დიდება შენდა…
„დიდი ხარ შენ, უფალო, და ღირსი იმისა, რომ ყველა გაქებდეს: დიდია ძალა შენი და უსასრულოა სიბრძნე შენი“ და შენი ქება სურს კაცს, შენივე ქმნილებების უბადრუკ ნაწილს; არ დაცხრება ჩვენი გული, ვიდრე არ განისვენებს შენში. მომეცი ძალა, უფალო, შევიცნო და მივხვდე, რითი დავიწყო: ჯერ გიხმო, ვიდრე ქებას შეგასხამდე, თუ ჯერ შეგიცნო და შემდეგ გიხმო? მაგრამ როგორ გიხმოს იმან, ვისაც ვერ უცვნიხარ? ან, იქნებ, შენს შესაცნობად უმჯობესია ჯერ გიხმონ? „მაგრამ როგორ უხმობენ იმას, ვინც არა სწამთ? და ადიდებენ უფალს მაძიებელნი მისნი“. მაძიებელნი ჰპოვებენ მას და მპოვნელნი ადიდებენ მას. მე მოგძებნი, უფალო, შენი მხმობელი, და გიხმობ შენი მორწმუნე, რადგანაც შენი დიდება გვექადაგა ჩვენ. მაგრამ როგორ ვუხმობ ღმერთს ჩემსას და უფალს ჩემსას? ვინაიდან როდესაც ვუხმობ, ჩემშივე ვუხმობ მას, მაგრამ სადაა ჩემში ადგილი, რომ იქ შემოვიდეს უფალი ჩემი? სად შემოვა ჩემში ღმერთი; ღმერთი, „რომელმაც შექმნა ცა და მიწა?“ უფალო ჩემო, არის კია ჩემში რაღაც ისეთი, რომ დაგიტიოს? განა შენ მიერ შექმნილი ცა და მიწა, რომელთა წიაღშიაც შემქმენი მე, შენი დამტევნი არიან? მაგრამ უშენოდ არ იქნებოდა არაფერი, რაც არსებობს; მაშასადამე, ყველაფერი, რაც არსებობს, შენი დამტევია? კი მაგრამ, მეც ხომ ვარსებობ; მაშ, რაღაც გთხოვ, რომ ჩემში შემოხვიდე: მე ხომ არ ვიქნებოდი, შენ რომ არ ყოფილიყავი ჩემში? „ქვესკნელშიაც რომ ჩავიდე, შენც იქ იქნები“. მე ხომ არ ვიქნებოდი, ღმერთო ჩემო, ჩემში რომ არ იყო, ან, უფრო სწორად, არ ვიქნებოდი, შენში რომ არ ვყოფილიყავი; სად გიხმო, თუკი შენში ვარ? ან საიდან შემოხვალ ჩემში? სად წავიდე, ვინც ცასაც გავცდე და მიწასაც, რომ იქ მომეახლოს უფალი ჩემი, რომელმაც თქვა: „მე ვავსებ ცასა და მიწას“.
უფალო, ღმერთო ჩვენო, “შენს ფრთათა ჩრდილქვეშ მოველით სასოებას”.. დაგვიფარე.. ჩვენი ძალა მხოლოდ მაშინაა ძალა, როცა ჩვენთან ხარ; უშენოდ კი ჩვენი ძალა უძლურებაა, ჩვენი სიკეთე მუდამ შენშია, და როგორც კი ზურგს ვაქცევთ მას, სიწრფელის გზას ვკარგავთ. შენში ცოცხლობს ჩვენი სიკეთე მთელი თავისი სავსებით, და ეს სიკეთე შენ ხარ თვითონ.
“უფალო, ჭეშმარიტების ღმერთო”, ვაი იმ კაცს, ვინც იცის ყველაფერი, მაგრამ არ იცის, ვინა ხარ შენ. ნეტა მას, ვინც გიცნობს, თუნდაც სხვა არაფერი იცოდეს. ხოლო სწავლულს, რომელიც გიცნობს, მეცნიერება როდი ანიჭებს მეტ ნეტარებას, რადგანაც ის მხოლოდ შენი მეშვეობითაა ნეტარი, თუკი შენი შემცნობი გადიდებს, როგორც ღმერთს, მადლს შემოგწირავს და ამაოების მსახური არ გახდება თავისი ფუჭი აზრებით. რადგანაც უმჯობესია ხე მედგას და იმ სარგებლობისათვის, რაც მას შეუძლია მომიტანოს, მადლს გწირავდე შენ, თუნდაც არ ვიცოდე, რამდენ წყრთას შეადგენს მისი სიმაღლე, ან რამდენ წყრთაზე იშლება მისი ტოტები, ვიდრე ვიცოდე, რანაირად გავზომო მისი სიმაღლე და სათითაოდ დავთვალო მისი ტოტები, მაგრამ თვით ხე კი ჩემი არ იყოს, არ ვიცოდე და არც მიყვარდეს მისი შემოქმედი. ასე, შენს ერთგულს ეკუთვნის სამყაროს მთელი სიმდიდრე, და თითქოს არას მქონები “ყოველის მფლობელი” ხდება, თუკი შენ მოგანდობს თავს, შენ, ვისაც მორჩილებს ყოველი. რარიგ მაღალი ხარ “მაღალთა შინა” და რაოდენ ღრმა – უფსკრულთ სიღრმეში! არსად მიდიხარ, და მაინც რა გაჭირვებით გიბრუნდებით..
ვინ მაღირსებს, რომ შენში დავივანო? ვინ მაღირსებს, რომ ჩემს გულში შემოხვიდე, დავივიწყო ჩემი ბოროტება და გულში ჩაგიკრა ჩემი ერთადერთი სიკეთე? რა ხარ შენ ჩემთვის? შემიწყალე და მათქმევინე, ან მე თვითონ რაღა ვარ შენთვის, რომ მიბრძანებ მიყვარდე, და მრისხანებ, თუ შენს ბრძანებას არ ვასრულებ? მრისხანებ და საშინელ უბედურებას მიქადი! განა საშინელი უბედურება არ არის, არ მიყვარდე შენ? ვაიმე, ბედკრულს! მითხარი, შენი გულმოწყალებით, რა ხარ შენ ჩემთვის. უთხარი ჩემს სულს: „მე ვარ ხსნა შენი“.
ჩემს სულში ხარ, უფალო.. მე ხელს ვიწვდი შენკენ, რათა შეგეხო, მაგრამ, ვიცი, რომ ამისათვის ჩემი ხელები ზეცაზე ფართო უნდა იყოს.. ვიწროა ჩემი სულის სახლი, უფალო, ვერ დაეტევი: მაშ, განავრცე. ინგრევა: შეაკეთე. ვიცი და ვაღიარებ, რამდენი რამაა შიგ, რასაც შეუძლია შეურაცხყოს შენი მზერა, მაგრამ ვინ დაგვის და დაასუფთავებს? ან ვის შევღაღადო, თუ არა შენ: „განმწმინდე ჩემი ფარული უწმინდურებისაგან, უფალო, და დაიფარე მაცთურთაგან მონა შენი..”