"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

აღსარება


“ერთმა მწირმა წმინდა ადგილების მოლოცვის დროს გაიგო, რომ ერთ-ერთ უდაბნოში მოღვაწეობდა მაღალი სულიერებით გამორჩეული სქემოსანი ბერი, მან გადაწყვიტა სწვეოდა მას და აღსარება ჩაებარებინა. სქემმონაზონმა ის სიყვარულით მიიღო და უთხრა, რომ აღსარება ფურცელზე დაეწერა. მწირმა რამდენიმე დღე დაჰყო სავანეში, ღვთის წინაშე დიდი სინანულით ჩამოწერა თავისი ცოდვები და ბერს მისცა. მან ყურადღებით წაიკითხა აღსარება და უთხრა:

“- შენ, ძმაო, ბევრი რამ ზედმეტი დაგიწერია, შენ ინანიებ ერთსა და იმავე ცოდვებს, რომლებიც უფალმა უკვე მოგიტევა; არ გწამს აღსარების საიდუმლოსი, ამიტომ ხელახლა ამბობ მონანიებულ ცოდვებს. ნუთუ არ გჯერა, რომ შენთვის დაღვრილმა ქრისტეს სისხლმა წარხოცა შენი ცოდვები? საკმარისია მათი ერთხელ მონანიება! გარდა ამისა, ყურადღებას ამახვილებ სხვადასხვა გარემოებებზე, რომელთაც სრულიად არა აქვთ კავშირი შენს ცოდვებთან; დაწვრილებით ყვები გონებრივ ცოდვებზე. ეს არ არის საჭირო, მათი განხილვისას შესაძლოა ხელმეორედ წაიბილწო სული მოგონებებით. შენ ასახელებ სხვადასხვა ადამიანებს; აღსარებაში სახელების დასახელება არ არის საჭირო, ილაპარაკე მხოლოდ საკუთარ თავზე. და ბოლოს, არ გითქვამს ყველაზე მთავარი, რომ შენ არ გიყვარს ღმერთი და რომ შენ არ გიყვარს ადამიანი.”

მწირმა უპასუხა:

“- მამაო, როგორ არ მიყვარს ღმერთი?! მე ხომ მისთვის დავტოვე ყველაფერი და დავეხეტები, როგორც გლახაკი? როგორ არ მწამს სახარებისა, მისი წმინდა სიტყვებისა, მაშ, ვიღასი უნდა მჯეროდეს ამ ქვეყანაზე?! როგორ არ მიყვარს ადამიანები?! მე ხომ მათი მოწყალებით ვცოცხლობ? ყოველი ადამიანი, რომელიც ერთ კაპიკს ან ერთ ლუკმა პურს მაწვდის, ჩემი კეთილისმყოფელია, შიმშილით სიკვდილისაგან მიცავს, როგორ დავაყენო თავი მათზე მაღლა, როცა კონკების გარდა არა გამაჩნია რა?!”

სქემმონაზონმა ამაზე მიუგო:

“- ძმაო, შენ ჯერ კიდევ არ შეგიცვნია შინაგანი სულიერი ცხოვრება, ამიტომ კარგად არ იცნობ შენს გულს და ვერ გაიგე სრულიად, რის შესახებ გელაპარაკები მე. აი, წაიკითხე აღსარება, რომელიც ჩემმა სულიერმა შვილმა მომიტანა ახლახანს”.

მან მისცა მას ფურცელზე დაწერილი აღსარება. მწირმა ხმამაღლა დაიწყო კითხვა:

“ყურადღებით ვსწავლობდი რა ჩემს ცხოვრებას, მივხვდი, რომ სრულიად არ მიყვარს ღმერთი. ვინც მიყვარს, იმის სიყვარულს გულით ვატარებ და ტკბილად ვიხსენებ მის სახელს; ვინც მიყვარს, ის ყოველთვის მახსოვს და ვფიქრობ მასზე, მაგრამ ბევრს ვფიქრობ მე ღმერთზე? ჩემი ფიქრების უმრავლესობა ეხება წარმავალს, ამქვეყნიურ ამაოებას და ცოდვებს. დღეღამეში, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ერთ საათს თუ დავუთმობ ხოლმე ფიქრებს ღმერთზე. როდესაც ღმერთზე ვფიქრობ, ამას უხალისოდ და იძულებით ვაკეთებ; მაგრამ თუ ამ დროს ვინმე ახალ ამბავს მომიტანს, მაშინ ხარბად ვიწოვ თითოეულ სიტყვას. როდესაც სახარებას და წმინდა მამათა წიგნებს ვკითხულობ, მაშინვე მავიწყდება წაკითხული; ახალი ამბები და ჭორები კი მრავალი წლის განმავლობაში მახსოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არ მიყვარს!

ვინც მიყვარს, მასთან სიამოვნებით ვსაუბრობ. დიდი ხნით საუბარიც კი მოკლედ მეჩვენება და შეუმჩნევლად გადის დრო. ლოცვაზე კი გაჭირვებით ვდგები, ძალდატანებით და ლოცვის რამდენიმე წუთი წელიწადად მეჩვენება. სურვილი მიჩნდება სასწრაფოდ მივატოვო ლოცვა და ყოველდღიური საქმეების კეთებას მივყო ხელი. საბაბსაც კი ვეძებ, რომ ჩქარა დავამთავრო ლოცვა, ამიტომ მე ვხედავ, რომ ღმერთი არ მიყვარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სურვილი მექნებოდა ყოველთვის მესაუბრა მასთან, მეფიქრა მასზე.

ვინც მიყვარს, მასთან შეხვედრა მსურს. ტაძარში კი გულგრილად, უხალისოდ მივდივარ; ვერ ვგრძნობ ღვთის სახლში ყოფნას. ესე იგი მე ღმერთი არ მიყვარს. თვით ლოცვის დროსაც კი არ ვფიქრობ ღმერთზე, არამედ რაღაც განყენებულზე და ზოგჯერ, ლოცვის დამთავრების შემდეგ, იმასაც ვეღარ ვხვდები, დილის ლოცვები წავიკითხე თუ საღამოსი. თვით ლოცვისთვის განკუთვნილ დროსაც კი არ ვუძღვნი ღმერთს.

თუ ვინმე გვიყვარს, მის ნება-სურვილს სიამოვნებით ვასრულებთ. უფალმა თქვა: “ვისაც მე ვუყვარვარ, ის ჩემს მცნებებს ასრულებს”. მე რომ ღმერთი მყვარებოდა, მის მცნებებს, ზეპირად ვისწავლიდი და შევეცდებოდი შემესრულებინა ისინი. ახლა კი რომ მკითხო, ღვთის მცნებები რომელიაო, ვერაფერს გიპასუხებთ. ამიტომ მე ვხედავ, რომ ღმერთი არ მიყვარს. როდესაც არჩევანის წინაშე ვდგები, ვიმოქმედო ღვთის ნების მიხედვით თუ ჩემი ავხორცი გულისთქმებით, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი ცოდვების მიხედვით ვმოქმედებ. მაშასადამე, მე ღმერთი არ მიყვარს.

რაც შეეხება ადამიანის სიყვარულს, ვსწავლობდი რა საკუთარ თავს და ჩემს ცხოვრებას, მივხვდი, რომ მე, ჩემი თავის გარდა, არავინ მიყვარს. როდესაც ადამიანი გვიყავრს, მასში მხოლოდ სიკეთეს ვხედავთ. მე კი ადამიანებში ვხედავ ცუდს, ბოროტებას, ვხედავ მათ ცოდვებს. მარტო საკუთარ თავში ვამჩნევ ღირსებას და სიკეთეს, ესე იგი, მე ადამიანები არ მიყვარს. ვინც გვიყვარს, იმის საქციელს ვამართლებთ; მე კი პირიქით, განვიკითხავ ჩემს გარშემო ყველას, როგორც უღირსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ადამიანები არ მიყვარს. ვინც გვიყავრს, მათ ხალისით ვპატიობთ; მე კი წყენას დიდხანს ვერ ვივიწყებ, შესაძლოა, მთელი ცხოვრებაც კი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემში არანაირი სიყვარული არ არის. წმინდა წერილში ნათქვამია: “გიხაროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ და იტირეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან” (რომ. 12, 15). მაგრამ მე, ვიყურები რა ჩემს გულში, ვხედავ, რომ სრულებით არ მიხარია ადამიანთა კეთილდღეობა და ბედნიერება; მე გულგრილი ვარ მათ მიმართ. მაგრამ ამაზე საშინელს ვხედავ ჩემს თავში: ეს ბედნიერება გულის სიღრმეში მწყინს და პირიქით, როცა ადამიანებს უბედურება ეწევათ ხოლმე, მე გარეგნულად თანავუგრძნობ, შინაგანად კი ბოროტად მიხარია. ამიტომ მე მივხვდი, რომ ადამიანები არ მიყვარს; ჩემში არაფერია წმინდა. ჩემი რწმენა მხოლოდ გარეგნულია.

მე რომ მჯეროდეს სახარების სიტყვებისა, ძრწოლით ვიფიქრებდი ჯოჯოხეთზე, ვიბრძოლებდი ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის. ჩემს გაყინულ გულს კი სიკვდილზე და მომავალ ცხოვრებაზე ფიქრი არ ეკარება. მე ვხედავ, როგორ კვდებიან ჩემს გარშემო ადამიანები, მაგრამ ისე ვცხოვრობ, თითქოს მუდამ ვიქნები აქ, ამ ქვეყანაზე. ესე იგი, მე ურწმუნო ვარ, ესე იგი მე არ მეშინია ღვთისა; ბნელი ძალებიც კი, ღვთის მოძულე ძალები ჯოჯოხეთისა, სახარების სიტყვებით, ძრწიან ღვთის წინაშე; მე კი ეს შიშიც არ გამაჩნია, რომელიც ეშმაკს ეძლევა!..

მე არ მაღელვებს ღვთის გაფრთხილება, რომლითაც მსოფლიოს და მე წინასწარმეტყველთა პირით მოგვმართავს უფალი. მე სრულიად უგრძნობი ვარ. თავი მორწმუნე მგონია, მაგრამ ვცხოვრობ ისე, თითქოს ღმერთი არ არსებობდეს; უფრო მეტიც, როდესაც ცოდვის ჩადენა მწყურია და სინდისი მამხილებს, ვცდილობ ჩავკლა, ჩავახშო საკუთარი სინდისის ხმა. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, ღმერთი საერთოდ არ ყოფილიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მე შინაგანად ღვთის მკვლელი ვარ.

მე არ მწამს ღმერთი და არ მიყვარს იგი. წირვაზე დგომისას იმ უწმინდეს წუთებში, როცა სულიწმინდის მადლი მოიცავს ხოლმე ტაძარში მდგომთ, ვხედავ, რომ ამ თვით ანგელოზთათვის საშინელ დროს მე გართული ვარ მანკიერი, ბინძური გულისთქმებითა და მოგონებებით. ტაძარში ყოფნისას ჩემს გულს საღორედ ვაქცევ ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ღმერთი არ მიყვარს. ეს იმას ნიშნავს, რომ არაფერი მწამს წმინდა.

