"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

Archive for ივლისი, 2011

მალე გათენდება!


ნათქვამია, ქვეყნად ტკივილი რომ არ იყოს, ადამიანი, ალბათ, ენასაც არ ამოიდგამდაო; რომ ბედნიერებაც და უბედურებაც ერთნაირად საჭიროა და ერთ–ერთის არ არსებობის შემთხვევაში, მეორეც არ იქნებოდაო.  ალბათ ასეც არის… ყველა რომ გახარებული იყოს, ყველას რომ ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეს, მაშინ ხომ ფასი აღარ ექნებოდა ბედნიერებას, თვითონ ამ სიტყვის ცნებაც აღარ იარსებებდა. ახლა კი, ტკივილი რომ არსებობს, ტანჯვა რომ არსებობს, იმიტომ ჰქვია ბედნიერებას ბედნიერება, იმიტომ მიისწრაფის მთელი ცხოვრება ადამიანი მის მოსაპოვებლად. ზოგი პოულობს მას, ზოგსაც ჰგონია რომ იპოვა, მაგრამ მერე ხვდება, რომ ბედნიერება მხოლოდ მის ილუზიებში არსებობდა; ზოგიც მთელი ცხოვრება ეძებს, მაგრამ ამაოდ. ეს იმიტომ, რომ, ხშირად, იქ არ ვეძებთ ხოლმე მას, სადაც საჭიროა. ბედნიერება ადამიანის  შინაგანი მდგომარეობაა, ადამიანის სულის ნეტარებაა, ამიტომ გარეთ ამაოდ ვეძებთ. მართალია  მას გარე ფაქტორებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ, მაგრამ მაინც სულიდან და გულიდან, ჩვენი შინაგანი სამყაროდან მოდის. რამდენი  ბრძნული გამონათქვამიც  არ უნდა წაიკითხოს ადამიანმა, ბედნიერი ცხოვრების ერთ, საერთო, უნივერსალურ „რეცეპტს“ მაინც ვერ მიაგნებს; იმიტომ, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია თავისი ხედვით, ცხოვრებით და აზროვნებით; კარგი იქნებოდა ყველა ადამიანი ყოფილიყო ბედნიერი, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ამქვეყნიური ცხოვრების “კანონებს”; რომ არ იყვნენ უბედურნი, არ იქნებოდნენ ბედნიერნი. როგორც წესი, ერთი ადამიანის წარმატება, მეორეს წარუმატებლობის  ფონია. ასეთი „უსამართლოა“ წუთისოფელი და ვინ რომელ მხარეს აღმოჩნდება, როდის და როგორ, ეს არავინ იცის.. რამდენი ტკივილი და სევდა ტრალებს ჩვენ გარშემო, რამდენი ადამიანის გულია ცრემლებად დაღვრილი. ალბათ, კარგიც არის ერთმანეთის გულსა და სულს რომ ვერ ვხედავთ, ერთმანეთის ტანჯვას რომ ვერ ვგრძნობთ, თორემ ვერავის გული ვერ გაუძლებდა ამდენ ტკივილს. ერთი და იგივე დღე ზოგისთვის ცხოვრების დასაწყისია, ზოგისთვის – დასასრული, ზოგისთვის ჩამავალი მზეც ამომავალია, ზოგის გული კი ისეთი გაყინულია, რომ მცხუნვარე მზის სითბოსაც ვერ გრძნობს. ერთი და იგივე წუთი ზოგს ღიმილს, სიყვარულს და ბედნიერებას ჩუქნის, ზოგს კი სამუდამოდ უხურავს ბედნიერების კარს, ცრემლების წვიმის ნაცრისფერი ღრუბელი ფარავს იმ მზეს, სხვას იმ წუთას რომ გულს უთბობს. არავინ იცის, როგორი იქნება ხვალინდელი დღე მისთვის, რა „საჩუქარს“ უმზადებს მომავალი. დღეს ღამე ცვლის, სიხარულს – მწუხარება, ცრემლს – ღიმილი.. და პირიქით. ერთი მეორის მსაზღვრელია. ამიტომ არის ერთნაირად საჭირო ორივეს არსებობა.  იმედია მხოლოდ ჩვენი ერთგული მეგობარი, რომელიც სიბნელეშიც არ გვტოვებს მარტო; მეგობარი, რომელიც ჩვენთან ერთად კვდება ბოლოს. „ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა! ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა!“ ასეთია ჩვენი ცხოვრება. ტკივილის შემდეგ აუცილებლად მოდის შვება, ტანჯვის მერე მოულოდნელი სიხარული და – პირიქით; ეს აწონასწორებს ჩვენს ცხოვრებას. ამიტომაც ამბობენ არაბები: ”გამუდმებული მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიანო” და მართლაც, ადამიანები, რომელნიც მწუხარების გარეშე განვლენ წუთისოფელს, ხშირად უდაბნოს ემსგავსებიან. მუდმივი ამაღლება და დაცემა – აი ჩვენი ცხოვრების რეალური სახე. ალბათ, ამ ყველაფრის გარეშე, აზრს დაკარგავდა ჩვენი სიცოცხლე, მაშინ, ალბათ, ადამიანებიც აღარ ვიქნებოდით.. სწორედ ამაშია ჩვენი ადამიანობა. ამიტომ, დღეს შენ თუ თვლი რომ ბედნიერი ხარ, დააფასე ეს, უფლის წინაშე მუხლი მოიყარე და მადლობა შესწირე ამ საჩუქრისთვის; იმიტომ, რომ ზუსტად ამ დროს ვიღაც სხვაც დაჩოქილია, ოღონდ უძლურებისგან, ცხოვრების უსამართლობისგან… შენ თუ მზე გათბობს ახლა და მზის სხივებს უმზერ ღიმილიანი სახით, ესეც დააფასე, რადგან ზუსტად ამ დროს, ვიღაცის გული მზის ქვეშ სიცივისგან იყინება.. და თუ შენ ხარ ერთ–ერთი ის ადამიანი, ვინც ახლა გულისტკივილს განიცდის რაღაცის გამო და დროებით სიბნელეში აღმოჩენილა, არ შეშინდე – ბნელს ყოველთვის ნათელი ცვლის, “ჯვარცმას” – “აღდგომა”, ცრემლს – ღიმილი.. უფლის წყალობით, მალე გათენდება! ყველას უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ.. ♥

ნათია გოგიაშვილი

სიცოცხლის ტაძარი


როგორი ხანმოკლეა ჩვენი სიცოცხლე და, ხშირ შემთხვევაში, როგორ არასათანადოდ ვიყენებთ მას. გვავიწყდება, რომ შეიძლება ნებისმიერი დღე უკანასკნელი აღმოჩნდეს ჩვენთვის, ამიტომ ყოველი დღე, წუთი და წამი დასაფასებელია. თითქოს სამუდამოდ აქ ვრჩებოდეთ, არ ვცდილობთ დროის სათანადოდ გამოყენებას და ვკარგავთ უამრავ ბედნიერ წუთს. ხშირად, მომავლისთვის ვდებთ იმას,  რისი გაკეთებაც დღესაა შესაძლებელი და ხვალ შეიძლება გვიანი აღმოჩნდეს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არავინ იცის რამდენ ხანს იქნება ამ ქვეყნად, ამიტომ გამუდმებით უნდა ვცდილობდეთ რაც შეიძლება მეტი ბედნიერი დღე ვაჩუქოთ საკუთრ თავს და გარშემომყოფ ადამიანებს. რაც არ უნდა ხანმოკლე იყოს ჩვენი ცხოვრების გზა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ დღეშიც შეიძლება უამრავი კარგი საქმის გაკეთება; ერთ დღეშიც შეიძლება იმდენი სიკეთის და მადლის დათესვა, რამდენსაც ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ვაგროვებთ. უნდა ვეცადოთ ვიცხოვროთ ისე, რომ გზის ბოლოს აღმოჩენილებმა სინანულით არ მოვიხედოთ უკან და ამაოდ არ ვინატროთ ფუჭად დაკარგული დროის დაბრუნება. სამწუხაროა, რომ დღეს ადამიანთა უმრავლესობა საკუთარ თავშია გამოკეტილი, მარტოსულია, გარშემო უამრავი ადამიანი ახვევია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. თითქოს ერთად ვართ, გვერდიგვერდ მივაბიჯებთ ცხოვრების გზაზე, მაგრამ ამავე დროს უსაზღვროდ შორს ვართ ერთმანეთისგან, იმდენად შორს, რომ მხარდამხარ მიმავალნი ერთმანეთს ვერ ვხედავთ. ალბათ, იმიტომ რომ დავკარგეთ ერთმანეთის სიყვარულის ნიჭი. ქვეცნობიერად, ყოველთვის სხვისგან ვითხოვთ მზრუნველობას,  ყურადღებას, გაგებას, პატიებას, სიყვარულს.. და თუ რამეს გავცემთ – დაფასებას, სამაგიეროს, საზღურს.. ალბათ,  ამაშია  ჩვენი “უბედურების”  მიზეზიც..   ბევრი  ადამიანი  წასულა  ამ ქვეყნიდან ისე, რომ ერთხელაც არ დაფიქრებულა რა აზრი ჰქონდა მის სიცოცხლეს; და თუ დაფიქრებულა,  მაინც არაფერი შეუცვლია თავის ცხოვრებაში. რამდენ ადამიანს უნატრია უაზროდ დაკარგული წლების დაბრუნება, რამდენს უნანია საკუთარი უმოქმედობა. თითოეულ დღეს თავისი უსაზღვრო მადლი აქვს, რომელიც ჩვენვე უნდა აღმოვაჩინოთ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ. ცხოვრება არც ისეთი უმოწყალოა, როგორც ეს ხშირად გვეჩვენება. პრობლემა ცხოვრებაში კი არა – ჩვენშია, მისდამი ჩვენს არასწორ ხედვაშია. ადამიანი ხომ ღვთის ხატია და შესაბამისად ამოუწურავი სიკეთისა და სიყვარულის მატარებელია. მაგრამ, ამ მადლს პოვნა და გამოყენება უნდა. ეგოიზმის ტყვეობიდან თავის დაღწევა ადვილი არ არის.. სამყაროს შეცვლა ჩენი სულიერი მდგომარეობის შეცვლით უნდა დავიწყოთ, შინაგანი სიმშვიდე მოვიპოვოთ და მერე ჩვენ გარეთაც ყველაფერი თავისით დალაგდება, სამყარო იმნაირია როგორი ხედვაც გვაქვს მისდამი, როგორი მდგომარეობაცაა ჩვენს სულში.. გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გავულამაზოთ ერთმანეთს ცხოვრება. როცა ჩვენს თანამგზავრს ძირს დაცემულს დავინახავთ, წამოდგომაში მივეხმაროთ, ვიტვირთოთ ერთმანეთის ტკივილი. როცა სხვას ჩამქრალსა და დაცლილს დავინახავთ, ჩვენ ვუწილადოთ საკუთარი კანდელიდან სიცოცხლის ზეთი. რამდენი ადამიანია სულიერად დაცლილი, რომელიც შეიძლება შენმა ერთმა კეთილმა სიტყვამ  აავსოს, სიცოცხლის ძალა დაუბრუნოს. შენც რომ გიჭირდეს, ძლივს რომ მიუყვებოდე ცხოვრების გზას, მაინც შეგხვდება ისეთი ადამიანი შენზე მეტად რომ იქნება გაჭირვებული; მასაც უნდა დაეხმარო, რამდენადაც შეგიძლია მხარში ამოუდგე, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება შენ აღმოჩნდე მის ადგილას და შენ დაგჭირდეს სხვისი შემწეობა. სწორედ ამაშია ჩვენი ადამიანობა. ჩვენ ერთნი ვართ ყველა, სიცოცხლის ტაძარში დანთებული სხვადასხვა სანთელი. ადრე თუ გვიან, ყველა ჩვენგანი ჩაიწვება და ჩვენს ადგილას სხვა სანთელს დაანთებს სამყაროს ტაძრის შემოქმედი. ამიტომ, მე თუ მნახავ ჩამქრალსა და ჩაბნელებულს, ნუ დაგენანება შენი კელაპტრიდან სითბო მიწილადო, სიყვარული და სითბო გაზიარებით არ ნელდება, მეც სინათლით ავივსები და ერთმანეთს გავუნათებთ ცხოვრების გზას. თითოეული ჩვენგანი ამოუწურავი სინათლის, სიკეთის, სითბოს, მადლისა და სიყვარულის წყაროა. ამიტომ, სანამ ცოცხლები ვართ, სანამ პირში სული გვიდგას ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ვიპოვოთ საკუთარი ბედნიერება ერთმანეთის ბედნიერებაში. ერთად ვილოცოთ გადარჩენისთვის სიცოცხლის ტაძარში.. სანამ წვეთ–წვეთად, სულ ბოლომდე დავიღვენთებით..

ნათია გოგიაშვილი

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: