"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

Archive for ივნისი 12, 2011

რატომ ტირის ადამიანი…


way“- რა გატირებს?

– რაღაც გამახსენდა…

– მაინც?

– აი, ახლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა, ოდესღაც, ზუსტად აქ ჩამოიარეს…

– მერე, რა გატირებს?

– ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო…

– ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?

– რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება…

– გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?

– არ მინდა…

– რატომ?

– შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან…

– მერე შენ ამის გეშინია?

– შენ არ გეშინია?!

– რისი უნდა მეშინოდეს?!

– დასასრულის…

– დასასრული არ არსებობს..

– როგორ თუ არ არსებობს?!

– რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას… ყოველი არსი თვითონ ეძებს თავის დასასრულს. ესაა მიზანი.. მაგრამ, ხომ გითხარი, დასასრული არ არსებობს მეთქი…

– მაშ, რატომ ტირიან ადამიანები?

– ეშინიათ და იმიტომ…

– რისი ეშინიათ?

– დასაწყისის… ვისაც არ ეშინია დასაწყისის, ის არც ტირის…

– მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?

– თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწყისია…

– იქნებ მაგიტომ არ ტირიან?!

– მაშ, რატომ?

– შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით…

– ეგ რამ გაფიქრებინა?

– ეკლესიებმა… ხედავ, როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვინდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს, ვტირით…

– შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?

– შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს…

– და თუ განმეორდა, მაინც იტირებ?

– არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი…

– იმიტომ, რომ თავისუფლება უნდა…

– მერე აღარ იტირებს?

– არა. თავისუფალ კაცს დასაწყისის არ ეშინია.

– დაწერე რა..

– რა?

– მოთხრობა დაწერე ჩემზე…

– შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?

– არა. იცი, როგორ დაწერე?

– როგორ?

– ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს…

– მერე?

– ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა..

– მერე?

– ერთ დღეს, ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ?

…..

დავწერე…” 

გ. ჩოხელი

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: