“ადამიანის მიწიერი ცხოვრების გზა გოლგოთას უკავშირდება. ეს არის გზა ცოდვით დაცემიდან ქრისტემდე. ტანჯვით, ცრემლითა და წუხილით იყო აღსავსე სამოთხიდან გაძევებული ადამის ყოფა. მაცხოვარმა ჯვარზე ვნებით თითოეული ადამიანის ტკივილი და ტანჯვა განიცადა. იშვა მონათა შორის, იცხოვრა ცოდვილთა შორის და დაისაჯა დამნაშავეთა მიერ. უფალი, რომელიც ,,სულსა თვისსა არა ჰრიდდა ჩვენთვის”, ოცდაათ ვერცხლად შეაფასეს. წყლით ხელდაბანილი პილატე სასიკვდილოდ გადასცემს მსაჯულებს მას, ვინც კაცობრიობას თავისუფლება მიანიჭა წყლითა და სულიწმიდით.. მეწამული მოსასხამით შემოსეს ის, ვინც უკვდავნი – ზეციური სამოსით შემოსა.. ეკლის გვირგვინით შეამკეს ის, ვინც სასუფევლის გვირგვინითა და უკვდავი სულით შეამკო თავისი შეურაცხმყოფელები. უფალმა უდიდესი სიმდაბლით მიიღო ყველა ის ტანჯვა და დაცინვა, რაც ბოროტისაგან დაბრმავებულმა კაცობრიობამ მიაყენა. მაცხოვარმა შესვა ძმარში არეული ნაღველი, თითოეული ადამიანის ცოდვით, შხამით აღვსილი მწარე სასმისი. სწორედ ასეთი გემო ჰქონდა სამოთხეში აკრძალულ ნაყოფს.. ცისა და მიწის ისტორიაში, ეს იყო უდიდესი ცოდვის დღე.. ასეთი რამ არ ჩაუდენიათ თვით დაცემულ ანგელოზებსაც კი. ყოველი ვნების, სატანჯველის მიღების შემდეგ, უფალი ამბობს: ,,აღსრულდა”. აღსრულდა ადამიანის გამარჯვება ბოროტ ძალებზე. გოლგოთაზე სამყარო განაჩენს ელოდა.. ჩვენი სულმადაბლობა განაჩენს ელოდა და განაჩენიც წარმოითქვა.. წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი და ტანჯული მაცხოვრის მიერ: “მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან.” როცა ადამიანებმა დაამთავრეს ღმერთის დაცინვა და მიწყნარდნენ, მაშინ სამყარო ალაპარაკდა, ქვები ალაპარაკდნენ და უფრო მეტი თანაგრძნობა გამოხატეს ქრისტეს ტკივილის მიმართ, ვიდრე ადამიანებმა. მზეც კი
ალაპარაკდა: დააბნელა ნათება.. სინათლეს შერცხვა იმის, რაც ახარებდათ ადამიანებს. მკვდრებმა საფლავებში გაიგონეს ქრისტეს ხმა და საფლავებიდან წამოდგნენ მაშინ, როცა წამებულ ქრისტესთან, ჯვრის ქვეშ, იდგნენ “ცოცხალი” ადამიანები, ჩამკვდარი სულებით.. ტაძრის კრეტსაბმელი ორად გაიპო, რათა ემხილებინა უსჯულონი, უღმერთონი.. ტიროდა სამყარო.. ყველაფერი თანაუგრძნობდა ჯვარცმულ უფალს, ყველაფერი.. ადამიანის გარდა..
სიმშვიდითა და სიმდაბლით შემოვიდა უფალი ამ წუთისოფელში და გავიდა ისევ მშვიდი და მდაბალი, თავის მტანჯველთათვის მლოცველი.. დღესაც საშინელია ქრისტეს ხვედრი წუთისოფელში. დღესაც იგივეს ვაკეთებთ, ყოველდღე ისევ ჯვარზე ვაკრავთ მაცხოვარს და ძმარსა და ნაღველს ვთავაზობთ ჩვენი ცოდვილი ცხოვრებით.. მაცხოვარმა საკუთარი სისხლისა და ტანჯვის ფასად გამოისყიდა კაცობრიობა.. ,,რომელმან დადოს სული თვისი ჩემთვის, მან პოვოს იგი” – ამბობს მაცხოვარი და ეს სიტყვები ყოველ მორწმუნეს სიკეთის ქმნისაკენ, სიყვარულისკენ, უფლის გზაზე სვლისკენ მოუწოდებს..”
თითოეულ ჩვენგანს, ცხოვრების გზაზე, საკუთარი ჯვარი აქვს სატარებელი, რომელიც ღირსეულად უნდა ატაროს.. გაგვაძლიეროს უფალმა.. შეგვიმსუბუქოს ჯვარი, რომელსაც ვატარებთ..
კომენტარის დატოვება