"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

საფიქრეთი

”შენი ცხოვრების ზამთარს ღვთის წყალობით გაზაფხული შეცვლის. გაიხარებ, გამხიარულდები და ინანებ შენს მცირედმორწმუნეობას.. ამიტომაც ნუ დაღონდები, ნუ ფიქრობ ცუდზე, უფალი შენ გვერდითაა.. მალე ჩაივლის ზამთარი, გაზაფხული უკვე კარსაა მომდგარი..”

წმ. ნიკოლოზ სერბი

“- რა არის სიცოცხლე?

– სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა..

– სიკვდილი?

– სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა..”

გ. ჩოხელი

“- რისი ცოდნა გსურს? – ჰკითხა ღმერთმა.

– რად მეძახიან გუწითელას, როცა ნისკარტიდან ბოლომდე სულ ნაცრისფერი ვარ? რად მეძახიან გულწითელას, როცა ერთი წითელი ბუმბულიც არ გამაჩნია? რადა მქვია გულწითელა როცა ნაცრისფერი ვარ?

ღმერთმა მშვიდად გაიღიმა და თქვა:

– მე გულწითელა დაგარქვი და ეს იქნება შენი სახელი, მაგრამ შენ უნდა მოიპოვო წითელი ბუბმული გულზე.

უთვალავი წელი გავიდა ამ ბედნიერი დღიდან.

იერუსალიმის ჭიშკრიდან ხალხის ბრბო გამოვიდა და იმ გორისაკენ გაემართა, სადაც იმისი ბუდე იყო.

რა სასტიკია ხალხი – ფიქრობდა ჩიტი. ის არ ჰყოფნით, რომ ეს სამი ღარიბი ჯვარზე გააკრეს, არა, ერთ მათგანს თავზე ეკლის გვირგინიც დაადგეს. ეკლები შუბლში ჩარჭობია და სისხლი ჩამოსდის. თვითონ კი ისეთი მშვენიერია და ისეთი მშვიდი გამოხედვა აქვს, არ შეიძლება, რომ არ გიყვარდეს. როცა ვხედავ, რარიგ იტანჯება, ასე მგონია, ჩემს გულს პირბასრი ისრები ჩასცეს.

მე რომ ჩემი ძმა არწივი ვიყო, ხელებიდან ლურსმნებს ამოვაძრობდი და ძლიერი კლანჭებით მივყრი-მოვყრიდი იმის მწამებლებს.

ხედავდა, სისხლის წვეთებით როგორ ევსებოდა შუბლი ჯვარცმულს და აღარ შეეძლო ბუდეში ჯდომა.

ახლოს მიფრენას ვერ ბედავდა, იმიტომ რომ პატარა, მშიშარა ჩიტი იყო, მაგრამ ცოტ-ცოტათი გამამაცდა, სულ ახლოს მიფრინდა და ჯვარცმულს შუბლში ჩარჭობილი ერთი ეკალი ამოაძრო. ამ დროს ჩიტის გულს იმ წამებულის სისიხლის წვეთი დაეცა.

როცა ჩიტი ისევ ბუდეში მოფრინდა, ბარტყებმა დაიყვირეს:

– გულზე ბუმბული წითელი გაქვს ! ვარდზე წითელი !

– ეს უბრალოდ იმ საბრალო კაცის სისხლის წვეთია, შუბლზე რომ დასდის, – მიუგო ჩიტმა, – მაშინვე გაქრება, როგორც კი ნაკადულში გავიბანები.

მაგრამ რამდენი არ განიბანა პატარა ჩიტი, წითელი ნიშანი არა და არ ქრებოდა, და როცა ბარტყები დაიზარდნენ ყელი და მკერდი ღიაწითელფრად ჰქონდათ იმათაც შეღებილი, და ეს დღეის დღემდე ასე არის..”

ს. ლაგერლოფი

– რა გადარდებს?

 – მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც ეუცხოება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოვედი ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი..“

გ. ჩოხელი

“ლმობიერო, სათნოვ, სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველო, ცოდვებისა მიმტევებელო, მასწავლებელო მოთმინებისა, მზიდველო მძიმე ტვირთისა, მტერთა მოყვარულო, დასაბამო ჭეშმარიტებისა, სიკეთისა და მშვენიერებისა, – სულის იდუმალი ძალები შენსკენ ისწრაფვის!

მტრის კლანჭებში დაეცა სული, დაჩლუნგდა გონება. გალიაში მოყვასის სიყვარული დაგავიწყდდა. უღიმ-ღამო ცხოვრებაში ფერი დაეკარგა მშვენიერებას. გვედრით უფალო, გაგვწმინდე ბასრი ხმლით. გესლიანმა დამცინავმა ენამ დასწვას ღონემიხდილი ჩვენი სხეული. იობის მოთმინების წილ მოგვეც თავგანწირული მტრის სიძულვილი სამსონისა. მრისხანე იყავ ლაჩარ მონისადმი. სიცოცხლით დაგვათრგუნვინე სიკვდილი. ნუ შეგვაწევ ცოდვას. მოგვმადლე ძალა ზე აღდგომისა… საფლავების შინათა სიცოცხლე მოგვანიჭე!”

 ნ.  ლორთქიფანიძე

“- შენ ღარიბი ხარ, როგორც იესო…

– როგორც ვინ, დედი?

ცალი თვალითღა ამოჰყურებდა, მეორე თვალი დედის მკერდზე ჰქონდა.

– შენ ღარიბი ხარ, როგორც იესო…

ნაზად არწევდა, უმღერდა დედა, ხოლო მამა, შრომით ხელებგადაყვლეფილი, უნებური დამნაშავე, გორგალგაჩრილი ყელში, ზურგს შეაქცევდა ცოლს და ერთადერთ შვილს და, ტირილი რადგან ვერ შეეძლო, ნელინელ, დინჯად, ევსებოდა გული სევდით.

ღარიბები იყვნენ..”

გ. დოჩანაშვილი

“ერთხელ, ხუმრობით დედაჩემი მხარზე შევისვი. იგი ისეთი მსუბუქი იყო, რომ უცბად ცრემლი მომერია და ვეღარ ვზიდე..”

ტ. ისიკავა

“ყველამ უნდა ჩაიხედოს თავის გულში, ყველამ დაუცხრომლად უნდა უთხრას აღსარება საკუთარ თავს. ნუ გაამაყდებით მცირეთა ზედა, ნუ გაამაყდებით ნურც დიდთა წინაშე. ნუ შეიძულებთ თქვენს უარმყოფელებს, თქვენს მძრახველებს, თქვენს მძაგებლებს, თქვენს ცილისმწამებლებს. ლოცვისას ისინი ასე მოიხსენიეთ: ღმერთო, ყველა იხსენ, ვისთვისაც არავინ ლოცულობს, იხსენ ისინიც, ვისაც შენს წინაშე ლოცვა არ სურს. იქვე დაუმატეთ, ამას ჩემი სიამაყის გამო არ გთხოვ, ღმერთო, რამეთუ თავად ყველასა და ყოველზე უარესი ვარ.. გიყვარდეთ ხალხი ღვთისა, სამწყსოს გადამთიელთ ნუ დაანებებთ.. ხალხს სახარება დაუცხრომლად განუმარტეთ.. ვერცხლი და ოქრო ნუ გეყვარებათ, ნუ გაეკარებით.. გწამდეთ და რწმენის დროშა მაღლა აღმართეთ..”

 თ. დოსტოევსკი

“ლოცვა, ლოცვა.. როგორმე უნდა ვისწავლოთ. ჩვენ ხომ აღარ ვიცით როგორ უნდა ვილოცოთ. ღმერთთან ურთიერთობა ვაქციეთ პატარა, ინდივიდუალურ შოუდ ჩვენში.. ნამდვილი ლოცვით ჩვენი ბებიები ლოცულობდნენ..”

რ. გაბრიაძე

“– ხომ არ არსებობს აღდგომა?
– დიახ, მასწავლებელო.
– დიახ კი არა, არა–თქო!
– არა, მასწავლებელო!
– მაშ ეს ბიჭი ხომ იმსახურებს ამისათვის სასჯელს?! – ლუკაზე მიუთითა დირექტორმა.
– დიახ, მასწავლებელო!
– ა
ბა, შემოარბენინეთ ასი წრე! – ბრძანა დირექტორმა და ბალღები კიჟინით გაეკიდნენ ლუკას.
ორმოცდამეთხუთმეტე წრეზე მთელი ეზო თვალებში დაუტრიალდა ლუკას და გონი აერია, მუხლები მოეკვეთა და წაიქცა. დირექტორმა წამოაყენა და ჩაეკითხა:
– აბა, აღდგა ქრისტე?
– ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ, მასწავლებელო!”

გ. ჩოხელი

“– დამიჯერე, არ არსებობს სიყვარული მოკვდავობისთვის, სამარადისოდ გრძელდება ღმერთში..
– ჰო, მაგრამ.. არ გეშინია, დედამიწა ხომ შექმნილია სასრულისათვის?..
– კი, მეშინია.. ჰოდა, ვთქვათ ერთად: ქრისტეა ჩვენში! ქრისტეა ჩვენში!“

გ. ჯობავა

გუშინ რომ შეგხვდით, შინ მოვედი და ერთი სურათი წარმოვიდგინე.. მხატვრები ქრისტეს სულ სახარების მიხედვით ხატავენ, მე კი სხვანარად გამოვსახავდი: დავხატავდი მარტო მყოფს – ხანდახან მოწაფეებიც ხომ სტოვებდნენ მას.. მხოლოდ პატარა ბავშვს დავტოვებდი მასთან, მის გვერდით მოთამაშეს.. ვინ იცის ეტიტინებოდა რაღაცას, თავის ბალღურ ენაზე.. ქრისტე უსმენდა, მერე კი ფიქრებმა წაიღეს, ხელი უნებურად ბალღურ თმაზე შერჩა, შორს დასალიერისკენ იყურება, მის თვალებში იხატება აზრი დიადი, ვითარცა ეს ქვეყანა. ბალღი მას მუხლებზე ეყრდნობა, ხელი ლოყაზე ჩამოუდვია, თავი აუწევია და მიშტერებია ჩაფიქრებული, როგორც ეს ზოგჯერ ბავშვებმა იციან.. მზე ჩადის…”

თ. დოსტოევსკი

Comments on: "საფიქრეთი" (1)

  1. პიზმატარა said:

    რა საინტერესოა, ბევრი რამ დღემდე არსად მსმენია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

ტეგების ღრუბელი

%d bloggers like this: