"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

ამაოება…


ვინ ვიყავ? ვინ ვარ ამჟამად? და რად შევიქმნები ხანმოკლე დროის შემდეგ? სად წამიყვან და სად დამადგინებ, დიდებულ ქმნილებას, უკვდავო, თუკიღა არსებობს დიადი ქმნილებათა შორის? ერთდღიანი უმნიშვნელო ქმნილებანი ვართ და ამაოდ ავიმაღლებთ თავს, თუ ჩვენში მარტოოდენ ისაა, ადამიანები რასაც ხედავენ და სხვა არა გაგვაჩნია რა, გარდა დასაღუპავი ცხოვრებისა.

ამ ცხოვრებაში ყოველივე მტვერია, რომელიც თვალებს მივსებს და ღვთიურ სინათლეს სულ უფრო და უფრო განვეშორები… კედელ-კედელ, ხან აქ, ხან იქ – ხელისცეცებით, დავხეტიალობ დიდი ცხოვრების მიღმა. ღვთის თამაშია ადამიანი, გარედან ხელით ქმნული ნიღაბი აქვს აფარებული; ხოლო როდესაც ჩამოხსნილი აქვს, სირცხვილისაგან ვქვავდები, მოულოდნელად ისეთი სხვაგვარი გამოგვეცხადება. ესევითარია საბრალო მოკვდავთა მთელი ცხოვრება…

მე კი, რომელიც ქრისტეს მოვეჭიდები, აროდეს განვეშორები მას, ვიდრეღა შეკრული ვარ ამ მიწისაგანი ცხოვრებით. ჩემში ორგვარი ბუნებაა. სხეული შექმნილია მიწისგან, ამადაცაა მიწისკენ მიდრეკილი. სული კი სუნთქვაა ღვთისა და ამიტომაც ყოველთვის სურს, რომ ზეციურში უკეთესი წილი გააჩნდეს. როგორადაც წყაროსთვალიდან გამომდინარე ნაკადული მირაკრაკებს სწორ დაბლობზე, ხოლო მოგიზგიზე ცეცხლმა მარტოდენ ერთი უცვლელი გზა იცის – ზევით ილტვოდეს: ასევეა ადამიანიც დიდებული; იგი ანგელოზიც კია, როცა გველის პერანგივით სიბერეს განიძარცვავს რა, აღმავა აქედან – ზეცად….

ვინ ვარ მე? საიდან მოველ ამ ცხოვრებაში? და მას შემდეგ, რაც მიწა  თავის    წიაღში    მიმიღებს,   როგორი   აღმოვჩნდები   აღმდგარი მტვრიდან? სად დამაყენებს მაღალი ღმერთი? და აქედან წარტაცებულს, შემიყვანს კია მყუდრო ნავთსაყუდელში? მრავალი გზაა მრავალსალმობიერ ცხოვრებაში და თითოეულზე თავ-თავისი წუხილი გხვდება; არ არის კაცთათვის სიკეთე, რომელსაც ბოროტება არ ერთვოდეს; სიმდიდრე არაა საიმედო; საყდარი – სიზმარას მზვაობრობაა; ქვეშევრდომობა სამძიმოა; სიღატაკე – ბორკილებია; სილამაზე- ელვის ხანმოკლე ციაგია; ახალგაზრდობა – დროებითი დუღილი; ჭაღარა – სიცოცხლის წუხილიანი ჩასვენება; სიტყვები მიფრინავენ; დიდება – კვამლია; კეთილშობილება – ძველი სისხლი; ძალა – ველური ტახის მონაპოვარიცაა; განძღომა სითავხედეა; მეუღლეობა – უღელი; მრავალშვილიერება – გარდაუვალი საზრუნავი; უშვილობა – ავადმყოფობა; სახალხო შეკრებები – მანკიერებათა სასწავლებელი; უმოქმედობა ადუნებს; მოჩვენებითობა მიწაზე მხოხავთ შეჰფერით; სხვისი პური მწარეა; მიწათმოქმედება ძნელია; მეზღვაურთა დიდი ნაწილი დაიღუპა; მამული – საკუთარი ორმოა; სხვისი მხარე – კიცხევაა; მოკვდავთ ყველაფერი უძნელდებათ; ყველაფერი აქაური – სიცილია, ბურუსია, აჩრდილია, მოლანდებაა, ცვარია, სიოა, ბუმბულია, ორთქლია, სიზმარია, ტალღაა, ნაკადულია, ხომალდის კვალია, ქარია, მტვერია, წრეა, მუდავ მბრუნავი, განმაახლებელი ყოველი უწინდელის მსგავსისა, უძრავიცა და ცვალებადიც – წლის დროებში, დღეებში, ღამეებში, შრომაში, სიკვდილში, საზრუნავში, თავშესაქცევში, სნეულებაში, დაცემებში, წარმატებებში.

ყველაფერი არამდგრადია, რათა უცვალებელისადმი სიყვარული შევინარჩუნოთ! ყოველივე მოვვლე მე გონების ფრთებით – ძველიცა და ახალიც; და არაფერია მოკვდავზე უძლური; ერთია მხოლოდ მშვენიერი და მტკიცე ადამიანისთვის; აღიღებს რა ჯვარს, გარდასახლდეს იმიერ. მშვენიერია ცრემლი და ამოოხვრანი, გონება, ღვთიური იმედებით ნასაზრდოები და განწმენდილებთან თანაზიარობაში შესული ზეციური სამების განათებანი. მშვენიერია უგუნური თიხისაგან მიწისა განდრეკა, ჩვენ მიერ ღვთისაგან მიღებული ხატების შეუბღალავად დაცვა. მშვენიერია, იცხოვრო ცხოვრებისადმი გაუცხოებული ცხოვრებით… და ერთ სამყაროს რომ გაცვლი მეორეზე, მოთმინებით გადაიტანო ყველა წუხილი.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: