"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."


ნამდვილი ადამიანი მაშინ გახდები, როდესაც გონებაში შენს თავს არარაობად წარმოიდგენ, როდესაც საკუთარი სულით უსასრულო და უსაზღვრო სულთან ამაღლდები და ამ სიმაღლიდან შეხედავ საკუთარ თავს ისევე ობიექტურად, როგორც უყურებ ყველაფერს, რაც შენ გარშემოა… იყავი თავმდაბალი. იცოდე, რომ რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენ თავს ადამიანების წინაშე, იმდენად უგუნური ხდები საკუთარი თავის წინაშე. რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია წარმოდგენა საკუთარ თავზე… გვიყვარს ჩვენს კეთილ საქმეებზე ლაპარაკი. ნურასოდეს ჩაიწერ შენს კეთილ საქმეებს: თუ ჩაიწერ, ჩანაწერი სწრაფად წაიშლება; თუ დაივიწყებ, ისინი მარადიულობაში ჩაიწერება ვინმემ გული გატკინა? ნუ ჩაიწერ მის ცოდვებს: თუ ჩაიწერ, მათგან ნახევარი შენ დაგაწვება. დაივიწყე ისინი და უფალი დაივიწყებს შენს შეცდომებს... დააფასე ის ცხოვრება, რაც უფალმა გარგუნა. თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას. თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას... როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა, ღირსეულად გადაიტანო ძაგება და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს... არასოდეს დაიჩივლო შენი ცხოვრების გამო. ღმერთი ყოველდღე ასჯერ მეტს გვაძლევს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია მას დავუბრუნოთ. მიუხედავად ამისა, იგი ჩვენს უმადურობაზე არ ჩივის... არასოდეს შეგაშინოს განსაცდელმა. უბედურება, რომლის დათმენასაც ღმერთი ჩვენზე უშვებს, ბედნიერებაზე უკეთესია, რომელსაც ჩვენ საკუთარი თავისათვის ვაშენებთ. თავის ერთგულებზე ღმერთი ყოველთვის დროულად უშვებს განსაცდელს. ეს მეგობრის ხმაა, რომელიც შუაღამისას გვაღვიძებს მძინარს: ხანძარია! გონიერი ტოვებს ცეცხლწაკიდებულ სახლს და გარბის, რათა საკუთარი სიცოცხლე იხსნას. უგუნური კი ზის და ტირის ცეცხლის კვამლში, სანამ აალებულ სახლთან ერთად არ დაიღუპება… ყველა კითხვაზე პასუხი შენს თავში იპოვე. ადამიანები, რომელთაც იპოვეს ღმერთი, არ იმტვრევენ თავს კითხვაზე: ვინ შემქმნა მე? რადგან მათ იციან, რომ მთელს სამყაროში ვერავის უწოდებ ყოველივეს შემოქმედს, ღმერთის გარდა. წუთისოფლის ადამიანები კი იტანჯებიან ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად, პასუხს საკუთარი სახლის ეზოში ნაგვის გროვაში პოულობენ, ოღონდაც კი არავისი ეშინოდეთ და არავისი რცხვენოდეთ… რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს მაინც სიმართლეა: ჩვენ ამქვეყნად იმისათვის მოვდივართ, რათა მისგან თავი ვიხსნათ. ისევე, როგორც ადამიანები ომში იმიტომ კი არ მიდიან, რომ ამით თავი შეიქციონ, არამედ თავი იხსნან მისგანყოველი არსება სიცარიელეა, თუ იგი ღვთით არაა აღსავსე. ყოველი სული მკვდარია, თუ  ღვთით არაა ავსებული. ილუზიაა  ის,  რომ ყველა ადამიანი ერთნაირად ცოცხლად  ჩათვალო. არიან ცოცხალნი   და უსიცოცხლონი, იმისდა მიხედვით, რამდენად მკვიდრობს მათში უფალი, სიცოცხლე, რომელსაც ისინი საკუთარ თავში ატარებენ. ისინი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ ეს ხომ დროებითია. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ კვამლი კიდევ დიდხანს ასდის ნაცარს... არ შეშინდე განსაცდელის დროს. გწამდეს, რომ შენი ტანჯვა არასოდეს გადასცდება საზღვრებს. მებაღე ტოტებს ჭრის, რათა ხე სწრაფად გაიზარდოს და უკეთესი ნაყოფი მოიტანოს. თუ იგი გადაამეტებს და ზედმეტს მოჭრის, ხე გახმება. ღმერთი ნებისმიერ მებაღეზე მეტი მზრუნველობითა და გულმოწყალებით ზრუნავს თითოეულ ადამიანზე. ის არასოდეს მოგივლენს იმაზე მეტ განსაცდელს, რისი დათმენაც არ შეგიძლია… ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში მშვიდობას ვერ პოულობენ, სამყაროში თავიანთ ადგილს ვერასოდეს იპოვნიან... ბევრს ეჩვენება, რომ სხვა ადგილას რომ იყოს, უკეთესი ადამიანი იქნებოდა. მდიდარს ეჩვენება, რომ სათნოებას ხელს უშლის სიმდიდრე, ღარიბს – სიღარიბე, მეცნიერს – სიბრძნე, უმეცარს – უცოდინრობა, ავადმყოფს – ავადმყოფობა, მოხუცს – მოხუცებულობა და ახალგაზრდას – ახალგაზრდობა. ეს მხოლოდ თავის მოტყუება და საკუთარი სულიერი დამარცხების აღიარებაა. ამიტომაა საჭირო ეკლესიური ცხოვრება, რათა ნათლად დაინახო საკუთარი ჩრდილი. აღსარებაც ამას ემსახურება, ამპარტავნება რომ დასძლიო. არავინ მიდის ექიმთან იმისათვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობით იტრაბახოს, არამედ იმისათვის, რომ თავისი წყლულები აჩვენოს მას. ადამიანი, რომელიც აღსარებაზე მიდის, ამპარტავნებას ეკლესიის კარებში ტოვებს. ბედნიერია ის, ვინც უკან დაბრუნებისას მას დაივიწყებს. ღმერთმა ინებოს, რომ ყველა ადამიანი ტაძრიდან გამოსვლისას, სიამაყის ყავარჯნის ნაცვლად, თავმდაბლობის ყავარჯენს ეყრდნობოდეს... შეეცადე, რომ ყოველი დღე ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყოს შენს ცხოვრებაში. ცოდვებზე სინანული ვერას გიშველის, თუ იმ ცოდვას კვლავაც გაიმეორებ. სანამ სინანული შენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, შენი ყოფა აღსავსე იქნება ერთი და იმავე კოშკის აშენებით და ნგრევით. ბევრი უნდა იშრომო, რათა ერთ დღესაც შეინარჩუნო  რაღაც დაუნგრეველი გუშინდელი დღიდან. სწორედ ეს იქნება შენი ცხოვრების პირველი დღე, აქედან დაიწყება შენი ცხოვრება… ყველანაირად ეცადე ადამიანთა მიმართ ბოროტებისაგან სული განიწმიდო; რადგან, თუკი ადამიანების მიმართ ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ მხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს, შენვე გაგანადგურებს. თუ გამუდმებით ითვლი სხვის ცოდვებს, საკუთარს განამრავლებ. ადამიანებს, რომლებიც სხვის ტკივილს ვერ იზიარებენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ შეიგრძონ სხვისი ბედნიერების სიხარული. ნუ დაუშვებ, რომ მზე შენზე კეთილშობილი იყოს, ის ხომ ერთნაირად ათბობს ბოროტთაც და კეთილთაც; შენ უფრო არ შეგიძლია სიკეთით გაათბო კეთილნიც და ბოროტნიც? ნუ დაუშვებ, რომ ცა შენს სულზე მეტად ბრწყინავდეს; რადგან შენში არის ის, ვინც ეს ცა შექმნა... მთელი სამყარო უზარმაზარ ფორტეპიანოს წააგავს, მისი კლავიშები ღვთის შექმნილია; რომელ მათგანსაც არ უნდა შეეხო, საკუთარი სულის გამოძახილს მოისმენ. შენი ცხოვრება ისეთი იქნება, როგორი ხედვაც გექნება მისდამი. ჰკითხე წუთისოფლის ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუსებს; „მე მე ვარ,“ და მხედველობაში ექნება საკუთარი სხეული. ჰკითხე სულიერ ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუხებს: „არის ვიღაც ჩემს სულში, მე ხელს ვიწვდი, რათა შევეხო მას, მაგრამ მესმის, რომ ამისათვის ჩემი ხელები ზეცაზე ფართო უნდა იყოს.“ ჰკითხე შენს სულში იმ ზეციერს – „ვინ ვარ მე?

წმ. ნიკილოზ სერბის ჩანაწერების მიხედვით

Advertisements

Comments on: "ვინ ხარ შენ?…" (1)

  1. მარიამი said:

    გაიხარე, ლამაზი სულის ადამიანო!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Tag Cloud

%d bloggers like this: