"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

Archive for მარტი 5, 2014

ქალი – სახე ღვთისმშობლისა


“რა მშვენიერია ქალი, რომელიც გამოირჩევა ღვთისმოშიშებით, სინაზით, სათნოებით, პატიოსნებით, შრომისმოყვარეობით, სიფაქიზით, მზრუნველობით, კეთილგონიერებით. ასეთი ადამიანი სიკეთეს უხვად გასცემს და გარშემომყოფებზეც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს.

კეთილი და ერთგული ცოლი – ეს უდიდესი ბედნიერებაა ადამიანისათვის. ბრძენი სოლომონი ამბობს: რომელმან პოოს ცოლი კეთილი, უპოვნის მადლი, ხოლო მიუღებიეს სიწყნარე უფლისა მიერ. რომელი განდევნის ცოლსა კეთილსა, განდევნის კეთილთა, ხოლო რომელმან იპყრას მეძავი, უგუნურ და არა წმიდა არს (იგავ. 18,23). დედაკაცი მხნე ვინ პოოს, უძვირეს არს ქვისა მრავალ სასყიდილისათა (იგავთა 31,10). დედაკაცი გონიერი კურთხეულ არს, ხოლო მოშიშნი უფლისანი, ამას რათა აქებდენ (იგავთა 31,30 ). დედათა ბრძენთა აღაშენეს სახლნი, ხოლო უგუნურმან აღმოთხარა ხელითა თჳსითა (იგავთა, 14,1).

ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, სიბრძნე, კეთილზნეობა… – ის თვისებებია, რომელიც კარგი ოჯახის არსებობისთვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. კარგი დიასახლისისათვის მთავარი ოჯახური ბედნიერებაა. ქალი, უპირველეს ყოვლისა, მოსიყვარულე მეუღლე და მზრუნველი დედაა, რომელიც, შვილებს ეკლესიურად და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით ზრდის. (ილია II)

ქრისტიანო ქალო ღმერთმა მოგცა შენ დიდი და პატიოსანი მნიშვნელობა, რათა იყო შენ სამკაულ საზოგადოებისა, არა თუ მხოლოდ მშვენიერითა პირისა და შესამოსლისა შენისათა, არამედ სულისა და ზნეობისა შენისათა, რათა შენცა შენითა კეთილითა ზნეობითა, გონიერითა და კეთილითა ქცევითა, სიწმიდითა და სიმშვიდითა ეხმარებოდე განვრცელებასა სასუფეველისა ღვთისასა ქვეყანასა ზედა. 

ქალნი ხშირად უნდა ფიქრობდნენ ყოვლად წმიდა ღვთისმშობელზედ და ყოველთა შინა გარემოებათა და შემთხვევათა ეძიებდნენ მაგალითსა და სწავლასა ღვთისმშობლის ცხოვრებაში. ჭეშმარიტად, ცხოვრება ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისა არის უჯობესი მაგალითი ყოვლისა ქრისტიანე ქალისათვის. როგორითაც კაცი, შეხედავს რა სარკესა, განიხლავს პირის სახესა თვისსა, მსგავსად ამისა ყოველსა კეთილგონიერსა ქალსა სარკედ ჰქონდეს ცხოვრება და თვისება ღვთის მსგავსისა ამის ქალისა (ღვთისმშობელისა) და მით განიხილავდეს სახესა ღვთისასა ცხოვრებისასა. გავზომოთ ღვთისმშობლის თვისებითა, თვისებანი ჩვენთა აწინდელთა ქალთა. გარნა ნუ იფიქრებს რომელიმე მათგანი: ვითარ შესაძლო არს გაზომა ჩემისა ცოდვილისა ცხოვრებისა ღვთაებრივითა ცხოვრებითა ღვთისმშობლისათა? იგი იყო აღზრდილ და განწმენდილ და აღვსებულ სულითა წმიდითა, ხოლო მე ვარ მცხოვრები ცოდვილსა სოფელსა შინა და ვით შემიძლია ვემსგავსო მას? ჭეშმარიტია, ქრისტიანენო, რომელ ღვთისმშობელი იყო აღმორჩეულ ღვთისაგან განსაკუთრებითა განგებულებითა და განწმენდილ სულითა წმიდითა; გარნა იგიცა თვისის სათნეობითა შეიქმნა ღირსი ესრეთის აღმორჩევისა; ხოლო ვინ გიშლის შენც ეცადო და მოიზიდო მადლი ღვთისა განმწმენდელი? უკეთუ ისურვებ და ღირსი შეიქმნები, არცა შენთვის დაზოგავს ღმერთი სულსა თვისსა წმიდასა; ბოლოს არც მას ვინმე მოითხოვს და ეძიებს, რომ შენ შეიქმნე სწორი ღვთისმშობელისა, გარნა მსგავსი მისი, რაოდენ შესაძლო არს, უთუოდ უნდა იყო შენცა.

გსურსა, ჰოი ქალო, შეიტყო თუ ვითარი მინდობილება და სასოება უნდა ჰქონდეს ყოველსა ქალსა ღვთის განგებულებაზე. წარმოიდგინე ცხადად მთა გოლგოთისა, ჯვარი მას ზედა, იესო გაკრული ჯვარსა ზედა შორის ავაზაკთა და დედა მისი მარიამ მდგომარე წინაშე მისსა. რას ფიქრობდა მაშინ იგი, რას გრძნობდა? მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ ვერც წარმოიდგენ ცხადად მდგომარეობასა მისსა. მე სწორედ ვიცი, რომელ შენ, ანუ სხვა რომელიმე დედა, ვერ მოითმენდით, უკეთუ ძე თქვენი საყვარელი შთავარდნილ იყო ესრეთსა ვნებასა შინა. გარნა ყოვლად წმიდამან ღვთისმშობელმან მოითმინა. რისთვის? ანუ როგორ? მისთვის, რომელ ჰქონდა მას რწმენა, იცოდა განგებულება ღვთისა; ესრეთ იყო თქმული წინასწარმეტყველაგან და ესრეთ აღსრულდა. შენც ესრეთ მოიქეცი, ოდეს ძე შენი საყვარელი, ანუ სხვა ვინმე ნათესავი ანუ თვითონ შენც შთავარდე ჭირსა და უბედურებასა შინა. მოითმინე სულგრძელად; იფიქრე და დარწმუნდი, რომელ ყოველივე, რაიცა შეგემთხვა, ღვთისგან არის; განგებულება ღვთისა არა დაუტევებს არცა ერთსა კაცსა.

ქალი მაშინ აღასრულებს თვისსა დიდსა მნიშვნელობასა, როდესაც იგი მხნეობასა და ჭკუასა მოახმარს ოჯახსა, შვილთა და ნათესავთა. ქალის ბუნება განსხვავდება მამაკაცის ბუნებისაგან გულის გრძნობითა. გამოცდილება ამტკიცებს, რომელ ქალი თვითონაც მაშინ უფრო ბედნიერი არის, როდესაც სხვას მიანიჭებს ბედნიერებას. ქალის გული მოითხოვს სიყვარულსა, თავის გამომეტებასა; იგი ყოველთვის ეძიებს, ვისმეს შესწიროს თვისი ღონე, სიყვარული. მართალია, არიან ზოგიერთნი ქალნი თავის მოყვარენი,რომელნი მარტო თავის ბედნიერებას ეძიებენ. გარნა ესე ვითარნი მოქმედებენ წინააღმდეგ თვისის ბუნებისა.

როდესაც გონიერება და მხნეობა შეერთდება სიმშვიდითა და სიმდაბლითა, მაშინ იგინი შეამკობენ ადამიანის ბუნებასა. იგინივე არიან ორნი უმთავრესნი და უსაჭიროესნი თვისებანი, რომელნი უნდა შეამკობდენ ყოველთა ქრისტიანთა ქალთა. მხოლოდ გონიერებით და მხნეობით შემკულსა ქალსა შუძლიან აღასრულოს ქვეყანაზე თვისი მაღალი მნიშვნელობა.

სოლომონ (სოლომონ ბრძენი) გვეტყვის ჩვენ, რომელ მხნე დედაკაცი ეგრეთ მართავს სახლსა თვისსა, რომ გული მეუღლისა მისისა სრულიად არის მოსვენებული და დარწმუნებული მას ზედა. იგი ისრე მიეჩვია შრომისმოყვარეობასა, რომელ ამით ინუგეშებს თავსა თვისსა. და არა თუ მხოლოდ სახლისათვის ზრუნავს მხნე ქალი, არამედ იგი კეთილიცა არის და ქველისმოქმედი. „დედაკაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვისა მრავალსასყიდლისა“ (იგავნი სოლ. 41.10). სოლომონ ბრძენი აქ იჭვნეულებით იკითხავს: ვის შეუძლიან იპოვოს დედაკაცი მხნე; მართლაც, ოდეს აღმოვიკითხავთ რა სახით აღწერს იგი დედაკაცსა მხნესა და როგორ უნდა იქცეოდეს ესრეთი დედაკაცი, დავრწმუნდებით რომელ, თუმცა ფრიად სანატრელ არს, გარნა არა ადვილ პოვნა ესრეთისა დედაკაცისა.

ქალი არის შემწე და მეგობარი კაცისა, თანა ზიარი ყოვლისა მისისა საქმისა, ბედისა და უბედურებისა, მწუხარებისა და სიხარულისა. ხოლო თუ იგი არის შემწე მისი, მაშასადამე მან უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს კაცს ცხოვრება ქვეყანაზედ. იგი უნდა იყოს კაცის ნუგეში, განმამხნევებელი, განმაღვიძებელი, ერთი სიტყვით, გაამართლოს თვით სახელი თვისი – „მეუღლე“, ესე იგი ქალი უნდა შეეწიოს კაცის უღლის ზიდვას.

რა უნდა ვსთქვათ ზოგიერთთა ქალთა ზედა, რომელთა ნუგეში და ბედნიერება მდგომარეობს კარგი ტანისამოსის ჩაცმაში, თავის მოკაზმვაში, რომელნი მხოლოდ მაშინ არიან ბედნიერი და კმაყოფილი, როდესაც აჯობებენ სხვათა ქალთა სილამაზითა და მორთულობითა, ანუ მთელს სიცოცხლეს ატარებენ მხოლოდ მით, რომელ განიკითხავენ მოყვასთა თვისთა და განიმეორებენ ყოველთა ჭორთა და ცრუთა ამბავთა. ღმერთი მათი არა ქრისტე არს, არამედ ამაოება ამა სოფლისა.

ღმერთმან დედაკაცი იმიტომ შექმნა სუსტი და მამაკაცს მისთვის მისცა უმეტესი ღონე, რომ პირველი შინ, სახლში უნდა იყოს, სახლს უნდა უვლიდეს და შვილებს უნდა ზრდიდეს, ხოლო მეორე გარედ უნდა მუშაკობდეს, რაც უმძიმესი საქმე არის, იმას აკეთებდეს. საღმრთო წერილიც ისრე შეგვაგონებს ჩვენ, რომელ ყოველს ადამიანს უნდა ცოლი თვისი უყვარდეს და ისრეთ პატივში უნდა ყავდეს, როგორც თავისი თავი. ყოველს განათლებულ სახლში დედაკაცს აქვს დიდი პატივი.

დიდ არს ფრიად მნიშვნელობა ქალისა ქრისტიანობასა შინა. ყოველი ადამიანი პირველთა წელთა ცხოვრებისა თვისისათა განატარებს დედის ხელთა შინა; მისგან მიღებს პირველ ჰაზრთა, მიდრეკილებათა, მისგან ისწავლის პირველსა ლოცვასა. მაშასადამე, ესრეთ უნდა ვსთქვათ, რომელ ღირსება, თვისება და ბედნიერება ყოვლისა ადამიანისა თითქმის დამტკიცებულ არს ქალსა ზედა. უკეთუ დედა არის აღვსებული გონიერებითა, ჭუითა, სასოებითა და სიყვარულითა, შვილიცა მისი გამოვა კეთილი და ღვთისმოყვარე.

მრავალთა განათლებულთა და კეთილგონიერთა დედათა მოაქციეს და აცხოვნეს მეუღლეები მათნი, ძმანი, ძენი, ნათესავნი, პატიოსნითა მათითა ხასიათითა და ყოფაქცევითა. შენც ესრეთ უნდა მოიქცე, ქრისტიანე ქალო! როდესაც ხედავ რომელსამე ცუდ ჩვეულებას ანუ ყოფაქცევას შენის მეუღლისას, ანუ ძისა ანუ მახლობელისა კაცისასა, უნდა ეცადო და მოაქციო იგი. რასაკვირველია, რომ მეუღლესა შენსა აქვს შენი სიყვარული; შენც გექმნება გავლენა მასთან. ისარგებლე ამით, რათა მოაქციო იგი ცუდისა ჩვეულებისაგან და ესრეთ კეთილად აღასრულე დიდი იგი მნიშვნელობა, რომელიც მოგცა შენ ქრისტემან. (წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

ბოროტება ამ სოფლად დედაკაცის მიერ შემოვიდა, მაგრამ ხსნა კაცობრიობას ისევ დედაკაცმა მოუტანა.  (წმ. ნიკოლოზ სერბი)

დედაკაცი ისეა, როგორც თანამგზავრი-პლანეტა, რომელიც თან ახლავს ქმარს, ამქვეყნიურ გზაზე, იგი გაუმრუდებელი სიმართლით უნდა უძღვებოდეს მის შინაურ ყოფას და მის ირგვლივ სათნოებისა და კეთილგონიერების მოკრძალებულ შუქს ჰფენდეს.. “ 

ტეგების ღრუბელი