“ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება... სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია... ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შექმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს…“ (ო. ჭილაძე )
„სინდისი არის ადამიანის სულიერი გრძნობა – კეთილისა და ბოროტის გარჩევის შემძლე. ეს გრძნობა გონებაზე უკეთ განასხვავებს სიკეთესა და ბოროტებას. სინდისის მოტყუება უფრო ძნელია, ვიდრე გონების. ხიბლში ჩავარდნილ გონებას, რომელსაც ცოდვისმოყვარე ნებაც ეხმარება, ყველაზე მეტხანს სინდისი ებრძვის. სინდისი ბუნებრივი კანონია. დაწერილი კანონის შემოღებამდე ადამიანს სინდისი ხელმძღვანელობდა. დაცემული კაცობრიობა თანდათან ითვისებდა ღმერთის, კეთილისა და ბოროტის შესახებ არასწორ წარმოდგენას. ამა სოფლის სიბრძნემ სინდისსაც გადასდო თავისი სენი, ამიტომ დაწერილი კანონი აუცილებელი გახდა ჭეშმარიტების შეცნობისა და სულიერად სუფთა ცხოვრებისათვის… სინდისის მოკვლა შეუძლებელია. იგი ქრისტეს საშინელ სამსჯავრომდე გაჰყვება ადამიანს და იქ ამხილებს ურჩობის მსხვერპლს… ნურცერთ ცოდვას ნუ მიიჩნევ უმნიშვნელოდ – ყოველი ცოდვა არის საღმრთო სჯულის დარღვევა, სინდისის დათრგუნვა. არაფრისაგან – ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცოდვისაგან – თანდათან დიდ დაცემამდე მივდივართ. „რას ნიშნავს ეს? დიდი ცოდვაა თუ მცირე? ისეთი რა ცოდვაა? არის კი საერთოდ ცოდვა?“ ასე მსჯელობს კაცი, რომელსაც საკუთარი სულის ცხონება არ აღელვებს, როდესაც ღმერთის მიერ აკრძალული რაიმე საქმის ჩადენას აპირებს და ამ უკიდურესად მყიფე საფუძველზე დაყრდნობით ქელავს სინდისს. ამის შედეგად სინდისი ბლაგვდება, მისი ნათელი ბნელდება, სულში უგრძნობელობის წყვდიადი და სიცივე ისადგურებს. ბოლოს და ბოლოს, უგრძნობელობა სულის ჩვეულებრივ მდგომარეობად იქცევა, სული ხშირად კმაყოფილია ამ მდგომარეობით: მას ღვთის წინაშე სათნოდაც მიიჩნევს და ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის სულის მშვიდობა.. სინამდვილეში კი ესაა საკუთარი ცოდვილობის განცდის დაკარგვა, სინდისის მიძინება და სულიერი სიბრმავე. ასეთ მდგომარეობაში, საშინელი დაბნელებისა და უგრძნობელობის დროს, სულში თავისუფლად შემოდის სხვადასხვა ვნება და ბუდეს იწყობს. ღრმად ჩაკირული ვნებები ჩვევებად იქცევიან, და ეს ჩვევები ისევე მტკიცეა, როგორც ბუნება, ზოგჯერ კი ბუნებაზე უმტკიცესიც. ცოდვილ ჩვევებს ვნებები ეწოდებათ. და კაცი ვერც კი ხვდება, ისე აღმოჩნდება ყოველი მხრიდან ცოდვით გარშემორტყმული, მისი ტყვე, მისი მონა. ვინც მრავალგზის წაუყრუა სინდისის ხმას და ცოდვას დაემონა, ის მხოლოდ უდიდესი შრომით, უფლის განსაკუთრებული შეწევნით შეძლებს თავი დაიხსნას ამ მონობისაგან, დასძლიოს ვნებები, თითქოს მეორე ბუნებად რომ ქცევიან… დაცავი სინდისი! დაიცავი სინდისი ღმერთთან მიმართებაში: შეასრულე ყოველი მისი ბრძანება, როგორც ყველასათვის ცნობილი, ისე ყველასათვის უცნობი, გარდა ღმერთისა და შენი სინდისისა. დაიცავი სინდისი მოყვასთან მიმართებაში: ნუ იკმარებ მხოლოდ გარეგნულ წესიერებას! დაიცავი სინდისი საგნებთან მიმართებაში: მოერიდე ყოველგვარ ზედმეტობას, ფუფუნებას, დაუდევრობას; გახსოვდეს, რომ ყველა საგანი, რომლითაც შენ სარგებლობ, ღმერთის საბოძვარია. დაიცავი სინდისი საკუთარ თავთან მიმართებაში: გახსოვდეს, რომ შენ ხარ ხატი და მსგავსება ღმრთისა, და ვალდებული ხარ ეს ხატი თვით ღმერთს წარუდგინო წმინდად და შეურყვნელად. ვაი, თუკი უფალი ვერ იცნობს თავის ხატს, ვერ იპოვის მსგავსებას თავის თავთან. მაშინ წარმოთქვამს იგი სასტიკ განაჩენს: „არა გიცნი თქუენ“ (მათ. 25,12), და ასეთი ხატი ჯოჯოხეთის უშრეტ ცეცხლში დაინთქმება. ხოლო, უსასრულო სიხარული დაეუფლება სულს, რომელსაც მიხედავს უფალი, იცნობს თავის მსგავსებას და დაინახავს იმ მშვენიერებას, თავისი გამოუთქმელი სახიერებით რომ მიჰმადლა შექმნისას..” („სიტყვა ნუგეშინისცემისა“).
მთელი ცხოვრება გახსოვდეს, რომ ადამიანი სინდისია..
Comments on: "ადამიანი სინდისია" (3)
მადლობა ყველაფრისთვის, ჩემო ნათია. ღმერთმა დიდზე დიდი ბედნიერება მოგანიჭოს მთელი შენი ცხოვრების მანძილზე. მიყვარხარ ძალიან, ასეთი კარგი სულის პატრონი რომ ხარ. ღმერთს ებარებოდე..
ღმერთმა დაგლოცოს, მადლობა რომ ბევრ კარგ თვისებას უნერგავ ადამიანებს
ძალიან მომეწონა თ ქვენი ინტერნეტ გვერდი …. გაიხარეთ