"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."


“ღმერთმა ადამიანი ცხონებისათვის შექმნა. ცხოვრებაში არის გადამწყვეტი წუთები, როდესაც მარადიული წარწყმედა ან მარადიული ცხონება უნდა გადაწყდეს. უცნობია ეს საბედისწერო ჟამი როდის დაგვიდგება, ამიტომ მუდმივი სიფხიზლე გვმართებს. როდესაც თავს ბედნიერად ვგრძნობთ, ღმერთი ნაკლებად გვახსოვს, მისი სიტყვები დავიწყებას ეძლევა. მაგრამ საკმარისია უბედურება თავს დაგვატყდეს, რომ უმალ შევღაღადებთ ღმერთს და მას შემწეობას ვთხოვთ. უბედურების ჟამს ღვთის მცნებები თაფლზე უტკბილესი გვეჩვენება, კეთილდღეობის ჟამს კი მწარე, როგორც ნაღველი. იქნებ ასეთ კეთილდღეობას უბედურება სჯობდეს. რა ფასი აქვს ისეთ კეთილდღეობას, თუ ღმერთი დავიწყებას ეძლევა.

ადამიანის გულს შესწევს უნარი, უფრო აღმატებულ სრულყოფილებას მიაღწიოს, ვიდრე მის გონებას ხელეწიფება. ქვეყნიერება სრულყოფილი სიყვარულის მომსწრე არაერთხელ გამხდარა, მაგრამ სრულყოფილი გონიერების ერთი მაგალითიც არ ახსოვს. ზოგიერთნი ამბობენ: თუ ვიხილავთ ქრისტეს ზეცაში, როგორც ღმერთს, ვირწმუნებთ. ასეთი რწმენა დაგვიანებულია. ჩვენ გვმართებს, ვხედავდეთ ქრისტეს, როგორც ღმერთს – დამცირებულ, შეურაცხყოფილ, ნაგვემსა და აბუჩად აგდებულ ადამიანში, კაიაფას ეზოში. იმ მდუმარე, განსჯილ პყრობილში, რომელიც ჰურიებმა უსარგებლოდ მიიჩნიეს და ურცხვად დასცინოდნენ. ესაა რწმენა, რომელიც ზეცაში დაფასდება. ასეთი რწმენისათვისაა მისაგებელი აღდგომა და უკვდავებაა. ამ რწმენამ აღზარდა და ზეცად აღამაღლა ნათელმოსილ სულთა სიმრავლე.

საკმარისია ადამიანმა გული გადაისხვაფეროს, რომ მისი ხვედრი მაშინვე იცვლება. ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ ადამიანის ბედუკუღმართობაზე და მის მიზეზებს კი იშვიათად გამოვიძიებთ. ამ დროს მთავარი მიზეზი გულია. სწორედ ეს გულია, მუდმივად რომ ბორგავს და შფოთავს. თუ გული ცარიელია, ამაოდ ლოცულობენ ბაგენი. ყველა ადამიანური სიკეთე უფლისადმი ან ადამიანისადმი სიყვარულში იღებს დასაბამს. ამ ღვთაებრივ მცნებას უფრო მეტად რომ ჩავუღრმავდეთ, შესაძლოა დაბეჯითებით ითქვას, რომ ცა და მიწა, მთელი სამყარო, მატერიალური და ანგელოზებრივი, მასზეა დამყარებული. ღვთაებრივი სიყვარული, სულიწმიდის მადლით, როგორც კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი, ჩვენს გულებში ისე იღვრება. მირონცხების საიდუმლოს აღსრულების ჟამს, სულიწმიდა ჩვენს გულებს სიყვარულით აღავსებს. ჩვენ თანდათან უგულვებელვყოფთ ამ სიყვარულს, შემცოდენი უფალს განვეშორებით და სულიერ უძლურებაში ვვარდებით. სულიწმიდა, რომელსაც შელახულ ჭურჭელში დარჩენა არ ძალუძს, ჩვენს გულს განეშორება და როდესაც იგი გვტოვებს, ჩვენ სიხარულსა და სიმტკიცეს, მშვიდობასა და სიმხნევეს ვკარგავთ. ვხდებით მწუხარენი, უძლურნი, შეშფოთებულნი.

ყოვლადმოწყალე სული ღვთისა დასნეულებულთ მაინც არ გვტოვებს, მხოლოდ განგვეშორება და საკურნებლად სინანულისა და აღსარების საიდუმლოს გვთავაზობს. როდესაც განვიკურნებით, სულიწმიდა ისევ დამკვიდრდება ჩვენ შორის და ღვთაებრივი სიყვარულით აღგვავსებს. ჩვენ ვეცემით და წამოვდგებით, კვლავ ვეცემით და ისევ აღვემართებით. ამ ცხოვრებაში ჩვენ ხან ნოყიერი ნიადაგი ვართ, ხან მწირი; ხან მონანულნი, ხან უძღები შვილები; ხან აღვსებულნი, ხან დაცარიელებულნი; ხან ნათელში, ხან ბნელში მავალნი. ადამიანი ის არ არის, ვისაც სამარე დაიტევს, არამედ ის, ვისაც თვით სამყაროც ვერ იტევს. 

ღმერთი კი არ განეშორება ადამიანს, პირიქით, ცოდვილი ადამიანი გაურბის მას, ვიდრე ღმერთი მის თვალთახედვას არ მიეფარება. ადამიანი ვიდრე სიტყვით და საქმით შესცოდავდეს, ჯერ ფიქრით სცოდავს. ფიქრი ცოდვის დასაბამია, ყველა დანარჩენი ზნეობრივი შეცოდებანი მისი შედეგია. ამიტომ თავს უცოდველად ნურავინ წარმოაჩენს, რაკი არავინ მოუკლავს, არავინ გაუძარცვავს, არავის შეურაცხყოფს, რომ ცილი არავის დასწამა. ყველა ჩვენგანს სჩვევია შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ფიქრები. გველი შხამიანია არა მხოლოდ იმიტომ რომ გესლავს, იმიტომაც, რომ შინაგანად გესლის მატარებელია.

თუ ისეთი წმინდანი ვერ გახდები, როგორიც იყო ღირსი ანტონი, ხელს მაინც ნუ ჩაიქნევ და ნუ იტყვი: “ჩემგან არაფერი გამოვა”,  ცათა სასუფეველი მხოლოდ მისთვის არ შექმნილა.  გაისარჯე და განამრავლე შენი ტალანტი. “სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან”, (იოანე 14.2) – ბრძანა მაცხოვარმა. და თუ ამ სავანეთაგან უმცირესს მაინც დაიმკვიდრებ, ყველა მეფეზე ბედნიერი იქნები, ვისაც კი ოდესმე ამქვეყნად უცხოვრია. ყველამ შეძლებისდაგვარად იღვაწოს. განსაცდელი ცეცხლია, თივას რომ დაწვავს, ოქროს კი განწმენდს.

ადამიანები ყველაფერს ერთიანად ან აქებენ, ან კიცხავენ. თუმცა ბუნება ყოველ ნაბიჯზე შეახსენებს მათ, რომ შეფასებებსა და დასკვნებში წინდახედულნი და ზომიერნი იყვნენ. ყველაფერი ოქრო როდია, რაც ბრწყინავს და ყველაფერი, რაც შავია, ნახშირი არ არის. ცოდვილი ცოდვილს უფრო იოლად ეგუება, ვიდრე მართალ ადამიანს. ადამიანს სძულს ის, ვის მიმართაც სცოდავს. როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ მისი დაფარული ცოდვა ვიღაცისთვის ცნობილია, მას ფარული მოწმის წინაშე თავდაპირველად შიში მოიცავს. შიში მალე სიძულვილში გადადის, სიძულვილი კი გონებას სავსებით აბნელებს.

რა მალე ივიწყებს ადამიანი თავის უკეთურ საქმეებს, და როგორ არ ჩქარობს დაივიწყოს სხვათა ცდომილება. ნუთუ გახარებს ის, როს გამოც ანგელოზები ტირიან?ჩვენი სარწმუნოება სხვათა ცოდვების გამოძიებას გვიკრძალავს. ულმობელი მსაჯულები ჩვენ საკუთარი თავის მიმართ უნდა ვიყოთ. ჩვენ რომ ვიცოდეთ ყოველდღე და ყოველ საათს რამდენს გვპატიობს ღმერთი და ადამიანები, დარცხვენილები ყველას შევუნდობდით. ნუ გიხარია სხვისი დაცემა, რამეთუ იგი მოყვასია შენი. თუ იგი ცხონების გზას აცდა, ნუ იზეიმებს შენი გული. უფალმა ადამიანი სიცოცხლისთვის შექმნა და მისი წარწყმედა არ უხარია. ნურც შენ გაიხარებ იმით, რის გამოც უფალი დამწუხრებულია.

ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ ადამიანები არ განიკითხა. მამისაგან მათთვის შენდობა გამოითხოვა: “არა იციან რასა იქმან…”, ჩვენც ნურავის განვიკითხავთ, რათა არ განვიკითხნეთ. ვინ არის დარწმუნებული იმაში, რომ სიკვდილამდე იმ ცოდვას არ ჩაიდენს, რისთვისაც მოყვასი განიკითხა?

იქ, სადაც ცოდვილი სიყვარულით და გულთბილი დამოკიდებულებით შეიძლება გამოსწორდეს, გაკიცხვა და სასჯელი უადგილოა. თავდაჯერებული ამტკიცებს, რომ ადამიანებს კარგად იცნობს. იგი ამაოდ ფიქრობს, რომ არასოდეს ცდება. გულთამხილავი უფლის გარდა არავინ უწყის, რა სულისაა ესა თუ ის ადამიანი. ადამიანის შეფასებაში დიდი წმინდანებიც კი ცდებოდნენ.

თუ სიკეთე არ გაგაჩნია, მაშინ შენში ცოდვაა ჩაბუდებული. ერთჭერქვეშ სიკეთისა და ბოროტების თანაცხოვრება შეუძლებელია. ისევე როგორც ნათელი და ბნელი ერთმანეთთან შეუთავსებელია. თუ სინათლე გაუჩინარდა მის ნაცვლად ბნელი დაისადგურებს. სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ენაცვლებიან, მაგრამ მათი თანაარსებობა შეუძლებელია.

ჩვენს შორის იშვიათია ახალგაზრდა, ვისაც ბილწი გულისსიტყვების გარეშე ერთი დღე მაინც გაეტარებინოს; იშვიათია მოხუცი, რომლის ყოველდღიური ფიქრები სიბრძნესთან იყოს ნაზიარები; იშვიათია ქალი, ვისი აზრებიც მთლიანად ქმრისა და შვილების ერთგულებით იყოს განმსჭვალული; იშვიათია ქველმოქმედი, ვისთვისაც უცხოა პატივმოყვარეობა; იშვიათია მწერალი ან ხელოვნების მოღვაწე, განდიდების მანიით რომ არ იყოს შეპყრობილი. 

უფალო მოგვეც სიბრძნე, რათა გულისხმავყოთ ჩვენი ცოდვები და შევინანოთ..

ღმერთი არ არის თანასწორობა, ღმერთი სიყვარულია. უთანასწორობა სამართლიანობის საფუძველია და სიყვარულის მამოძრავებელი. ვიდრე სიყვარული და სიმართლე სუფევს, არავინ ფიქრობს თანასწორობაზე, არავინ დავობს მასზე. როცა სიყვარული დაიშრიტება, ადამიანები სამართლიანობაზე და თანასწორობაზე ფიქრს მაშინ იწყებენ.

სიყვარული ცისა და მიწის უზენაესი კანონია. სიყვარულის მიღმა სხვა კანონი ანგელოზებსაც არ გააჩნიათ. რას ნიშნავს კანონი სიყვარულისთვის, როცა იგი არ სცოდავს, პირიქით ცოდვას ებრძვის. კანონები ცოდვილთათვის იწერება. სიყვარულს სიბრძნე ახლავს და მით ყველა საიდუმლო კარს განაღებს. იგი ძალაა, ცოდვილებს რომ იმორჩილებს, მხეცებს, ეშმაკებსა და მთელ ბუნებას. ღვთის შვილები სიყვარულის შვილები არიან, ცათა სასუფეველი კი სიყვარულის საუფლო.

არაფერია ისე გადამდები, როგორც სიკეთისა და ბოროტების მაგალითები. ჯერ თავად აღასრულე და მერე განსწავლე. ასეთ წესს მისდევდნენ მოციქულები და წმინდანები. ჭეშმარიტება დროს არ ექვემდებარება. იგი არც ძველია და არც ახალი. იგი უცვლელი იყო გუშინ, უცვლელია დღეს, და ხვალაც უცვლელი დარჩება. რას ითხოვს ჩვენგან უფალი? – ჩვენი სული დღითი დღე, წლიდან წლამდე სიკეთისკენ რომ მიილტვოდეს, მხოლოდ კეთილზე ვფიქრობდეთ და სიკეთე გვსურდეს..”

წმ. ნიკოლოზ სერბი, “ღმერთი და ადამიანები”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: