"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

Archive for აპრილი, 2011

ადამიანი ადამიანისთვის დღეა…


“სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი.. შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ხომ ღამე იყო, ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი.. დამიანი ადამიანისთვის დღეა..”

გ. დოჩანაშვილი

Via Dolorosa…


“ადამიანის მიწიერი ცხოვრების გზა გოლგოთას უკავშირდება. ეს არის გზა ცოდვით დაცემიდან ქრისტემდე. ტანჯვით, ცრემლითა და წუხილით იყო აღსავსე სამოთხიდან გაძევებული ადამის ყოფა. მაცხოვარმა ჯვარზე ვნებით თითოეული ადამიანის ტკივილი და ტანჯვა განიცადა. იშვა მონათა შორის, იცხოვრა ცოდვილთა შორის და დაისაჯა დამნაშავეთა მიერ. უფალი, რომელიც  ,,სულსა თვისსა არა ჰრიდდა ჩვენთვის”, ოცდაათ ვერცხლად შეაფასეს. წყლით ხელდაბანილი პილატე სასიკვდილოდ გადასცემს მსაჯულებს მას, ვინც კაცობრიობას თავისუფლება მიანიჭა წყლითა და  სულიწმიდით..  მეწამული მოსასხამით შემოსეს ის, ვინც უკვდავნი – ზეციური სამოსით შემოსა.. ეკლის გვირგვინით შეამკეს ის, ვინც სასუფევლის გვირგვინითა და უკვდავი სულით  შეამკო თავისი შეურაცხმყოფელები. უფალმა უდიდესი სიმდაბლით მიიღო ყველა ის ტანჯვა და დაცინვა,  რაც ბოროტისაგან დაბრმავებულმა კაცობრიობამ მიაყენა.  მაცხოვარმა შესვა ძმარში არეული ნაღველი, თითოეული  ადამიანის ცოდვით, შხამით აღვსილი  მწარე სასმისი.  სწორედ ასეთი გემო ჰქონდა სამოთხეში აკრძალულ ნაყოფს.. ცისა და მიწის ისტორიაში, ეს იყო უდიდესი ცოდვის დღე.. ასეთი რამ არ ჩაუდენიათ თვით დაცემულ ანგელოზებსაც კი.  ყოველი ვნების, სატანჯველის მიღების შემდეგ, უფალი ამბობს: ,,აღსრულდა”. აღსრულდა  ადამიანის გამარჯვება ბოროტ ძალებზე. გოლგოთაზე სამყარო განაჩენს ელოდა.. ჩვენი სულმადაბლობა განაჩენს ელოდა და განაჩენიც წარმოითქვა.. წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი და ტანჯული მაცხოვრის მიერ: “მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან.” როცა ადამიანებმა დაამთავრეს ღმერთის დაცინვა და მიწყნარდნენ, მაშინ სამყარო ალაპარაკდა, ქვები ალაპარაკდნენ და უფრო მეტი თანაგრძნობა    გამოხატეს    ქრისტეს    ტკივილის   მიმართ,   ვიდრე ადამიანებმა. მზეც კი ალაპარაკდა: დააბნელა ნათება.. სინათლეს შერცხვა იმის, რაც ახარებდათ ადამიანებს. მკვდრებმა საფლავებში გაიგონეს ქრისტეს ხმა და საფლავებიდან წამოდგნენ მაშინ, როცა წამებულ ქრისტესთან, ჯვრის ქვეშ, იდგნენ “ცოცხალი” ადამიანები, ჩამკვდარი სულებით.. ტაძრის კრეტსაბმელი ორად გაიპო, რათა ემხილებინა უსჯულონი, უღმერთონი.. ტიროდა სამყარო.. ყველაფერი თანაუგრძნობდა ჯვარცმულ უფალს, ყველაფერი.. ადამიანის გარდა..

სიმშვიდითა და სიმდაბლით შემოვიდა უფალი ამ წუთისოფელში და გავიდა ისევ მშვიდი და მდაბალი, თავის მტანჯველთათვის მლოცველი.. დღესაც საშინელია ქრისტეს ხვედრი წუთისოფელში. დღესაც იგივეს ვაკეთებთ, ყოველდღე ისევ ჯვარზე ვაკრავთ მაცხოვარს და ძმარსა და ნაღველს ვთავაზობთ ჩვენი ცოდვილი ცხოვრებით.. მაცხოვარმა საკუთარი სისხლისა და ტანჯვის ფასად  გამოისყიდა კაცობრიობა.. ,,რომელმან დადოს სული თვისი ჩემთვის, მან პოვოს იგი” – ამბობს მაცხოვარი და ეს სიტყვები ყოველ მორწმუნეს  სიკეთის ქმნისაკენ, სიყვარულისკენ, უფლის გზაზე სვლისკენ მოუწოდებს..”

თითოეულ ჩვენგანს, ცხოვრების გზაზე,  საკუთარი ჯვარი აქვს სატარებელი, რომელიც ღირსეულად უნდა ატაროს.. გაგვაძლიეროს უფალმა.. შეგვიმსუბუქოს ჯვარი, რომელსაც ვატარებთ.. 

ახდენილი ოცნებები…


ერთ მაღალ გორაკზე, ერთმანეთთან ახლოს, სამი ხე იდგა. ერთ დღეს მათ თავიანთ ოცნებებსა და იმედებზე დაიწყეს საუბარი. პირველმა თქვა: “იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც საგანძურის ყუთი გავხდები. შევინახავ ოქროს, ვერცხლს და სხვა ძვირფას ლითონებს, ვიქნები მორთული ულამაზესი ქვებით და ყველა გაოცდება ჩემი მშვენიერებით”.

მეორემ თქვა: “იმედია ერთ დღესაც გემი გავხდები, მეფეებსა და დედოფლებს მსოფლიოს მოვატარებ.. ჩემთან ყველა უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და დააფასებს ჩემს სიძლიერეს“.

ბოლოს კი მესამე ხემ თქვა: “მსურს, ყველაზე დიდი ხე გავხდე ტყეში. ადამიანები დამინახავენ გორაკის წვერზე, დატკბებიან ჩემი სილამაზით და კაცობრიობას დავამახსოვრდები, როგორც ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ხე ისტორიაში“.

წლების შემდეგ, გორაკს რამოდენიმე ხისმჭრელი მიადგა. ერთს პირველი ხე მოეწონა და მოჭრა. ხე ბედნიერი იყო იმის წარმოდგენით, რომ შეიძლებოდა მისგან საგანძურის ყუთი გაეკეთებინათ. მეორე ხეც მოეწონა ერთ–ერთ ხისმჭრელს და მოჭრა. ისიც ბედნიერი იყო, რადგან იმედი ჰქონდა, რომ შეიძლებოდა მისგან გემი შეექმნათ. როდესაც ხისმჭრელები მესამე ხესთან მივიდნენ, ხემ თავი საშინლად იგრძნო, რადგან ხვდებოდა, რომ თუ მოჭრიდნენ, მისი ოცნება სამუდამოდ გაქრებოდა. ერთ–ერთმა ხისმჭრელმა თქვა: “არ ვიცი ზუსტად რას გავაკეთებ ამ ხისგან, თუმცა მაინც წავიღებ”. ასე რომ, ეს ხეც მოჭრეს..

პირველი ხისგან ცხოველების საკვები ბაგა გააკეთეს – ეს ნამდვილად არ იყო ის, რაზეც იგი მუდამ ოცნებობდა. მეორე ხისგან პატარა სათევზაო ნავი გამოთალეს. მისი ოცნებაც წარსულს ჩაბარდა – ეტარებინა მეფეები და დედოფლები. მესამე ხე კი რამოდენიმე ნაწილად დაჭრეს და ბნელ კუთხეში მიაგდეს.

ერთ დღეს, ერთი ქალი და მამაკაცი მივიდა იმ ადგილას, სადაც პირველი ხისგან გაკეთებული ცხოველთა ბაგა იყო. ქალმა იმ ღამით იმშობიარა და ამ ბაგაში პატარა ბავშვი ჩააწვინეს. ხეს კარგად არ ესმოდა ამ მოვლენის მნიშვნელობა და ვერ ხვდებოდა, რომ მის წიაღში კაცობრიობის ყველაზე დიდი საგანძური იწვა..

წლების შემდეგ ადამიანთა ჯგუფი თევზაობდა ნავით, რომელიც მეორე ხისგან გააკეთეს. ერთ–ერთი მათგანი დაღლილი იყო და ჩაეძინა. უცბად, საშინელი შტორმი ამოვარდა და შეშინებულმა კაცებმა მძინარე გააღვიძეს. კაცი წამოდგა, “მშვიდობა“ – თქვა და ქარიც ჩადგა, ზღვა დაწყნარდა. ნავი მიხვდა, რომ იგი კაცობრიობის ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე დიდ სასწაულს მოესწრო და უმნიშვნელოვანესი მისია შეასრულა, მას ხომ მართლაც სამყაროს მეფე მიჰყავდა..

ბოლოს, მესამე ხეც გაახსენდა ვიღაცას და მისგან ხისგან ჯვარი შეკრეს. ერთ დღეს, ეს ჯვარი ზურგზე მოკიდებული ატარა ერთმა კაცმა, უამრავი ხალხის თვალწინ, მას გზადაგზა სცდემდნენ და დასცინოდნენ. ბოლოს კი სიკვდილმისჯილმა ჯვარი გოლგოთის მთის წვერზე აიტანა და მასზე გააკრეს, უმოწყალოდ აწამეს. ასე აღიმართა მესამე ხე მთის წვერზე და ვერც კი მიხვდა, რომ მას ყველაზე დიდი ღვაწლის ტარების შესაძლებლობა მიეცა. როცა კვირა დღე გათენდა, მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რომ იგი მართლაც ყველაზე ახლოს იყო ღმერთთან, ის ხომ მაცხოვრის ჯვარი იყო..

როდესაც ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს, უნდა გავიხსენოთ, რომ ღმერთს თითოეული ჩვენგანისთვის მხოლოდ საუკეთესო უნდა და თუ მის მფარველ ხელს მივენდობით, აუცილებლად აგვიხდენს ოცნებებს. ამ სამმა ხემ მიიღო ზუსტად ის, რაც სინამდვილეში სურდათ და სჭირდებოდათ, მაგრამ არა იმ გზით, როგორც ეს მათ წარმოედგინათ. ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, თუ რა გეგმა აქვს ღმერთს ჩვენთვის. უბრალოდ, ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მისი გზა ყოველთვის არ ემთხვევა ჩვენ მიერ არჩეულს, თუმცა გზა, რომელსაც იგი გვთავაზობს და მასთან მიგვიყვანს, ყოველთვის საუკეთესოა. ებარებოდეთ უფალს..

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს…


გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, თორემ არ გაგვიფრთხილდება არცერთს ცხოვრება.. ხშირად იმას ვწირავთ და იმას ვტოვებთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა.. გავუფრთხილდეთ სიყვარულს, სანამ ცხოვრება მიდის, თორემ ერთხელაც ის ერთი წავა, რომელიც ქვეყნად ყველას გერჩივნა.. გავუფრთხილდეთ სიტყვებს, სიტყვაა ის, რითაც გული კვდება და ფეთქავს, სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება, რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა.. ვერ ვუფრთხილდებით  ერთმანეთს,  რადგან  არ  გვიფრთხილდება თვითონ ცხოვრება..  სწორედ მას  ვტოვებთ,  სწორედ მას  ვკარგავთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა..

ვედრება..


“უფალო, მასწავლე ლოცვა, რათა ვისმინო შენი ხმა და მომეცი თვალი, რომელიც შენს ნათელს ხედავს.. მინდა გისმინო, რათა მიყვარდეს და სანაცვლოდ არაფერს ველოდე.. ვიყო მადლიერი და არ ვკარგავდე წინსვლის სურვილს.. მქონდეს გულისხმიერება, რომ დავაფასო ადამიანები, რომლებიც მიყვარს.. ვთესო სიკეთე და ვერ შემცვალოს ცივმა ცხოვრებამ.. მქონდეს სიმტკიცე, რათა დავძლიო სევდა და ტკივილი.. გამაჩნდეს მოთმინება, რომ ყოველ განსაცდელს მშვიდად შევეგებო.. ვიყო ბავშვური, რომ არ დავკარგო ოცნების და მომავლის რწმენა.. მქონდეს ძალა, რომ სიყვარულისთვის და ღირსებისთვის ვიცოცხლო.. ვიყო გონიერი, რომ სწორად წავმართო ჩემი ცხოვრება.. ვუსმინო შენს ხმას და მივყვე გზას, რომელიც სამოთხის კართან მიმიყვანს..”

ცხოვრება წიგნს ჰგავს


“ეს ქვეყანა დროებითი საყუდარია სულისა. განსაწმენდელია, სადაც საკუთარ ლეშზე უნდა აღზევდე. არ უნდა ემონო ხორცს, თორემ როცა გაეყრები მონადყოფილს, უიმისობა გაგიჭირდება. ხორცი იგივეა, რაც წიგნისათვის ქაღლადი, ხოლო ეს სული ჭეშმარიტი უნდა იყოს, რომ მარად იცოცხლოს, თორემ მოვა მსაჯული და წიგნს სანაგვეში გადაისვრის…

სოფელიც წიგნს ჰგავს – ზოგი წიგნი ისე მოკლეა, ზოგი კი გრძელია. ზოგი წიგნი ლექსად იკითხვის, ზოგი პროზაა. ზოგი წიგნი მლიქვნელობაა. ზოგი სავსეა სულიერი ჭეშმარიტებით, აბზაც–აბზაც მზე რომ ამოდის. ზოგი სათქმელს პირდაპირ ამბობს, ზოგიც იგავით…

სოფელი წიგნს ჰგავს, წამკითხავნი ჩვენ ვართ სუყველა, წიგნში ვკითხულობთ დიდი სოფლის ამაოებას. ეს სოფელი ზოგს ლექსების წიგნს შემოგვაჩეჩებს, ზოგს მლიქვნელობის, ზოგს სულიერი ჭეშმარიტების. მიდი იკითხე, არჩევანი თითქოს ჩვენზეა, მაგრამ ვაი რომ ხშირად არც არის – ლექსმოწყურებულს, ზოგჯერ ისეთი პროზა დაგხვდება…

ხანდახან ვიტყვი, მოდი ამ წიგნს ჩავკითხავ, რაც არის არის, მეორე წიგნს მერე დავიწყებ, რა მეჩქარება, ჩემ ხელთ არის ეს სამკითხველოო, მაგრამ სოფელი ისე მოკლეა, ბოლომდე მხოლოდ ერთ წიგნს გაკითხებს, დრო აღარ გრჩება ხელმეორედ შემობრუნების. ისე მოკლეა ეს სოფელი, თან ისე გრძელი…

ცეცხლისაგან ნაშობს ცეცხლი წაღებს, წყლისაგან ნაშობი წყლად იქცევა. მტვრისაგან ნაშობი მტვრად იქცევა, დაუბერავს საწუთროს ქარი და კალოზე დაგროვილ ხვავს გაანიავებს. დაგრჩება სული ყოველივე ამის გარეშე – სულის გარდა, ყველაფერი უკუიქცევა …”

გოდერძი ჩოხელი111

უფლისა მიმართ ვილოცოთ..


