როგორი ხანმოკლეა ჩვენი სიცოცხლე და, ხშირ შემთხვევაში, როგორ არასათანადოდ ვიყენებთ მას. გვავიწყდება, რომ შეიძლება ნებისმიერი დღე უკანასკნელი აღმოჩნდეს ჩვენთვის, ამიტომ ყოველი დღე, წუთი და წამი დასაფასებელია. თითქოს სამუდამოდ აქ ვრჩებოდეთ, არ ვცდილობთ დროის სათანადოდ გამოყენებას და ვკარგავთ უამრავ ბედნიერ წუთს. ხშირად, მომავლისთვის ვდებთ იმას, რისი გაკეთებაც დღესაა შესაძლებელი და ხვალ შეიძლება გვიანი აღმოჩნდეს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არავინ იცის რამდენ ხანს იქნება ამ ქვეყნად, ამიტომ გამუდმებით უნდა ვცდილობდეთ რაც შეიძლება მეტი ბედნიერი დღე ვაჩუქოთ საკუთრ თავს და გარშემომყოფ ადამიანებს. რაც არ უნდა ხანმოკლე იყოს ჩვენი ცხოვრების გზა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ დღეშიც შეიძლება უამრავი კარგი საქმის გაკეთება; ერთ დღეშიც შეიძლება იმდენი სიკეთის და მადლის დათესვა, რამდენსაც ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ვაგროვებთ. უნდა ვეცადოთ ვიცხოვროთ ისე, რომ გზის ბოლოს აღმოჩენილებმა სინანულით არ მოვიხედოთ უკან და ამაოდ არ ვინატროთ ფუჭად დაკარგული დროის დაბრუნება. სამწუხაროა, რომ დღეს ადამიანთა უმრავლესობა საკუთარ თავშია გამოკეტილი, მარტოსულია, გარშემო უამრავი ადამიანი ახვევია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. თითქოს ერთად ვართ, გვერდიგვერდ მივაბიჯებთ ცხოვრების გზაზე, მაგრამ ამავე დროს უსაზღვროდ შორს ვართ ერთმანეთისგან, იმდენად შორს, რომ მხარდამხარ მიმავალნი ერთმანეთს ვერ ვხედავთ. ალბათ, იმიტომ რომ დავკარგეთ ერთმანეთის სიყვარულის ნიჭი. ქვეცნობიერად, ყოველთვის სხვისგან ვითხოვთ მზრუნველობას, ყურადღებას, გაგებას, პატიებას, სიყვარულს.. და თუ რამეს გავცემთ – დაფასებას, სამაგიეროს, საზღურს.. ალბათ, ამაშია ჩვენი “უბედურების” მიზეზიც.. ბევრი ადამიანი წასულა ამ ქვეყნიდან ისე, რომ ერთხელაც არ დაფიქრებულა
რა აზრი ჰქონდა მის სიცოცხლეს; და თუ დაფიქრებულა, მაინც არაფერი შეუცვლია თავის ცხოვრებაში. რამდენ ადამიანს უნატრია უაზროდ დაკარგული წლების დაბრუნება, რამდენს უნანია საკუთარი უმოქმედობა. თითოეულ დღეს თავისი უსაზღვრო მადლი აქვს, რომელიც ჩვენვე უნდა აღმოვაჩინოთ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ. ცხოვრება არც ისეთი უმოწყალოა, როგორც ეს ხშირად გვეჩვენება. პრობლემა ცხოვრებაში კი არა – ჩვენშია, მისდამი ჩვენს არასწორ ხედვაშია. ადამიანი ხომ ღვთის ხატია და შესაბამისად ამოუწურავი სიკეთისა და სიყვარულის მატარებელია. მაგრამ, ამ მადლს პოვნა და გამოყენება უნდა. ეგოიზმის ტყვეობიდან თავის დაღწევა ადვილი არ არის.. სამყაროს შეცვლა ჩენი სულიერი მდგომარეობის შეცვლით უნდა დავიწყოთ, შინაგანი სიმშვიდე მოვიპოვოთ და მერე ჩვენ გარეთაც ყველაფერი თავისით დალაგდება, სამყარო იმნაირია როგორი ხედვაც გვაქვს მისდამი, როგორი მდგომარეობაცაა ჩვენს სულში.. გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გავულამაზოთ ერთმანეთს ცხოვრება. როცა ჩვენს თანამგზავრს ძირს დაცემულს დავინახავთ, წამოდგომაში მივეხმაროთ, ვიტვირთოთ ერთმანეთის ტკივილი. როცა სხვას ჩამქრალსა და დაცლილს დავინახავთ, ჩვენ ვუწილადოთ საკუთარი კანდელიდან სიცოცხლის ზეთი. რამდენი ადამიანია სულიერად დაცლილი, რომელიც შეიძლება შენმა ერთმა კეთილმა სიტყვამ აავსოს, სიცოცხლის ძალა დაუბრუნოს. შენც რომ გიჭირდეს, ძლივს რომ მიუყვებოდე ცხოვრების გზას, მაინც შეგხვდება ისეთი ადამიანი შენზე მეტად რომ იქნება გაჭირვებული; მასაც უნდა დაეხმარო, რამდენადაც შეგიძლია მხარში ამოუდგე, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება შენ აღმოჩნდე მის ადგილას და შენ დაგჭირდეს სხვისი შემწეობა. სწორედ ამაშია ჩვენი ადამიანობა. ჩვენ ერთნი ვართ ყველა, სიცოცხლის ტაძარში დანთებული სხვადასხვა სანთელი. ადრე თუ გვიან, ყველა ჩვენგანი ჩაიწვება და ჩვენს ადგილას სხვა სანთელს დაანთებს სამყაროს ტაძრის შემოქმედი. ამიტომ, მე თუ მნახავ ჩამქრალსა და ჩაბნელებულს, ნუ დაგენანება შენი კელაპტრიდან სითბო მიწილადო, სიყვარული და სითბო გაზიარებით არ ნელდება, მეც სინათლით ავივსები და ერთმანეთს გავუნათებთ ცხოვრების გზას. თითოეული ჩვენგანი ამოუწურავი სინათლის, სიკეთის, სითბოს, მადლისა და სიყვარულის წყაროა. ამიტომ, სანამ ცოცხლები ვართ, სანამ პირში სული გვიდგას ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ვიპოვოთ საკუთარი ბედნიერება ერთმანეთის ბედნიერებაში. ერთად ვილოცოთ გადარჩენისთვის სიცოცხლის ტაძარში.. სანამ წვეთ–წვეთად, სულ ბოლომდე დავიღვენთებით..
"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."
ივლისი 3, 2011
კომენტარის დატოვება