ბერმა თქვა: წინასწარმეტყველებმა დაწერეს წიგნები, მოვიდნენ ჩენი მამები, იწვრთნებოდნენ და ზეპირად შეისწავლეს ეს წიგნები. შემდეგ მოვიდა ეს მოდგმა, გადაწერა ყველაფერი და უქმად შემოდო რაფაზე.
ანბა ალმონიმ თქვა: თუ ადამიანი გულში არ იტყვის, რომ სამყაროში მარტო მე ვარ და ღმერთი, სიმშვიდეს ვერ მოიპოვებს.
ამბა ანტონიმ, ღვთის განგების სიღრმეთა მჭვრეტელმა, იკითხა: უფალო! რატომაა, რომ ზოგი ცოტა ხანს ცხოვრობს და კვდება, ზოგი კი ღრმა სიბერემდე ცოცხლობს? რატომაა, რომ ერთი ღატაკია, მეორე კი – მდიდარი? რატომაა, რომ უკეთურნი მდიდრდებიან, ღვთისმოსავნი კი ღარიბნი არიან? მაშინ მოესმა ხმა: ანტონი! საკუთარ თავს მიხედე! ეს ღვთის განგებაა და შენთვის სასარგებლო არაა მისი ცოდნა.
ამბა ანტონიმ კვლავ თქვა: მე სატანის ყველა მახე ვიხილე, მთელს დედამიწაზე გაშლილი და ოხვრით ვთქვი: ვინ დააღწევს მათ თავს? და მომესმა ხმა: მდაბალნი.
ბერმა თქვა: ცხონების დასაწყისი საკუთრი თავის შეცნობაა.
ამბა ისაიას ჰკითხეს: რა არის სიმდაბლე? და თქვა: სიმდაბლე ისაა, რომ თავი ყველა სხვა ადამიანზე ცოდვილად მიგაჩნდეს და დამდაბლდე, როგორც ღვთის წინაშე არაფრის მაქნისი. სიმდაბლის საქმენი ასეთია: რომ დუმდე, საკუთარ თავს სხვებს არ ადარებდე, არ კამათობდე, ყველას ემორჩილებოდე, მზერა მიწას მიაპყრო, გახსოვდეს სიკვდილი, არ ცრუობდე, არ უქმადმეტყველებდე, არ შეწინააღმდეგო ზემდგომთ, არ გსურდეს საკუთარი სიტყვით თავმოწონება, დაითმინო წყენა, გძულდეს უქმადყოფნა, ყოველი საქმისას თავს აიძულებდე, იცხოვრო მღვიძარებით, მოიკვეთო საკუთრი ნება, არავინ გააღიზიანო, არავისი გშურდეს.
კიდევ თქვა: დაე, საქმემ იმეტყველოს და არა შენმა ენამ. დაე, შენი სიტყვა საქმესთან შედარებით მდაბალი იყოს, შუგნებლად ნუ ილაპარაკებ, სიმდაბლის გარეშე ნუ განსწავლი, რათა შენი თესლი მიწამ მიიღოს.
კიდევ თქვა: სიბრძნე ლაპარაკს კი არ ნიშნავს, არამედ იმას, რომ ვიცოდეთ დრო, თუ როდის უნდა ვილაპარაკოთ. ცოდნთ დადუმდი და ცოდნით ილაპარაკე; განსაჯე, ვიდრე საუბარს დაიწყებდე და, რაც საჭიროა, ის უპასუხე. ცოდნისას უცოდინარი იყავი, რათა ბევრ სიძნელეს განერიდო; საკუთარ თავში აღძარი ღვაწლი. ცოდნით თავს ნუ მოიწონებ, რადგან არავინ არაფერი იცის, და ბოლოს: გაკიცხე თავი, მოყვასზე მეტად დამდაბლდი და ღმერთს მიენდე.
ამბა მოსემ თქვა: ვისაც სიმდაბლე აქვს, დემონებს ამდაბლებს, ხოლო ვისაც სიმდაბლე არა აქვს, მათი დასაცინი ხდება.
ამბა პიმენიმ თქვა: ღვთის წინაშე განრთხმა არა არის ფასეული. საკუთარი ნების დატევება – აი, სულიერი ღვაწლი.
ბერმა თქვა: განსაცდელისას ნურასოდეს განიკითხავ სხვას, მხოლოდ საკუთარი თავი გაკიცხე და თქვი: ეს ჩემი ცოდვების გამო მომეგო.
ბერები ამბობდნენ: როდესაც ბრძოლები არ გვაქვს, მაშინ მეტად უნდა დავმდაბლდეთ; რადგან ღმერთმა უწყის ჩვენი უძლურება და გვიცავს. ხოლო თუ ამით თავს მოვიწონებთ, თავის შეწევნას განგვაშორებს და ვიღუპებით.
ბერმა თქვა: ის, ვისაც აქებენ, უნდა ფიქრობდეს საკუთარ ცოდვებზე და იმაზე, რომ უღირსია იმ სიტყვებისა, რასაც მასზე ამბობენ.
ამბა ანტონიმ თქვა: მე უკვე აღარ მეშინია ღვთისა, არამედ მიყვარს იგი, რადგან სიყვარულმან გარე განდევნის შიში (1 იოან, 4, 18).
კიდევ თქვა: მოყვასზეა დამოკიდებული ჩენი სიცოცხლეც და სიკვდილიც. თუ ძმას შევიძენთ, ღმერთს შევიძენთ, ხოლო თუ ვაცდუნებთ მას, ქრისტეს წინაშე ვცოდავთ.
სამ მამას ჩვევად ჰქონდა, ყოველ წელს ნეტარ ანტონისთან მისულიყო. ორი მათგანი გულისსიტყვებისა და სულის ცხონების შესახებ ეკითხებოდა ხოლმე, მესამე კი დუმდა, არაფერს ამბობდა. დიდი ხნის შემდეგ ანტონიმ უთხრა მას: აი, რამდენი ხანია, ჩემთან მოდიხარ და არასოდეს არაფერი გიკითხავს. მან პასუხად ასე მიუგო: მამაო, ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ გიყურებ.
ამბა ისაიამ თქვა: სიყვარული არის ფიქრი ღმერთზე, მუდმივი მადლიერების თანხლებით; მადლიერება კი ახარებს უფალს, ის სიმშვიდის ნიშანია.
ამბა პიმენიმ თქვა: ისე მოიქეცი, რომ შენმა ძალამ არავის არაფერი ავნოს, და შენი გული ყოველი კაცისთვის განწმიდე.
კიდევ თქვა: უფროისი ამისა სიყუარული არა ვის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის (იოან. 15, 13). რადგან თუ ვინმე შურაცხმყოფელ სიტყვას მოისმენს და შესაძლებლობა ექნება, თავადაც ასე მოიქცეს, მაგრამ მოთმინების ღვაწლს იტვირთავს და არაფერს იტყვის; ან ვინმე, სხვისგან შურაცხყოფილი, თავს აიძულებს და შურაცხმყოფელს სამაგიეროს არ მიუზღავს, – მოყვასისთვის საკუთარ სულს სწირავს.
ამბა იპერექიმ თქვა: რამდენადაც შეგიძლია, კიცხევის გარეშე გაანთავისუფლე მოყვასი ცოდვათაგან, რადგან ღმერთი არ განაგდებს მოქცეულთ. მოყვასის წინააღმდეგ მიმართული ავი და ბოროტი სიტყვა ნუ დაიმკვიდრებს ადგილს შენს გულში, რათა შეგეძლოს კადნიერებით თქვა: მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა (მათ. 6,12).
ძმამ ჰკითხა ბერს: ორი ძმიდან ერთი მდუმარებაშია თავის სენაკში, კვირაში ექვსი დღე მარხულობს და დიდ ღვაწლს აღასრულებს, მეორე კი სნეულებს ემსახურება. რომლის საქმე უფრო სათნოეყოფა ღმერთს? ბერმა უთხრა: ექვსი დღის განმავლობაში მომარხულე ძმა ცხვირის წვერზედაც რომ დაეკიდოს, მაშინაც ვერ შეედრება იმას, ვინც სნეულთ ემსახურება.
ბერმა თქვა: მოვიხვეჭოთ სათნოებათაგან უმთავესი – სიყვარული. არაფერია მარხვა, არაფერია მღვიძარება, არაფერია ღვაწლი სიყვარულის გარეშე, რადგან დაწერილია: ღმერთი სიყუარული არს (1 იოან. 4, 8).
კიდევ თქვა: მამები ამბობდნენ, რომ სატანას შუძლია ყველაფერს მიბაძოს; მარხვას – ის არასოდეს ჭამს, მღვიძარებას – მას არასოდეს სძინავს; მაგრამ არ ძალუძს, მიბაძოს სიყვარულსა და სიმდაბლეს. ასე რომ, უდიდესი გმირობა იყოს ჩვენთვის სიყვარული და სიძულვილი სიამაყისა, რისთვისაც სატანა ზეციდან გადმოვარდა.
ბერები ამბობდნენ, რომ მოყვასის ნებისმიერი მდგომარეობა საკუთარივით უნდა აღვიქვათ, ყველაფერში უნდა თანავუგრძნობდეთ მას, გვიხაროდეს მასთან ერთად, ვიგლოვდეთ მასთან ერთად და როდესაც მოყვასს რაიმე გასაჭირი შეემთხვევა, ისე ვცხოვრობდეთ, თითქოსდა იგივე სხეულის პატრონნი ვიყოთ და საკუთარ თავზე ვზრუნავდეთ; როგორც დაწერილია: ერთნი ვართ ქრისტეში; ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაისა იყო გული და გონებაი ერთ (მოც. 4, 32).
ძმამ უთხრა ამბა ანტონის: ილოცე ჩემთვის. მაგრამ ბერმა მიუგო: ვერც მე, ვერც უფალი ვერ შეგიწყალებს, თუ თავად არ შეიწყალებ თავს და ღვთისთვის სათნოდ არ იცხოვრებ.
კიდევ თქვა ამბა ანტონიმ: ჩვენს დროში ღმერთი აღარ უშვებს მტრის ისეთ განსაცდელებს, როგორსაც ძველად, რადგან უწყის, რომ ამჟამად ადამიანები უძლურნი არიან და ამგვარ განსაცდელებს ვერ გადაიტანენ.
ძმამ ჰკითხა ამბა არსენს: რატომაა, რომ ზოგი კეთილი ადამიანი სიკვდილის ჟამს დიდ გაჭირვებაშია და სხეულებრივი სნეულებით ევნება? იმიტომ რომ, ჩვენ, როგორც მარილში გამოყვანილნი, განწმედილნი წავიდეთ იმქვეყნად, – უპასუხა ბერმა.
ბერმა თქვა: შეცდომილ გონებას კითხვა, ლოცვა, სიფხიზლე გამოასწორებს; ავხორცულ ვნებას მარხვა, შრომა და დაყუდება ჩააქრობს; მრისხანებას ფსალმუნთგალობა, მოთმინება და მოწყალება მოათვინიერებს. მაგრამ ეს ყველაფერი დროულად და ზომიერედაა საჭირო; თუ უდროოდ და უზომოდ აღესრულება, მაშინ მსწრაფლწარმავალი ხდება და ზიანის მომტანი უფროა, ვიდრე სარგებლისა.
ძმამ ჰკითხა ამბა მაკარის: როგორ ვცხოვნდე? ბერმა უპასუხა: მკვდარივით იყავი: ვითარცა მკვდარმა არ იფიქრო წყენაზე, ხალხი რომ მოგაყენებს, არც დიდებაზე და ცხონდები.
ბერს ჰკითხეს: როგორ ვპოვებ ღმერთს? – მარხვით, შრომით, მღვიძარებით თუ მოწყალებით? ამაზე მან ასე უპასუხა: მრავალმა განუსჯელად დაიძაბუნა სხეული და ამით სარგებელი ვერ ნახა. ჩვენი ბაგენი მარხვით სუნთქავენ; ჩვენ ზეპირად ვისწავლეთ წმინდა წერილი; აღვასრულეთ დავითის ფსალმუნები; მაგრამ რასაც ღმერთი ეძიებს, ის არ გაგვაჩნია, ანუ შიში ღვთისა, სიყვარული და სიმდაბლე.
“ძველი პატერიკი”
Comments on: "ძველი პატერიკი" (2)
ულამაზესი რამ აღმოვაჩინე ახლა ამ გვერდის აღმოჩენით, ღმერთმა დაგლოცოს!
მომეწონა…