“უფალო, მოგვეც ძალა, რომ შეგვეძლოს ნათელი მოვფინოთ იქ, სადაც წყვდიადი გამეფებულა, რომ შეგვეძლოს სიხარულის მიტანა იქ, სადაც მწუხარება დამკვიდრებულა, ვეძიოთ არა ის, რომ ვუყვარდეთ სხვას, არამედ ის, რომ გვიყვარდეს ჩვენ. რომ არ ვიყოთ გულცივნი ადამიანებთან და გულგრილნი მათი ტკივილების მიმართ. რომ მოვიპოვოთ სულიერი ძალა იმისა, რომ ყოველივე, რაც კი ჩვენი სურვილის საწინააღმდეგო შეგვემთხვევა, მადლობით მივიღოთ და მთელი გულით ვუთხრათ მადლობა ღმერთს. რომ შევძლოთ ტვირთვა მოყვასის სიმძიმისა. რომ მეყსეულად განვაგდოთ ყოველი ცოდვილი გულისთქმა. რომ შეგვეძლოს სიხარულად ვექცეთ შეჭირვებულს. რომ შეგვეძლოს იმედად ვექცეთ იმედგაცრუებულს. რომ გავთავისუფლდეთ მრისხანებისგან, გულისწყრომისა და საკუთარი ნების გატანის სურვილისაგან. რომ კი არ ვამბობდეთ ყველაფერს, რასაც ვფიქრობთ, არამედ კარგად დავფიქრდეთ, რა უნდა ვთქვათ; რომ სიღრმისეულად შევიგნოთ, რომ ამასოფლიური კეთილდღეობა მსწრაფლწარმავალი და არამდგრადია. რომ იოლად არ ვაპატიოთ საკუთარ თავს უმცირესი შეცდომების დაშვებაც კი, რათა არ დავისაჯოთ მათ გამო. რომ გულისხმავყოთ ის, რომ საუკეთესო საქმიანობა, ყველაზე სასარგებლო შრომა და უმაღლესი მეცადინეობა არის: ყოველგან და ყოველჟამს სიკეთეს ვიქმოდეთ. რათა  არასოდეს  დაგვავიწყდეს  ის,  რომ  „გასაღები“  ჭეშმარიტი ბედნიერებისა და თავისუფლებისა ქრისტეს ჯვარზე არის ჩამოკიდებული. რომ გასაგები გახდეს ჩვენთვის ის, რომ ვინც სხვას იმორჩილებს – ძლიერია, ხოლო ვინც ქრისტესთვის ემორჩილება – ის უძლეველია. რომ ვისწავლოთ, ჯერ ჩვენ თვითონ ავასრულოთ ის, რასაც სხვას ვურჩევთ. რომ ცხოვრების წესად გვექცეს: არ ველოდოთ, რას გაგვიკეთებს სხვა, არამედ ვზრუნავდეთ, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ სხვისთვის. რომ სხვადასხვა განსაცდელისა და სიძნელეების დროს მოვერიდოთ სიტყვას „რატომ?“ („რატომ?“ ნიშნავს, კიდევ ერთი განსაცდელი მოვიწიოთ საკუთარ თავზე). რომ მარადის მთელი გულით ვამბობდეთ: იყავნ ნება შენი, უფალო! რომ არასოდეს ვერეოდეთ სხვის საქმეში. რომ არასოდეს გვავიწყდებოდეს გამუდმებით მოვუხმობდეთ იესო ქრისტეს სახელს, რომ არ გვავიწყდებოდეს მარადიული დანიშნულება ადამიანისა. რომ არ გვავიწყდებოდეს პასუხისმგებლობა ვალდებულებებზე, შრომისმოყვაროების სარგებელი, სიტყვაძუნწობა და არა მრავლისმეტყველება. მოკრძალება და არა საკუთარი თავის წარმოჩენა. თბილი ღიმილი და არა პირქუშობა. განრიდება ყოველივე უსჯულოებისგან. რომ განუწყვეტლივ ვებრძოდეთ დაცემულობას ადამიანისას, ოღონდ ისე, რომ ადამიანს ჭრილობა არ მივაყენოთ. რომ ვიყოთ დაუღალავნი სხვათა შეწევნაში. რომ დაუვიწყარი გახდეს ჩვენთვის უდიდესი კანონი: ცხოვრება არის უწყვეტი მსხვერპლის გაღება. რომ წესად დავიდოთ, სანამ რამეს ვიტყოდეთ, ვკითხოთ  საკუთარ  თავს: „ის,  რაც  უნდა  მთქვათ“: არის  სიმართლე?  არის   სასარგებლო? არის  აუცილებელი?  არის კეთილშობილური? არის ქრისტიანული ნებავს ღმერთს? რომ ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი და შემრიგებელნი ადამიანებთან ურთიერთობისას. რომ გავხდეთ ნამდვილი ბრძენნი (ამისთვის კი საკმარისია, საკუთარი უვიცობის დანახვა). რომ გავხდეთ შემწყნარებელნი და მომთმენნი სხვათა შეცდომების მიმართ. რომ ვიყოთ თავისუფალნი, მაგრამ არა უწესრიგონი. რომ არასოდეს აკლდეს ჩვენს სიტყვებს, ჩვენს ქმედებას და ყოველ ჩვენს ქცევას „მარილი“, მარილი ჭეშმარიტი სიყვარულისა. რომ მივემსგავსოთ ვარდებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ, არამედ მხოლოდ სურნელს აფრქვევენ. რომ სულიერი შფოთისა და მრისხანების ჟამს არაფერს ვამბობდეთ და ვიქმოდეთ, არამედ მხოლოდ ვითმენდეთ და ვლოცულობდეთ. რომ ვიმყოფებოდეთ მარადჟამს სულიერ მღვიძარებაში და გვახსოვდეს, რომ კაცთმოყვარე ღმერთი არ მოითხოვს ჩვენგან იმდენ შრომასა და ღვაწლს ცათა სასუფევლისთვის, რამდენსაც სატანა – ჯოჯოხეთისთვის. უფლისა მიმართ ვილოცოთ. რომ ვხედავდეთ ნათლად: თუ არ მოვკვდით ქრისტესთან, ვერ ვიცხოვრებთ მასთან ერთად. რომ გვჯეროდეს და გვწამდეს, რომ ყველა სხვა გამარჯვებაზე შეუდარებლად აღმატებულია გამარჯვება საკუთარ ეგოიზმზე (საკუთარ თავში ძველ ადამიანზე). რომ ვირწმუნოთ: არ არსებობს „კარი“ დაკეტილი, რომელიც არ იღება სიყვარულით და მოთმინებით. რომ ვისწავლოთ, როგორ გავიღოთ მსხვერპლად რაიმე პირადი დროიდან, რომ სიყვარული იქცეს საქმედ… იქცეს მსხვერპლად… იქცეს ძღვნად… რომ ვისწავლოთ, თუ როგორ ვიცხოვროთ ამა სოფელში ისე, რომ ამა სოფელმა არ იცხოვროს ჩვენში. რომ ჩვენში მხოლოდ ღმრთის სიყვარული სუფევდეს და ვცხოვრობდეთ მისი წმინდა ნების აღსასრულებლად და მოყვასის სიყვარულისთვის. რომ დავინახოთ ჩვენი მდგომარეობა, დავინახოთ სიღრმე ჩვენი სულისა, ჩვენი სულიერი ჭრილობები, თუ როგორ აავსო „სოფელმა“  სული   ჩვენი   უშჯულოებით,   თუ როგორ სავსე  ვართ „ეგოიზმით“ და მაშინ მივხვდებით, რომ სხვათა გამოსწორებას კი არ უნდა ვცდილობდეთ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ სულიერ გაჯანსაღებაზე ვზრუნავდეთ. რომ ჩავწვდეთ არსს იმისას, რომ უდიდესი ბედნიერება მიენიჭება ადამიანს, სხვისთვის ბედნიერების მინიჭების მცდელობისას. რომ სიღრმისეულად შევიმეცნოთ: ჭეშმარიტი სიყვარული ნიშნავს საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებას. რომ მარადის გვახსოვდეს: მონა ქრისტესი ყველაზე თავისუფალი ადამიანია. რომ შევიმეცნოთ, თუ რა არის ნამდვილი „თავისუფლება“. რამეთუ თავისუფლება არ ნიშნავს, შეგეძლოს აკეთო ის, რაც გინდა, რაც მოგეხასიათება, არამედ თავისუფლება არის: შეგეძლოსაკეთო ის, რაც სწორია, რაც ღმერთს უნდა. რომ შევძლოთ სწავლა მოთმინებისა. „რამეთუ მან ვინც ისწავლა მოთმინება, ისწავლა თითქმის ყველაფერი“. რომ შეგვეძლოს ტკივილის ჩვენთვის დატოვება, ხოლო სიხარულის სხვათათვის განაწილება. რომ შევისისხლხორცოთ, რომ მტერი ჩვენი ის კი არ არის, ვისაც ჩვენ ვძულვართ, არამედ მტერი ჩვენი არის ის, რომ: ჩვენ გვძულს. რომ შევძლოთ, ცრემლი მოვწმინდოთ შეჭირვებულს. რომ ჯვარს ვეცვათ იმისთვის, რომ აღვსდგეთ. რომ მოვკვდეთ ამა სოფლისთვის, რათა ვიცხოვროთ ქრისტეში. რომ ვეძიებდეთ არა იმას, რომ ესმოდეთ ჩვენი, არამედ იმას, რომ ჩვენ გვესმოდეს სხვისი. რომ შევიგნოთ, თუ ჯერ კიდევ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვცხოვრობთ, არსობრივად ცხოვრება არ დაგვიწყია… რომ გავინაწილოთ სხვისი მწუხარება და ტკივილი. და თუ ამას მოვახერხებთ, მაშინ მთელ კაცობრიობასთან და მთელ სამყაროსთან ვიქნებით დაკავშირებულნი ერთი საიდუმლო კავშირით – კავშირით სიყვარულისა… ვილოცოთ, რომ ვაქციოთ მდუმარება ქადაგებად, ვილოცოთ, რომ ვიქადაგოთ საკუთარი სიმდაბლით, ვილოცოთ, რომ ვიქცეთ ნათელ მაგალითად ყველასთვის, ვილოცოთ, რომ ყურადღებით მოვეკიდოთ ყოველდღიური ცხოვრების ყოველ წვრილმანსაც კი, რამეთუ ეს უმნიშვნელო წვრილმანები განსაზღვრავენ ხასიათს სრულისას, და წვრილმანების სრულყოფა წვრილმანი კი აღარ არის, არამედ თავად სრულყოფილებაა. ვილოცოთ, რომ ვისწრაფოდეთ სრულყოფილებისკენ, და მთელი ცხოვრება ჩვენი იქცეს ერთ ცოცხალ ქრისტიანულ მაგალითად და დაუცხრომლად ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა – მამასა და ძესა და სულსა წმიდასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!”

ათონელი ბერის ეპისტოლე“-  მიხედვით 

აღსარება


“ერთმა მწირმა წმინდა ადგილების მოლოცვის დროს გაიგო, რომ ერთ-ერთ უდაბნოში მოღვაწეობდა მაღალი სულიერებით გამორჩეული სქემოსანი ბერი, მან გადაწყვიტა სწვეოდა მას და აღსარება ჩაებარებინა. სქემმონაზონმა ის სიყვარულით მიიღო და უთხრა, რომ აღსარება ფურცელზე დაეწერა. მწირმა რამდენიმე დღე დაჰყო სავანეში, ღვთის წინაშე დიდი სინანულით ჩამოწერა თავისი ცოდვები და ბერს მისცა. მან ყურადღებით წაიკითხა აღსარება და უთხრა:

“- შენ, ძმაო, ბევრი რამ ზედმეტი დაგიწერია, შენ ინანიებ ერთსა და იმავე ცოდვებს, რომლებიც უფალმა უკვე მოგიტევა; არ გწამს აღსარების საიდუმლოსი, ამიტომ ხელახლა ამბობ მონანიებულ ცოდვებს. ნუთუ არ გჯერა, რომ შენთვის დაღვრილმა ქრისტეს სისხლმა წარხოცა შენი ცოდვები? საკმარისია მათი ერთხელ მონანიება! გარდა ამისა, ყურადღებას ამახვილებ სხვადასხვა გარემოებებზე, რომელთაც სრულიად არა აქვთ კავშირი შენს ცოდვებთან; დაწვრილებით ყვები გონებრივ ცოდვებზე. ეს არ არის საჭირო, მათი განხილვისას შესაძლოა ხელმეორედ წაიბილწო სული მოგონებებით. შენ ასახელებ სხვადასხვა ადამიანებს; აღსარებაში სახელების დასახელება არ არის საჭირო, ილაპარაკე მხოლოდ საკუთარ თავზე. და ბოლოს, არ გითქვამს ყველაზე მთავარი, რომ შენ არ გიყვარს ღმერთი და რომ შენ არ გიყვარს ადამიანი.”

მწირმა უპასუხა:

“- მამაო, როგორ არ მიყვარს ღმერთი?! მე ხომ მისთვის დავტოვე ყველაფერი და დავეხეტები, როგორც გლახაკი? როგორ არ მწამს სახარებისა, მისი წმინდა სიტყვებისა, მაშ, ვიღასი უნდა მჯეროდეს ამ ქვეყანაზე?! როგორ არ მიყვარს ადამიანები?! მე ხომ მათი მოწყალებით ვცოცხლობ? ყოველი ადამიანი, რომელიც ერთ კაპიკს ან ერთ ლუკმა პურს მაწვდის, ჩემი კეთილისმყოფელია, შიმშილით სიკვდილისაგან მიცავს, როგორ დავაყენო თავი მათზე მაღლა, როცა კონკების გარდა არა გამაჩნია რა?!”

სქემმონაზონმა ამაზე მიუგო:

“- ძმაო, შენ ჯერ კიდევ არ შეგიცვნია შინაგანი სულიერი ცხოვრება, ამიტომ კარგად არ იცნობ შენს გულს და ვერ გაიგე სრულიად, რის შესახებ გელაპარაკები მე. აი, წაიკითხე აღსარება, რომელიც ჩემმა სულიერმა შვილმა მომიტანა ახლახანს”.

მან მისცა მას ფურცელზე დაწერილი აღსარება. მწირმა ხმამაღლა დაიწყო კითხვა:

“ყურადღებით ვსწავლობდი რა ჩემს ცხოვრებას, მივხვდი, რომ სრულიად არ მიყვარს ღმერთი. ვინც მიყვარს, იმის სიყვარულს გულით ვატარებ და ტკბილად ვიხსენებ მის სახელს; ვინც მიყვარს, ის ყოველთვის მახსოვს და ვფიქრობ მასზე, მაგრამ ბევრს ვფიქრობ მე ღმერთზე? ჩემი ფიქრების უმრავლესობა ეხება წარმავალს, ამქვეყნიურ ამაოებას და ცოდვებს. დღეღამეში, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ერთ საათს თუ დავუთმობ ხოლმე ფიქრებს ღმერთზე. როდესაც ღმერთზე ვფიქრობ, ამას უხალისოდ და იძულებით ვაკეთებ; მაგრამ თუ ამ დროს ვინმე ახალ ამბავს მომიტანს, მაშინ ხარბად ვიწოვ თითოეულ სიტყვას. როდესაც სახარებას და წმინდა მამათა წიგნებს ვკითხულობ, მაშინვე მავიწყდება წაკითხული; ახალი ამბები და ჭორები კი მრავალი წლის განმავლობაში მახსოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არ მიყვარს!

ვინც მიყვარს, მასთან სიამოვნებით ვსაუბრობ. დიდი ხნით საუბარიც კი მოკლედ მეჩვენება და შეუმჩნევლად გადის დრო. ლოცვაზე კი გაჭირვებით ვდგები, ძალდატანებით და ლოცვის რამდენიმე წუთი წელიწადად მეჩვენება. სურვილი მიჩნდება სასწრაფოდ მივატოვო ლოცვა და ყოველდღიური საქმეების კეთებას მივყო ხელი. საბაბსაც კი ვეძებ, რომ ჩქარა დავამთავრო ლოცვა, ამიტომ მე ვხედავ, რომ ღმერთი არ მიყვარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სურვილი მექნებოდა ყოველთვის მესაუბრა მასთან, მეფიქრა მასზე.

ვინც მიყვარს, მასთან შეხვედრა მსურს. ტაძარში კი გულგრილად, უხალისოდ მივდივარ; ვერ ვგრძნობ ღვთის სახლში ყოფნას. ესე იგი მე ღმერთი არ მიყვარს. თვით ლოცვის დროსაც კი არ ვფიქრობ ღმერთზე, არამედ რაღაც განყენებულზე და ზოგჯერ, ლოცვის დამთავრების შემდეგ, იმასაც ვეღარ ვხვდები, დილის ლოცვები წავიკითხე თუ საღამოსი. თვით ლოცვისთვის განკუთვნილ დროსაც კი არ ვუძღვნი ღმერთს.

თუ ვინმე გვიყვარს, მის ნება-სურვილს სიამოვნებით ვასრულებთ. უფალმა თქვა: “ვისაც მე ვუყვარვარ, ის ჩემს მცნებებს ასრულებს”. მე რომ ღმერთი მყვარებოდა, მის მცნებებს, ზეპირად ვისწავლიდი და შევეცდებოდი შემესრულებინა ისინი. ახლა კი რომ მკითხო, ღვთის მცნებები რომელიაო, ვერაფერს გიპასუხებთ. ამიტომ მე ვხედავ, რომ ღმერთი არ მიყვარს. როდესაც არჩევანის წინაშე ვდგები, ვიმოქმედო ღვთის ნების მიხედვით თუ ჩემი ავხორცი გულისთქმებით, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი ცოდვების მიხედვით ვმოქმედებ. მაშასადამე, მე ღმერთი არ მიყვარს.

რაც შეეხება ადამიანის სიყვარულს, ვსწავლობდი რა საკუთარ თავს და ჩემს ცხოვრებას, მივხვდი, რომ მე, ჩემი თავის გარდა, არავინ მიყვარს. როდესაც ადამიანი გვიყავრს, მასში მხოლოდ სიკეთეს ვხედავთ. მე კი ადამიანებში ვხედავ ცუდს, ბოროტებას, ვხედავ მათ ცოდვებს. მარტო საკუთარ თავში ვამჩნევ ღირსებას და სიკეთეს, ესე იგი, მე ადამიანები არ მიყვარს. ვინც გვიყვარს, იმის საქციელს ვამართლებთ; მე კი პირიქით, განვიკითხავ ჩემს გარშემო ყველას, როგორც უღირსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ადამიანები არ მიყვარს. ვინც გვიყავრს, მათ ხალისით ვპატიობთ; მე კი წყენას დიდხანს ვერ ვივიწყებ, შესაძლოა, მთელი ცხოვრებაც კი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემში არანაირი სიყვარული არ არის. წმინდა წერილში ნათქვამია: “გიხაროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ და იტირეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან” (რომ. 12, 15). მაგრამ მე, ვიყურები რა ჩემს გულში, ვხედავ, რომ სრულებით არ მიხარია ადამიანთა კეთილდღეობა და ბედნიერება; მე გულგრილი ვარ მათ მიმართ. მაგრამ ამაზე საშინელს ვხედავ ჩემს თავში: ეს ბედნიერება გულის სიღრმეში მწყინს და პირიქით, როცა ადამიანებს უბედურება ეწევათ ხოლმე, მე გარეგნულად თანავუგრძნობ, შინაგანად კი ბოროტად მიხარია. ამიტომ მე მივხვდი, რომ ადამიანები არ მიყვარს; ჩემში არაფერია წმინდა. ჩემი რწმენა მხოლოდ გარეგნულია.

მე რომ მჯეროდეს სახარების სიტყვებისა, ძრწოლით ვიფიქრებდი ჯოჯოხეთზე, ვიბრძოლებდი ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის. ჩემს გაყინულ გულს კი სიკვდილზე და მომავალ ცხოვრებაზე ფიქრი არ ეკარება. მე ვხედავ, როგორ კვდებიან ჩემს გარშემო ადამიანები, მაგრამ ისე ვცხოვრობ, თითქოს მუდამ ვიქნები აქ, ამ ქვეყანაზე. ესე იგი, მე ურწმუნო ვარ, ესე იგი მე არ მეშინია ღვთისა; ბნელი ძალებიც კი, ღვთის მოძულე ძალები ჯოჯოხეთისა, სახარების სიტყვებით, ძრწიან ღვთის წინაშე; მე კი ეს შიშიც არ გამაჩნია, რომელიც ეშმაკს ეძლევა!..

მე არ მაღელვებს ღვთის გაფრთხილება, რომლითაც მსოფლიოს და მე წინასწარმეტყველთა პირით მოგვმართავს უფალი. მე სრულიად უგრძნობი ვარ. თავი მორწმუნე მგონია, მაგრამ ვცხოვრობ ისე, თითქოს ღმერთი არ არსებობდეს; უფრო მეტიც, როდესაც ცოდვის ჩადენა მწყურია და სინდისი მამხილებს, ვცდილობ ჩავკლა, ჩავახშო საკუთარი სინდისის ხმა. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, ღმერთი საერთოდ არ ყოფილიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მე შინაგანად ღვთის მკვლელი ვარ.

მე არ მწამს ღმერთი და არ მიყვარს იგი. წირვაზე დგომისას იმ უწმინდეს წუთებში, როცა სულიწმინდის მადლი მოიცავს ხოლმე ტაძარში მდგომთ, ვხედავ, რომ ამ თვით ანგელოზთათვის საშინელ დროს მე გართული ვარ მანკიერი, ბინძური გულისთქმებითა და მოგონებებით. ტაძარში ყოფნისას ჩემს გულს საღორედ ვაქცევ ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ღმერთი არ მიყვარს. ეს იმას ნიშნავს, რომ არაფერი მწამს წმინდა.

მე სავსე ვარ ამპარტავნებით. გულში ჩემს გარშემო მყოფ ყველა ადამიანზე მაღლა ვაყენებ თავს. რჩეული მგონია საკუთარი თავი. მე ჩემგან კერპი შევქმენი და მხოლოდ მას ვცემ თაყვანს. იმისთვის კი არ ვკითხულობ წმინდა წერილს და წმინდა მამათა შრომებს, რომ აღვასრულო ისინი, არამედ იმისთვის, რომ წმინდა წიგნების შესახებ საუბრისას თავი გამოვიჩინო ადამიანთა წინაშე; ხოლო თუ ერის კაცს შევხვდი, მეშინია განვაცხადო, რომ მორწმუნე ვარ, რათა არ დამცინონ და ფანატიკოსი არ მიწოდონ. პირჯვრის გამოსახვისაც კი მრცხვენია ერის კაცთა წინაშე. ჯვრისა, რომლითაც გადარჩა ადამიანთა მოდგმა. ამიტომ მიმაჩნია, რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ღმერთი არ უყვარს, სძულს ადამიანები, არა სწამს სიწმინდისა და აღსავსეა სატანური ამპარტევნებით”.

შეძრწუნებულმა მწირმა თქვა:

“- მამაო, ნამდვილად მოვინანიე ჩემი შეცოდებანი, მაგრამ ეს ცოდვები ვერ დავინახე საკუთარ გულში. რა გავაკეთო იმისთვის, რომ ღმერთი შევიყვარო?”

სქემმონაზონმა უპასუხა:

“- მთელი ჩემი ცხოვრება ვიღწვი იმისთვის, რომ ღმერთი შევიყვარო. ეს ნიჭი ღვთის მადლით ეძლევა კაცს; მე მხოლოდ რამდენიმე რჩევას მოგცემ: იცი რა არის გამადიდებელი შუშა? მას შეუძლია სინათლის კონცენტრაცია ერთ წერტილში, აიღე და მისი საშუალებით ერთად შეკრიბე მზის სხივები. თუ ამ კონცერნტრირებულ სინათლეს ხეს მიუშვერ, ის თანდათან გაცხელდება და აალდება. ასე გააკეთე შენს გულშიც. იესო ქრისტეს სახელი გულით ატარე, შემდეგ ღვთის სახიერებაზე იფიქრე. იმის შესახებ, რომ შენ ღვთის წყალობის ქვეშ იმყოფები, რომ შენი სიცოცხლის ყოველი დღე – ეს არის ღვთის მიერ შენთვის მოძღვნილი საჩუქარი. სიყვარული მადლიერების გრძნობისაგან იბადება. შემდეგ ყოველდღე იკითხე სახარება: იკითხე იმისთვის, რომ აღასრულო. ყოველ საღამოს იფიქრე იმის შესახებ, როგორ მოიქეცი დღის განმავლობაში, რომელ ცოდვას სძლიე, რომელი მცნება შეასრულე.

თუ გინდა შეიყვარო ადამიანები, ნურასოდეს განიკითხავ მათ; შეეცადე გახსოვდეს, რომ ყოველ მათგანს დაფარული სათნოებები აქვს და თქვი: „ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, ჩემზე უკეთესია“. შენს მტრებს ფარულად მიაგე წყალობა და ყოველთვის ასე ილოცე: “უფალო, მომეცი ძალა შეგიყვარო ისე, როგორც ადრე ცოდვა მიყვარდა…

იოანე ოქროპირის ლოცვაში, რომელსაც ჩვენს საღამოობით ვკითხულობთ ხოლმე, არის სიტყვები, თხოვნა სიყვარულის მინიჭების შესახებ. ჩვენც ვთხოვოთ უფალს:

“უფალო, მომანიჭე მე მადლი, რათა შეგიყვარო შენ;

უფალო, მომანიჭე მე ძალა, რათა შევასრულო ნება შენი;

უფალო, მომანიჭე მე მხნეობა, რათა უარვყო ამპარტავნება ჩემი!”

ამინ!”

არქიმანდრიტი რაფაელი

ბედნიერება…


რატომ გვიჭირს ადამიანებს სიმშვიდსა და ბედნიერებპოვნა? ალბათ იმიტომ, რომ იქ არ ეძებ, სადაც შეიძლება იპოვო... გარეთ კი არა, ჩვენში, ჩვენს სულში, ჩვენს გულში, სადაც, ხშირად, არც კი ვიხედებით... რატომ გვავიწყდება, რომ დედამიწა არის არა ბედნიერების ადგილი, არამედ თავშესაფარი სამოთხიდან დამოდევნილ ცოდვილთა… შრომითა და ღვაწლით აღსავსე გზა, რომელმაც ზეციურ სამშობლოში უნდა დაგვაბრუნოს…და თუ გინდა ბედნიერების პოვნა, შენს სულში ეძებე… ოღონდ, ჯერ ადამიანი უნდა გახდე… ღვთის ხატება…

ღმერთი და ადამიანი


“ღმერთმა ადამიანი ცხონებისათვის შექმნა. ცხოვრებაში არის გადამწყვეტი წუთები, როდესაც მარადიული წარწყმედა ან მარადიული ცხონება უნდა გადაწყდეს. უცნობია ეს საბედისწერო ჟამი როდის დაგვიდგება, ამიტომ მუდმივი სიფხიზლე გვმართებს. როდესაც თავს ბედნიერად ვგრძნობთ, ღმერთი ნაკლებად გვახსოვს, მისი სიტყვები დავიწყებას ეძლევა. მაგრამ საკმარისია უბედურება თავს დაგვატყდეს, რომ უმალ შევღაღადებთ ღმერთს და მას შემწეობას ვთხოვთ. უბედურების ჟამს ღვთის მცნებები თაფლზე უტკბილესი გვეჩვენება, კეთილდღეობის ჟამს კი მწარე, როგორც ნაღველი. იქნებ ასეთ კეთილდღეობას უბედურება სჯობდეს. რა ფასი აქვს ისეთ კეთილდღეობას, თუ ღმერთი დავიწყებას ეძლევა.

ადამიანის გულს შესწევს უნარი, უფრო აღმატებულ სრულყოფილებას მიაღწიოს, ვიდრე მის გონებას ხელეწიფება. ქვეყნიერება სრულყოფილი სიყვარულის მომსწრე არაერთხელ გამხდარა, მაგრამ სრულყოფილი გონიერების ერთი მაგალითიც არ ახსოვს. ზოგიერთნი ამბობენ: თუ ვიხილავთ ქრისტეს ზეცაში, როგორც ღმერთს, ვირწმუნებთ. ასეთი რწმენა დაგვიანებულია. ჩვენ გვმართებს, ვხედავდეთ ქრისტეს, როგორც ღმერთს – დამცირებულ, შეურაცხყოფილ, ნაგვემსა და აბუჩად აგდებულ ადამიანში, კაიაფას ეზოში. იმ მდუმარე, განსჯილ პყრობილში, რომელიც ჰურიებმა უსარგებლოდ მიიჩნიეს და ურცხვად დასცინოდნენ. ესაა რწმენა, რომელიც ზეცაში დაფასდება. ასეთი რწმენისათვისაა მისაგებელი აღდგომა და უკვდავებაა. ამ რწმენამ აღზარდა და ზეცად აღამაღლა ნათელმოსილ სულთა სიმრავლე.

საკმარისია ადამიანმა გული გადაისხვაფეროს, რომ მისი ხვედრი მაშინვე იცვლება. ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ ადამიანის ბედუკუღმართობაზე და მის მიზეზებს კი იშვიათად გამოვიძიებთ. ამ დროს მთავარი მიზეზი გულია. სწორედ ეს გულია, მუდმივად რომ ბორგავს და შფოთავს. თუ გული ცარიელია, ამაოდ ლოცულობენ ბაგენი. ყველა ადამიანური სიკეთე უფლისადმი ან ადამიანისადმი სიყვარულში იღებს დასაბამს. ამ ღვთაებრივ მცნებას უფრო მეტად რომ ჩავუღრმავდეთ, შესაძლოა დაბეჯითებით ითქვას, რომ ცა და მიწა, მთელი სამყარო, მატერიალური და ანგელოზებრივი, მასზეა დამყარებული. ღვთაებრივი სიყვარული, სულიწმიდის მადლით, როგორც კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი, ჩვენს გულებში ისე იღვრება. მირონცხების საიდუმლოს აღსრულების ჟამს, სულიწმიდა ჩვენს გულებს სიყვარულით აღავსებს. ჩვენ თანდათან უგულვებელვყოფთ ამ სიყვარულს, შემცოდენი უფალს განვეშორებით და სულიერ უძლურებაში ვვარდებით. სულიწმიდა, რომელსაც შელახულ ჭურჭელში დარჩენა არ ძალუძს, ჩვენს გულს განეშორება და როდესაც იგი გვტოვებს, ჩვენ სიხარულსა და სიმტკიცეს, მშვიდობასა და სიმხნევეს ვკარგავთ. ვხდებით მწუხარენი, უძლურნი, შეშფოთებულნი.

ყოვლადმოწყალე სული ღვთისა დასნეულებულთ მაინც არ გვტოვებს, მხოლოდ განგვეშორება და საკურნებლად სინანულისა და აღსარების საიდუმლოს გვთავაზობს. როდესაც განვიკურნებით, სულიწმიდა ისევ დამკვიდრდება ჩვენ შორის და ღვთაებრივი სიყვარულით აღგვავსებს. ჩვენ ვეცემით და წამოვდგებით, კვლავ ვეცემით და ისევ აღვემართებით. ამ ცხოვრებაში ჩვენ ხან ნოყიერი ნიადაგი ვართ, ხან მწირი; ხან მონანულნი, ხან უძღები შვილები; ხან აღვსებულნი, ხან დაცარიელებულნი; ხან ნათელში, ხან ბნელში მავალნი. ადამიანი ის არ არის, ვისაც სამარე დაიტევს, არამედ ის, ვისაც თვით სამყაროც ვერ იტევს. 

ღმერთი კი არ განეშორება ადამიანს, პირიქით, ცოდვილი ადამიანი გაურბის მას, ვიდრე ღმერთი მის თვალთახედვას არ მიეფარება. ადამიანი ვიდრე სიტყვით და საქმით შესცოდავდეს, ჯერ ფიქრით სცოდავს. ფიქრი ცოდვის დასაბამია, ყველა დანარჩენი ზნეობრივი შეცოდებანი მისი შედეგია. ამიტომ თავს უცოდველად ნურავინ წარმოაჩენს, რაკი არავინ მოუკლავს, არავინ გაუძარცვავს, არავის შეურაცხყოფს, რომ ცილი არავის დასწამა. ყველა ჩვენგანს სჩვევია შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ფიქრები. გველი შხამიანია არა მხოლოდ იმიტომ რომ გესლავს, იმიტომაც, რომ შინაგანად გესლის მატარებელია.

თუ ისეთი წმინდანი ვერ გახდები, როგორიც იყო ღირსი ანტონი, ხელს მაინც ნუ ჩაიქნევ და ნუ იტყვი: “ჩემგან არაფერი გამოვა”,  ცათა სასუფეველი მხოლოდ მისთვის არ შექმნილა.  გაისარჯე და განამრავლე შენი ტალანტი. “სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან”, (იოანე 14.2) – ბრძანა მაცხოვარმა. და თუ ამ სავანეთაგან უმცირესს მაინც დაიმკვიდრებ, ყველა მეფეზე ბედნიერი იქნები, ვისაც კი ოდესმე ამქვეყნად უცხოვრია. ყველამ შეძლებისდაგვარად იღვაწოს. განსაცდელი ცეცხლია, თივას რომ დაწვავს, ოქროს კი განწმენდს.

ადამიანები ყველაფერს ერთიანად ან აქებენ, ან კიცხავენ. თუმცა ბუნება ყოველ ნაბიჯზე შეახსენებს მათ, რომ შეფასებებსა და დასკვნებში წინდახედულნი და ზომიერნი იყვნენ. ყველაფერი ოქრო როდია, რაც ბრწყინავს და ყველაფერი, რაც შავია, ნახშირი არ არის. ცოდვილი ცოდვილს უფრო იოლად ეგუება, ვიდრე მართალ ადამიანს. ადამიანს სძულს ის, ვის მიმართაც სცოდავს. როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ მისი დაფარული ცოდვა ვიღაცისთვის ცნობილია, მას ფარული მოწმის წინაშე თავდაპირველად შიში მოიცავს. შიში მალე სიძულვილში გადადის, სიძულვილი კი გონებას სავსებით აბნელებს.

რა მალე ივიწყებს ადამიანი თავის უკეთურ საქმეებს, და როგორ არ ჩქარობს დაივიწყოს სხვათა ცდომილება. ნუთუ გახარებს ის, როს გამოც ანგელოზები ტირიან?ჩვენი სარწმუნოება სხვათა ცოდვების გამოძიებას გვიკრძალავს. ულმობელი მსაჯულები ჩვენ საკუთარი თავის მიმართ უნდა ვიყოთ. ჩვენ რომ ვიცოდეთ ყოველდღე და ყოველ საათს რამდენს გვპატიობს ღმერთი და ადამიანები, დარცხვენილები ყველას შევუნდობდით. ნუ გიხარია სხვისი დაცემა, რამეთუ იგი მოყვასია შენი. თუ იგი ცხონების გზას აცდა, ნუ იზეიმებს შენი გული. უფალმა ადამიანი სიცოცხლისთვის შექმნა და მისი წარწყმედა არ უხარია. ნურც შენ გაიხარებ იმით, რის გამოც უფალი დამწუხრებულია.

ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ ადამიანები არ განიკითხა. მამისაგან მათთვის შენდობა გამოითხოვა: “არა იციან რასა იქმან…”, ჩვენც ნურავის განვიკითხავთ, რათა არ განვიკითხნეთ. ვინ არის დარწმუნებული იმაში, რომ სიკვდილამდე იმ ცოდვას არ ჩაიდენს, რისთვისაც მოყვასი განიკითხა?

იქ, სადაც ცოდვილი სიყვარულით და გულთბილი დამოკიდებულებით შეიძლება გამოსწორდეს, გაკიცხვა და სასჯელი უადგილოა. თავდაჯერებული ამტკიცებს, რომ ადამიანებს კარგად იცნობს. იგი ამაოდ ფიქრობს, რომ არასოდეს ცდება. გულთამხილავი უფლის გარდა არავინ უწყის, რა სულისაა ესა თუ ის ადამიანი. ადამიანის შეფასებაში დიდი წმინდანებიც კი ცდებოდნენ.

თუ სიკეთე არ გაგაჩნია, მაშინ შენში ცოდვაა ჩაბუდებული. ერთჭერქვეშ სიკეთისა და ბოროტების თანაცხოვრება შეუძლებელია. ისევე როგორც ნათელი და ბნელი ერთმანეთთან შეუთავსებელია. თუ სინათლე გაუჩინარდა მის ნაცვლად ბნელი დაისადგურებს. სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ენაცვლებიან, მაგრამ მათი თანაარსებობა შეუძლებელია.

ჩვენს შორის იშვიათია ახალგაზრდა, ვისაც ბილწი გულისსიტყვების გარეშე ერთი დღე მაინც გაეტარებინოს; იშვიათია მოხუცი, რომლის ყოველდღიური ფიქრები სიბრძნესთან იყოს ნაზიარები; იშვიათია ქალი, ვისი აზრებიც მთლიანად ქმრისა და შვილების ერთგულებით იყოს განმსჭვალული; იშვიათია ქველმოქმედი, ვისთვისაც უცხოა პატივმოყვარეობა; იშვიათია მწერალი ან ხელოვნების მოღვაწე, განდიდების მანიით რომ არ იყოს შეპყრობილი. 

უფალო მოგვეც სიბრძნე, რათა გულისხმავყოთ ჩვენი ცოდვები და შევინანოთ..

ღმერთი არ არის თანასწორობა, ღმერთი სიყვარულია. უთანასწორობა სამართლიანობის საფუძველია და სიყვარულის მამოძრავებელი. ვიდრე სიყვარული და სიმართლე სუფევს, არავინ ფიქრობს თანასწორობაზე, არავინ დავობს მასზე. როცა სიყვარული დაიშრიტება, ადამიანები სამართლიანობაზე და თანასწორობაზე ფიქრს მაშინ იწყებენ.

სიყვარული ცისა და მიწის უზენაესი კანონია. სიყვარულის მიღმა სხვა კანონი ანგელოზებსაც არ გააჩნიათ. რას ნიშნავს კანონი სიყვარულისთვის, როცა იგი არ სცოდავს, პირიქით ცოდვას ებრძვის. კანონები ცოდვილთათვის იწერება. სიყვარულს სიბრძნე ახლავს და მით ყველა საიდუმლო კარს განაღებს. იგი ძალაა, ცოდვილებს რომ იმორჩილებს, მხეცებს, ეშმაკებსა და მთელ ბუნებას. ღვთის შვილები სიყვარულის შვილები არიან, ცათა სასუფეველი კი სიყვარულის საუფლო.

არაფერია ისე გადამდები, როგორც სიკეთისა და ბოროტების მაგალითები. ჯერ თავად აღასრულე და მერე განსწავლე. ასეთ წესს მისდევდნენ მოციქულები და წმინდანები. ჭეშმარიტება დროს არ ექვემდებარება. იგი არც ძველია და არც ახალი. იგი უცვლელი იყო გუშინ, უცვლელია დღეს, და ხვალაც უცვლელი დარჩება. რას ითხოვს ჩვენგან უფალი? – ჩვენი სული დღითი დღე, წლიდან წლამდე სიკეთისკენ რომ მიილტვოდეს, მხოლოდ კეთილზე ვფიქრობდეთ და სიკეთე გვსურდეს..”

წმ. ნიკოლოზ სერბი, “ღმერთი და ადამიანები”

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: