უფალო, გთხოვ, დამეხმარე, რომ ისეთი ცხოვრებით ვიცხოვრო, როგორსაც შენ მოითხოვ ჩვენგან. უადგილოდ არ დასვა ჩემს ცხოვრებაში წერტილი, რომ ღირსეულად წარვსდგე სამსჯავროზე შენ წინაშე. მინდა, სანამ ცოცხალი ვარ, სანამ პირში სული მიდგას, გამუდმებით შენკენ, შენი ხატებისკენ ვისწრაფვო. ამიხილე სულიერი თვალი, რომ დავინახო შენკენ სავალი გზა. განწმინდე ჩემი გული და სული ყოველგვარი ცოდვისა თუ მანკიერებისგან. ჩვენი სიცოცხლე ხომ წამია მარადისობასთან შედარებით.. არ ვიცი, რამდენ ხანს ენთება ამ ქვეყნად ჩემი სანთელი. გთხოვ სანამ ჩავმქრალვარ, არ მიმატოვო, მიხსენი ცოდვებისგან, რომ სამუდამო უკუნეთში არ აღმოვჩნდე; დამეხმარე, რომ ჩემი სულის კელაპტარი უკვადავების მარადიული ცეცხლით დაენთოს. შენ ხარ ერთადერთი ნათელი წუთისოფლის სიბნელში.. არასოდეს მიმატოვო უფალო, არასოდეს.. ვიცი, შენ კი არა, ჩვენ..ჩვენ გტოვებთ ხოლმე, ჩვენ გვიბნელდება სულის თვალი და ვერ ვხედავთ შენს ნათელს.. ჩვენ გშორდებით ჩვენი ცოდვილი ცხოვრებით.. მოგვიტევე, უფალო, ჩვენ ხომ ერთი საცოდავი და უმწეო არსებანი ვართ, ტალახისგან შექმნილი არსებანი. ამიტომაც გვიჭირს ამ ტალახში შენი მსგავსებისა და ხატების დანახვა, იმ ღვთიური სულის დანახვა შენ რომ შთაბერე ამ ტალახს.. ძნელია წუთისოფელთან ჭიდილი, მისგან თავის დაღწევა, როცა მისი ნაწილი ხარ, მასში აღმოცენდი და განვითარდი. გვავიწყდება, რომ ჩვენი არსებობის მიზანი მისგან გათავისუფლებაა, ცხოვრების ჭაობიდან ამოსვლაა.. ყველა ჩვენგანი მარტოა, მარტოსულია თავის თავში, თავის ღმერთში. ყველას გვჭირდება შენი შემწეობა. ვიცი, უმადურები ვართ ადამიანები, შენ ხომ ჩვენ ყველაზე დიდი საჩუქარი გვიბოძე ამ ქვეყნად, გამოგვარჩიე ყველა სხვა სულდგმულისგან, მოგვანიჭე შენი მსგავსება, რომელიც ლაფში ამოვსვარეთ.. მაგრამ, მაინც არ გაგვწირე, მაინც არ მიგვატოვე და ჩვენ გამო დედამიწაზე ჩამოხვედი, ჩვენ გამოსახსნელად ადამიანად იქეცი, ჩვენი ცოდვები იტვირთე.. ჩვენ კი, უმადურმა და ბრმა ადამიანებმა, სამაგიერო იმით გადაგიხადეთ, რომ საკუთარი ხელით მოგკალით.. სიკვდილის წინ კი, მწყურვალს, ძმარი და ნაღველი შემოგთავაზეთ, მეტი ვერაფერი გავიმეტეთ.. და დღესაც იგივეს ვაკეთებთ, ისევ ჯვარზე გაკრავთ და ძმარსა და ნაღველს გთავაზობთ ჩვენი ცოდვილი ცხოვრებით.. როგორღა ვბედავთ ამის შემდეგ შემწეობა ვითხოვოთ შენგან, უფალო, როგორღა ვბედავთ.. მაგრამ, ვიცით, რომ უშენოდ გავქრებით, დროის უსასრულობაში გავუჩინარდებით.. მოგვიტევე უგუნურებს სულიერი სიბრმავე, “განგვინათლენ თვალნი გონებისა ჩვენისანი”.. გთხოვ, უფალო, გაგვაძლიერე, რომ ღირსეულად შევხვდეთ ყოველგვარ განსაცდელს, არასოდეს დავეცეთ სულიერად. გვიხსენი შეცდომებისგან, აავსე ჩვენი გული ზღვა სიყვარულით, რომ ეს სითბო ერთმანეთს გავუზიაროთ. ხანდახან ისე მეშინია.. მეშინია ამაოების, დაუნდობელი წუთისოფლის, მაგრამ შენ თუ ჩემ გვერდით იქნები, ყველა განსაცდელს გავუძლებ. უფალო.. დაიფარე ჩემთვის ძვირფასი ადამიანები; ვგრძნობ, რომ ყველაზე მეტად მათი დაკარგვის მეშინია. დალოცე და შეეწიე მათ.. დაიფარე ყველა ადამიანი, გზასაცდენილებს გონება გაუნათე, იხსენი მათი სული, დაიფარე ყველა სულდგმული ცისქვეშეთში. ნეტავ, ყველა ბედნიერი იყოს.. ყველამ გიპოვოს უფალო, იხაროს და იბედნიეროს შენში.. ყველანი ხომ შენი შვილები ვართ, ზოგი ღირსეული, ზოგიც გზასაცდენილი, მაგრამ მაინც შენი შვილები, შენი ხატება და მსგავსება.. აგვიხილე სულიერი თვალი, რომ დაგინახოთ უფალო, დავინახოთ შენი ნათელი ჩვენში, ვიპოვოთ საკუთარი თავი და ჩვენი არსებობის მიზანი ამ სამყაროში.. მოგვეცი ძალა, რომ ერთმანეთს ამოვუდგეთ მხარში, გავიზიაროთ ერთმანეთის ტკივილი, ვიტვირთოთ ერთმანეთის ჯვარი.. შენ ხარ ჩვენი დასაბამი, ჩვენი შემოქმედი.. არ გაგვწირო არც ერთი ჩვენგანი.. გვიხსენი უფალო, გვიხსენი.. მოგვიტევე ჩვენი ცოდვილი ცხოვრება.. გევედრები, მოგვიტევე..
"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."
სექტემბერი 21, 2011
Comments on: "ხატის წინ.." (8)
ჩემს გულში ზიხარ ♥
თქვენ ძალიან, ძალიან ნიჭიერი ხართ..
არაჩვეულებრივი საიტია, საინტერესო თემები და საინტერესო მსჯელობაა……… ♥
გაიხარე, ნათია, გულს ხვდება ყველა სიტყვა..
ძალიან კარგი საიტია, სულში ჩამწვდომი..
გაიხარეთ! უფალმა ისმინოს თქვენი ლოცვა. ამინ!
არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ნათია. მადლობა უფალს, რომ შენნაირი ადამიანები არიან ამ ქვეყანაზე.
გაიხარე, ნათია. როცა მიდიხარ და უკან არ იხედები, ესე იგი არც არაფერი დაგიტოვებია. როცა მიდიხარ და გზას ვერ ხედავ, არაფერთან მიგიყვანს, გადაგჩეხავს და ყველაფერი უკან დაგრჩება. ღმერთმა გზა დაგილოცოს ნათი, შენ უკანაც იყურები და იცი საითაც მიდიხარ.