მე სავსე ვარ ამპარტავნებით. გულში ჩემს გარშემო მყოფ ყველა ადამიანზე მაღლა ვაყენებ თავს. რჩეული მგონია საკუთარი თავი. მე ჩემგან კერპი შევქმენი და მხოლოდ მას ვცემ თაყვანს. იმისთვის კი არ ვკითხულობ წმინდა წერილს და წმინდა მამათა შრომებს, რომ აღვასრულო ისინი, არამედ იმისთვის, რომ წმინდა წიგნების შესახებ საუბრისას თავი გამოვიჩინო ადამიანთა წინაშე; ხოლო თუ ერის კაცს შევხვდი, მეშინია განვაცხადო, რომ მორწმუნე ვარ, რათა არ დამცინონ და ფანატიკოსი არ მიწოდონ. პირჯვრის გამოსახვისაც კი მრცხვენია ერის კაცთა წინაშე. ჯვრისა, რომლითაც გადარჩა ადამიანთა მოდგმა. ამიტომ მიმაჩნია, რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ღმერთი არ უყვარს, სძულს ადამიანები, არა სწამს სიწმინდისა და აღსავსეა სატანური ამპარტევნებით”.

შეძრწუნებულმა მწირმა თქვა:

“- მამაო, ნამდვილად მოვინანიე ჩემი შეცოდებანი, მაგრამ ეს ცოდვები ვერ დავინახე საკუთარ გულში. რა გავაკეთო იმისთვის, რომ ღმერთი შევიყვარო?”

სქემმონაზონმა უპასუხა:

“- მთელი ჩემი ცხოვრება ვიღწვი იმისთვის, რომ ღმერთი შევიყვარო. ეს ნიჭი ღვთის მადლით ეძლევა კაცს; მე მხოლოდ რამდენიმე რჩევას მოგცემ: იცი რა არის გამადიდებელი შუშა? მას შეუძლია სინათლის კონცენტრაცია ერთ წერტილში, აიღე და მისი საშუალებით ერთად შეკრიბე მზის სხივები. თუ ამ კონცერნტრირებულ სინათლეს ხეს მიუშვერ, ის თანდათან გაცხელდება და აალდება. ასე გააკეთე შენს გულშიც. იესო ქრისტეს სახელი გულით ატარე, შემდეგ ღვთის სახიერებაზე იფიქრე. იმის შესახებ, რომ შენ ღვთის წყალობის ქვეშ იმყოფები, რომ შენი სიცოცხლის ყოველი დღე – ეს არის ღვთის მიერ შენთვის მოძღვნილი საჩუქარი. სიყვარული მადლიერების გრძნობისაგან იბადება. შემდეგ ყოველდღე იკითხე სახარება: იკითხე იმისთვის, რომ აღასრულო. ყოველ საღამოს იფიქრე იმის შესახებ, როგორ მოიქეცი დღის განმავლობაში, რომელ ცოდვას სძლიე, რომელი მცნება შეასრულე.

თუ გინდა შეიყვარო ადამიანები, ნურასოდეს განიკითხავ მათ; შეეცადე გახსოვდეს, რომ ყოველ მათგანს დაფარული სათნოებები აქვს და თქვი: „ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, ჩემზე უკეთესია“. შენს მტრებს ფარულად მიაგე წყალობა და ყოველთვის ასე ილოცე: “უფალო, მომეცი ძალა შეგიყვარო ისე, როგორც ადრე ცოდვა მიყვარდა…

იოანე ოქროპირის ლოცვაში, რომელსაც ჩვენს საღამოობით ვკითხულობთ ხოლმე, არის სიტყვები, თხოვნა სიყვარულის მინიჭების შესახებ. ჩვენც ვთხოვოთ უფალს:

“უფალო, მომანიჭე მე მადლი, რათა შეგიყვარო შენ;

უფალო, მომანიჭე მე ძალა, რათა შევასრულო ნება შენი;

უფალო, მომანიჭე მე მხნეობა, რათა უარვყო ამპარტავნება ჩემი!”

ამინ!”

არქიმანდრიტი რაფაელი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Tag Cloud

%d bloggers like this: