორც ხილულს მუდამ თვალწინ იყოლიებს.
* * *
როგორ უნდა სთხოვო უფალს ტაძარში სხვებთან ერთად: “მომეცი უფალო!”, როდესაც თვითონ არ აძლევ ღატაკებს მაშინ, როცა ეს შეგიძლია?
* * *
გონების თვალი აღუპყარ ზეციურ სამყაროს, და მოიხილე მისი მკვიდრნი – ვერც ერთს ვერ ჰპოებ იქ, ვინც იქამდე მოთმინების გზით არ მისულა.
* * *
ღატაკია ის მსაჯული, რომელიც ენითა და კალმით განსჯის ადამიანებს, თვითონ კი განუწყვეტლივ მხილებული და განსჯილია საკუთარი სინდისისგან.
* * *
თუ, შენი აზრით, მოყვასი ღირსი არ არის შენი სიყვარულისა, ღირსია ღმერთი, რომლის მონაცაა იგი და რომლის სახესაც ატარებს; ღირსია ქრისტე, რომელმაც მისთვის სისხლი დათხია.
* * *
რაც უფრო დიდია ხე, მით უფრო დიდია მისი ამოძირკვა მიწიდან; ასევე, რაც უფრო გაძლიერდება და განმტკიცდება ცოდვილი ჩვეულება, მით უფრო ძნელად თავისუფლდება ადამიანი მისგან.
* * *
როდესაც მოყვასში რაიმე ცუდს დაინახავ ან გაიგებ, მდუმარება დაიცავი, უფალს კი მისი გამოსწორება შესთხოვე; იმასაც ეცადე, რომ შენც ასეთივე ცოდვაში არ ჩავარდე, რადგან ყოველი დაცემა უძლურებაა.
* * *
გონება და გული ზეცისა და მარადიულობისაკენ მიმართე და ეშმაკი ვერ შეგიპყრობს; რაც უფრო მაღლა დაფრინავს ჩიტი, მით უფრო უსაფრთხოდაა; ხოლო როდესაც დაბლა, მიწაზე ეშვება, ადვილად დაიჭერენ ან მოკლავენ.
* * *
იყავი ერში ისე, როგორც ლოთი სოდომში, სადაც ყველა, უკანონობას ჩადიოდა, მაგრამ იგი მათ არ ბაძავდა და აკეთებდა იმას, რაც ღვთის წმიდა ნებისთვის სათნო იყო: ასევე მოიქეცი შენც – ნუ მიბაძავ იმას, რასაც ბოროტი სამყარო ჩადის.
* * *
ცოდვამდე ეშმაკი ღმერთს მოწყალედ წარმოგვიდგენს, ცოდვის შემდეგ კი – მართლმსაჯულად. ეს მისი ეშმაკობაა. შენ კი ამის საწინააღმდეგოდ მოიქეცი. ცოდვამდე ღვთის მართლმსაჯულება წარმოიდგინე, რათა არ შესცოდო, ხოლო შეცოდების შემდეგ იფიქრე ღვთის გულმოწყალების სიდიადეზე, რათა იუდას სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდე.
წმ. ეფრემ ასური
ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცდურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი.
მიიღე სინანულით მოსული, როგორც უფლის გზავნილი, რათა ამით არ შეურაცხყო და განარისხო თავად ღმერთი.
* * *
თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა, მაშ მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები… ღმერთი არ მიგიღებს.
* * *
მორჩილ ადამიანს საყვედური არ ეუხერხულება, არც შეურაცხყოფა ააპილპილებს. მორჩილი დარდში ხარობს და მწუხარებაში მადლობას აღავლენს.
* * *
კართა მიღმა რჩება და არ შეიწყნარება ის ლოცვები, უსიყვარულოდ რომ აღევლინება უფლისადმი. რამეთუ მხოლოდ სიყვარული განუღებს კარს ლოცვებს.
* * *
სინანული კიდეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით.
* * *
ნურასდროს იტყვი – დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე.
* * *
ნუ გადადებ გამოსწორებას ხვალინდელი დღისათვის, რამეთუ ის შენთვის უცნობია. ყოველთვის ცნობილია სიკვდილი, რომელიც მუდამ თავს დაგვტრიალებს და უსათუოდ მოვა, იქნებ ახლაც, ამავე წამს.
* * *
შენ გრცხვენია და წითლდები, როდესაც საჭიროა შენი ცოდვების აღიარება. უმჯობესია ცოდვის ჩადენისას შეგრცხვეს, ვიდრე აღსარებისას. დაფიქრდი: თუკი ცოდვებს აქ არ აღიარებ, მაშინ იქ (საშინელ სამსჯავროზე) გამოცხადდება ყოველივე მთელი სამყაროს წინაშე. სად უფრო მეტი იქნება ტანჯვა? სად მეტი სირცხვილი იქნება? ცოდის ჩადენისას ჩვენ გაბედულები და ურცხვები ვართ, ხოლო აღსარებისას გვრცხვენია და ვაყოვნებთ.
* * *
ამაოებათა ამაოება არის მთელი ჩვენი ცხოვრება.
* * *
ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოტმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება.
* * *
მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის. ღმრთისათვის სათნოყოფა – აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა – აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმიანონის წესი.
* * *
ძე ღვთისა სიყვარულისთვის მოვიდა ამქვეყნად და სიყვარულით გაგვიღო სამოთხის კარი, სიყვარულისა გამო გვიჩვენა ზეცად აღმავალი კიბე, რამეთუ განდგომილნი და ღვთის მტრები ვიყავით და სიყვარულით შეგვარიგა მამას. ამის გამო გვმართებს თქმად – ღმერთი სიყვარულია და ვინც სიყვარულით იარსებებს, იგი სამარადისოდ ღმერთთან იქნება.
ბერი პაისი ათონელი
ის, ვინც სულიერად იღვწის, თავს ესხმის თავის მტერს – ეშმაკს და ამიტომაც თავადაც განიცდის შემოტევებს მისი მხრიდან. ადამიანი, რომელიც ამარცხებს უსხეულო მტერს, ქრისტეს გვირგვინით შეიმკობა.
სიცოცხლის სიტკბოებას გრძნობს არა ის, ვინც ამქვეყნიური სიხარულით ხარობს, არამედ ის, ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს და სიხარულით ღებულობს ჭირსა და სნეულებას, როგორც სამკურნალო ბალახებს სულისათვის, საზრდელს და კი სჯერდება იმდენს, რამდენიც საკმარისია ხორცთა განსამტკიცებლად.
* * *
როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა.
* * *
იმისათვის, რომ სული აღდგეს, ადამიანი ჯვარზე უნდა გაეკრას, რათა მოაკვდინოს სულიერი ვნებანი და უწინარეს ყოვლისა, ეგოიზმი, – უწესო შვილი ამპარტავნებისა, – რომელიც წინ ეღობება ღვთაებრივ მადლს და ადამიანს ცხვირ-პირს ამტვრევინებს.
* * *
თუ ადამიანი სიკეთეს სჩადის, მაგრამ სხვებს უცხადებს ამას და ამაყობს, ის უკვე ღებულობს ამისთვის საზღაურს, ამაოდ შრომობს და ცოდვაში ვარდება.
* * *
კარგია, იკითხო სულიერი წიგნები, მაგრამ კიდევ უკეთესია, წაკითხული პრაქტიკულად გამოიყენო – იცხოვრო სულიერად.
* * *
ნამდვილი ადამიანი არის არა ის, ვინც სწორად ლაპარაკობს, არამედ ის, ვინც ცხოვრობს სწორად – სახარების მიხედვით.
* * *
ის, ვინც თავად ესწრაფვის წოდებებს, მარტო იბრძოლებს მთელი ცხოვრების მანძილზე. მას, ვისაც აწინაურებენ ადამიანები, შემწეებად ადამიანები ეყოლებიან. ხოლო ვისაც ღმერთი მოუწოდებს, მისი შემწე მხოლოდ ღმერთი იქნება.
* * *
ყველა ადამიანი ღებულობს ღვთისაგან უხვ კურთხევას, მაგრამ ცოტანი ემადლიერებიან მას, ცოტანი გრძნობენ კმაყოფილებას და სიხარულს ქრისტეს გვერდით.
* * *
არიან ადამიანები, რომლებსაც არაფერი აკლიათ, მაგრამ ამასთან ერთად არ აკლიათ სევდაც, რადგან მათ აკლიათ ქრისტე.
კომენტარის დატოვება