"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

Archive for ივნისი, 2011

ადამიანი სინდისია


“ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება... სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია... ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შექმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს…“ (ო. ჭილაძე )

„სინდისი არის ადამიანის სულიერი გრძნობა – კეთილისა და ბოროტის გარჩევის შემძლე. ეს გრძნობა გონებაზე უკეთ განასხვავებს სიკეთესა და ბოროტებას. სინდისის მოტყუება უფრო ძნელია, ვიდრე გონების. ხიბლში ჩავარდნილ გონებას, რომელსაც ცოდვისმოყვარე ნებაც ეხმარება, ყველაზე მეტხანს სინდისი ებრძვის. სინდისი ბუნებრივი კანონია. დაწერილი კანონის შემოღებამდე ადამიანს სინდისი ხელმძღვანელობდა. დაცემული კაცობრიობა თანდათან ითვისებდა ღმერთის, კეთილისა და ბოროტის შესახებ არასწორ წარმოდგენას. ამა სოფლის სიბრძნემ სინდისსაც გადასდო თავისი სენი, ამიტომ დაწერილი კანონი აუცილებელი გახდა ჭეშმარიტების შეცნობისა და სულიერად სუფთა ცხოვრებისათვის… სინდისის მოკვლა შეუძლებელია. იგი ქრისტეს საშინელ სამსჯავრომდე გაჰყვება ადამიანს და იქ ამხილებს ურჩობის მსხვერპლს… ნურცერთ ცოდვას ნუ მიიჩნევ უმნიშვნელოდ – ყოველი ცოდვა არის საღმრთო სჯულის დარღვევა, სინდისის დათრგუნვა. არაფრისაგან – ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცოდვისაგან – თანდათან დიდ დაცემამდე მივდივართ. „რას ნიშნავს ეს? დიდი ცოდვაა თუ მცირე? ისეთი რა ცოდვაა? არის კი საერთოდ ცოდვა?“ ასე მსჯელობს კაცი, რომელსაც საკუთარი სულის ცხონება არ აღელვებს, როდესაც ღმერთის მიერ აკრძალული რაიმე საქმის ჩადენას აპირებს და ამ უკიდურესად მყიფე საფუძველზე დაყრდნობით ქელავს სინდისს. ამის შედეგად სინდისი ბლაგვდება, მისი ნათელი ბნელდება, სულში უგრძნობელობის წყვდიადი  და სიცივე  ისადგურებს.   ბოლოს   და   ბოლოს,   უგრძნობელობა   სულის ჩვეულებრივ    მდგომარეობად  იქცევა,  სული  ხშირად კმაყოფილია ამ მდგომარეობით: მას ღვთის წინაშე სათნოდაც მიიჩნევს და ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის სულის მშვიდობა.. სინამდვილეში კი ესაა საკუთარი ცოდვილობის განცდის დაკარგვა, სინდისის მიძინება და სულიერი სიბრმავე. ასეთ მდგომარეობაში, საშინელი დაბნელებისა და უგრძნობელობის დროს, სულში თავისუფლად შემოდის სხვადასხვა ვნება და ბუდეს იწყობს. ღრმად ჩაკირული ვნებები ჩვევებად იქცევიან, და ეს ჩვევები ისევე მტკიცეა, როგორც ბუნება, ზოგჯერ კი ბუნებაზე უმტკიცესიც. ცოდვილ ჩვევებს ვნებები ეწოდებათ. და კაცი ვერც კი ხვდება, ისე აღმოჩნდება ყოველი მხრიდან ცოდვით გარშემორტყმული, მისი ტყვე, მისი მონა. ვინც მრავალგზის წაუყრუა სინდისის ხმას და ცოდვას დაემონა, ის მხოლოდ უდიდესი შრომით, უფლის განსაკუთრებული შეწევნით შეძლებს თავი დაიხსნას ამ მონობისაგან, დასძლიოს ვნებები, თითქოს მეორე ბუნებად რომ ქცევიან… დაცავი სინდისი! დაიცავი სინდისი ღმერთთან მიმართებაში: შეასრულე ყოველი მისი ბრძანება, როგორც ყველასათვის ცნობილი, ისე ყველასათვის უცნობი, გარდა ღმერთისა და შენი სინდისისა. დაიცავი სინდისი მოყვასთან მიმართებაში: ნუ იკმარებ მხოლოდ გარეგნულ წესიერებას! დაიცავი სინდისი საგნებთან მიმართებაში: მოერიდე ყოველგვარ ზედმეტობას, ფუფუნებას, დაუდევრობას; გახსოვდეს, რომ ყველა საგანი, რომლითაც შენ სარგებლობ, ღმერთის საბოძვარია. დაიცავი სინდისი საკუთარ თავთან მიმართებაში: გახსოვდეს, რომ შენ ხარ ხატი და მსგავსება ღმრთისა, და ვალდებული ხარ ეს ხატი თვით ღმერთს წარუდგინო წმინდად და შეურყვნელად. ვაი, თუკი უფალი ვერ იცნობს თავის ხატს, ვერ იპოვის მსგავსებას თავის თავთან. მაშინ წარმოთქვამს იგი სასტიკ განაჩენს: „არა გიცნი თქუენ“ (მათ. 25,12), და ასეთი ხატი ჯოჯოხეთის უშრეტ ცეცხლში დაინთქმება. ხოლო, უსასრულო სიხარული დაეუფლება სულს, რომელსაც მიხედავს უფალი, იცნობს თავის მსგავსებას და დაინახავს იმ მშვენიერებას, თავისი გამოუთქმელი სახიერებით რომ მიჰმადლა შექმნისას..” („სიტყვა ნუგეშინისცემისა“).

მთელი ცხოვრება გახსოვდეს, რომ ადამიანი სინდისია..

რატომ ტირის ადამიანი…


way“- რა გატირებს?

– რაღაც გამახსენდა…

– მაინც?

– აი, ახლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა, ოდესღაც, ზუსტად აქ ჩამოიარეს…

– მერე, რა გატირებს?

– ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო…

– ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?

– რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება…

– გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?

– არ მინდა…

– რატომ?

– შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან…

– მერე შენ ამის გეშინია?

– შენ არ გეშინია?!

– რისი უნდა მეშინოდეს?!

– დასასრულის…

– დასასრული არ არსებობს..

– როგორ თუ არ არსებობს?!

– რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას… ყოველი არსი თვითონ ეძებს თავის დასასრულს. ესაა მიზანი.. მაგრამ, ხომ გითხარი, დასასრული არ არსებობს მეთქი…

– მაშ, რატომ ტირიან ადამიანები?

– ეშინიათ და იმიტომ…

– რისი ეშინიათ?

– დასაწყისის… ვისაც არ ეშინია დასაწყისის, ის არც ტირის…

– მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?

– თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწყისია…

– იქნებ მაგიტომ არ ტირიან?!

– მაშ, რატომ?

– შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით…

– ეგ რამ გაფიქრებინა?

– ეკლესიებმა… ხედავ, როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვინდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს, ვტირით…

– შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?

– შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს…

– და თუ განმეორდა, მაინც იტირებ?

– არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი…

– იმიტომ, რომ თავისუფლება უნდა…

– მერე აღარ იტირებს?

– არა. თავისუფალ კაცს დასაწყისის არ ეშინია.

– დაწერე რა..

– რა?

– მოთხრობა დაწერე ჩემზე…

– შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?

– არა. იცი, როგორ დაწერე?

– როგორ?

– ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს…

– მერე?

– ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა..

– მერე?

– ერთ დღეს, ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ?

…..

დავწერე…” 

გ. ჩოხელი

ვინ ხარ შენ?…


ნამდვილი ადამიანი მაშინ გახდები, როდესაც გონებაში შენს თავს არარაობად წარმოიდგენ, როდესაც საკუთარი სულით უსასრულო და უსაზღვრო სულთან ამაღლდები და ამ სიმაღლიდან შეხედავ საკუთარ თავს ისევე ობიექტურად, როგორც უყურებ ყველაფერს, რაც შენ გარშემოა… იყავი თავმდაბალი. იცოდე, რომ რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენ თავს ადამიანების წინაშე, იმდენად უგუნური ხდები საკუთარი თავის წინაშე. რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია წარმოდგენა საკუთარ თავზე… გვიყვარს ჩვენს კეთილ საქმეებზე ლაპარაკი. ნურასოდეს ჩაიწერ შენს კეთილ საქმეებს: თუ ჩაიწერ, ჩანაწერი სწრაფად წაიშლება; თუ დაივიწყებ, ისინი მარადიულობაში ჩაიწერება ვინმემ გული გატკინა? ნუ ჩაიწერ მის ცოდვებს: თუ ჩაიწერ, მათგან ნახევარი შენ დაგაწვება. დაივიწყე ისინი და უფალი დაივიწყებს შენს შეცდომებს... დააფასე ის ცხოვრება, რაც უფალმა გარგუნა. თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას. თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას... როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა, ღირსეულად გადაიტანო ძაგება და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს... არასოდეს დაიჩივლო შენი ცხოვრების გამო. ღმერთი ყოველდღე ასჯერ მეტს გვაძლევს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია მას დავუბრუნოთ. მიუხედავად ამისა, იგი ჩვენს უმადურობაზე არ ჩივის... არასოდეს შეგაშინოს განსაცდელმა. უბედურება, რომლის დათმენასაც ღმერთი ჩვენზე უშვებს, ბედნიერებაზე უკეთესია, რომელსაც ჩვენ საკუთარი თავისათვის ვაშენებთ. თავის ერთგულებზე ღმერთი ყოველთვის დროულად უშვებს განსაცდელს. ეს მეგობრის ხმაა, რომელიც შუაღამისას გვაღვიძებს მძინარს: ხანძარია! გონიერი ტოვებს ცეცხლწაკიდებულ სახლს და გარბის, რათა საკუთარი სიცოცხლე იხსნას. უგუნური კი ზის და ტირის ცეცხლის კვამლში, სანამ აალებულ სახლთან ერთად არ დაიღუპება… ყველა კითხვაზე პასუხი შენს თავში იპოვე. ადამიანები, რომელთაც იპოვეს ღმერთი, არ იმტვრევენ თავს კითხვაზე: ვინ შემქმნა მე? რადგან მათ იციან, რომ მთელს სამყაროში ვერავის უწოდებ ყოველივეს შემოქმედს, ღმერთის გარდა. წუთისოფლის ადამიანები კი იტანჯებიან ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად, პასუხს საკუთარი სახლის ეზოში ნაგვის გროვაში პოულობენ, ოღონდაც კი არავისი ეშინოდეთ და არავისი რცხვენოდეთ… რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს მაინც სიმართლეა: ჩვენ ამქვეყნად იმისათვის მოვდივართ, რათა მისგან თავი ვიხსნათ. ისევე, როგორც ადამიანები ომში იმიტომ კი არ მიდიან, რომ ამით თავი შეიქციონ, არამედ თავი იხსნან მისგანყოველი არსება სიცარიელეა, თუ იგი ღვთით არაა აღსავსე. ყოველი სული მკვდარია, თუ  ღვთით არაა ავსებული. ილუზიაა  ის,  რომ ყველა ადამიანი ერთნაირად ცოცხლად  ჩათვალო. არიან ცოცხალნი   და უსიცოცხლონი, იმისდა მიხედვით, რამდენად მკვიდრობს მათში უფალი, სიცოცხლე, რომელსაც ისინი საკუთარ თავში ატარებენ. ისინი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ ეს ხომ დროებითია. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ კვამლი კიდევ დიდხანს ასდის ნაცარს... არ შეშინდე განსაცდელის დროს. გწამდეს, რომ შენი ტანჯვა არასოდეს გადასცდება საზღვრებს. მებაღე ტოტებს ჭრის, რათა ხე სწრაფად გაიზარდოს და უკეთესი ნაყოფი მოიტანოს. თუ იგი გადაამეტებს და ზედმეტს მოჭრის, ხე გახმება. ღმერთი ნებისმიერ მებაღეზე მეტი მზრუნველობითა და გულმოწყალებით ზრუნავს თითოეულ ადამიანზე. ის არასოდეს მოგივლენს იმაზე მეტ განსაცდელს, რისი დათმენაც არ შეგიძლია… ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში მშვიდობას ვერ პოულობენ, სამყაროში თავიანთ ადგილს ვერასოდეს იპოვნიან... ბევრს ეჩვენება, რომ სხვა ადგილას რომ იყოს, უკეთესი ადამიანი იქნებოდა. მდიდარს ეჩვენება, რომ სათნოებას ხელს უშლის სიმდიდრე, ღარიბს – სიღარიბე, მეცნიერს – სიბრძნე, უმეცარს – უცოდინრობა, ავადმყოფს – ავადმყოფობა, მოხუცს – მოხუცებულობა და ახალგაზრდას – ახალგაზრდობა. ეს მხოლოდ თავის მოტყუება და საკუთარი სულიერი დამარცხების აღიარებაა. ამიტომაა საჭირო ეკლესიური ცხოვრება, რათა ნათლად დაინახო საკუთარი ჩრდილი. აღსარებაც ამას ემსახურება, ამპარტავნება რომ დასძლიო. არავინ მიდის ექიმთან იმისათვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობით იტრაბახოს, არამედ იმისათვის, რომ თავისი წყლულები აჩვენოს მას. ადამიანი, რომელიც აღსარებაზე მიდის, ამპარტავნებას ეკლესიის კარებში ტოვებს. ბედნიერია ის, ვინც უკან დაბრუნებისას მას დაივიწყებს. ღმერთმა ინებოს, რომ ყველა ადამიანი ტაძრიდან გამოსვლისას, სიამაყის ყავარჯნის ნაცვლად, თავმდაბლობის ყავარჯენს ეყრდნობოდეს... შეეცადე, რომ ყოველი დღე ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყოს შენს ცხოვრებაში. ცოდვებზე სინანული ვერას გიშველის, თუ იმ ცოდვას კვლავაც გაიმეორებ. სანამ სინანული შენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, შენი ყოფა აღსავსე იქნება ერთი და იმავე კოშკის აშენებით და ნგრევით. ბევრი უნდა იშრომო, რათა ერთ დღესაც შეინარჩუნო  რაღაც დაუნგრეველი გუშინდელი დღიდან. სწორედ ეს იქნება შენი ცხოვრების პირველი დღე, აქედან დაიწყება შენი ცხოვრება… ყველანაირად ეცადე ადამიანთა მიმართ ბოროტებისაგან სული განიწმიდო; რადგან, თუკი ადამიანების მიმართ ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ მხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს, შენვე გაგანადგურებს. თუ გამუდმებით ითვლი სხვის ცოდვებს, საკუთარს განამრავლებ. ადამიანებს, რომლებიც სხვის ტკივილს ვერ იზიარებენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ შეიგრძონ სხვისი ბედნიერების სიხარული. ნუ დაუშვებ, რომ მზე შენზე კეთილშობილი იყოს, ის ხომ ერთნაირად ათბობს ბოროტთაც და კეთილთაც; შენ უფრო არ შეგიძლია სიკეთით გაათბო კეთილნიც და ბოროტნიც? ნუ დაუშვებ, რომ ცა შენს სულზე მეტად ბრწყინავდეს; რადგან შენში არის ის, ვინც ეს ცა შექმნა... მთელი სამყარო უზარმაზარ ფორტეპიანოს წააგავს, მისი კლავიშები ღვთის შექმნილია; რომელ მათგანსაც არ უნდა შეეხო, საკუთარი სულის გამოძახილს მოისმენ. შენი ცხოვრება ისეთი იქნება, როგორი ხედვაც გექნება მისდამი. ჰკითხე წუთისოფლის ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუსებს; „მე მე ვარ,“ და მხედველობაში ექნება საკუთარი სხეული. ჰკითხე სულიერ ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუხებს: „არის ვიღაც ჩემს სულში, მე ხელს ვიწვდი, რათა შევეხო მას, მაგრამ მესმის, რომ ამისათვის ჩემი ხელები ზეცაზე ფართო უნდა იყოს.“ ჰკითხე შენს სულში იმ ზეციერს – „ვინ ვარ მე?

წმ. ნიკილოზ სერბის ჩანაწერების მიხედვით

სიტყვის ძალა…


სიტყვით შეიქმნა სამყარო… „თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო ღმერთთან და ყველაფერი მის მიერ შეიქმნა და უმისოდ არაფერი შეიქმნა, რაც კი შეიქმნა”…. რადგანაც სიტყვა იყო ღმერთი ე.ი. სიტყვას, როგორც ღმერთს, არა აქვს დასაწყისი და არც დასასრული… სიტყვა ღმერთშია და ღმერთი სიტყვაშია… ბიბლიიდან კარგად ჩანს, თუ რამხელა ძალა აქვს სიტყვას, იგი მარადიულია… ჩვენ მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა ჰაერში კი არ ქრება, მარადისობაში მიემართება… სიტყვა ჩვენი სულის ნაწილია. მისი მეშვეობით  იღვრება სულში აზრები, შეგრძნებები, განცდები, გრძნობები… ადამიანი, ცოცხალ არსებათა შორის ერთადერთია, რომელსაც ღმერთმა სიტყვის წარმოთქმის უნარი მიანიჭა, სიტყვის, რომელიც მარადისობად იქცევა… თუმცა, ხშირად ყოველგვარი ყურადღების გარეშე ვფანტავთ სიტყვებს და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ზეცამდე აღმავალ და მარადისობაში მიმავალ ამ სიტყვებს დიდი ზეგავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე. ჩვენ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება… ჩვენივე სიტყვებით გავმართლდებით და ჩვენივე სიტყვებით გავმტყუნდებით… “ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს” (მათე 12,36). უფალი ამბობს: “მას ვინც უარმყოფს და არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, თავისი მსაჯული ჰყავს: სიტყვა, რომელიც მე ვთქვი; ის განსჯის მას უკანასკნელ დღეს” (იოან. 12,48). ამიტომ, უნდა ვეცადოთ  თავი  ავარიდოთ  ზედმეტ  და  ამაო  მეტყველებას, სხვის განსჯას და ამქვეყნად მხოლოდ  სიკეთე დავთესოთ… რამდენჯერ განგვიკითხავს სხვა ადამიანი საუბრისას, განგვისჯია ფიქრებში… ძალა თვით უთქმელ სიტყვასაც კი აქვს. სიტყვა მდუმარებაშიც არის… სამწუხაროა, რომ დღეს, ჩვენთვის, სიტყვამ დაკარგა ყველანაირი ღირებული მნიშვნელობა. ზოგჯერ, სიტყვას ვამბობთ ისე, რომ მისი მნიშვნელობაც კი არ გვესმის. ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: სანამ სიტყვას იტყვი, შენ ხარ იმ სიტყვის პატრონი, მაგრამ სიტყვას რომ იტყვი, მერე უკვე ის სიტყვაა შენი პატრონიო… მართლა ასეა… ვერც კი წარმოიდგენ რამხელა ზემოქმედება აქვს სხვაზე ჩვენს სიტყვას… სიტყვით შესაძლებელია ადამიანის ამაღლება, განწმენდა და გაკეთილშობილება… შესაძლებელია შესძინო მას რწმენა, სიხარული და სიმხნევე, ჩანერგო მასში სიყვარული და გულმოწყალება, მომადლო მის სულს მშვიდობა და სიმყუდროვე. სიტყვას ადამიანის გადარჩენა შეუძლია… ავსიტყვაობით კი შეიძლება მოშხამო სული,  შეჰყარო მას ყველა სახის ვნება, ცოდვა და მანკიერება, შებილწო წმინდა გული. ავ სიტყვას ადამიანის განადგურება შეუძლია, კაცის მოკვლა შეუძლია… ამიტომ, დაუფიქრდი თითოეულ სიტყვას… „ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს.“ სიტყვები უკვალოდ არ ქრება… უკან გვიბრუნდება… ადამიანები უფრო დიდხანს იცოცხლებდნენ ბევრი თბილი სიტყვა რომ ესმოდეთ ახლობლებისგან… ალბათ, არც კი დაბერდებოდნენ… კეთილ სიტყვას ყველაფერი შეუძლია… ჩვენ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა, ისევე როგორც მარცვალი მთესავის იგავში, პოხიერ ნიადაგზე რომ დაეცემა, იძლევა ნაყოფს: ზოგი – ერთიოცდაათად, ზოგი – ერთისამოცად, ხოლო ზოგი – ერთიასად… გახსოვდეს, რომ სიტყვა იყო  სიკეთის, სიყვარულის, სითბოს, ყოველგვარი სათნოების    სათავე…    ღმერთისაც    კი…    ვაჩუქოთ    ერთმანეთს   გულიდან     წამოსული   თბილი  სიტყვები… ♥ 

ძველი პატერიკი


kandeliბერმა თქვა: წინასწარმეტყველებმა დაწერეს წიგნები, მოვიდნენ ჩენი მამები, იწვრთნებოდნენ და ზეპირად შეისწავლეს ეს წიგნები. შემდეგ მოვიდა ეს მოდგმა, გადაწერა ყველაფერი და უქმად შემოდო რაფაზე.

ანბა ალმონიმ თქვა: თუ ადამიანი გულში არ იტყვის, რომ სამყაროში მარტო მე ვარ და ღმერთი, სიმშვიდეს ვერ მოიპოვებს.

ამბა ანტონიმ, ღვთის განგების სიღრმეთა მჭვრეტელმა, იკითხა: უფალო! რატომაა, რომ ზოგი ცოტა ხანს ცხოვრობს და კვდება, ზოგი კი ღრმა სიბერემდე ცოცხლობს? რატომაა, რომ ერთი ღატაკია, მეორე კი – მდიდარი? რატომაა, რომ უკეთურნი მდიდრდებიან, ღვთისმოსავნი კი ღარიბნი არიან? მაშინ  მოესმა ხმა: ანტონი! საკუთარ თავს მიხედე! ეს ღვთის განგებაა და შენთვის სასარგებლო არაა მისი ცოდნა.

ამბა ანტონიმ კვლავ თქვა: მე სატანის ყველა მახე ვიხილე, მთელს დედამიწაზე გაშლილი და ოხვრით ვთქვი: ვინ დააღწევს მათ თავს? და მომესმა ხმა: მდაბალნი.

ბერმა თქვა: ცხონების დასაწყისი საკუთრი თავის შეცნობაა.

ამბა ისაიას ჰკითხეს: რა არის სიმდაბლე? და თქვა: სიმდაბლე ისაა, რომ თავი ყველა სხვა ადამიანზე ცოდვილად მიგაჩნდეს და დამდაბლდე, როგორც ღვთის წინაშე არაფრის მაქნისი. სიმდაბლის საქმენი ასეთია: რომ დუმდე, საკუთარ თავს სხვებს არ ადარებდე, არ კამათობდე, ყველას ემორჩილებოდე, მზერა მიწას მიაპყრო, გახსოვდეს სიკვდილი, არ ცრუობდე, არ უქმადმეტყველებდე, არ შეწინააღმდეგო ზემდგომთ, არ გსურდეს საკუთარი სიტყვით თავმოწონება, დაითმინო წყენა, გძულდეს უქმადყოფნა, ყოველი საქმისას თავს აიძულებდე, იცხოვრო მღვიძარებით, მოიკვეთო საკუთრი ნება, არავინ გააღიზიანო, არავისი გშურდეს.

კიდევ თქვა: დაე, საქმემ იმეტყველოს და არა შენმა ენამ. დაე, შენი სიტყვა საქმესთან შედარებით მდაბალი იყოს, შუგნებლად ნუ ილაპარაკებ, სიმდაბლის გარეშე ნუ განსწავლი, რათა შენი თესლი მიწამ მიიღოს.

კიდევ თქვა: სიბრძნე ლაპარაკს კი არ ნიშნავს, არამედ იმას, რომ ვიცოდეთ დრო, თუ როდის უნდა ვილაპარაკოთ. ცოდნთ დადუმდი და ცოდნით ილაპარაკე; განსაჯე, ვიდრე საუბარს დაიწყებდე და, რაც საჭიროა, ის უპასუხე. ცოდნისას უცოდინარი იყავი, რათა ბევრ სიძნელეს განერიდო; საკუთარ თავში აღძარი ღვაწლი. ცოდნით თავს ნუ მოიწონებ, რადგან არავინ არაფერი იცის, და ბოლოს: გაკიცხე თავი, მოყვასზე მეტად დამდაბლდი და ღმერთს მიენდე.

skvniliამბა მოსემ თქვა: ვისაც სიმდაბლე აქვს, დემონებს ამდაბლებს, ხოლო ვისაც სიმდაბლე არა აქვს, მათი დასაცინი ხდება.

ამბა პიმენიმ თქვა: ღვთის წინაშე განრთხმა არა არის ფასეული. საკუთარი ნების დატევება – აი, სულიერი ღვაწლი.

ბერმა თქვა: განსაცდელისას ნურასოდეს განიკითხავ სხვას, მხოლოდ საკუთარი თავი გაკიცხე და თქვი: ეს ჩემი ცოდვების გამო მომეგო.

ბერები ამბობდნენ: როდესაც ბრძოლები არ გვაქვს, მაშინ მეტად უნდა დავმდაბლდეთ; რადგან ღმერთმა უწყის ჩვენი უძლურება და გვიცავს. ხოლო თუ ამით თავს მოვიწონებთ, თავის შეწევნას განგვაშორებს და ვიღუპებით.

ბერმა თქვა: ის, ვისაც აქებენ, უნდა ფიქრობდეს საკუთარ ცოდვებზე და იმაზე, რომ უღირსია იმ სიტყვებისა, რასაც მასზე ამბობენ.

ამბა ანტონიმ თქვა: მე უკვე აღარ მეშინია ღვთისა, არამედ მიყვარს იგი, რადგან სიყვარულმან გარე განდევნის შიში (1 იოან, 4, 18).

კიდევ თქვა: მოყვასზეა დამოკიდებული ჩენი სიცოცხლეც და სიკვდილიც. თუ ძმას შევიძენთ, ღმერთს შევიძენთ, ხოლო თუ ვაცდუნებთ მას, ქრისტეს წინაშე ვცოდავთ.

სამ მამას ჩვევად ჰქონდა, ყოველ წელს ნეტარ ანტონისთან მისულიყო. ორი მათგანი გულისსიტყვებისა და სულის ცხონების შესახებ ეკითხებოდა ხოლმე, მესამე კი დუმდა, არაფერს ამბობდა. დიდი ხნის შემდეგ ანტონიმ უთხრა მას: აი, რამდენი ხანია, ჩემთან მოდიხარ და არასოდეს არაფერი გიკითხავს. მან პასუხად ასე მიუგო: მამაო, ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ გიყურებ.

ამბა ისაიამ თქვა: სიყვარული არის ფიქრი ღმერთზე, მუდმივი მადლიერების თანხლებით; მადლიერება კი ახარებს უფალს, ის სიმშვიდის ნიშანია.

ამბა პიმენიმ თქვა: ისე მოიქეცი, რომ შენმა ძალამ არავის არაფერი ავნოს, და შენი გული ყოველი კაცისთვის განწმიდე.

კიდევ თქვა: უფროისი ამისა სიყუარული არა ვის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის (იოან. 15, 13). რადგან თუ  ვინმე შურაცხმყოფელ სიტყვას მოისმენს და შესაძლებლობა ექნება, თავადაც ასე მოიქცეს, მაგრამ მოთმინების ღვაწლს იტვირთავს და არაფერს იტყვის; ან ვინმე, სხვისგან შურაცხყოფილი, თავს აიძულებს და შურაცხმყოფელს სამაგიეროს არ მიუზღავს, – მოყვასისთვის საკუთარ სულს სწირავს.

ამბა იპერექიმ თქვა: რამდენადაც შეგიძლია, კიცხევის გარეშე გაანთავისუფლე მოყვასი ცოდვათაგან, რადგან ღმერთი არ განაგდებს მოქცეულთ. მოყვასის წინააღმდეგ მიმართული ავი და ბოროტი სიტყვა ნუ დაიმკვიდრებს ადგილს შენს გულში, რათა შეგეძლოს კადნიერებით თქვა: მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა (მათ. 6,12).

101ძმამ ჰკითხა ბერს: ორი ძმიდან ერთი მდუმარებაშია თავის სენაკში, კვირაში ექვსი დღე მარხულობს და დიდ ღვაწლს აღასრულებს, მეორე კი სნეულებს ემსახურება. რომლის საქმე უფრო სათნოეყოფა ღმერთს? ბერმა უთხრა: ექვსი დღის განმავლობაში მომარხულე ძმა ცხვირის წვერზედაც რომ დაეკიდოს, მაშინაც ვერ შეედრება იმას, ვინც სნეულთ ემსახურება.

ბერმა თქვა: მოვიხვეჭოთ სათნოებათაგან უმთავესი – სიყვარული. არაფერია მარხვა, არაფერია მღვიძარება, არაფერია ღვაწლი სიყვარულის გარეშე, რადგან დაწერილია: ღმერთი სიყუარული არს (1 იოან. 4, 8).

კიდევ თქვა: მამები ამბობდნენ, რომ სატანას შუძლია ყველაფერს მიბაძოს; მარხვას – ის არასოდეს ჭამს, მღვიძარებას – მას არასოდეს სძინავს; მაგრამ არ ძალუძს, მიბაძოს სიყვარულსა და სიმდაბლეს. ასე რომ, უდიდესი გმირობა იყოს ჩვენთვის სიყვარული და სიძულვილი სიამაყისა, რისთვისაც სატანა ზეციდან გადმოვარდა.

ბერები ამბობდნენ, რომ მოყვასის ნებისმიერი მდგომარეობა საკუთარივით უნდა აღვიქვათ, ყველაფერში უნდა თანავუგრძნობდეთ მას, გვიხაროდეს მასთან ერთად, ვიგლოვდეთ მასთან ერთად და როდესაც მოყვასს რაიმე გასაჭირი შეემთხვევა, ისე ვცხოვრობდეთ, თითქოსდა იგივე სხეულის პატრონნი ვიყოთ და საკუთარ თავზე ვზრუნავდეთ; როგორც დაწერილია: ერთნი ვართ ქრისტეში; ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაისა იყო გული და გონებაი ერთ (მოც. 4, 32).

ძმამ უთხრა ამბა ანტონის: ილოცე ჩემთვის. მაგრამ ბერმა მიუგო: ვერც მე, ვერც უფალი ვერ შეგიწყალებს, თუ თავად არ შეიწყალებ თავს და ღვთისთვის სათნოდ არ იცხოვრებ.

კიდევ თქვა ამბა ანტონიმ: ჩვენს დროში ღმერთი აღარ უშვებს მტრის ისეთ განსაცდელებს, როგორსაც ძველად, რადგან უწყის, რომ ამჟამად ადამიანები უძლურნი არიან და ამგვარ განსაცდელებს ვერ გადაიტანენ.

ძმამ ჰკითხა ამბა არსენს: რატომაა, რომ ზოგი კეთილი ადამიანი სიკვდილის ჟამს დიდ გაჭირვებაშია და სხეულებრივი სნეულებით ევნება? იმიტომ რომ, ჩვენ, როგორც მარილში გამოყვანილნი, განწმედილნი წავიდეთ იმქვეყნად, – უპასუხა ბერმა.

ბერმა თქვა: შეცდომილ გონებას კითხვა, ლოცვა, სიფხიზლე გამოასწორებს; ავხორცულ ვნებას მარხვა, შრომა და დაყუდება ჩააქრობს; მრისხანებას ფსალმუნთგალობა, მოთმინება და მოწყალება მოათვინიერებს. მაგრამ ეს ყველაფერი დროულად და ზომიერედაა საჭირო; თუ უდროოდ და უზომოდ აღესრულება, მაშინ მსწრაფლწარმავალი ხდება და ზიანის მომტანი უფროა, ვიდრე სარგებლისა.

ძმამ ჰკითხა ამბა მაკარის: როგორ ვცხოვნდე? ბერმა უპასუხა: მკვდარივით იყავი: ვითარცა მკვდარმა არ იფიქრო წყენაზე, ხალხი რომ მოგაყენებს, არც დიდებაზე და ცხონდები.

ბერს ჰკითხეს: როგორ ვპოვებ ღმერთს? – მარხვით, შრომით, მღვიძარებით თუ მოწყალებით? ამაზე მან ასე უპასუხა: მრავალმა განუსჯელად დაიძაბუნა სხეული და ამით სარგებელი ვერ ნახა. ჩვენი ბაგენი მარხვით სუნთქავენ; ჩვენ ზეპირად ვისწავლეთ წმინდა წერილი; აღვასრულეთ დავითის ფსალმუნები; მაგრამ რასაც ღმერთი ეძიებს, ის არ გაგვაჩნია, ანუ შიში ღვთისა, სიყვარული და სიმდაბლე.

“ძველი პატერიკი”wignebi2

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: