"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

გაბრიელ ბერის სწავლებანი

ღმერთი დაუსაბამო სიკეთე, დაუსაბამო სიმართლე და სიყვარულია. ვისაც სიკეთე და სიმართლე უყვარს, მას ღმერთი უყვარს, და ღმერთიც, ვით საკუთარ შვილს, ისე შეიყვარებს.

”ზოგი იტყვის სიყვარული მაქვსო. აბა ვინ მეტყვის რა არის სიყვარული, ვინ ჩასწვდება სიყვარულს?” – დასვამდა შეკითხვას გაბრიელ ბერი და თვითონვე პავლე მოციქულის სიტყვებით განმარტავდა: ”სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების” (1 კორ. 13:4). ”ესაა ნამდვილი სიყვარული, ამაშია ადამიანის ბედნიერება. სიყვარული მთავარია, მაგრამ ამაზე უფრო მთავარია, როგორ ვისწავლოთ ჩვენ ეს სიყვარული. ნურავის ეგონება, სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია. სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ. თუ თავი არ გასწირე ღვთისა და მოყვასისთვის, ისე არაფერი გამოვა”.

სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე. ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს. ღმერთს უყვარს საქმე. კეთილი საქმე არის სიყვარული.

მოყვასის სიყვარული არის, როცა თქვენი მოყვასი სნეულია და შველა სჭირდება, წამალი კი, შორი გზიდანაა მოსატანი. შეიძლება დაგიღამდეს, ტყეც შეგხვდეს და მგელმაც შეგჭამოს. აი თუ წახვალ ასეთ დროს მოყვასის საშველად, პირდაპირ მიხვალ უფალთან.

ყველაფერი რომ გქონდეს და სიყვარული არ გაგაჩნდეს, ჩათვალე, რომ არაფერი გაგაჩნია.

ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია.

შიო მღვიმელი ადამიანთა დიდი სიყვარულისთვის ჩავიდა მღვიმეში.

გიყვარდეთ ერთმანეთი. საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ბოლო ჟამია, თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს. უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს. ვინც შეინარჩუნებს – ის გადარჩება. ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ვერ დაიდგამს ტახტს.

სიმდაბლე გამძვინვარებულ ლომსაც კი ქედს მოახრევინებს.

ერთი კაციც რომ გძულდეს, საძაგელი ხარ ღვთის წინაშე.

შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და მოიპოვოს სიყვარული.

სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება. ეგოისტი არაფერს არ გასცემს. ყველაფერი თავისთვის უნდა. მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვჭოს, მაინც არ დაკმაყოფილდება.

ბოროტი კაცი როგორ უნდა შევიყვაროთ? ჰკითხეს გაბრიელ ბერს. – ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის, იქნებ ის ვინც ჩვენ გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვით და სინანულით განიწმინდოს და ანგელოზთა მსგავსი გახდეს. ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა.

შენი მტერი უნდა გიყვარდეს, ხოლო ქრისტეს მტერი როგორ უნდა შევიყვარო?! მაგრამ არ უნდა გძულდეს, უნდა გეწყალებოდეს და აქედან მოდის სიყვარული.

ღმერთი ჩვენგან ითხოვს როგორც გულს, ასევე კეთილ საქმეებს. კეთილი ყველასავთვის უნდა გინდოდეს, მაგრამ სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება, ვისაც შენზე მცირე აქვს, იმას რომ დაეხმარები, ის არის ღვთის წინაშე შეწირული, ღვთის ძალითა და სიბრძნით კეთდება ყოველი კეთილი საქმე.

სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასათვის უნდა გინდოდეს.

როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება.

როგორ იქნება დამშვიდებული სული ადამიანისა, როცა განსაცდელშია მოყვასი? თუ კაცს ავადმყოფი ჰყავს ოჯახის წევრი და მომვლელი თვითონ არის, მას ამ დროს წირვის მადლი სახლში აქვს.

შენს გაკეთებულ ჯვარსა და ხატზე რომ სხვა ილოცებს, ნახევარი მადლი შენზე გადმოდის.

თუ არ იცი მოყვასის სულიერი მდგომარეობა, რჩევას ნუ მისცემ, იქნებ შენი რჩევით დაიღუპოს კიდეც.

იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე. ამაზე დიდი არაფერია.

გული ვისგანაც მოგეცა, იმასვე ეკუთვნის.

ადამიანი დაუღალავად უნდა მიისწრაფვოდეს ღმრთისკენ. უფალი ამას რომ ხედავს, აძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა.

უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს უფალს. ჯოჯოხეთი უფლისგან განშორებაა.

ღირსი იოანეს სიტყვებია სახელმძღვანელოდან ”კლემაქსი”: – ”არა ვიმარხვე, არცა დავსწევ ქვეყანასა ზედა, არცა ვიღვიძე, არამედ დავმდაბლდი და მაცხოვნა მე უფალმან”. მდაბალს ყოველგვარი განსაცდელი ჩაუვლის და არ შეეხება. სასუფეველში სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა.

მარხვა ცოდვების სინანულია, როცა საჭმელი არ გახსოვს.

ნუ ზრუნავთ ხორცისთვის, იზრუნეთ სულისთვის, სული გადაირჩინეთ. ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას.

როდესაც საჭმელს ჭამ, უნდა გახსოვდეს მშიერი, მწყურვალი, გაჭირვებული, ამაშია სასუფევლის პოვნა.

ანტიქრისტეს მომხრეები ქუჩაში გახდილნი ივლიან. ქრისტიანები წესიერად ჩაცმულები იქნებიან და ამით განასხვავებთ ერთმანეთისგან. ქალი, მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული – შეჩვენებული იყოსო, წერია სჯულის კანონში. ადამიანის ჩაცმულობა მისი სულიერი მდგომარეობის გამომხატველია.

უფალი სხვის უბედურებას იმიტომ გვიჩვენებს, რათა ილოცოთ მისთთვის, დაეხმაროთ მას. ამით სიყვარულს გვასწავლის.

ქრისტემ ლაზარე აღადგინა და ის გაუჭირდება, რომ მე აღმადგინოს? თქვენ ვერ დამინახავთ, მაგრამ ითხოვეთ ღვთისგან და ლოცვას არ დაგაკლებთ, რომ ღმერთი ყველას შეგეწიოთ.

ვიცი, სადაცაა უფლის ხელთუქმნელი ხატი. მუზეუმში რომ არის ისიც ხელთუქმნელია და იგივე ძალა აქვს. სანამ მუზეუმიდან ამ ხატს არ გამოაბრძანებენ, სანამ აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება ათონიდან, როგორ გაბრწყინდება საქართველო?

სიკეთე ჰქმენით, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე დედამიწაზეა, ანტიქრისტე კარებთან დგას და კი არ აკაკუნებს, შემოგლეჯას ლამობს. თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს, იგი მთელ დედამიწაზე მოინდომებს გამეფებას. დევნა ყველგან იქნება, მაგრამ საქართველოს მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს, მისი წილხვედრია. აქ ნაკლები დევნა იქნება. ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათი ან მეტი იყავით ერთად. ერთმანეთს უნდა შეეშველოთ დევნის დროს. ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდებათ მოვალ და მოგეშველებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ.

ბოლო ჟამს ცაში ნუ დაიწყებთ ყურებას, რამეთუ ისეთი სასწაულები მოხდება, შეცდებით და დაიღუპებით.

ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე.

პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი. უნდა თქვათ ”მამაო ჩვენო” ჯვარი გარდასახოთ, ასხუროთ ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება.

თუ საჭმელს მოიპარავ, ათი მცნება ირღვევა და ბეჭედს ისედაც მიიღებ. მორწმუნე ღმერთის იმედად იქნება. ბოლო ჟამს ისეთ სასწაულებს გაუკეთებს თავის ხალხს, ერთი ფოთოლი ერთ თვეს გეყოფა. მიწაც ხომ არ დაილია, გარდასახავ ჯვარს და პურად გექმნებათ.

ნუ შეგეშინდებათ, მთავარია ანტიქრისტეს ბეჭედი არ დაიდოთ ხელსა და შუბლზე. ნურც იმ კაცის პურს შეჭამ, ვინც ნიშანი დაიდო.

ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვინც კეთილ საქმეებს არ გააკეთებს, არ დაუჯეროთ. საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს.

ზოგი იტყვის ასე მეწერაო. თუ ადამიანს დაღუპვა ეწერა, მაშინ რატომ უნდა განიკითხოს ღმერთმა? ბედისწერას ჩვენთვითონ ვქმნით. ადამიანმა თავისი დაუდევრობით თუ მოუფიქრებლობით სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და გარდაიცვალა, რა შუაშია აქ ბედისწერა?

ღვთის განგებას კაცი ვერ ჩაწვდება. არსებობს დაშვება, ნება და განგება. დაშვებაა, როცა უფალი გვაძლევს თავისუფლებას. ჩვენ ადამიანები, რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ. როცა უფლის ნება შემოდის, ადამიანები განლიგებული, გაშტერებულები ვართ. ამ შემთხვევაში უფალს რაც სურს იმას გვაკეთებინებს. უფლის ნება ყოველთვის მაცხოვნებელია. ღვთის განგებულება მართავს ყოველივეს; ხან ნება მოქმედებს, ხან დაშვება. როდესაც რაიმე საკითხს ვერ წყვეტ და არ იცი როგორ მოიქცე, ღვთის განგებულებას უნდა მიანდო, ილოცო და აღარ იფიქრო მასზე.

ადრე, ცოდვით დაცემამდე, სულს ემორჩილებოდა სამშვინველიც და სხეულიც. ცოდვით დაცემის შემდეგ სულთან კავშირი დაზიანდა და სამშვინველი დაემორჩილა სხეულს. სხეულს რასაც უნდა, იმას აკეთებინებს, სამშვინველი გადაადგილებს სხეულს, სული კი აგონიერებს მას. უფალმა ადამიანის გადასარჩენად სინდისი ჩადო მასში. სული მეცნიერია, ყველაფერი იცის და გრძნობს, რაც სინდისს ეხება. არჩევს რა არის კარგი და რა არის ცუდი. ტყუილად კი არ არის, უცხო ვინმე რომ ჩაგივლის, ხან გიხარია, ხან შეკრთები.

მძიმე ჯვარს ატარებს კათოლიკოს-პატრიარქი, ვინც მას განიკითხავს, თავზე აგუზგუზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის.

როდესაც განიკითხავ სხვას, ესე იგი ღმერთს განიკითხავ. თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, მერე რომ მოინანია და ღმერთმა მიუტევა, შენ დაინახე?

დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები ღმერთს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები. როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას.

მხილება აუცილებელია. განკითხვა სხვა რამ არის. როგორ შეიძლება ცუდ საქციელზე თვალი დახუჭო. იღუმენიამ უნდა მიუთითოს, მათ უნდა შეასრულონ! თუ არ შეასრულებენ, უფალი თვითონ მოჰკითხავს.

ჩვენ კი არ გავიღეთ მოწყალება, ღმერთმა მოიღო ჩვენზე და სიკეთე გაგვაკეთებინა. ასეთი საქმე ღმერთის წყალობა და სიკეთე არის.

რასაც კეთილი საქმისათვის გასცემ, ღმერთი ასწილ მოგიზღვავს.

უსამართლო ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელი.

მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება.

იღუმენობა მარტო ხარისხი კი არ არის, დასამდაბლებელიცაა. ზოგს საცხოვნებლად მიეცემა, ზოგსაც წარსაწყმედელად. თუ იღუმენია სიმდაბლისკენ მიდის – საცხოვნებელია.

ღმერთის წინაშე ყოველი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა. არ არსებობს ცოდვა სინანულს რომ აღემატებოდეს.

უფალი დაამდაბლებს და უფალი აღამაღლებს. როცა თავი ვინმეზე კარგი მგონია, თავზე რკინის რგოლს ვიკეთებ, ფეხშიშველი გამოვდივარ. ხალხი მიყურებს და იცინის, მაშინ ვმდაბლდები, ვხედავ ჩემ თავს, რა ნაგავიც ვარ.

ვინც დაიმდაბლოს თავი, იგი ამაღლდეს.

ჯვარშია მთელი ძალა!

ჯერ ღმერთია მკურნალი, მერე ექიმი. მუშაკი ღირსია სასყიდლისა. რომელი არა ჰმადლობდენ ექიმსა, არა ჰმადლობენ უფალსა. ექიმის ხელი და გონება ღვთისთვის სათნო საქმეს აკეთებს.

წინამძღვის გარეშე ნურაფერს გააკეთებთ. ბრწყინვალედ შემოსილი ანგელოზიც რომ მოვიდეს, არ შეცდეთ და კურთხევა არ შეცვალოთ.

შეიცან შენი უძლურება და უფალი გაგაძლიერებს შენ.

მუცელში ბავშვს ყველაფერი ესმის. ღვთის სიტყვა უთხარით და ისე აღზარდეთ.

ყოველთვის არაა საჭირო ადამიანმა წინასწარ იცოდეს რა მოელის.

იმისთვის ხარ ამ ქვეყანაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი სიკეთე აღასრულო.

საჭმელზე მეტად ადამიანების სიყვარული უნდა გშიოდეს და ღვინოზე მეტად მათი სიყვარული უნდა გწყუროდეს.

ქრისტიანს წუწუნი არ შეჰფერის, რადგან ქრისტემ პირველმა გაიარა გზა დამცირებისა და შემდეგ ამაღლებისა. ეს ყველა მისმა მიმდვარმა უნდა იცოდეს.

ღმერთი უმაღლესი განგებით სცდის ადამიანებს.

შენი განსაცდელი, შენს უსჯულოებაშია. ღმერთს პატიება სთხოვე და ისე ახსენე მისი სახელი.

მონოზვნისთვის მოთმინება უსათნოესი კელაპტარია.

მონასტერში მოსულს, სახარების მიხედვით ცხოვრება მოეთხოვება და იმით ცხონდება. ერის ადამიანი კი ათი მცნების დაცვით ცხონდება.

ღვთის ნების გარეშე, ნამცეცის დაგდებაც კი არ შეუძლია დემონს.

ხშირად შენი თვალით ნანახსაც და შენი ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებ, შეიძლება ერთიც გატყუებდეს და მეორეც.

სიმართლის თქმის უფლება ცოდვილსაც აქვს. ცოდვილმა რომ მისი ცოდვების გამო სიმართლე დამალოს და არ თქვას, მის ცოდვებს ესეც დაემატება და კიდევ უფრო მეტად დაისჯება.

ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს.

საერო გაზეთებში ხატების დაბეჭდვა დიდი დანაშაულია.

ცუდია, როცა ენა წინ გისწრებს, ჭკუა კი უკან გრჩება.

პირობის დარღვევა დიდი ცოდვაა.

მე თქვენ სიყვარულს ღმერთს ავუტან, მე თქვენი სიყვარული სისხლით მოვიპოვე.

ბერ-მონაზონი უბრალოდ უნდა ცხოვრობდეს. უბრალოებაში ღვთის დიდი წყალობაა.

ბერი უნდა იყოს მტკიცე, სიმართლის გამო ყველას აწყენინოს, რადგან სიმართლე თვითონ ღმერთია.

ბერი სიმართლისთვის ისე უნდა იყოს ქრისტეს წინაშე, როგორც მოღრიალე ლომი.

არასოდეს იმართლო თავი, შენი ნებით არაფერი გააკეთო. ყოველი საქმე და გულმოდგინე ლოცვა მსხვერპლივით შესწირე ღმერთს.

შიში მხოლოდ ერთი უნდა გქონდეს – ცოდვების შიში, და სხვა არაფრისა გეშინოდეს.

ყოველი ცოდვა მტრობაა ღმრთისა, ვის ემტერები, არ გეშინია?

ერის ადამიანი როცა ჭამს, უნდა ახსოვდეს მშიერი, გაჭირვებული, უძლური, ამაშია სასუფევლის პოვნა. მონოზონს კი ჭამის დროსაც ლოცვა მოეთხოვება.

ბავშვივით სუფთა, წრფელი და უმანკო უნდა იყო, და არა ბავშვური გონემა გქონდეს.

ბოროტი რომ ადამიანს დაეპატრონება, პირველად გონებას წაართმევს.

სარწმუნოებასთან ერთად სიმტკიცე თუ არა გაქვს, არაფრად ვარგიხარ.

თუ შენ სარწმუნოებას აგინებენ, შენ კი იქ დგახარ და ხმას არ იღებ, ვეჭვობ, ურწმუნოზე უარესი არ იყო.

თუ სარწმუნოების დაცვაა საჭირო და არ იცავ, სული იღუპება. სარწმუნოების გამო თუ მოგკლეს – პირდაპირ შედიხარ სასუფეველში.

როცა იპარავენ, ქურდობის ცოდვაში ვარდებიან. თუ სიწმინდეს იპარავენ, უფრო დიდი ცოდვაა.

თუ ხედავ რაიმეს იპარავენ და არ შეგიძლია წინააღმდეგობის გაწევა, არ ჩაერიო. ილოცე ”მამო ჩვენო”. ქურდობის ცოდვას მკვლელობის ცოდვას ნუ დაამატებინებ. მოყვასზედაც იფიქრე.

ლოცვა მიცვალებულისთვის საჭიროა თვით მლოცველისთვისაც.

როცა ადამიანი ფსიქიურად ვერ არის კარგად და თავს იკლავს, უფალი იწყალებს, ხოლო თუ ადამიანი შეგნებულად იკლავს თავს, მიდის ჯოჯოხეთში. მათ სახელზე კეთილი საქმე უნდა აკეთონ ჭირისუფლებმა, ზოგჯერ ასეთებიც ამოდიან ჯოჯოხეთიდან.

საშინელი განსაცდელი მოელის ყველას, ვინც აბორტს იკეთებს, აკეთებს ან ამის ნებას იძლევა. სანამ დროა უნდა შეინანონ ცოდვები და განუწყვეტლივ ილოცონ ღვთის წინაშე, რომ ჩვილთ მკვლელობის ცოდვა მიეტევოთ.

არასიდეს უღალატოთ ღმერთს. სადაც ღმერთი და სიბრძნეა – განსაცდელი ყოველთვის დიდია. ბოლომდე მოითმინე და თუ შეძლებ ბოლომდე დათმენას, სამოთხის კარი გაგეღება.

თუ ცილი დაგწამეს, სიკეთის წილ ბოროტება მოგიზღეს, გულში ბოროტება არ ჩაიდო, შეუნდე და გიხაროდეს, რადგან ამით რამდენიმე საფეხურით უფალს მიუახლოვდი.

სადაც მეტი მადლია, საჩუქარიც მეტი იქნება.

ადამიან ერთხელ უთხარი, ორჯერ, სამჯერ და თუ ვერ გაიგო, დაანებე თავი.

საქართველო აღდგება, ისე როგორც ლაზარე. სკიპტრა სკიპტრაა და სანამ საქართველოს გვირგვინოსანი მეფე არ ეყოლება, არაფერი გამოვა. საქართველოს მეფე უნდა ჰყავდეს გვირგვინოსანი ბაგრატიონი. ის რა ერია, რომელსაც მეფე არა ჰყავს.

საქართველო უნდა გაბრწყინდეს, მაგრამ დიდი ტანჯვა უნდა გამოიაროს. როცა იტყვიან აი, მორჩა, მაშინ განათლდება და გაბრწყინდება.

ღვთის სახელის ხსენება უმიზეზოდ არ შეიძლება, ხშირად რომ ახსენებ მესამე მცნება ირღვევა.

ღვთის განგების იმედი არასოდეს დაჰკარგო.

ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, ჯერ იმათთვის დაიწყე ლოცვა, მაგალითად შენი შვილებისათვის, როდესაც მათთვის ილოცებ, შემდეგ ილოცე დანარჩენი ოჯახის წევრებისათვის, შემდეგ ყველა თქვენს ირგვლივ მყოფი მეზობლებისათვის, რომ მტერი არ გყავდეს. დალოცე ის ქალაქი, სადაც შენ ცხოვრობ, თბილისი ხომ მარტო არ არის, დალოცე ყველა მცხოვრები, რომელიც საქართველოშია, საქართველო ხომ მარტო არ არის, ირგვლივ სხვა ქვეყნების მცხოვრებლებითაა გარემოცული, სთხოვე ღმერტს, რომ დაამშვიდოს მათი გული, რათა მტრობა ვერ შესძლონ. ახლა, როცა მთელი ქვეყნისთვის ილოცე, ერთი მტერიღა დაგრჩა, იმასაც ნუ გამოტოვებ, ღმერთს სთხოვე აავსოს მისი გული სიკეთით დაგონება – სიბრძნით. აი, ასე შესძლებთ ბოროტებით აღსავსე ადამიანისათვის და თქვენი მტრისთვისაც ლოცვას.

შიშით და მოწიწებით უნდა ილოცო. როცა ლოცულობ, გაიაზრე ვის წინაშე დგახარ, ვის ესაუბრები, ქრისტე უხილავად არის ჩვენთან, სულ არს ღმერთი.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ყველაფერი იქნება ტელევიზიით, ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.

თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ბევრი ლოცვით, არ მოგისმენთ და ლოცვა ცოდვად შეგერაცხებათ.

ყველა ვერ გადარჩება. ვერც მე შეგიწყალო, ვერც უფალმა შეგიწყალოს, შენი თავი შენ თვითონ თუ არ შეიწყალე. ვინც სულს გადაირჩენს და სხვასაც შეეწევა სიტყვით და საქმით, ის ქრისტეს მცნების შემსრულებელია.

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და რაც საქართველოში ხდება, ეს განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდაა. არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ ღვთისმშობელი.

წნიდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან ტელევიზიით გადასცემენ.

ბოლო ჟამს საქართველო გაბრწყინდება, სწორედ ეს გაბრწყინება იქნება რელიგიური აღმავლობა და არა დოლარების ფრიალი, ზოგს რომ ჰგონია. უამრავი მორწმუნე მოიყრის საქართველოში თავს. რაც კომუნისტებმა გააკეთეს, არის შესავალი და ახლა იწყება უფრო მნიშვნელოვანი. ქვეყნის დასაბამიდან ასეთი განსაცდელი არ ყოფილა დედამიწაზე, ეს არის ბოლო. წარმოიდგინე დედა, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს, როგორ გამოკვებოს ეს ხუთი შვილი, თუ ბეჭედი არ მიიღო. ხედავ რამხელა მახეს უგებს ანტიქრისტე ადამიანს? თავდაპირველად იქნება ნებით, მაგრამ როცა გამეფდება და გახდება მსოფლიო მბრძანებელი, აიძულებს ყველას, რომ ეს ბეჭედი მიიღოს; ვინც არ მიიღებს, ასეთ ადამიანებს გამოაცხადებს სამშობლოს მოღალატეებად და ხალხიც უნდა გაიქცეს ტყეში, ათი – თხუთმეტი ერთად, ერთი და ორი ვერ გადარჩება. ასეთ ხალხს სულიწმიდა შეინახავს. რაც არ უნდა მოხდეს ღმერთის იმედი არასოდეს დაკარგო. უფალი მოგცემს სიბრძნეს როგორ მოიქცე.

ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს დაგანახებს.

ილოცეთ ყველასათვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს.

მოგონებები მამა გაბრიელზე

“- მამა გაბრიელ, გვასწავლე რაიმე.

 – კარგი, ახლა სულიწმიდა მოდის და ვინ მიიღებს.

 რამდენიმე წუთში მასთან მათხოვარი შემოვიდა. მათ ყურადღება არ მიაქციეს. ბერი შევიდა თავის სენაკში, გამოუტანა საჭმელი, გამოესაუბრა და გაისტუმრა. შემდეგ მოუტრიალდა მათ და უთხრა:

უგუნურებო, უფალი იყო”.

“- მამა გაბრიელ, მონასტერში სტუმრად ვიყავი, ახლა მივდივარ და დამლოცე.

 – მე წამსვლელებს არ ვლოცავ..

 – რატომ, განა არ შეიძლება ერში ვიყო და მონასტრულად ვიცხოვრო?

– როგორ არ შეიძლება, თუ ტყეში იცხოვრებ და იმ ტყეში მგლები არ იქნებიან.”

“- მამა გაბრიელ, ვინ არის მოყვასი?

-დაბადებული ყველა ადამიანი მოყვასია. მისთვის მიწოდებული ერთი ჭიქა წყალიც კი არ დაგეკარგებათ. უდაბნოში ძაღლი წყურვილისგან კვდებოდა, გზად ბერმა გაიარა. მომაკვდავ ძაღლს თავისთვის შენახული წყალი დაალევინა და გადაარჩინა. ამ დროს ცა გაიხსნა და ხმა მოისმა: ვინც ძაღლი სიკვდილს გადაარჩინა, ყველა ცოდვა მიეტევოს. აბა, რამდენად დიდია თუ ადამიანს გადაარჩენ?”

“- მამაო გაბრიელ, რას ნიშნავს გულით სინანული?

– გულით სინანულია, როდესაც ცოდვას აღსარებაში იტყვი და შენდობის შემდეგ აღარ გაიმეორებ, ე.ი. შეიზიზღე ცოდვა. გულით სინანულის დროს შეიძლება საერთოდ არ წამოგივიდეს ცრემლები. ეს უფრო მეტია, ვიდრე ცრემლად იღვრებოდე და შემდეგ ისევ გაიმეორო იგივე ცოდვა. თუ გულით სინანულს ცრემლებიც დაემატა, ეს ყველაზე კარგია. ცრემლი საერთოდ წმენდს ცოდვებს. ოღონდ ის ყველაფერი ეხება ნებსით ცოდვებს. უნებლიე ცოდვას ვერავინ გაექცევა. ყველაფერი უნდა ითქვას აღსარებაში.”

“ერთხელ მამა გაბრიელმა ჭიქით წყალი მომაწოდა. მე პირდაპირ დავლიე, მან კი მითხრა: “რა ადვილი ყოფილა შენი დაღუპვაო”.

აუცილებელია ყოველ ნივთს, გვაწვდიან თუ ჩვენით ვიღებთ, ჯერ ჯვარი გადავსახოთ, შემდეგ კი ავიღოთ. განსაკუთრებით საჭმელ-სასმელს, რადგან ჯადოს მოქმედების უმეტესი მავნებლობაც ამ გზით ვრცელდება.

ჯვარი ყოველივე ბოროტების დამწველია. რადიაციაც კი ძალას კარგავს საკვებზე ჯვრის გადასახვის შემდეგ. მოწამლულიც რომ მოგაწოდოს ვინმემ მისგანაც დაგიფარავს, მაგრამ თუ შენ წინასწარ იცი რომ მოწამლულია, აუცილებელია ასეთისგან თავი შეიკავო, რომ უფლის გამოცდაში არ ჩაგეთვალოს და არ დაიღუპო.

ნუ მოგერიდებათ, რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გადასახოთ, სადაც არ უნდა იყოთ და ვისგანაც არ უნდა იღებდეთ რამეს. წმინდანს და მორწმუნეს ეს არასოდეს ეწყინება, რადგან ამაში შენს რწმენას დაინახავს. ურწმუნოს აზრი კი შენ არ უნდა გაინტერესებდეს და, თუ მაინც ისეთ სიტუაციაში ხარ, რომ გერიდება ვინმესგან მოწოდებულს ხელით ჯერ ჯვარი გადასახო და შემდეგ გამოართვა, მაშინ თვალით და გონებით მაინც გადასახე ჯვარი შემდეგი სიტყვებით: “სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ.”

“- ღვთის ნება როგორ უნდა გავიგოთ?

 – თქვენ რაში გჭირდებათ ღვთის ნების გამოკვლევა? – უპასუხა მამა გაბრიელმა, – საჭიროების შემთხვევაში უფალი აგასრულებინებთ მას. თქვენ მხოლოდ ათი მცნების დაცვა, აღსარება და ზიარება მოგეთხოვებათ. ღვთის მსახურს კი ეს სჭირდება. გულს უნდა ჰკითხო! რასაც გული დაგაჯერებს, – ღვთის ნებაც ის არის. წმინდანები როცა სთხოვდნენ უფალს, უფალი უჩვენებდა თავის ნებას, ხოლო ღვთის განგებას ვერავინ ჩასწვდება, – მიმართა ერისკაცს.– არსებობს დაშვება, ნება და განგება. დაშვებაა – როცა უფალი გვაძლევს თავისუფლებას და ბოროტნი ძალნი და ჩვენ, ადამიანები, რასაც გვინდა, იმას ვაკეთებთ. როცა უფლის ნება შემოდის, ჩვენ, ადამიანები, და ბოროტნი ძალნი გაშეშებულნი ვართ. ამ შემთხვევაში უფალს რაც სურს, იმას აკეთებს. უფლის ნება ყოველთვის კარგია. უფლის ნება იყო, სოდომი და გომორი რომ დაანგრია. უფალს უნდოდა, ცოდვები აღმოეფხვრა. რაიმე რომ მოხდება, ზოგი იტყვის: “ღვთის ნება იყოო!”კი მაგრამ რა იციან, რომ ღვთის ნება იყო? წმინდანები ხომ არ არიან? შეიძლება ადამიანმა ოცი კაცი მოაქციოს სარწმუნოებაზე, მაგრამ არც ამ დროს უნდა თქვას, “ღვთის ნება იყოო!” იქნებ შენ ღმერთმა იმ დროს ისეთი ძალა მოგცა, რომ ოცი კი არა, ორმოცი კაცი უნდა მოგექცია?! თუ რაიმეს გაკეთებას აპირებ, უნდა თქვა: “იყოს ნება ღვთისა!” ღვთის განგებულება მართავს ყველაფერს, ხან ნებას შემოუშვებს, ხან-დაშვებას და ამიტომ ხდება ასე. ღვთის განგებულებით მიდის ყველაფერი. როდესაც გინდა, რაიმე სიკეთე გააკეთო, მაგრამ არ შეგიძლია და არ იცი, როგორ მოიქცე, ღვთის განგებულებას უნდა მიენდო, – “დაე,იყოს ნება შენი,უფალო!” ძველად, როდესაც რაიმე საკითხს ვერ გადაწყვეტდნენ, ყოველთვის ასე იქცეოდნენ.”

“ძნელი” იყო მამა გაბრიელის გვერით ყოფნა, რაც გულში გქონდა დაფარული, ყველაფერი იცოდა! მით უმეტეს ძნელი იყო ეს მისი მორჩილებისთვის. “ახლა ამასა ფიქრობ ნარიმან, ახლა კი ამასა” – ეუბნებოდა თავის მოწაფეს (შემდგომში მამა ნიკოლოზს). ერთხელაც ნარიმანმა გადაწყვიტა “აღარაფერზე იფიქროს”. ტრაპეზობენ. ნარიმანი მამა გაბრიელის გვერდით ზის და მდუმარებს, როგორც ბაგეებით ისე გონებით. მამა გაბრიელმა ვერ “მოთმინა” მისი საქციელი, მოუბრუნდა, მხარზე ნაზად შეეხო და ტკბილი ხმითა და ღიმილით უთხრა: “ასე არ შეიძლება ნარიმან, რაღაცაზე უნდა იფიქრო!”.

“მამა გაბრიელს კელიაში დიდი ასოებით ეწერა: – ფიქრი და განსჯა გვმართებს ცოდვებზე, სიკვდილზე, განკითხვაზე, ჯოჯოხეთზე, მკვდრეთით აღდგომაზე, სულის უკვდავებაზე, მარადისობაზე, სინანულზე და სასუფეველში დამკვიდრებაზე. “რომელი უყვარან უფალსა, სწავლის და ტანჯის” (ებრ. 12, 6). მისი სიტყვები: “უფალმა ყოველთვის რომ გვამცნოს თუ როგორ ვუყვარვართ, მაშინ “დათვურ” სამსახურს გაგვიწევს. განსაცდელს იმიტომ გვაძლევს ცოდვილთ, რომ გამოვიცადოთ, ვისწავლოთ, განვმტკიცდეთ და ოდეს ცოდვათა ჩენთა გამო განსაცდელთა წინაშე წარვსდგებით – დათმენის, წრთობისა და განწმენდის გზით მადლი ღვთისა გამრავლდება.

ღმერთი დაუსაბამო სიკეთე, დაუსაბამო სიმართლე და სიყვარულია. ვისაც სიმართლე და სიკეთე უყვარს, იმას ღმერთი უყვარს და ღმერთიც ვით საკუთარ შვილს ისე შეიყვარებს მას. ჩვენ, უძლურებს და სუსტებს უფალი ნაკლებად მოგვკითხავს, ძლიერებს კი მეტად”.

“- მამა გაბრიელ, რატომ გაყავს ღმერთს ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან?

– ერთ სოფელში მორწმუნე ქალი ცხოვრობდა, მას შვილი გარდაეცვალა და ღმერთს შესჩივლა: მე შენი სიყვარულისთვის ყველაფერს ვიტანდი, რატომ დამსაჯე? იმ საღამოსვე დედას ხილვა ჰქონდა – ანგელოზებმა წარადგინეს უფალთან. – რა გინდა, რასა მთხოვ? – ჰკითხა უფალმა. – შვილი დამიბრუნეო – შესტირა ქალმა. – გინდა შენი შვილი ნახო? – დედა ვარ და მინდაო. – უპასუხა მან. ანახეთ თავისი შვილიო, გასცა ბრძანება უფალმა. გაიხარა დედამ. ახლა აჩვენეთ მისი შვილი მე რომ არ წამეყვანა, რას ჩაიდენდაო. ეკრანზე ხედავს დედა თავისი შვილის ჩადენილ ცოდვებს, რაც ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩააგდებდა. ქალმა ტირილი დაიწყო და სთხოვა უფალს: დააბრუნე ჩემი შვილი ისევ სამოთხეშიო. მაშინ უფალმა უთხრა: “შენი სიყვარულისა და სიკეთისათვის წამოვიყვანე შენი შვილი და ჩემ გვერდით მყავს, ნუთუ შენ გგონია, რომ მე არ ვიცი, ვინ როდის უნდა წავიყვანო?”

“- ბოროტი კაცი როგორ უნდა შევიყვაროთ?– ჰკითხეს ბერ გაბრიელს.

 – ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის, იქნებ ის ვინც ჩვენ დღეს გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვით და სინანულით განიწმინდოს და ანგელოზთა მსგავსი გახდეს. ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა”.

“მამა გაბრიელისგან ხომ ყველა კურთხევას მუხლმოყრილი, ხელზე ამბორით იღებდა ხოლმე და ერთხელაც ქალაქში შემოგვხვდა, ძალიან გავიხარეთ, მაგრამ წვიმის შემდეგ ისეთი ტალახიან ადგილზე შევხვდით, რომ გადავწყვიტეთ, აქ ნამდვილად ვერ დავიჩოქებდით და კურთხევა ფეხზე დგომით უნდა მიგვეღო. მივუახლოვდით რათა დაველოცეთ, რომ მამა გაბრიელმა ტალახში დაიჩოქა.. აბა მამა გაბრიელმა დაგვიჩოქაო და ჩავცვივდით და ჩავემხეთ ჩვენც ტალახში. დაგვლოცა, შემდეგ კი თვალი ჩაგვიკრა და გვითხრა ერთით ნოლიო!”

“- მამა გაბრიელ, თქვენ არაფერი გიჭამიათ და მიირთვით რამე.

 – რას ამბობ, ახლა ციხეში ვიყავი, პატიმრებს შავი პურისთვის ერთი ამბავი ჰქონდათ, ერთმანეთს ხოცავდნენ, მე როგორ უნდა ვჭამო? ჭამაში მე ნუ მომბაძავ, შენ მწუხრით მწუხრამდე ჭამე. მთელი ცხოვრება მე სულ მშია. ოცი წელი დაყუდებული ვიყავი, წმიდანი წმიდანზე მეცხადებოდა, რას შვრები გაბრიელ, გეყოფაო. აი, ახლა ანდრია სალოსი მეუბნება, ვერ გავიგე გაბრიელ, რას აკეთებო. ხომ ხედავ ანდრია სალოსსაც უკვირს”.

“მამა გაბრიელს ერთხელ შენიშვნა მიუცია მამა ნიკოლოზისთვის, აღმსარებელი ასე მალე როგორ გაუშვი, შენ მისი ცოდვები მასთან ერთად არ გამოგიტირიაო. მონანულს ჯოჯოხეთში უნდა ჩაჰყვე იქ გამოატირებიო მისი ცოდვები და შენდობის ლოცვა მერე უნდა წაუკითხოო. ჰოდა, წმინდანი ის კი არაა, ვინც ჩვენი ცოდვების ტვირთვას გვპირდება, რადგან ეს სიცრუეა.. არამედ ის, ვინც ამ ცოდვებს ჩვენთან ერთად გამოიტირებს და მისგან სამუდამოდ გათავისუფლებაში დაგვეხმარება”.

“ერთხელ, მამა გაბრიელი თავისი კელიის წინ იჯდა. მასთან ორი ვაჟი მოვიდა, კურთხევა აიღეს და მამა გაბრიელის კურთხევით მის მახლობელ ჯორკოებზე ჩამოსხდნენ. მცირე მოკითხვის და საუბრის შემდეგ ერთ-ერთმა ვაჟმა ბერს უთხრა:

ამაო, გთხოვთ, რამე გვასწავლეთ ცხონებისათვის.

მამა გაბრიელმა თავი დაუკრა და საუბარი განაგრძო. 20-25 წუთში მონასტერში გლახაკი კაცი შემოვიდა, ტაძარში შევიდა და მონასტრიდან წასვლა რომ დააპირა, მამა გაბრიელმა გლახაკს თავისთან უხმო. გლახაკი კიბეებზე ამოვიდა, მამა გაბრიელი პატივისცემით შეხვდა და სთხოვა:

– მე კელიაში შევალ და ცოტა ხანს დამელოდეთ.

მამა გაბრიელი კელიაში შევიდა და გლახაკს საჩუქრად ახალი პერანგი და საცვლები გამოუტანა. ცოტა საზრდელიც ჩაულაგა და გულთბილად დაემშვიდობა. გლახაკი, რომ წავიდა მამა გაბრიელი ვაჟებს შეუტრიალდა და უთხრა:

 – აი, ამ გლახაკის სახით, ჩვენთან უფალი იყო მოსული, სიკეთე გაგვაკეთებინა და მადლი მოგვანიჭა. დაიმახსოვრეთ მოყვასნო, თუ კეთილ საქმეებს სიყვარულით არ გააკეთებთ ქრისტეს წინაშე, ტყუილად ნუ იფიქრებთ, რომ ქრისტესნი ხართ”.

გაბრიელ ბერის მონათხრობიდან: 

“ერთხელ გაბრაზებულმა მეზობელმა მეორეს უთხრა: – რა ქრისტესავით ჯვარს მაცვიო!.. 

იქვე ვიდექი. მისმა სიტყვებმა დამაინტერესა და მეზობელს შევეკითხე: – ქრისტე ვინ არის, ან ჯვარს რისთვის აცვეს -მეთქი?!

 – მე არაფერი ვიცი, ისე წამომცდაო, – მიპასუხა.- ჩვენთან ახლოს რომ ეკლესიაა, იქ ნახავ ჯვარცმულ ქრისტეს და იქ გეტყვიან ყველაფერსო.”

ყმაწვილი მაშინვე გაემართა ახლოს მდებარე წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში და იხილა რა დიდი ჯვარცმა, სისასტიკით შეძრწუნებული მოეფერა იესო ქრისტეს და სიყვარულით ჰკითხა: “რისთვის გაცვეს ჯვარსო?” ამ ფაქტს შემთხვევით შესწრებია ეკლესიის დარაჯი, რომელიც განუცვიფრებია ყმაწვილის ტკივილიანი ცრემლით სავსე თვალებს და უთქვამს:

– მაგ ჯვარცმის შესახებ ყველაფერი ქრისტეს ისტორიის წიგნში წერიაო. 

ამის შემდეგ ვასიკოს ფულის შეგროვება დაუწყია. საყიდლებიდან მონარჩენი ხურდა ფულით შვიდი თუმანი შეუგროვებია. 

“იქვე, სახლის მახლობლად, ნავთლუღში, წავედი წიგნის საყიდლად. ყველგან ქრისტეს ისტორიას ვეძებდი, წიგნის ყოველ გამყიდველს ვეკითხებოდი, მაგრამ ისინი უარით მისტუმრებდნენ. დაღონებული უკან ვბრუნდებოდი, როდესაც ვიღაცამ მკითხა, “აქ რას ეძებო?” მოვბრუნდი და თეთრებში ჩაცმული თეთრწვერა კაცი დავინახე. ვუთხარი, “ქრისტეს ცხოვრებაზე წიგნს ვეძებ-მეთქი.” “მე მაქვსო!”-მითხრა. წიგნი ამოიღო და მომაწოდა. ფასი ვკითხე. “შვიდი თუმანიო,”- მიპასუხა. გამეხარდა, ვინაიდან ზუსტად ამდენი მქონდა, არც მეტი, არც ნაკლები. თანხა გადავუხადე, წიგნი გამოვართვი და გახარებული წამოვედი. ცოტა მანძილი რომ გავიარე, დავინახე, წიგნს “სახარება” ეწერა. გავიფიქრე, “მე ქრისტეს ცხოვრების წიგნი მინდოდა, ამას კი “სახარება” აწერია. ხომ არ მომატყუა – მეთქი?!” მივბრუნდი, მაგრამ მოხუცი იქ აღარ დამხვდა.

იქვე მდგომთ შევეკითხე, “აქ წიგნის გამყიდველი ხომ არ გინახავთ-მეთქი?”

– არავინ გვინახავსო! – მიპასუხეს”.

წრფელი გულითა და სუფთა, შეურყვნელი გონებით დაეწაფა ყმაწვილი ღვთის სიტყვას; შეიმეცნა ქრისტეს მოძღვრება ცხოვრების ბოლომდე, სახარების ძალითა და მადლით სიბრძნე ჭეშმარიტებად აქცია, ცოდნა – გამოცდილებად და მორჩილებით ემსახურა მაცხოვარს, “გაბნეულ ცხოვართა” უფლის ეკლესიაში შესაკრებელად მოიცა ძალა რწმენისა, რაზეც ასე მოუწოდებს იესო ადამიანებს: “უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაი, ვითარცა მარცუალი მდოგუისაი, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცუალე ამიერ იქი, და მიიცუალოს, და არარა შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ (მათე 17, 20)”.

“- მამა გაბრიელ, როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც მინდა წმიდანს რაიმე ვთხოვო?

 – როდესაც წმიდანის მოხმობა გინდა, ჯერ წმიდა სამების სახელზე ჯვარი უნდა გამოისახო. შემდეგ ღვთისმშობლის ლოცვა თქვა: “ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ..” შემდეგ სამჯერ მოუხმო იმ წმიდანს, რომელსაც გინდა რაიმე სთხოვო”.

“ერთხელ მამა გაბრიელმა სამთავროს მონასტრის დედებს დაუსვა ასეთი შეკითხვა:

– მითხარით რას ნიშნავს ლოცვა ცოდვად შეერაცხა?

 -ალბათ, არასწორად ილოცა – უპასუხეს დედებმა.

-არა, სწორად ილოცა – უთხრა ბერმა.

 -ალბათ, გულით არ ილოცა..

-არა, გულით ილოცა.

-ალბათ, ლოცვის დროს გონება გაურბოდა..

-მომინდომეთ ახლა თქვენც წმინდანობა, გონებადაფანტულობა რომ არა გქონდეთ.

დედებმა სთხოვეს თვითონვე განემარტა, რას ნიშნავდა ლოცვა ცოდვად შეგერაცხაო.

 – ახლავე გეტყვითო – უპასუხა ბერმა.

ამ დროს შემოვიდა მასთან ერთი მორწმუნე კურთხევის ასაღებად. მამა გაბრიელმა სთხოვა რაღაცის გაკეთება. მან კი უპასუხა: ახლა არ შემიძლია, მერე ვნახოთო.

  ახლა ეგ წავა და ხუთი საათი ილოცებს, მაგრამ ღმერთი მოუსმენს მე რომ არ დამეხმარა?! თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ამდენი ლოცვით, არ მოგისმენთ და ლოცვა ცოდვად შეგერაცხებათ. თუ შენს ლოცვას კეთილი საქმე არ მოსდევს, ასეთი ლოცვა მკვდარია, – უთხრა დედებს მამა გაბრიელმა”.

“მამა გაბრიელი თბილისში, რუსთაველის გამზირზე იჯდა, ხელში ეჭირა ჯვარი და გვერდით ეწყო ხატები. იგი გაბედულად და ხმამაღლა ქადაგებდა ქრისტეს დიდებაზე. მილიციის თანამშრომლებმა მრავალჯერ გააფრთხილეს, გაჩუმებულიყო. რომ არაფერმა გაჭრა, დასვეს მოტოციკლეტზე და წაიყვანეს მილიციაში. ბერმა ამით ისარგებლა, მოტოციკლეტით მსვლელობისას ჯვარი აღმართა და დაიწყო ქადაგება, საკმაოდ ხმამაღლა გაჰკიოდა:

– გიყვარდეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, გიყვარდეთ ჯვარი პატიოსანი…

 გარბოდა მოტოციკლეტი და დროშასავით ფრიალებდა ბერი გაბრიელის მანტია. შეშინებულმა მილიციელებმა ჰკითხეს: რას აკეთებო. ბერმა უპასუხა: მე არაფერს ვაკეთებ, თქვენმა თანამშრომლებმა შემომატარეს მთელი თბილისიო“.

“წინათ, მამები მონასტერში ახალმოსულს ხენეშ სიტყვას ეტყოდნენ, გააბრაზებდნენ. თუკი ახალმოსული დაითმენდა და პასუხს არ შეუბრუნებდა – მონასტრულიაო იტყოდნენ და დატოვებდნენ, ხოლო თუ შეეპასუხებოდა ან გაბრაზდებოდა, უკან გზავნიდნენ – ერშია შენი ადგილი, მონასტერში ყველაზე მთვარი მოთმინებააო. მამა გაბრიელმა თავისი ხელთ აშენებულ ეკლესიას შესასვლელში დიდი ასოებით დააწერა: “მ ო თ მ ი ნ ე ბ ა”.

“ზოგი იტყვის სიყვარული მაქვსო. აბა ვინ მეტყვის რა არის სიყვარული, ვინ ჩასწვდება სიყვარულს?” – დასვამდა შეკითხვას გაბრიელ ბერი და თვითონვე პავლე მოციქულის სიტყვებით განმარტავდა: “სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების” (1 კორ. 13:4). ესაა ნამდვილი სიყვარული, ამაშია ადამიანის ბედნიერება. სიყვარული მთავარია, მაგრამ ამაზე უფრო მთავარია, როგორ ვისწავლოთ ჩვენ ეს სიყვარული. ნურავის ეგონება, სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია. სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ. თუ თავი არ გასწირე ღვთისა და მოყვასისთვის, ისე არაფერი გამოვა. სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე. ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს. ღმერთს უყვარს საქმე. ყველაფერი რომ გქონდეს და სიყვარული არ გაგაჩნდეს, ჩათვალე, რომ არაფერი გაგაჩნია. ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია. შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და მოიპოვოს სიყვარული. სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება. ეგოისტი არაფერს არ გასცემს. ყველაფერი თავისთვის უნდა. მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვჭოს, მაინც არ დაკმაყოფილდება.”

“ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა:

– მარხვა რა არის?

 ეხლავე აგიხსნიო უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები. ყველა ცოდვა გაუხსენა: ეს რომ გააკეთე და ის რომ ჩაიდინეო. შემდგომში ამ ბერმა თქვა: მე სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა. დავვარდი ტირილად და აღარაფერი მახსოვდა. იგი უცებ შეიცვალა, გაღიმებული სახე მიიღო და მითხრა: მოდი, საჭმელი ჭამე და ერთად კარგად მოვილხინოთ.

 მე ვუთხარი, რომ არ შემეძლო, რადგან ძალიან ცუდად გავხდი. მაშინ კი მივიღე დასმულ კითხვაზე სრული პასუხი:

 – აი, ეს არის მარხვა – როდესაც ცოდვების გამო სინანული გაქვს და საჭმელი არ გახსოვს!”

“მამა გაბრიელთნ ორი სექტანტი ქალი (“იეღოველი”) გამოგზავნეს იმ მიზნით, რომ გამოეცადათ მოაქცევდა თუ არა იგი მათ ჭეშმარიტებისაკენ. კელიაში შემოსვლისთანავე მამა გაბრიელმა ტირილი დაიწყო და დიდხანს ტიროდა. ამ ქალებმა ხმა ვერ ამოიღეს. ბოლოს კი ვეღარ მოითმინეს და ტირილის მიზეზი ჰკითხეს. მან მიუგო:

როგორ თუ რა მატირებს! ყველა ქრისტიანისათვის სასუფევლის კარი ღიაა და მე კი ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდივარ. ეს სექტანტები სულ 5 მილიონი არიან დედამიწაზე და ამბობენ 144 ათასი გადავრჩებითო. თან ყველას დაკავებული ჰქონია ადგილი სასუფეველში და მე ვინ შემიშვებს.

ამის გამგონე ქალები დაიბნენ და არ იცოდნენ რა ეთქვათ. გაბრიელ ბერმა მიუთითა შეცდომებზე და მოაქცია ჭეშმარიტებაზე. ბოლოს ისინი მონაზვნებად აღიკვეცნენ“.

“გაბრიელ ბერი თავისი კელიის წინ იდგა. მივედი და ლოცვა-კურთხევა ავიღე. მითხრა: – აქ დამელოდე, სატრაპეზოში შევალ და ეხლავე დავბრუნდები. ფეხი არ მოიცვალო აქედან. ვიდექი და ჩემს პირდაპირ, ზედაზნისა და ჯვრის მონასტრის მთებს ვუყურებდი. ჩემთვის გავიფიქრე:

 – ბოლო ჟამს წმინდანები სასწაულებს აღარ აღასრულებენ, ნეტავ მამა გაბრიელს თუ შეუძლია ეს მთები გადასწიოს ან გადმოსწიოს? რა კარგი იქნება, თუნდაც ჩემი გულისთვის რომ გააკეთოს ეს.

ვერც კი გავიგე, ამ დროს როგორ მოვიდა მამა გაბრიელი. ის ფიქრები გადამავიწყდა და მას შევხედე… მამა გაბრიელი დაჟინებით მიყურებდა და ბოლოს მითხრა: 

 – გინდა, ეხლა მე აი, ამ მთებს ჯვარს გადავსახავ და გადავწევ და ამას შენი გულისთვის გავაკეთებ, გინდა?

 იმ მომენტში ძალიან შემეშინდა და არა, არ მინდა მეთქი ვუთხარი. მან კი განაგრძო:

– მაგრამ რაში გჭირდება შენ ეს? 

გულში გავიფიქრე, რომ მთების გადაწევისას არ დაიმსხვრეს ყველაფერი და ამის გაფიქრებაზე მომიგო:

– ნუ გეშინია, არაფერი დაინგრევა, თუ გინდა, გადავწევ ამ მთებს. აი, პირდაპირ შენს თვალწინ! 

ძალიან შემეშინდა და არ მინდა-მეთქი ვუთხარი. მერე კი თავი ჩავღუნე და მაინც ეჭვი შემეპარა. როცა ავიხედე, მამა გაბრიელი ტიროდა. მითხრა: 

– რატომ არ გჯერა ჩემი? ეს ჩემთვის არაფერია, ღმერთს რომ ვთხოვო, შემისრულებს! ღმერთს არა აქვს დაბრკოლება, იცოდე! სასწაული ის კი არ არის, მთა გადაადგილდება თუ არა, არამედ სასწაული ისაა, როცა ძროხა მწვანე ბალახს ძოვს, რძე კი თეთრია. ნუთუ არ გიკვირს ამოდენა დედამიწა რას უკავია? ეს ხომ საოცრებათა საოცრებაა!”

“ხშირად მართლმადიდებელ მორწმუნეთაგან ისმის კითხვა: ვინ ცხონდება? ვინ წარწყმდება? ჩვენ მტკიცედ, და უეჭველად უნდა გვწამდეს, რომ მართლმადიდებლობაა ერთადერთი მართალი სარწმუნოება. შედარებისათვის ნათქვამია: “მართლმადიდებლები იმ ხომალდში ვზივართ, რომელიც მშვიდობით გადალახავს ოკეანეს, ანუ წუთისოფლის განსაცდელებს, სხვები კი მხოლოდ მხარულით ცდილობენ ამ სიძნელეების გადალახვას“.

მიუხედავად აღნიშნულისა, როგორ შეიძლება, ან სად გაგონილა, რომ ნამდვილი მართლმადიდებელი მორწმუნე ამბობდეს და ამტკიცებდეს, ჩვენ ვცხონდებით, ხოლო კათოლიკები, მუსულმანები, და სხვა სარწმუნოების ადამიანები უკლებლივ ყველანი წარწყმდებიან. როგორ შეიძლება ქვეყნის გამჩენი მილიონობით ადამიანს აჩენდეს და ამრავლებდეს ხსნის გზის გარეშე. მხოლოდ და მხოლოდ ჯოჯოხეთისა და მარადიული ტანჯვისთვის. ერთი წუთით წარმოიდგინე, შენ რომ სტამბოლში დაბადებულიყავი ხსნის გზის გარეშე, რას იტყოდი შემოქმედის მართლმსაჯულების შესახებ?! იქაც ხომ არიან სიკეთისა და სიავის მომქმედნი?! ნუთუ ეს სულერთია?! ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ კეთილს, მონანულს, შემწყალეს და ჭეშმარიტების მაძიებელ ღვთის მოშიშს, სახიერი ღმერთი არ დატოვებს ხსნის გარეშე.

ხშირად კეთილ ადამიანს, ღმერთი ისეთ სასწაულსაც უვლენს, რომ მართლმადიდებლურად ინათლება და ჭეშმარიტი ქრისტიანი ხდება.

სირცხვილია და ცოდვა, როცა ვინმე უსიყვარულოდ, განცდისა და დანანების გარეშე ამტკიცებს -ჩვენ ვცხონდებით სხვაბი კი უკლებლივ წარწყმდება. არათუ ჯანმრთელ ცოცხალ ადამიანზე, არამედ მცოდველ მომაკვდავზეც არ შეიძლება დასკვნის გამოტანა ცხონდება თუ წარწყმდება. უფალი ბრძანებს: “დაღათუ იხილო სიკვდილის პირას მცოდველი ნუ განიკითხავ, არა უწყია როგორ განიკითხება ის”. სხვადასხვაა: ცოდვა-ჯოჯოხეთი, ცხონება-სამოთხე და სასუფეველი. ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ნათლისღების გარეშე, ვისაც ქრისტეს ნათელი არ შეუმოსია ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. მართლმადიდებლებს მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება.

არსებობს წმ. მამათა გამონათქვამი: “სამი რამ გააკვირვებს ცხონებულს სამოთხეში, პირველი როცა ის იქ მოხვდება, მეორე ვისაც იქ ელოდა, რომ ვერ ნახავს და მესამე ვისაც არ ელოდა, მას რომ ნახავს იქ.”

უფალმა შეგვიწყალოს თითოეული ადამიანის განკითხვისაგან, მით უმეტეს მთელი ერისა და ქვეყნისა.”

  …

“მამა გაბრიელს არ მოსწონდა როცა ქართველები სამუშაოდ ან საცხოვრებლად სამშობლოს სტოვებდნენ და სხვა ქვეყნებში მიდიოდნენ.

– ეს განსაცდელი მათთვისაა დაშვებული, ისინი კი ამას გაურბიან, – იტყოდა და დაუმატებდა: – სამშობლოდან ქართველის გაქცევა ღვთისმშობელს ძალიან სწყინს. არ მიატოვოთ საქართველო, არ განგირისხდეთ დედა ღვთისმშობელი. ადამიანი სადაც დაიბადება, იქ გადმოდის მასზე კურთხევა“.

“ერთმა მორწმუნემ ნაირ-ნაირი კერძი მიიტანა ტაძარში, მამა გაბრიელს პანაშვიდის გადახდა სთხოვა მიცვალებულისთვის და მოსახსენიებელი მიაწოდა, სადაც წმინდანთა მშობლების სახელები იყო ჩამოწერილი. მამა გაბრიელმა გადაიხადა პანაშვიდი, მოიხსენია მიცვალებულნი, თუმცა კი არ იცოდა, ვის იხსენიებდა. მეორე დღეს მამა გაბრიელმა უთხრა ამ მორწმუნეს: ეს რა მიყავი, ვისი სახელები მომახსენიებინე, წუხელ წმინდანები მეცხადებოდნენ და მშობელთა მოხსენიებისთვის მადლობას მიხდიდნენო“.

“ერთ კაცს რამდენიმე ადამიანი მიჰყავდა მამა გაბრიელთან და გზაში ეუბნებოდა მათ, რომ წმიდა მამაა და არაფერს ჭამსო. სტუმრები რომ მოვიდნენ, მამა გაბრიელმა ყვირილი დაიწყო და უცნაურ სიტყვებს წარმოთქვამდა. ჯამს ეცა და გაიძახოდა: “დღეს რაღაც მგელივით მომშივდა!” ამ ადამიანებმა ვერ გაუძლეს, ეს ვინ ყოფილაო და წავიდნენ.

 გაბრიელ ბერმა ნაცნობს უთხრა:

– შვილო, ერთი წმინდა მამა იყო და ერთი უგუნური მოწაფე ჰყავდა. მოწაფემ წმინდა ბერი ხალხთან აქო და ადიდა. შემდეგ კი ხალხი ჩაიყვანა და დაუყენა წინ. ამ მოწაფის სახით ბოროტს უნდოდა ბერის ორმოცწლიანი ღვაწლი ერთ წამში წყალში ჩაეყარა”.

“ერთი ძველი მეზღვაური გვეწვია ტაძარში და ასეთი რამ გვიამბო მამა გაბრიელის შესახებ:

იქნებოდა 1993 წელი. გერმანიაში ჩავედი მანქანის შესაძენად და საკმაოდ დამღლელი მგზავრობის შემდგომ, როგორც იქნა, საქართველოს საზღვრები გადმოვლახე. აი უკვე მცხეთაშიც შემოვედი. ბინდდება. უჟმური ამინდია, თოვლჭყაპია. მოულოდნელად ვხედავ, ვიღაც დგას გზის პირას, ჩაცმულობით გლახაკსა წააგავს. გავცდი, არ გავუჩერე. ვფიქრობ ჩემთვის: ”ჩასვი ეხლა ამ ახალ მანქანაში ეს საცოდავი, აგიყროლებს მანქანას…არა, არ გავუჩერებ”. მაგრამ 700-800 მეტრი, რომ გავიარე, სინდისმა ქენჯნა მიყო, მოვაბრუნე მანქანა და უკან დავბრუნდი. ჩავისვი უცნობი. შევხედე და მიჭირს გავარჩიო ჩაცმულობის გამო, გლახაკია თუ სასულიერო პირი, გახამებული, დაკერებული სამოსი აცვია. მიღიმის. ცოტა ხნის შემდეგ მანქანის სალონში ენით აუწერელი კეთილსურნელება შეიგრძნობა. ვფიქრობ: ”საიდან მოდის ასეთი სურნელი? მანქანაში არც სუნამო მაქვს, არც ოდეკოლონი”. – ”რაო, მოყვასო, აგიყროლე მანქანა?” – ღიმილით მეკითხება უცნობი. მივხვდი, ყოველ ჩემს აზრს კითხულობს. ვგრძნობ, ეს კეთილსურნელებაც მისგან მოდის. შიში და გაოცება მიპყრობს ერთდროულად. ვეკითხები სახელს. ”ბერი გაბრიელი ვარ” -მპასუხობს ისიც. საუბარი გაება ჩვენს შორის. დამშვიდობებისას მეუბნება, რომ არცთუ დიდი ხნის შემდეგ მე მის საფლავზე მივალ. ”რა მინდა მე მის საფლავზე, ან რა ვიცი სად დაკრძალავენ?” – ვბუზღუნებ გულში.

გავიდა ორიოდე წელი. მე კვლავ გერმანიაში ვარ მანქანის ჩამოსაყვანად. გამომგზავრების წინ იქ მცხოვრებ ქართველებს ვეცნობი, მორწმუნეები აღმოჩნდნენ. მთხოვენ რაკი საქართველოსკენ მივემგზავრები, მცხეთის დედათა მონასტერში მონასტრისთვის შეწირული ხალიჩები და სხვადასხვა ნივთები ჩავიტანო. მე ვუარობ. ”ამათ ეტყობა არ იციან, რომ საბაჟოზე ამ ნივთების გადასახადი ცალკე უნდა გადავიხადო, მანქანისა კი ცალკე”- ვფიქრობ მე. ”ნივთების გადასახადს ჩვენ გადავიხდით” -თითქოს ხმამაღლა პასუხობენ ისინი ჩემს ფიქრებს. მე უარს ვეუბნები, რამდენადმე შეურაცხყოფილი ხმით. ნივთები კი მომაქვს, მაგრამ გულში ვდრტვინავ. 

მცხეთაში, რომ შემოვედი,უკვე დილის 4 საათი იყო. ჯერაც ბნელოდა. მონასტერს, რომ მივუახლოვდი, ვხედავ, რკინის ჭიშკარი ჯაჭვითაა დაკეტილი და ადევს “კლიტე უხეში”. ავღელდი. ”მშიერ-მწყურვალი, დაქანცული, ვდგევარ დაკეტილ მონასტერთან დილის 4 საათზე. აქ რა მინდა?” – ვფიქრობ გაღიზიანებული. ვიწყებ მთელი ძალით რკინის კარზე რახუნს. მონასტრიდან გამოდის ერთი კაფანდარა მონაზონი. ”გერმანიიდან თქვენთვის რაღაცეები გამომატანეს” – მოვუჭერი მოკლედ, ვიდრე რაიმეს მკითხავდა. ეძახის სხვა მონაზვნებს, მიაქვთ შეწირულობა. ამ მონაზონს კი მონასტრის ეზოში შევყავარ. ბინდ-ბუნდში წესიერად ვერ ვარჩევ სადა ვარ. მაგრამ აი, მოულოდნელად აღმოვაჩენ, რომ საფლავებს შორის მოვდივარ. კიდევ უფრო ვღიზიანდები. ”სად მივყავარ ამას?’.მონაზონი ცდილობს მადლიერება გამოხატოს, მლოცავს და მეუბნება: ”მე თქვენ ისეთ რამეს მოგცემთ, ნამდვილად გაგიხარდებათ, ოჯახში წაიღეთ”. იხრება ერთ-ერთ საფლავზე და ანთებული კანდელიდან პატარა შუშის ჭურჭელში ზეთს მისხამს. ეხლა კი ავფეთქდი. მონაზონი კი, თითქოს არც არაფერი გაეგოს, განაგრძობს: ”ეს ზეთი უბრალო არ გეგონოს, მამა გაბრიელის საფლავიდან გაძლევ, აჰა, მიწაც აიღეთ, რომ იცოდეთ რამდენს უშველა”. მამა გაბრიელის ხსენებაზე მოულოდნელად შევიცვალე, რისხვა განცვიფრებამ შეცვალა. ”ეს ის მამა გაბრიელი ხომ არ არის, მე რომ გავიცანი, დარწმუნებით რომ მეუბნებოდა ჩემს საფლავზე ამოხვალო…ღმერთო ჩემო, ვინ ყოფილა ეს ადამიანი?” მონაზონმა დამიდასტურა, რომ ეს სწორედ იმ გაბრიელ ბერის საფლავი იყო”.

“სიცოცხლის ბოლოს ხანგრძლივი ლოცვა აღარ შეეძლო. მცირე ლოცვა ჰქონდა და ხელაპყრობილი ასე ლოცულობდა:

“ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან გვისმინე, პირი ჩვენკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლე, უფალო შენს წინაშე ლოცვა და შენი წმინდა სჯულის დაცვა, რომ შენდამი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმინდა სჯულით ვიაროთ.”

Comments on: "გაბრიელ ბერის სწავლებანი" (2)

  1. უდიდესი ბერი…

  2. ნათია დიდი მადლობა შენი ლამაზი სამყაროს გაზიარებისთვის. უფალი გწყალობდეთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: