"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

Archive for ოქტომბერი, 2011

მარადისობა


“ამქვეყნიური დიდება ამაოა იმიტო, რომ ის ვერასდროს შეედრება ზეციურ დიდებას. მთელი ეს სამყარო ისეთივე არარაობაა, როგორც ერთი წამი მარადისობასთან შედარებით. მისი დიდება ამაოა, ვინაიდან მსწრაფლწარმავალია. მთელი ჩვენი ცხოვრება მარადიულობასთან შედარებით – უფრო მცირეა, ვიდრე გულისცემა, თვალის დახამხამება – წამზე უმცირესიც კი.

თუ ადამიანს არ აქვს მიზნად სიცოცხლე, ეს არსებობაც უაზრო და მტანჯველი ხდება. თუ მარადისობა არ არსებობს, სიცოცხლეც კვდება. რადენ დიდხანსაც არ უნდა ვიცხოვროთ, ოდესმე ამქვეყნიური გზა დასრულდება… თუ სიცოცხლე მარადიული არ არის, მაშ, რაღა ფასი აქვს სამყაროს ან რისთვის წვალობს ადამიანი? ყველაფერს ხომ აზრი ეკარგება. მათ, ვისაც არ სჯეროდა მარადისობის არსებობის, სრული უიმედობა და აპათია იპყრობდა, ქმნიდნენ ფილოსოფიურ სისტემებს და ასკვნიდნენ, რომ ოდესღაც ყველაფერს აზრი ეკარგება, მაგრამ რწმენა, სინდისი, გული, ქვეცნობიერი და კაცობრიობის ისტორია გვიდასტურებ, რომ მარადისობა არსებობს და ეს მარადისობა უკვდავებაშია.

მარადისობა არ არის უსასრულოდ გაჭიანურებული დრო დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ, და ასე დაუსრულებლად. მარადისობა არის დაუსრულებელი აწმყო. ჩვენ ხომ აწმყო არ გვინახავს. ჩვენ ვიცით, რა არის წარსული და რა არის მომავალი. ჩვენ დროში ვცხოვრობთ, დროში კი აწმყო რეალურად არ არსებობს; დროში მუდმივი მდინარებაა. წარმოვიდგინოთ, რომ მდინარეში ვართ. იგი არ ჩერდება, მუდმივად მიედინება. როგორც სული არ გვინახავს, სანამ ხორცში ვართ, როგორც არ ვიცით, როგორი იქნება ჩვენი სხეული მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, ასევე არ ვიცით, რას ნიშნავს აწმყო. მაგრამ უკვდავება სწორედ აწმყოა, იქ დრო არ არის.

ღმერთმა დრო მარადისობისათვის მოსამზადებლად შექმნა. დრო არ არის დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, ის მარადისობის ფონზე მიედინება. დრო – ეს მზადებისა და არჩევანის მდგომარეობაა, გზაჯვარედინია, სადაც ადამიანის არსებობის მთავარი საკითხი წყდება, ვისთანაა იგი – ღმერთთან თუ ღმერთის გარეშე.. დრო – ეს ცვლილებების, პიროვნების ჩამოყალიბების საშუალებაა, ღვთისმსგავსების გამოვლენისა ან დაკარგვის, იმის შეძენის, რაც მარადისობაში განიხსნება. 

დრო ადამიანის გამოცდის ველია, მარადისობა კი თვით ღვთაებრიობის კუთვნილებაა, ღვთაებრიობის სუნთქვაა, რომლის შეგრძნებაც სულს ლოცვის დროს შეუძლია. ურწმუნოსთვის დრო მარტოოდენ სიკვდილის წინკარია, ყოფიერების მსხვრევაა. ამიტომ ურწმუნოთ დროსთან ბრძოლის მხოლოდ ერთი საშუალება რჩებათ – დაივიწყონ იგი.  ქრისტიანისთვის კი დრო – ეს უდიდესი ძღვენია ღვთისაგან და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობა, მარადისობა შესაძლოა ჩვენთვის ღვთის უსასრულო კარგვად იქცეს.

ადამიანის არსების ძირითადი თვისება მარადისობა-უკვდავებაა.. გაუფრთხილდი დროს,  იგი ოქროზე ძვირფასია: მისით შეისყიდება მარადიულობა. იცხოვრე დედამიწაზე დროში ისე, რომ დროის შეწყვეტის შემდეგ მარადიულად ზეცაში იცხოვრო..”

წმინდა მამათა სწავლებანის მიხედვით

გონიერება


“ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, სანამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული – გაგითბობს. ღმერთი ძლიერია..  ყველას გულში, – ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენ, – ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ გვინდა რომ პირნათლად შევეყაროთ ჩვენს გამჩენს. ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაც ხანდახან იმისთანა საქმეს გვაკეთებინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს. ღმერთმა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას – ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, – იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზე, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.

კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდეს, ერთი აქ დასარჩენი, მეორე კი თან წასაყოლი. არასოდეს არ გაურიო საქმეში უზნეობა და უპატიოსნობა. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი.

არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.. საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობით, ღირსების აწონ-დაწონა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გადაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზე მეტია. ასეთი სასწორი, ასეთი არჩევა კარგის და ავის, მართლის და ტყუილის მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდ ფქვავს მინდმოკიდებულ წისქვილსავით..

ამოვიკითხავთ წიგნებიდან რაღაცას და გვგონია, ეს-ეს არის ქვეყნის ღერძს ხელი ჩავკიდეთო. აღარც იქით ვიხედებით, აღარც აქეთ. რაკი წიგნი ხელთ გვიპყრია, თითქოს ჭკუა, თუ არ წიგნში, სხვაგან აღარსად იყოს… არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი, თუნდ უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია..“

ილია

ნუ მიგვატოვებ, მზეო..


”რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი.. ვნახავდი სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს.. თუმცა, ცა რომ სარკე იყოს, ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა.. ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ.. რა კარგი იქნებოდა ცა რომ სარკე იყოს.. 

ცხოვრების ჭეშმარიტება ისაა, რომ ისწავლო ადამიანის სიყვარული, ცხოვრობდე ადამიანებს შორის და ცხოვრობდე ადამიანებისთვის.. თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუცია ღმერთს ადამიანისთვის, სიყვარულის ნიჭია.. ცოდვაა ის კაცი, ვინც ამ დიდი ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან.. ადამიანი ფრესკა არ არის რომ ერთ სიბრტყეში უყურო.. ადამიანს, როგორც ქანდაკებას ისე უნდა შემოუარო გარშემო და იმ კუთხიდან უმზირო, საიდანაც ყველაზე ლამაზად იმზირება..

როდესაც დგახარ მწვერვალზე და ხელს ასწევ ცაში, რომ მზეს ასწვდე, რადგან  მზე  შენი  გვირგვინი  გგონია.. როდესაც დაბლა დაიხედავ, ღრუბელი შენს ფერხთქვეშ მიცურავს და შენი ფეხის მტვერი გგონია.. მიწა შენს ფერხთქვეშ წევს და შენი ტერფის ტოლი გგონია.. გახედავ ზღვას და ერთი პეშვი გგონია.. დაგიბერავს ქარი და შენი ფრთები გგონია.. ეძახი ღმერთს და ნაპრალებიდან მოსული ექო, შენივე ხმით რომ გპასუხობს, შენი თავი ღმერთი გგონია.. და თუ ღმერთია შემქმნელი ყოვლისა ამ ქვეყანაზე, ეს დედამიწაც შენი ნაოფლარი, შენი ნასისხლარი, შენი ნაჯაფი, შენი შექმნილი გგონია.. და როდესაც ასე გგონია კაცი ხარ მაშინ..

დედამიწა ცოცხალი სხეულია.. დაგორავს, დაიარება, ხედავს, სუნთქავს, ესმის, სტკივა, უყვარს, სძულს, უხარია და სწყინს. ამიტომ ხან კვნესის, ხან ოხრავს, ხან ბორგავს, ხან იცინის, ხან ტირის, ჩვენ კი შესეული ვართ ამ ვეებერთელა სულდგმულს მკბენარებივით, ვჩიჩქნით, ვწიწკნით, ვჯიჯგნით, ვგლეჯთ, ვჯბენთ, დავრბივართ, ვაწუხებთ და ისე ვაწუხებთ ხანდახან, რომ ვეღარ ითმენს, შეაჟრჟოლბს ხოლმე და დაგვინგრევს, მოგვიშლის, წაგვლეკს საბუდარს, ყველაფერს, რაც გაგვაჩნია. ჩვენ კი, გონს მოსულნი, ისევ შევესევით, ისევ დავუწყებთ ჩიჩქნას, ძიძგნას, კბენას, ვიდრე კვლავ არ გაიღვიძებს ეს გოლიათი და ა შეგვაძრწუნებს კვლავ, რათა მერე ყველაფერი თავიდან დაიწყოს..

მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო – ცაში წავიდე..

მზეო, ნუ მიგვატოვებ, გევედრებით, ჩვენ გვეყვარება ერთმანეთი და სიყვარულით გარდავიცვლებით აწ და მარადის, ოღონდ ახლა ნუ მიგვატოვებ, მზეო.. ჩვენ წავალთ შენი სახელით, შემოვივლით მთელ კაცობრიობას და ვთხოვთ, რომ სიყვარული დაგიბრუნონ.. მე ვიცი, მზეო, კაცობრიობა შეისმენს შენს თხოვნას, დაივიწყებს სიძულვილს და ხელმეორედ დაიწყებს სიყვარულის თესვას.. წამიყვანე თან, მზეო, მე არ შემიძლია უშენოდ სიცოცხლე, მიმიღე შენს წიაღში, როგორც სიყვარული და წამიყვანე..

მაინც რა მოგდის მზეო, რა გტკივა, გვითხარი..

– დედამიწა მტკივა, დედამიწა!

– მერე და დედამიწის ტკივილიცა და სიცოცხლეც შენს ხელთ არ არის, დალოცვილო?

– დედამიწა ჩემი გულია, მე დიდი ხანია უკვე ვკვდები, ჩემ გარშემო ყველა პლანეტა, ჩემი სხეულის უჯრედი და შემადგენელი ნაწილი, მკვდარია უკვე უთვალავი საუკუნეა. მხოლოდ დედამიწა სუნთქავს ჩემში, ერთადერთი ნაწილი ჩემი სხეულისა სუნთქავს, ცოცხლობს და მაცოცხლებს.. ნუთუ თქვენ, ადამიანები, ამდენი საუკუნეა რომ მომჩერებიხართ და თაყვანს მცემთ, ვერ ხედავთ ამას, ვერ გრძნობთ ამას და ვერ ხვდებით ამას?! 

– მაშ, შენ თვითონ ვინღა ხარ და რა ხარ, მზეო?

მე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა მოგიზგიზე სული ვარ. ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს.. უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვდგები კვლავ მკვდრეთით.. მე გევედრებით თქვენ, ადამიანებს, მე – მზე.. დამიბრუნეთ სიცოცხლე ჩემი, დედამიწაზე სიყვარულად აღმოცენებული.. დამიბრუნეთ სიყვარული და მე დაგიბრუნდებით თქვენ..

ნუ მიგვატოვებ, მზეო.. ნუ მიგვატოვებ..“

ნ. დუმბაძე

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: