"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

Archive for the ‘საყვარელი ციტატები’ Category

გონიერება


“ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, სანამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული – გაგითბობს. ღმერთი ძლიერია..  ყველას გულში, – ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენ, – ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ გვინდა რომ პირნათლად შევეყაროთ ჩვენს გამჩენს. ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაც ხანდახან იმისთანა საქმეს გვაკეთებინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს. ღმერთმა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას – ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, – იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზე, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.

კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდეს, ერთი აქ დასარჩენი, მეორე კი თან წასაყოლი. არასოდეს არ გაურიო საქმეში უზნეობა და უპატიოსნობა. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი.

არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.. საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობით, ღირსების აწონ-დაწონა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გადაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზე მეტია. ასეთი სასწორი, ასეთი არჩევა კარგის და ავის, მართლის და ტყუილის მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდ ფქვავს მინდმოკიდებულ წისქვილსავით..

ამოვიკითხავთ წიგნებიდან რაღაცას და გვგონია, ეს-ეს არის ქვეყნის ღერძს ხელი ჩავკიდეთო. აღარც იქით ვიხედებით, აღარც აქეთ. რაკი წიგნი ხელთ გვიპყრია, თითქოს ჭკუა, თუ არ წიგნში, სხვაგან აღარსად იყოს… არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი, თუნდ უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია..“

ილია

ადამიანი სინდისია


“ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება... სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია... ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შექმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს…“ (ო. ჭილაძე )

„სინდისი არის ადამიანის სულიერი გრძნობა – კეთილისა და ბოროტის გარჩევის შემძლე. ეს გრძნობა გონებაზე უკეთ განასხვავებს სიკეთესა და ბოროტებას. სინდისის მოტყუება უფრო ძნელია, ვიდრე გონების. ხიბლში ჩავარდნილ გონებას, რომელსაც ცოდვისმოყვარე ნებაც ეხმარება, ყველაზე მეტხანს სინდისი ებრძვის. სინდისი ბუნებრივი კანონია. დაწერილი კანონის შემოღებამდე ადამიანს სინდისი ხელმძღვანელობდა. დაცემული კაცობრიობა თანდათან ითვისებდა ღმერთის, კეთილისა და ბოროტის შესახებ არასწორ წარმოდგენას. ამა სოფლის სიბრძნემ სინდისსაც გადასდო თავისი სენი, ამიტომ დაწერილი კანონი აუცილებელი გახდა ჭეშმარიტების შეცნობისა და სულიერად სუფთა ცხოვრებისათვის… სინდისის მოკვლა შეუძლებელია. იგი ქრისტეს საშინელ სამსჯავრომდე გაჰყვება ადამიანს და იქ ამხილებს ურჩობის მსხვერპლს… ნურცერთ ცოდვას ნუ მიიჩნევ უმნიშვნელოდ – ყოველი ცოდვა არის საღმრთო სჯულის დარღვევა, სინდისის დათრგუნვა. არაფრისაგან – ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცოდვისაგან – თანდათან დიდ დაცემამდე მივდივართ. „რას ნიშნავს ეს? დიდი ცოდვაა თუ მცირე? ისეთი რა ცოდვაა? არის კი საერთოდ ცოდვა?“ ასე მსჯელობს კაცი, რომელსაც საკუთარი სულის ცხონება არ აღელვებს, როდესაც ღმერთის მიერ აკრძალული რაიმე საქმის ჩადენას აპირებს და ამ უკიდურესად მყიფე საფუძველზე დაყრდნობით ქელავს სინდისს. ამის შედეგად სინდისი ბლაგვდება, მისი ნათელი ბნელდება, სულში უგრძნობელობის წყვდიადი  და სიცივე  ისადგურებს.   ბოლოს   და   ბოლოს,   უგრძნობელობა   სულის ჩვეულებრივ    მდგომარეობად  იქცევა,  სული  ხშირად კმაყოფილია ამ მდგომარეობით: მას ღვთის წინაშე სათნოდაც მიიჩნევს და ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის სულის მშვიდობა.. სინამდვილეში კი ესაა საკუთარი ცოდვილობის განცდის დაკარგვა, სინდისის მიძინება და სულიერი სიბრმავე. ასეთ მდგომარეობაში, საშინელი დაბნელებისა და უგრძნობელობის დროს, სულში თავისუფლად შემოდის სხვადასხვა ვნება და ბუდეს იწყობს. ღრმად ჩაკირული ვნებები ჩვევებად იქცევიან, და ეს ჩვევები ისევე მტკიცეა, როგორც ბუნება, ზოგჯერ კი ბუნებაზე უმტკიცესიც. ცოდვილ ჩვევებს ვნებები ეწოდებათ. და კაცი ვერც კი ხვდება, ისე აღმოჩნდება ყოველი მხრიდან ცოდვით გარშემორტყმული, მისი ტყვე, მისი მონა. ვინც მრავალგზის წაუყრუა სინდისის ხმას და ცოდვას დაემონა, ის მხოლოდ უდიდესი შრომით, უფლის განსაკუთრებული შეწევნით შეძლებს თავი დაიხსნას ამ მონობისაგან, დასძლიოს ვნებები, თითქოს მეორე ბუნებად რომ ქცევიან… დაცავი სინდისი! დაიცავი სინდისი ღმერთთან მიმართებაში: შეასრულე ყოველი მისი ბრძანება, როგორც ყველასათვის ცნობილი, ისე ყველასათვის უცნობი, გარდა ღმერთისა და შენი სინდისისა. დაიცავი სინდისი მოყვასთან მიმართებაში: ნუ იკმარებ მხოლოდ გარეგნულ წესიერებას! დაიცავი სინდისი საგნებთან მიმართებაში: მოერიდე ყოველგვარ ზედმეტობას, ფუფუნებას, დაუდევრობას; გახსოვდეს, რომ ყველა საგანი, რომლითაც შენ სარგებლობ, ღმერთის საბოძვარია. დაიცავი სინდისი საკუთარ თავთან მიმართებაში: გახსოვდეს, რომ შენ ხარ ხატი და მსგავსება ღმრთისა, და ვალდებული ხარ ეს ხატი თვით ღმერთს წარუდგინო წმინდად და შეურყვნელად. ვაი, თუკი უფალი ვერ იცნობს თავის ხატს, ვერ იპოვის მსგავსებას თავის თავთან. მაშინ წარმოთქვამს იგი სასტიკ განაჩენს: „არა გიცნი თქუენ“ (მათ. 25,12), და ასეთი ხატი ჯოჯოხეთის უშრეტ ცეცხლში დაინთქმება. ხოლო, უსასრულო სიხარული დაეუფლება სულს, რომელსაც მიხედავს უფალი, იცნობს თავის მსგავსებას და დაინახავს იმ მშვენიერებას, თავისი გამოუთქმელი სახიერებით რომ მიჰმადლა შექმნისას..” („სიტყვა ნუგეშინისცემისა“).

მთელი ცხოვრება გახსოვდეს, რომ ადამიანი სინდისია..

რატომ ტირის ადამიანი…


way“- რა გატირებს?

– რაღაც გამახსენდა…

– მაინც?

– აი, ახლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა, ოდესღაც, ზუსტად აქ ჩამოიარეს…

– მერე, რა გატირებს?

– ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო…

– ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?

– რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება…

– გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?

– არ მინდა…

– რატომ?

– შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან…

– მერე შენ ამის გეშინია?

– შენ არ გეშინია?!

– რისი უნდა მეშინოდეს?!

– დასასრულის…

– დასასრული არ არსებობს..

– როგორ თუ არ არსებობს?!

– რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას… ყოველი არსი თვითონ ეძებს თავის დასასრულს. ესაა მიზანი.. მაგრამ, ხომ გითხარი, დასასრული არ არსებობს მეთქი…

– მაშ, რატომ ტირიან ადამიანები?

– ეშინიათ და იმიტომ…

– რისი ეშინიათ?

– დასაწყისის… ვისაც არ ეშინია დასაწყისის, ის არც ტირის…

– მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?

– თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწყისია…

– იქნებ მაგიტომ არ ტირიან?!

– მაშ, რატომ?

– შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით…

– ეგ რამ გაფიქრებინა?

– ეკლესიებმა… ხედავ, როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვინდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს, ვტირით…

– შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?

– შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს…

– და თუ განმეორდა, მაინც იტირებ?

– არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი…

– იმიტომ, რომ თავისუფლება უნდა…

– მერე აღარ იტირებს?

– არა. თავისუფალ კაცს დასაწყისის არ ეშინია.

– დაწერე რა..

– რა?

– მოთხრობა დაწერე ჩემზე…

– შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?

– არა. იცი, როგორ დაწერე?

– როგორ?

– ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს…

– მერე?

– ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა..

– მერე?

– ერთ დღეს, ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ?

…..

დავწერე…” 

გ. ჩოხელი

ჯვარი..


ერთხელ, მრავალი განსაცდელისგან დაღლილი ახალგაზრდა მამაკაცი მუხლებზე დავარდა ტაძარში ხატების წინაშე და ლოცვა დაიწყო.
– უფალო.. უფალო.. აღარ შემიძლია გზის გაგრძელება, ძალიან მძიმე ჯვარი მარგუნე, უფალო.. შემეწიე, მე ცოდვილს..
– შვილო ჩემო, თუ ძალიან გიმძიმს შენი ჯვრის ზიდვა, გამოცვალე, შედი მეორე ოთახში და შენ თვითონ აირჩიე შენი ცხოვრების ჯვარი.. – უთხრა უფალმა.
ამის გაგონებაზე სახე გაუნათდა მამაკაცს, შვებით ამოისუნთქა და მუხლებზე მდგარი დიდხანს სწირავდა ღმერთს მადლობას შეწყალებისთვის.. – გმადლობ, უფალო.. გმადლობ, ჩემო უფალო..
შემდეგ, წამოდგა და სიხარულით შევიდა იმ ოთახში, რომელზეც ღმერთმა მიუთითა. თვალი მოავლო იქაობას და რას ხედავს: სავსეა ოთახი უამრავი სხვადასხვა ზომის და ფორმის ჯვრით, ზოგი ჯვარი კი იმხელაა რომ თვალსაც კი ვერ აწვდენს..
ხან ერთ ჯვართან მივიდა, ხან მეორესთან, უჭირდა ამორჩევა, ყველა ემძიმებოდა.. ბევრი არჩია, უნდოდა რაც შეიძლება პატარა და მსუბუქი ჯვარი შეერჩია ამ უთვალავ ჯვარს შორის და ბოლოს, ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, კართან ახლოს, ერთი პატარა ჯვარი შენიშნა კედელზე მიყუდებული..
– აი, ამას ავიღებ, უფალო.. ესაა ყველაზე მსუბუქი ჯვარი.. ეს იყოს ჩემი ცხოვრების ჯვარი, უფალო… – იმეორებდა გახარებული კაცი.
– მაგრამ.. შვილო ჩემო, განა ეგ ის ჯვარი არ არის რომლის ზიდვაც გიჭირდა და ახლა შენ თვითონ შემოიტანე ტაძარში? – მიუგო უფალმა..

გარდა–ცვალება..


“..და დაიწყო მათმა გულმა ფეთქვა დედის სხეულში. გადიოდა დღეები და ვითარდებოდნენ.. და რაც უფრო იზრდებოდა მათი ცნობიერება, მით უფრო მეტად ხარობდნენ სიცოცხლით, მადლობას სწირავდნენ დედას, რომ მათ სიცოცხლე აჩუქა, მათთან ერთად სუნთქავდა და ცოცხლობდა.. დღეებს მოყვა კვირები და თვეები.. ამჩნევდნენ, თუ როგორ იცვლებოდნენ და ამ ცვლილებას სადღაც მიჰყავდა ისინი.. და გაჩნდა შიში..

– ნეტავ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ნუთუ, ჩვენი აქ ყოფნა დასასრულს უახლოვდება? – თქვა ერთხელ ერთ–ერთმა ტყუპმა.

– მაგრამ, მე არ მინდა აქედან წასვლა.. მე სულ აქ მინდა ვიყო.. – უპასუხა შიშით ტყუპისცალმა.

– ჩვენ არჩევანი არ გვაქვს.. მაგრამ, ხომ შეიძლება, რომ დედის სხეულის მიღმაც იყოს სხვა სამყარო.. სიცოცხლე..

– ეგ როგორ? ჩვენ ხომ დედით ვარსებობთ, მხოლოდ ის ვიცით, რომ აქ ჩვენამდე სხვებსაც უცხოვრიათ და წასულან.. მაგრამ, აღარასოდეს დაბრუნებულან.. საიდან გავიგებთ, რომ ამ სამყაროს რომ დავტოვებთ სიცოცხლეს გავაგრძელებთ..? არა, ალბათ, მართლა აქ არის დასასრული.. და, საერთოდაც.. ხომ შეძლება, რომ დედაც არ არსებობდეს..

– შეუძლებელია.. აბა, ჩვენ ვინ გვასაზრდოებს? როგორ ვარსებობთ? ვინ გვაცოცხლებს?

– ოდესმე გინახავს დედა? შეიძლება, იგი მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაშია.. ხომ შეიძლება, რომ სულაც ჩვენ გამოვიგონეთ, რათა თავი მშვიდად გვეგრძნო, იმედით გვეცხოვრა..

ასე შიშით და ეჭვით აღსავსე იყო ტყუპების ცხოვრების ბოლო დღეები დედის სხეულში..

ბოლოს, დადგა შობის დღეც.. და, როდესაც მათ დატოვეს დედის სხეული და გადავიდნენ ახალ სამყაროში.. თურმე პირველად გაახილეს თვალი.. ასეთი ნათელი სამყარო ხომ ვერასოდეს წარმოედგინათ, ულამაზეს სიზმრებშიც კი..”

ესაა ქრისტიანის გარდაცვალება..

გაიქეცი ბაბილონიდან…


თუ ღმერთი არ აშენებს სახლს, ამაოდ ირჯებიან მუშაკნი! …

თუ ღმერთი არ იცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი!…

შეფეთქილ საფლავებს ჰგავხართ, რომელნიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით კი სავსენი არიან მკვდრების ძვლებით და ათასგვარი უწმინდურებით!…

სხვების დასანახად დიდხანს ლოცულობთ, ბაგით მცემთ თაყვანს, ფიქრი თქვენი კი ჩემგან შორსაა!…

ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ!…

მკვდრები ხართ და მკვდართა დამმახავნი! ბრმები ხართ და ბრმათა წინამძღოლნი! მართალთა და თქვენთან გამოგზავნილთა მკვლელებო! აჰა, გჩებათ თქვენი სახლი ოხრად!…

შენ კი ჩემო ხალხო, გამოდი მისგან! გაიქეცი ბაბილონიდან! გაიქეცი!

გიყვარდეს..


“სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩასვამ, რადგან მას სამყარო ვერ იტევს. იგი ძალაა ღმერთისა, ანგელოზის ენით ნათქვამი. მთავარია შენ გიყვარდეს, გიყვარდეს ისე, რომ სამაგიეროს არ ელოდო.. გიყვარდეს.. რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ..”

მამა პეტრე

“მე აგარიდე ფეხი, გვირილავ,
წამოგიქროლა, ქარმა გაგთელა,
რა იოლია სხვისი ტკივილი,
რა ადვილია სხვისთვის სათქმელად..”

. ხარხელაური

ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს
შენ კი არა და არ გაგეცინოს,
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.

ხომ შეიძლება მომავლის გარდა,
გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო, მაგრამ
დათვრე და დარდი ამოიმღერო.

ხომ შეიძლება ვარსკვლავი ჩანდეს,
მერე უბრალო შუქი გამოდგეს.
ხომ შეიძლება ლექსს გიბეჭდავდნენ,
გიხაროდეს და არ გიხაროდეს.

ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?

მაგრამ რატომღაც გულშივე ვმალავთ,
გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს,
მერე ეჭვები არ გვაძინებენ
და ცხელ ცრემლებად მოწანწკარობენ.

და მიდის ასე ცხოვრების ეტლი,
გრძნობ ამ ტაატში ყველა მგზავრია,
ჩვენს უკანასკნელ სადგურებს ველტვით,
გვიხარია და არ გვიხარია..

ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო,
წყალში იდგე და მაინც იწვოდე,
ხომ შეიძლება მრუდედ გაიგონ,
შენი ცხოვრების ყველა სისწორე.

თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ,
ცამდე მართალმა ვერ იმართალო,
სიბრძნის კოშკამდე ისე მიხვიდე,
რომ უმეცრებმა გიჟად ჩაგთვალონ.

ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?

მ. ფოცხიშვილი

“რაც უფრო მეტად შეგიყვარე

გ ა ვ უ ბ რ ა ლ ო ვ დ ი,

რადგან უბრალო,

ღმერთის გარდა, არავის უყვარს..”

ნ. მეფარიშვილი

“ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს.. მე ხომ ასეთი სიყვარული არ შემიძლია..”

“ის მიდის ჩემგან, მიდის შორს და მიდის უჩემოდ…

ატმის ყვავილებო! ბილიკი დაფარეთ, გზა არ უჩვენოთ..

“ვისაც დიდი სიყვარული შეუძლია, იმან დარდიც დიდი იცის..”

თ. დოსტოევსკი

“ჩუმია სულის ხმა, ის მხოლოდ გულის მდუმარებაში ისმის..”

ითოვოს გარეთ.. ვინ ჩამიქრობს გაზაფხულს სულში..”

“არ მეშინია დაზამთრების, რადგან ვაპრილობ,
რადგან ჩემს გულში ენძელების ყვავილებს ვიმკი,
არ მეშინია ბინდებისაც, რადგან ჩემი მზე 
სულ უფრო მათბობს და მინათებს სიბნელეს ირგვლივ..”

. სალაყაია

მისიონერული წერილები


ამონარიდები წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ სერბის მისიონერული წერილებიდან

სწორედ რომ სულიერი ცხოვრებაა ჭეშმარიტი, ყოველივე დანარჩენი მტვერია. მტვერია ჩვენი სხეულიც, მიწაა, მიწისგანვე ვალად აღებული. მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი – ამ ოთხი სტიქიისაგან არის შექმნილი ადამიანი. შექმნილია ისე ოსტატურად, ისე საოცრად, რომ ვერც კი გამოხატავ. და მაინც, თავისთავად სხეული სიცოცხლე არაა, ისევე როგორც ოთხთვალა ვერ იქნება მგზავრი, ხოლო გალია კი – ფრინველი. „და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქუეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად“  (დაბ. 2,7). ეს სული აკავშირებს ადამიანს შემოქმედთან და მის ირგვლივ არსებულ ზეციურ, სულიერ სამყაროსთან. ესაა მცირე ალი, მსგავსი მარადიული ღვთიური ალისა, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სხეული ასე უბადრუკად და საცოდავად არსებობს დედამიწაზე მწერთა და ცხოველთა შორის, ამ ალით ის ზეცასა და მარადისობას უკავშირდება.

ცხოვრება სულისა, რომელსაც წარმართავს და აცოცხლებს ღვთიური სული, – აი, რას წარმოადგენს ადამიანის ცხოვრება. სულიერი ცხოვრება – ესაა უწყვეტი შრომა იმისათვის, რომ გავხდეთ ღირსნი ღვთიური სულისა, რომელიც ჩვენშია.

მაგრამ როგორ ვუპასუხოთ სიყვარულზე სიყვარულით უფალს და როგორ გავხდეთ მისი ღვთაებრივი საჩუქრის ღირსნი? – ამაშია უდიდესი მეცნიერება, სულიერი მეცნიერება რომ ეწოდება და ყველა მეცნიერებაზე მაღლა დგას. იგი ადამიანს სულიწმიდისაგან მიეცა. იმან, ვინც ძვირფასი საჩუქარი მოგვიძღვნა, თვით ასწავლა ადამიანს, რომ მისი ღირსი ყოფილიყო.

რწმენა ძალაა სულისა. მცირე რწმენა ვერ უბიძგებს გონებას ღმერთზე ფიქრის, ხოლო გულს – უფლისადმი ლოცვისკენ. მტკიცე რწმენა ამოძრავებს გონებას, გულს და საერთოდ მთლიანად სულს ადამიანისას. ვიდრე სულში მტკიცე რწმენა ცოცხლობს, ის მიაქანებს მთელი ძალით სულს უფლისაკენ. ამიტომაც გვიქადაგა მაცხოვარმა: “მოუკლებელად ილოცევდითო” (თესალ. 1,5,17) და გვასწავლა ვედრება.

უღვთონი ეცემიან და იღრჩობენ თავს იუდასთან ერთად, ხოლო მამაცი სულები მტკიცე რწმენით ადიან გოლგოთაზე, რათა შესვან მწარე სასმელი და აღდგნენ.

უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ჰგუობს წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა უბიძგა ათასობით სულს გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა განმარტოებულიყო საყვარელ ღმერთთან. რათა საიდუმლოდ შეხვედროდა შემოქმედს, რომელიც – სიყვარულია სახელითაც და არსებითაც.

სულში არეკლილი წუთისოფელი კი უფრო მეტად მტანჯველია, ვიდრე – რეალური.

თუ ხალხის მასწავლებელს უწოდებ შენს თავს, ხშირად შერცხვები, ხოლო თუ ხალხის მოსწავლედ იწოდები, არასდროს გაწბილდები.

ვიწროა გზა უფლისა – მიმავალი სასუფევლისაკენ (იხ. მათ. 7,13), ამას უდასტურებს მაცხოვარი ყველას, ვინც გაჰყვება მას. არ უნდა გაგიკვირდეს, ხალხმაც რომ შეგაქოს, ავის მქმნელს ღმერთი მაინც დაგსჯის. ხალხმა შეიძლება, დაგსაჯოს სიკეთისათვის, მაგრამ უფალი დაგაჯილდოვებს. ქრისტე მხოლოდ სიკეთეს იქმოდა, მაგრამ ხალხმა ჯვარს აცვა იგი.

არსებობს ორი სახის მწუხარება: მწუხარება ღვთის გულისათვის, ცხონებისათვის სინანულს ბადებს, და – მწუხარება მიწიერი, რომელიც ბადებს სიკვდილს (იხ. 2 კორ. 7,8-10). მწუხარება ღვთისათვის მოიცავს ადამიანს მაშინ, როცა იგი საკუთარ ცოდვებს იხსენებს, ინანიებს მათ და შეჰღაღადებს უფალს. ანდა, როცა ვინმე მწუხარებს ახლობელთა ცოდვების გამო, როდესაც ხედავს რწმენისაგან მათ განდგომას. ასეთ მწუხარებას ღმერთი სიხარულად აქცევს ხოლმე, მსგავსად იმისა, რასაც პავლე მოციქული აგვიღწერს, როდესაც საუბრობს ყველა ქრისტეს მონაზე: „ვითარცა მწუხარენი და მარადის გვიხარის“ (კორ. 2, 6-10). ისინი ხარობენ, რადგანაც უფლის ძალასა და სიახლოვეს გრძნობენ, ნუგეშინისცემულნი არიან მისგან. ასე აქვს ნათქვამი მეფსალმუნესაც: „მოვიხსენე ღმრთისაჲ და ვიხარე“ (ფს. 74,4). იკითხე ფსალმუნები. ეს არის წიგნი მჭმუნვარე სულთათვის, წიგნი ნუგეშისა.

რატომ ინთება ხატის წინაშე კანდელი?

პირველ რიგში იმიტომ, რომ რწმენა ჩვენი სინათლეა. ქრისტემ თქვა: „მე ვარ ნათელი სოფლისა“ (იოან. 8,12). კანდელის შუქი იმ შუქს მოგვაგონებს, რომლითაც მაცხოვარი ჩვენს სულებს ანათებს.

მეორე, იმისათვის, რათა შეგვახსენოს იმ წმინდანის ნათელი ზნეობის შესახებ, ვისი ხატის წინაშეც ჩვენ კანდელს ვანთებთ. რამეთუ წმინდანები „ძედ ნათლისად“ (იოან. 12,36) იწოდებიან.

მესამე, იმისათვის, რომ ჩვენი ბნელი საქმეების, ბოროტი სურვილებისა და ზრახვების გამკიცხველად გვემსახუროს, დაგვაყენოს წმინდა წერილის ნათლის გზაზე, რათა უმეტესი თავგამოდებით ვიზრუნოთ მაცხოვრის მცნებათა აღსრულებისათვის; „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი“ (მათ. 5,16).

მეოთხე, რათა გახდეს იგი ჩვენი მცირე მსხვერპლი უფლისადმი, რომელმაც თავი თვისი მსხვერპლად გაიღო ჩვენთვის. მცირედით გამოვხატოთ უდიდესი მადლიერება და ნათელი სიყვარული მისადმი, ვისაც ჩვენს ლოცვებში სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ხსნას შევთხოვთ – ყველაფერ იმას, რისი მოცემაც მხოლოდ უსაზღვრო ზეციურ სიყვარულს შეუძლია.

მეხუთე, – რათა დავაფრთხოთ ბოროტი ძალები, დროგამოშვებით თავს რომ გვესხმიან, ზოგჯერ ლოცვის დროსაც და ჩვენი ფიქრები შემოქმედიდან სხვა რამეზე გადააქვთ. რადგანაც ბოროტ ძალებს უყვართ წყვდიადი, სინათლის დანახვაზე კი თრთიან, განსაკუთრებით იმ სინათლისა, ღმერთს და მის წმინდანებს რომ ემსახურება.

მეექვსე, – რათა ჩვენში თავგანწირვისაკენ ლტოლვა აღძრას, მსგავსად იმისა, თუ როგორ იწვის კანდელში ჩვენს ნებას დამორჩილებული ზეთი და პატრუქი, დაე ასევე იწვოდნენ სიყვარულის ალით ანთებული ჩვენი სულები ყველა სატანჯველისას უფლის ნებას რომ ემორჩილებიან.

მეშვიდე, – რათა შეგვახსენოს რომ, როგორც კანდელის ანთებაა შეუძლებელი ჩვენს დაუხმარებლად, ასევეა ჩვენი სულიც, ის ჩვენი შინაგანი კანდელია, და მისი ანთება ღვთიური წყალობის წმინდა ცეცხლის გარეშე, რაც არ უნდა აღსავსე იყოს სათნოებით სული, წარმოუდგენელია. რადგან ჩვენი სათნოებანი ის საწვავია, რომელსაც უფალი თავისი ცეცხლით აღანთებს.

ვინ არიან „გლახაკნი სულითა“?

„ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა“ (მათ. 5, 3) – თქვა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. შენ ეს გაცბუნებს. შეცბუნება კი იქიდან მომდინარეობს, რომ გონებაბრგვილობა განუვითარებელი ადამიანებისა სულის იმ სიგლახაკეში გერევა, რომელსაც ქრისტე ადიდებს.

სულიერი სიგლახაკე, ანუ უპოვარობა იმ საუკეთესო გონთა გამორჩეული თვისებაა, რომელნიც ოდესმე მოვლენიან ქვეყნიერებას. ეს გაცნობიერებაა საკუთარი არასრულყოფილებისა უფლის დიდების წინაშე, გაცნობიერება საკუთარი ბიწიერებისა – შემოქმედის სიწმინდის წინაშე, გაცნობიერება სრული დამოკიდებულებისა – ღვთის უსაზღვრო ძალაზე.

დავით მეფე საკუთარი თავის შესახებ ამბობდა: „მატლ ვარ და არა კაც“. დავითი კი გონებაბრგვილი არ ყოფილა; პირიქით, იგი მდიდარი და გენიალური გონებით იყო დაჯილდოებული. მისი ძე, სოლომონ ბრძენი წერს: „იყავ შენ მოსავ ყოვლითა გულითა შენითა უფლისა მიმართ და სიბრძნესა შენსა ნუ აჰყვები“ (იგავ. 3, 5). სწორედ ეს ნიშნავს, იყო სულით გლახაკი, ესე იგი, მთელი არსებით მიენდო უფალს და არა – საკუთარ თავს. 

ნეტარია იგი, ვისაც შეუძლია, გულმხურვალედ აღიაროს ჩემი ძალა არარაა, გონება ჩემი უძლურია, ნება ჩემი არამდგრადია. უფალო დამეხმარე!

სულით გლახაკი ეს ის წმიდანია, რომელსაც მოციქულის მსგავსად შეუძლია თქვას: არ ვცნობ არაფერს, თვინიერ უფლისა (იხ. 1 კორ. 2,2).

სულით გლახაკი – ის მდიდარია, რომელიც მდიდარ იობთან ერთად ამბობს: „შიშველი მოველ ამქვეყნად და შიშველი წავალ“ (იხ. იობ. 1,21).

გონებაბრგვილ ადამიანად იმას ნუკი ჩათვლი, ვისი ცოდნაც შეზღუდულია, არამედ ის ჩათვალე, ვინც სკუთარი ცოდნით ტრაბახობს.

სულიერი სიგლახაკე – პირდაპირ წინააღმდეგობაშია ქედმაღლობასა და ტრაბახთან. უგუნური ქედმაღლობისა და დამღუპველი ტრაბახისაგან სურდა ჩვენი დაცვა ქრისტეს, როცა ქებას ასხამდა სულით გლახაკებს.

თუ გამოცდილი მებაღე ბალახის ღეროს გამოხშირავს, იცოდე ეს აუცილებელია. მან იცის იმის მიზეზი, რაც გააკეთა. ხოლო მიზეზთა შორის ისიცაა, რომ მეზობელი ყვავილები უკეთ განვითარდნენ და აყვავდნენ.

„მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი“ (ფს. 54, 23) და შენი ჯვარი მსუბუქი იქნება.

არაბულ ქვეყანაში ორი მეგობარი ცხოვრობდა. ყოველ საღამოს კერიასთან იკრიბებოდნენ და საუბრობდნენ, პატარა სამფეხა სკამებზე ჩამომსხდრები. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი მათგანი შეიხი გახდა. საცხოვრებლად ქვის სასახლეში გადავიდა და ახლა სადაფის მაღალ ტახტზე იჯდა. ახალი მმართველის მისალოცად ბევრი ხალხი მოდიოდა. მოვიდა მისი ძველი მეგობარიც, რომელსაც გულით სურდა, მიელოცა მისთვის. მაგრამ ამაყმა შეიხმა არ ინება მისი მაშინვე მიღება და მრავალი დღის განმავლობაში კართან ალოდინა. ბოლოს შეიხმა მეგობრის მიღება ბრბანა. მეგობარი მორიდებულად შევიდა, ხოლო შეიხი კიდევ უფრო გაიშხლართა თავის საუცხოო სადაფის ტახტზე. მეგობარი ყველაფერს მიხვდა, განზრახ აქეთ-იქით ყურება დაიწყო, – თითქოს თვალებით შეიხს ეძებდა. მაშინ გულმოსულმა შეიხმა ჰკითხა, ვის ეძებო.

 – შენ დაგეძებ ადამის შვილო, სად ხარ? – უპასუხა მეგობარმა და ნაღვლიანად დაურთო – ვიდრე პატარა სკამზე იჯექი, ის სკამი არ ჩანდა, ახლა კი შეხედე, ტახტს უკან კაცს ვერ იპოვი.

ჰოი, ადამიანო, ჰოი, მტვერო! რითი ამაყობ? არარაობით სიცოცხლეში თუ არარაობით სიკვდილში?

ერთ ბერძენ მმართველს ჩვევად ჰქონდა ყოველ დილით ორ მხარეს მისალმება – სალამი ერთ მხარეს, სალამი მეორე მხარეს. როცა მას ჰკითხეს, თუ ვის ესალმებოდა, უპასუხა- „ღმერთს და ხალხს, რადგან ყველაფერი რაც გამაჩნია, ან ღმერთისგანაა, ან ხალხისგან“.

ჰოი, ადამიანო, წამი ხარ დროში და მილიმეტრი სივრცეში რითი ამაყობ? შენს შესახებ ნათქვამია წმინდა წერილში: „არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე მაღალი გულითა“  (იგავ. 16,5) და თუ კიდევ გსურს: „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი“ (იაკ. 4,1, პეტრ. 5, 5), ან: „უწინარეს შემუსრვისა უძღვის გინებაჲ“ (იგავ. 16,18). შენი ამპარტავნებით ომი გამოუცხადე ყოვლისშემძლესა და მარადიულს. ატომი აღსდგა უსაზღვროობის წინააღმდეგ! წამი აუჯანყდა უკვდავებას! თვით ჭიანჭველისთვისაც კი აშკარაა შენი მარცხი. უეცრად მოვლენ შენთან სირცხვილი და დაღუპვა. ამიტომ მობრუნდი, მოინანიე, გამოფხიზლდი, გონს მოდი, იქეც ადამიანად, იყავი ადამიანი! ეს უფრო საპატიოა, ვიდრე მეფედ ყოფნა. იყავი ადამიანი! ეს გაცილებით ძვირფასია ყველა გვირგვინზე და მნიშვნელოვანია ყველა ტახტზე.

ვინ მიდასტურებს ქრისტეს აღდგომას?

უპირველეს ყოვლისა ამის შესახებ ჩემი სინდისი მიდასტურებს, შემდეგ – გონება და ნება.

სინდისი მეუბნება: უფლის ესოდენ დიდი ტანჯვისათვის ხალხის კეთილდღეობისა და ხსნის გამო არ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა ჯილდო, გარდა აღდგომისა და ზეციური დიდებისა. აუწერელი ტანჯვანი მართლისა ენით გამოუთქმელი დიდებით დაგვირგვინდა. ეს მაძლევს ნუგეშსა და მშვიდობას.

გონება მეუბნება: აღდგომის ბრწყინვალე გამარჯვების გარეშე უფლის მის მთელი გმირობა საფლავში დარჩებოდა, მთელი მისი მისია ამაო იქნებოდა.

ნება მეუბნება: ქრისტეს აღდგომა მშველის მე კეთილსა და ბოროტს შორის მერყეობისაგან, გაბედულად მაყენებს სიკეთის გზაზე და მინათებს ამ გზას, მაძლევს ძალასა და აღმაფრენას.

ამ სამი ხმის გარდა, რომლებიც ჩემში ერთსადაიმავეს ადასტურებს, არსებობენ გარეგანი უძლეველი მოწმენი: დიდებული მენელსაცხებლე დედები, თორმეტი უდიდესი მოციქული, ხუთასზე მეტი სხვა მოწმე (იხ. 1კორ. 15,6) – ყველა, ვინც კი კვირაობით ხედავდა და უსმენდა მას, არა სიზმრად, – არამედ ცხადში, არა ერთი წუთით, არამედ – ორმოცი დღე. ცეცხლოვანი იუდეველი სავლეც, ქრისტიანთა მდევნელი, მემოწმება, რომ ნახა აღმდგარი უფალი, გაიგონა მისი ხმა და შეასრულა მისი ბრძანება. და ოცდაათი წლის შემდეგაც, როცა მის თავზე ნერონის მახვილი ეშვებოდა, არ სურდა საკუთარი მოწმობის უარყოფა. მოწმეა წმიდა პროკოფი, რომაელი მხედართმთავარი, რომელიც აღმოსავლეთის ქრისტიანთა წინააღმდეგ ლაშქრობაში უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ გამოეცხადა გზაში უფალი იესო ქრისტე და ჭეშმარიტ რჯულზე მოაქცია. იმის მაგიერ, რომ ქრისტიანები გაეჟლიტა, თავის ნებით მიეცა იგი ქრისტესთვის მოსაკვდინებლად. მოწმეა ათასობით ქრისტესთვის ტანჯული, საუკუნეების განმავლობაში ჯურღმულსა თუ ჯალათის მახვილით ქრისტეს აღმსარებელნი, იერუსალიმელი მოწამეებით დაწყებული – ახალმოწამეებით დამთავრებული.

მემოწმება ყველა ის წმინდანი, რომელთაც ხშირად ვხვდებით ცხოვრებაში, მემოწმებიან სიხარულით, როცა ესმით ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. იგი მათი სინდისის თანამჟღერია, სძრავს მათს სულებს და ახარებს მათ გულებს.

მოწმობას ვიღებ ცოდვილთა და ქრისტეს მოძულეთაგან, რამეთუ მათი უარყოფა აღდგომისა მე საწინააღმდეგოს მიმტკიცებს. ამქვეყნიური სამსჯავრო ამოწმებს მოწამეთა ჩვენებებს და მათი სამართლიანობის ხარისხის მიხედვით არკვევს დამოწმების ღირებულებას. როცა წმიდა და სპეტაკი მოწამენი ამტკიცებენ, რომ იციან ქრისტეს აღდგომის შესახებ, მე სიხარულით ვიღებ მათ დამოწმებას, როგორც ჭეშმარიტებას. როცა უწმინდურნი, არამართლმორწმუნენი და ცოდვილნი უარყოფენ აღდგომას, ამით ისინი მხოლოდ ამტკიცებენ პირველთა მოწმობას და ამყარებენ ჩემს რწმენას ჩემი უფლის აღდგომის ჭეშმარიტების შესახებ. რამეთუ უარყოფენ არა ცოდნით, არამედ – ღვარძლით.

მოწმეა მრავალი ტომი თუ ხალხი, წარმართობიდან განათლებისაკენ აღმდგარი, მონობიდან თავისუფლებისაკენ, უზნეობის ჭაობის საფლობისა და გონების დაბნელებიდან – უფლის შვილობის ნათლისაკენ. სერბი ხალხის აღდგომაც ქრისტეს აღდგომის დასტურია ჩემთვის.

 თვით სიტყვები „მკვდრეთით აღდგინება“ ამასვე მიდასტურებენ, რადგან ქრისტეს აღდგომის გარეშე არ იქნებოდა ეს სიტყვა კაცობრიობის ენაში. როცა პავლე მოციქულმა პირველად წარმოთქვა ეს სიტყვები ათენში, ბევრისმცოდნე ათენელებს გაუკვირდათ და საგონებელში ჩაცვივდნენ (იხ. საქ. 17,32).

ასე რომ, ღვთის შვილნო, გილოცავთ და გესალმებით: ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!

ჯვარცმული ქრისტეს შვიდი გამონათქვამის შესახებ

ირველი გამონათქვამი: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“ (ლკ. 23,34). უპირველეს ყოვლისა, ამ სიტყვებით უფალმა თავისი მოწყალება გამოხატა მკველელებისადმი, მოწყალება, რომელიც ტანჯვის დროსაც კი არ სტოვებდა მას. შემდგომში გოლგოთის მთიდან მან ცნობილი, მაგრამ ბევრისათვის კი უცნობი ჭეშმარიტება განაცხადა, უფრო ზუსტად ის, რომ ბოროტმოქმედნი არასოდეს უწყიან, თუ რას სჩადიან. მართლის მოკვლით საკუთარ თავს იღუპავენ, მას კი განადიდებენ. ფეხქვეს სთელავენ უფლის მცნებებს და ვერ ხედავენ, თუ როგორ ეშვება მათ თავზე წისქვილის დოლაბი, რათა აღგავოს ისინი პირისაგან მიწისა და მტვრად აქციოს. წამბილწავნი ვეღარ ამჩნევენ, როგორ ემსგავსებიან თანდათანობით ცხოველებს, სიძულვილით მთვრალებმა არასოდეს უწყიან თუ რას სჩადიან.

მეორე გამონათქვამი: „ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 23,43). ეს სიტყვები მიმართულია ჯვარცმული მონანიე ავაზაკისადმი და იმ ცოდვილთათვის მეტად ნუგეშისმომცემნი არიან, რომლებიც შესძლებენ, რომ უკანასკნელ წამს მოინანიონ ნამოქმედარი. წყალობა უფლისა უსაზღვროა. იგი თავის მისიას ჯვარცმულის ასრულებს. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ის შველის ყველას, ვისაც ამის ოდნავი სურვილი აქვს.

მესამე გამონათქვამი: „დედაკაცო, აჰა ძე შენი!“ (ინ. 19,26). ამგვარად უთხრა უფალმა თავის წმიდა დედას, რომელიც გოლგოთის ჯვართან იდგა. ხოლო მოციქულ იოანეს კი მიმართა: „აჰა, დედაჲ შენი!“ (ინ. 19,27). ამ სიტყვებში ჩანს შვილის მზრუნველობა, რომელიც მშობლების მიმართ ყველას მოეთხოვება და სავალდებულოა. ის, ვინც ადამიანებს უქადაგა: „პატივ ეც დედასა და მამასა შენსა“ (გამოს. 20,12; მთ. 15,4), თავად ასრულებს ამ მცნებას უკანასკნელ წუთამდე.

მეოთხე გამონათქვამი: „ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათვის დამიტეობ მე?“ (მკ. 15,34). ეს სიტყვები ადამიანის უძლურებაზე, მაგრამ ამავე დროს შორსმჭვრეტელობაზეც ლაპარაკობენ: რადგან ადამიანი იტანჯება, მისი ტკივილის ქვეშ ერთი საიდუმლო იმალება. ამ და მხოლოდ ამ სიტყვებმა შეძლეს, დაემსხვრიათ ერესი, რამოდენიმე საუკუნის შემდეგ რომ შესძრა ეკლესია. იგი (ერესი – რედ.) ისე არამართებულად და ცრუდ ასწავლიდა, რომ ჯვარზე ღვთაებრივი ბუნება იტანჯებოდა. თუმცა უფლის მარადიული ძე იმიტომაც განკაცდა, რათა სულით და ხორცით ვნებულიყო კაცობრიობისათვის, მათთვის აღსრულებულიყო, როგორც ადამიანი, რადგანაც თუკი ქრიტეს სახით ღმერთი ევნო, – ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ქრისტეშივე აღესრულა. ეს კი შეუძლებელია, რაც შეიძლება, ღრმად ჩაუკვირდით ამ დიდებულ და საშინელ სიტყვებს: „ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათვის დამიტეობ მე?“

მეხუთე გამონათქვამი: „მწყურის“ (ინ. 19,28). სისხლი მისი დაიღვარა. ამისგან გახლავთ წყურვილიც. დასავლეთის მზე თვალს ჭრიდა მას ტანჯვას უძლიერებდა, სახე საშინლად უხურდა, ბუნებრივია, რომ სწყუროდა, მაგრამ უფალო, რა გწყუროდა შენ ჭეშმარიტად: წყალი თუ სიყვარული? გწყუროდა როგორც ადამიანს თუ როგორც ღმერთს, იქნებ ორვეს ერთდროულად? აი რომაელი ჯარისკაცი ძმრით გაჟღენთილ ღრუბელს გაწვდის. ეს „გულმოწყალების“ ერთადერთი წვეთი გახლავს, ჯვარცმულმა ტანჯვის სამი საათის განმავლობაში ადამიანისაგან რომ მიიღე! თუნდაც ეს ძმარი იყოს, მაინც რომაელი ჯარისკაცი არბილებს პილატეს ცოდვას – შენს მიმართ ჩადენილ რომის იმპერიის ცოდვას. სამაგიეროდ შენ დაამხობ ამ იმპერიას და მის ადგილას ახალს აღმართავ.

მეექვსე გამონათქვამი: „მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა“ (ლკ. 23,46). ძე მიაბარებს სულს თავის ზეციურ მამას, რათა ყველას განეცხადოს, რომ მამისაგან მოვიდა და არა – საკუთარი ნებით, როგორც ამაში ებრაელები ადანაშაულებდნენ. მაგრამ ეს სიტყვები კიდევ იმისთვისაა ნათქვამი, რომ მოისმინონ და იცოდნენ ბუდისტებმა, პითაგორელებმა, კულტისტებმა და სხვა ფილოსოფოსებმა, რომლებიც სულთა გადასახლების შესახებ ადამიანებში, ცხოველებში, მცენარეებში, ვარსკვლავებსა და მინერალებში ათასგვარ ზღაპრებს თხზავენ. უკუაგდეთ ფანტაზიები, შეხედეთ, თუ საით მიემართება მართლის სული: „მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა“.

მეშვიდე გამონათქვამი: „აღსრულებულ არს“ (ინ. 19,30). ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დასრულდა. არა, დასრულდა მისი მისია კაცობრიობის მოდგმის გამოსყიდვისა და ხსნისათვის. „აღსრულებულ არს“ და სისხლითა და სიკვდილით დაიბეჭდა საღვთო საქმე ერთადერთი ჭეშმარიტი მესიისა. დასრულდა ტანჯვა, მაგრამ სიცოცხლე კი მხოლოდ ახლა დაიწყო. დასრულდა ტრაგედია, მაგრამ დრამა არ შედგა. დღეიდან და უკუნისამდე უკანასკნელი დიდებული საქმე – სიკვდილზე გამარჯვება, აღდგომა და დიდება.

ქრისტიანული შემეცნების გზა – სიყვარულია. თუკი გსურს – შეიცნო ზეციური საიდუმლოებანი, გიყვარდეს უფალი მთელი შენი გულით, მთელი სულით, მთელი შენი განზრახვით და ღმერთი ჩასახლდება შენში და იქნები ღმერთში, ხოლო ღმერთი – შენში. და შენ შეიგრძნობ ბევრი მოვლენის რეალობას, რომელნიც ადამინური ცოდნისა და გონების საზღვარს მიღმა დგანან.

უფალი თითოეული ადამიანის გულში კეთილ ზრახვებს თესავს, მაგრამ, თუკი ადამიანი არ ფხიზლობს საკუთარი სულისათვის, როგორც დათესილი ყანისათვის, მაშინ იგი ჩაძინებული ადამიანის მსგავსია. და ვიდრე მას სძინავს, მოდის უფლისა და ადამიანის მტერი, ბოროტი სული და სთესს სულში ღვარძლს. ე.ი. – ბოროტ ზრახვებს. ბოროტი ფიქრებიდან ბოროტ სიტყვებამდე და საქმეებამდე ისევე მცირე მანძილია, როგორც მცენარის თესლდან – ფესვამდე. შესაბამისად, ყველაფერი ორგანულად დაკავშირებულია.

უპოვარი ცხოვრება გაცილებით მეტ ვაჟკაცობას მოითხოვს, ვიდრე მეპატრონისა. ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სასურველი ხალხი კი – დამცირების სიმწარით.

1. რომელია უდიდესი აზრი ღირსეული ადამიანისათვის?

 2. რომელია უდიდესი საზრუნავი ღირსეული ადამიანისათვის?

 3. რომელია უდიდესი მოლოდინი ღირსეული ადამიანისათვის?

აზრი უფლის განგებულებისა ადამიანის ცხოვრებაში არის უდიდესი აზრი ღირსეული ადამიანისათვის.

 ზრუნვა სულის გადასარჩენად უდიდესი საზრუნავია ღირსეული ადამიანისათვის.

მოლოდინი სიკვდილისა უდიდესი მოლოდინია ღირსეული ადამიანისათვის.

როგორ უნდა ვიფიქროთ უფლის განგებულების შესახებ ადამიანის ცხოვრებაში? საზომად უნდა ავიღოთ ზნეობრივი რჯული უფლისა, მისით უნდა გაიზომოს ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანთა ცხოვრებაში ხდება. ყველაზე მთავარია – გამოიკვლიოთ ზნეობრივი მიზეზები ყოველივე იმისა, რაც რომელიმე თქვენი ახლობლის თავს ხდება. ეს ყოველთვის ადვილი არ არის. რამეთუ ზოგჯერ მიზეზები მშობელთა წარსულშია მიმალული. ქრისტიანული აღსარება ამ მიზეზთა აღმოჩენაზეა დაფუძნებული. მეფსალმუნე ეუბნება უფალს „მე გულსა ვეტყოდი მცნებათა ჩემდა“ (ფს. 118,78). „რაბამად შევიყუარე შჯული შენი“ (ფს. 118, 97). რადგანაც უფლის მცნებებზეა დაფუძნებული ყოველივე, რაც ადამის შვილებს გარდახდებათ ხოლმე და რჯული უფლისა – სინათლეა, რომელიც ანათებს ყველაფერს, რაც გვემართება.

როგორ უნდა ვიზრუნოთ სულის გადარჩენისათვის? მე რომ აქ არ ჩამოვთვალო, წაიკითხეთ სახარება, დაეკითხეთ ეკლესიას. არ არსებობს ქვეყანაზე ადამიანის სულზე უფრო ძვირფასი საგანძური. ზუსტად ამ განძმა უნდა გვიხსნას დაღუპვისა და სიკვდილისაგან. ყველაფერი დანარჩენი, რასაც ადამიანი აფასებს და უფრთხილდება, უცილობლად კვდება და იღუპება. ადამიანის სული უფლის თვალში მთელს მატერიალურ სამყაროზე ძვირფასია. ქრისტეს სიტყვებით: „რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს?“ (შეად. მათ. 16,26; მარკ. 8, 36; ლუკ. 9, 25). შესაბამისად, არ შეიძლება არსებობდეს საზრუნავი ადამიანისა უფრო ღირსეული, ვიდრე – ზრუნვა სულის გადასარჩენად.

როგორ უნდა ველოდოთ სიკვდილს? ისევე, როგორც მეომარი ბრძოლის დაწყებისას. ან მსგავსად მოსწავლისა, რომელიც გულითადად ემზადება გაკვეთილისათვის, როცა ელის, რომ მასწავლებელი ყოველ წუთს გაიძახებს მას. სიკვდილის საათთან დაკავშირებით უფალი შეგვახსენებს იგავით უგუნური მდიდრის შესახებ, რომელიც ახალ ბეღლებს აგებდა და ხანგრძლივი ნეტარებისათვის ემზადებოდა, მაგრამ მოულოდნელად მოესმა: „ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს?“ (ლუკ. 12,20). რატომაა აზრი უფლის განგებულების შესახებ უდიადესი ადამიანის ცხოვრებაში და ყველაზე ღირსეული კაცთათვის? იმიტომ, რომ მას ადამიანებისათვის სიბრძნე და ნეტარება მოაქვს.

რატომაა ზრუნვა სულის გადასარჩენად – უდიდესი საზრუნავი ღირსეული ადამიანისათვის? იმიტომ, რომ სული – უდიდესი საგანძურია დედამიწის ზურგზე, ხოლო უდიადესი საგანძური უდიდეს ზრუნვას საჭიროებს.

რატომაა სიკვდილის მოლოდინი – უდიდესი მოლოდინი, ღირსეული კაცისთვის? იმიტომ, რომ იგი სწმენდს სინდისს და ადამიანს ყოველგვარი სიკეთის ქმნას აიძულებს. როდესაც ერთ ღვთისმოსავ და კეთილ ადამიანს ჰკითხეს, თუ რა აიძულებდა მას ცხოვრებაში შრომასა და სათნოებას, მან მიუგო: სიკვდილი.

ამ სამ მოვლენას ჩვენ ვერ შევამჩნევთ ცხოვრებაში. ისინი მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, და არა – უბრალოდ ადამიანისათვის, არამედ მისთვის, ვინც არსებობის უმაღლესი დანიშნულება შეიცნო.

უხილავმა მოგვავლინა ამქვეყნად. უხილავი განსაზღვრავს ადგილს ჩვენი მსახურებისა ამქვეყნად. უხილავს მივყავართ ამ ქვეყნიდან. ამ უხილავს უნდა ვევედროთ, მას ვუმზიროთ, მისგან ველოდოთ საზღაურს.

წმიდა იოანე ჩვენზე უკეთ იცნობდა ადამიანურ ბუნებას, რადგან თქვა „არავის ძალუმს შექების მოსმენა საკუთარი თავისათვის უვნებელად – წმიდათა გარდა“. რამეთუ მხოლოდ წმიდანები განჭვრეტენ ადამიანებს და ესმით, თუ საიდან გამომდინარეობეს ქების სიტყვები. ზოგჯერ ყველაზე მღვრიე წყალი მზეზე ისევე ელვარებს, როგორც გამჭვირვალე. ზოგჯერ ყინულის თხელი ფენის ქვეშ ბლანტი შლამი იმალება. ასევეა მათი სულებიც, ვინც გვაქებს. ამიტომაც წმიდანებს ქება რომ ესმით, აღიქვამენ მას ან როგორც უმეცრებას, ან კიდევ – როგორც აშკარა ტყუილს. ბევრად მეტი სული დაიღუპა ამქვეყნიური ქება-დიდებისაგან, ვიდრე – ლანძღვისა და სიძულვილისაგან. იცით, ვის მიათვლის ქრისტე მათ, ვინც ადამიანურ ქება-დიდებას ეძიებს? ურწმუნოებს. წაიკითხე მისი საუბარი ებრაელებთრ და საკუთარ თავს დაეკითხე, რომელ მხარეს მიეკუთვნები. იგი საკუთარი თავის შესახებ ამბობს: „დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო“ (იოან. 5,41), მათ კი ეკითხება: „ვითარ უკუე ჴელგეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?“ (იოან. 5,44). ასე რომ, თქვენ ვისთან ხართ: ქრისტესთან თუ ებრაელებთან? თუკი ქრისტეს მხარეზე ხართ, რასაც გულწრფელად გისურვებთ, მაშინ არა ამქვეყნიური დიდება ეძიეთ, არამედ ის, რომელიც ერთი ღმერთისგანა. ნუ შეგშურდებათ მათი, ვრც ადამიანურ დიდებას იღებს. შეიცოდეთ ისინი. და როდესაც გაწბილდებიან, საკუთარი თავი შეებრალებათ და კვლავ გეტყვით თქვენ: შეიბრალეთ ისინი, რადგან თავიანთი სიბეცით მარადიული – დროებითის სანაცვლოდ გასცეს, ღვთიური, ადამიანურის სანაცვლოდ, ჭეშმარიტი – სიცრუის სანაცვლოდ.

„რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს“ (მათ. 10,22) – თქვა უფალმა, მრავალ სხვადასხვა გამოცდას მოგვივლენს ხოლმე იგი ადამიანებს, მაგრამ მიზანი ერთია – სიმწარით განკურნოს ადამიანთა სულები და ამით მოამზადოს ისინი მარადიული ხსნისათვის, რაც უნდა ძნელი იყოს შენთვის, ორი რამ გახსოვდეს: პირველი ის, რომ თვით შენი ზეციური მამა განსაზღვრავს საზომს ტანჯვის; მეორე, ის, რომ მან იცის შენი შესაძლებლობა.

ღმერთი არ იმალება ადამიანისაგან. ცოდვილი ადამიანი ემალება ღმერთს, ეფარება და ეფარება მანამ, ვიდრე საბოლოოდ არ დაჰკარგავს მას თვალსაწიერიდან, როგორც დაწერილია წინაპართა შესახებ, რომ როცა შესცოდეს, „დაიმალნეს ადამცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა საშუალ ხესა სამოთხისასა“ (დაბ. 3,8). როგორც მაშინ, ახლაც ისევე. ჩაიდენს თუ არა ადამიანი მძიმე ცოდვას, იგი ღმერთისაგან ბუნების ზურგსუკან იმალება და ქმნილებებს, ქვებს, ხეებს, ცხოველებს შორის იკარგება. თითქოსდა მოჩვენებით ნათესავებს შორის, ბუნების ჩრდილში იძირება და როგორც მზის დაბნელებას იტყვიან, როცა მთვარე ბუნების ამ ნათელ მეფეს გადაეფარება ხოლმე, ასევე შეიძლება ითქვას „ღმერთის დაბნელების“ შესახებ – სიმართლის მზისა – მათთვის, ვინც ბუნების შემოქმედის თვალთაგან დასამალად ბუნებას ეფარება.

მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი ადამიანური სიტყვებია, რამეთუ მზის დაბნელება იმას კი არ ნიშნავს, რომ მზემ ნათელი დაჰკარგა, არამედ მხოლოდ იმას, რომ ნათელი ჩვენს თვალთაგან დაფარულია. ასევე „ღმერთის დაბნელება“ არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი დაიკარგა და იგი აღარ არსებობს, არამედ იმას, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის რაღაც ჩადგა და გადაფარა იგი მისი გონებისათვის. ეს „რაღაც“ ადამიანური ცოდვაა. 

ბუნება არ არის დამნაშავე, თუკი მას ურწმუნო გააღმერთებს. იგი მთელი არსებით ეწინააღმდეგება უფლის უარმყოფლებს და მის გამღმერთებლებს. მთელი ბუნება: დაწყებული თვალუწვდენელი მზიდან და უმცირესი ატომით დამთავრებული, ერთხმად და ჰარმონიულად მოწმობენ მათი შემოქმედის ყოფიერებასა და მოქმედებას.

ცოდვით დაცემის შემდგომ ადამი უფლისაგან გარბოდა. მაგრამ მოწყალე შემოქმედი არ გაქცეულა საკუთარი ქმნილებისაგან, არამედ მიუახლოვდა და დაუძახა: „ადამ, სად ხარ?“ (დაბ. 3,9). იგი შენც გიხმობს, ნუთუ არ გესმის: „კეთილო, სად ხარ?“ მიაქციე სახე სინათლისაკენ, ძისაკენ ნათლისა, რამეთუ მამა ნათლისა მხურვალე სიყვარულით გიხმობს შენ.

 ისმინე და იცოდე: არავის ხალხში არ გაუთქვამს სახელი, გარდა იმათი, ვინც ღმერთი ადიდა.

ქრისტიანი მოვლენებს მთლიანობაში აღიქვამს და არა – ცალკეულად. უსამართლო ბედის წყალობას ქრისტიანი არ აფასებს, როგორც რაღაც საბოლოოს, მაგრამ ელის, რა მოჰყვება შემდგომ, რადგან იცის, რომ ცოდვილი წარმატებას საკუთარი ძალით და შესაძლებლობებით კი არ აღწევს, არამედ იმიტომ, რომ უფალი მოუვლენს, რათა ცოდვილმა გაიხსენოს იგი. ღმერთი თავის გამოუთქმელი წყალობით ცოდვილებს იმას მოუვლენს, რაც მათ სურთ, რათა უფალს რომ გაიხსენებენ, შერცხვეთ თავიანთი უკანონობისა და გამოსწორდნენ. ღმერთისათვის მონანიენი ძვირფასნი არიან; მისთვის ძალიან ძვირფასნი არიან ისინი, ვინც მწუხარე გულით ინანიებენ საკუთარ ბიწიერ საქმეებს, შემოქმედი არ არის ისეთი, როგორიც ქმნილებაა, რომელსაც საკმარისია, რამე შეეშალოს, რომ დამნაშავეს მაშინათვე სჯის. იგი ელის, ვიდრე გზააბნეული თვითონ იპოვის ჭეშმარიტ გზას. იგი უმზერს და დუმს. ელის და არასოდეს იგვიანებს. მიუწვდომელია საკუთარ სიბრძნეში და საოცარია საკუთარი წყალობით.

პატივმოყვარეობა – სულის სენია. იგი მათ ეუფლება, ვინც დაკარგა უფლის შიში ან – არ მოიხვეჭა იგი. სიცოცხლის წიგნში სწერია: „სიბრძნის დასაბამი – გფლის შიშია“ (იხ. იგავ. 1,7). ბრძენთაბრძენს სამყაროს შემოქმედზე საუბრის წყურვილი ჰკლავს, ხოლო პატივმოყვარეს – საკუთარ თავზე.

ნამდვილი ადამიანები ზრუნავენ, რომ მათმა ცხოვრებამ ღირსეული ნაყოფი გამოიღოს, და არა – მეზობელთა ქება-დიდებისათვის. დიდება ექოს მსგავსად მათი თანმდევია, და თუკი ექო ყოველთვის მაინც არ ისმის მიწაზე, იგი უცილობლად ჰპოვებს გამოძახილს ზეცაში. რადგანაც ცხოვრება ნამდვილი ადამიანისა დაკავშირებულია მარადიულობასა და ზეცასთან. როცა ქრისტე სიკეთეს იქმოდა, იგი ხშირად გადაჭრით კრძალავდა ამაზე საუბარს. უფლის წმიდანებმა აითვისეს ეს მეცნიერება და ადამიანურ დიდებას გაურბოდნენ ისე, როგორც ცეცხლს. ვინმე რომაელი მატრონა რომიდან ეგვიპტეს გაემგზავრა, რათა წმიდა არსენი დიდი ეხილა. არსენიმ იგი მიიღო, მაგრამ, როდესაც ქალმა მისი ქება იწყო, იგი სწრაფად შებრუნდა სენაკში და ზურგს უკან კარები მიიხურა. სხვა მიმდევარი სახარებისა ამბობდა: „ყოველგვარი საქებარი სიტყვა ჩემზე მიახლებს სულის ჭრილობებს“.

ადამიანები საბადოებს ჰგვანან, საბადოებში კი ჩვეულებრივ ღრმად შეღწევაა საჭირო, რათა მათში დაფარული განძეული მოვიპოვოთ. ასეთი გახლავთ ამ სამყაროს წესი: რაც მეტად ძვირფასია განძი, მით უფრო ღრმად არის დაფლული.

 „ამაოება ამაოთა, თქუა ეკლესიასტე, ყოველივე ამაო!“ (ეკლ. 12,8). ვინ არის ეს ეკლესიასტე? ეს გახლდათ ყველაზე ბრძენი, ყველაზე მდიდარი, ყველაზე ბედნიერი მეფე ქრისტეს შობამდე – სოლომონი, ძე დავითისი, ადამიანი, რომელმაც ყველაფერს მიაღწია და ყველაფერი ჰქონდა, რაც კი შეიძლება კაცის გულს სწყუროდეს დედამიწის ზურგზე, ამაოებასა და ჩრდილს უწოდებს მთელ თავის ცოდნასა და ქონებას, ბრწყინვალებასა და ფუფუნებას, სამეფო ხელისუფლებასა და დიდებას, ყველა პატივსა და სიტკბოებას. განა ეს ფასდაუდებელი ჭკუისსასწავლებელი არ არის მსოფლიოსათვის?! განა არ არის გამოსაფხიზლებელი ცივი თქეში მათთვის, ვინც უსამართლობითა და დანაშაულობებით, ღმერთმებრძოლობითა და ძმათამოძულეობით, უსინდისობითა და საკუთარი სულის მოკვდინებით გადარეული მისდევს იმას, რაც იგემა ამ დიდმა მეფემ და სიცრუე და ამაოება უწოდა?

იგი ხედავს, რომ ქვეყანაზე ხშირად მართალიც ისევე იტანჯება, როგორც უღმერთო და ეს მისთვის ტანჯვაა სულისა, მაგრამ იგი სულში წინასწარმეტყველურ გრძნობას ატარებს, რომ მართალს კეთილად მიეგება. რომელი სიკეთეა ეს – იგი არ საუბრობს.

ეკლესიასტე ქრისტემდე ათასი წლით ადრე ცხოვრობდა და არ შეეძლო, გაეგონა საოცარი სიტყვები მაცხოვარისა, არ შეეძლო, სცოდნოდა ახალი სამყაროს – უფლის სამეფოს შესახებ, რომელიც უფალმა აღმოუჩინა ადამიანებს. ახლა ჩვეულებრივმა ქრისტიანმა მასზე, ყველაზე ბრძენ ქრისტემდელ მეფეზე მეტი იცის. ქრისტიანმა ქრისტესაგან იცის, რომ მართალი მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს და გაბრწყინდება მსგავსად მზისა – თავისი ზეციური მამის საბრძანებელში. მაგრამ რადგანაც ეს არ იცოდა, ბრძენთა-ბრძენი მეფე ზეციური შთაგონებით წინათგრძნობდა, რომ უბიწოს უდიდესი სიკეთე ელის, ხოლო ცოდვილს კი – ბოროტება: „იხარე ყრმაო, ვიდრე ნორჩი ხარ, გაამოს შენმა გულმა სიყმაწვილეში, – ამბობს ბრძენი მეფე, – მიჰყევ შენს გულს ღა თვითონ მზერას; ოღონდ იცოდე ყველაფრის ამის გამო სამსჯავროზე წარგადგენს ღმერთი“. „რადგანაც ყველა საქმეს სამსჯავროზე მოიტანს ღმერთი“ (ეკლ. 11,9; 12,14).

რაც უფრო მაღალაა ზეცა მიწისაგან, იმდენად სიბრძნე უფლისა აღემატება ადამიანურ გონებას. უზენაესის განგებით ქრისტე მსოფლიოს ჩვილადაც უნდა მოვლენოდა, ყმაწვილადაც და მოწიფულ მამაკაცადაც, ყველასათვის ადვილად მისაწვდომი ყოფილიყო და ყველა თავისკენ მიექცია. იგი დედამიწაზე იმისათვის მოივლინა, რომ მისი სიტყვები:  „აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაი არს სასუფეველი ცათა“ (მათ. 19,14; მარკ. 10,14) – ცივი და უსიცოცხლონი არ დარჩენილიყვნენ; ანდა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18,3).

უფალი იმ სახით, რა სახითაც დაიბადა – იმიტომაც უნდა დაბადებულიყო, რომ ჩვენთვის ჩვენი სულიერი დაბადების შესაძლებლობა ეჩვენებინა, რომელიც ადამიანის შესახებ მისი მოძღვრების ცენტრში დგას, და ხაზი გაესვა მისი მნიშვნელობისათვის. მისი სიტყვებით: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაი“ (იოან. 3,3). მსგავსად იმისა, თუ როგორ იშვა იგი სულიწმიდით უწმიდესი ქალწულის სხეულიდან, ჩვენც ასევე ძალგვიძს საკუთარი სულის სიწმიდეში სულიწმიდით სულიერად დაბადება. უდიდესი წმიდა მართლმადიდებელი მამები საუკუნეების განმავლობაში ასწავლიდნენ, რომ ადამიანის სულიერი დაბადება სულის ქალწულებრივი სიწმიდითაა განპირობებული, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულისა, რომელიც განწმენდილია თვით ცოდვილ ზრახვათაგანაც კი ემსგავსება ყოვლადწმინდა ქალწულს და უფლის ნებით ხდება ღირსი ქრისტეს სამკვიდროდ ქცევისა. თუკი ქრისტეს შობა ქალწულისაგან მიუწვდომელია ჩვეულებრივი გონისათვის, იგი ანუგეშებს და აფხიზლებს ყველას, ვინც საკუთარი არსების და სულიერი ზნეობრივი გარდაქმინისაკენ ისწრაფის.

რას აღნიშნავს სამი ასო, რომლებიც მაცხოვრის ხატზე გამოისახება, კერძოდ შარავანდედზე მისი თავის ირგვლივ?

ეს ბერძნული ასოები – ΟΩΝ აღნიშნავენ „არსებულს“, ანუ „მყოფს“.

„და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: მე ვარ, რომელი ვარ. და თქუა: „ესრეთ არქუ ძეთა ისრაელისათა რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა“ (გამოს. 3,14). იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში უფლის სახელის შესახებ შემდეგს ვკითხულობთ: „იოანე შვიდთა ეკლესიათა ასიაჲსათა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისაგან, რომელი არს“. ამ სიტყვით ანუ არსებულით, მარადის მყოფით – გამოხატულია ღვთაებრივი ბუნება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მარადიული მამისაგან, მარადიული ძე, ნათელია – მამა, ნათელია ძეც. მამა-ღმერთი და ძეც – ღმერთი.

იმავე ხატებას ვხედავთ მიწაზეც, მიწიერ, სხეულებრივ არსებებშიც: როგორიცაა ბუნება მშობლისა, ისეთივეა შთამომავლობაც. ხორციელია მშობელი – ხორციელია შთამომავლობაც. მოკვდავია მშობელი – მოკვდავია შთამომავლობა. დროითა და სივრცით შეზღუდულია მშობელი – შეზღუდულია შთამომავლობა. მარადიულობას კი საზღვარი არ აქვს, ამიტომაც მარადიულისაგან ნაშობი – მარადიულია. ძე ღვთისა იმავე ბუნებისაა, როგორისაც მისი მარადიული მამა. თუკი მამა მარადის მყოფი, მარად არსებული, მარად უცვლელია, შვილიც მარადი მამის მსგავსია. ამიტომ ძე ღვთისას შეეძლო, საკუთარ თავზე ეთქვა: „მე და მამაა ჩემი ერთ ვართ“ (იოან. 10,30).

მაგრამ იმის გათვალისწინქბით, რომ ღმერთი სულია, მარადიული დაბადება ძისა სულიერად ასე უნდა გავიგოთ: როგორც წესი, ადამიანთათვის ძნელია, გათავისუფლდნენ დროებითი სიმბოლოებისაგან და წარმოდგენებისაგან მიწიერ დაბადებასთან დაკავშირებით, როდესაც ღმერთსა და მის ძეზე ფიქრობენ. მაგრამ წარმოიდგინე, თუ როგორ შობს სიყვარული სიბრძნეს: ეს დაგეხმარება ამოუწურავი ზეციური საიდუმლოებების შეცნობაში. წმინდა სიყვარულის მომხვეჭი ადამიანი ჭეშმარიტ სიბრძნესაც მოიხვეჭს. ადამიანს, რომელსაც სიყვარული არ აქვს, არც სიბრძნე გაენდობა. 

მაგრამ მარადიულ ზეციურ საიდუმლოთა კვლევისას ზომა და სიმშვიდეა ბაჭირო. განა საკმარისი არ არის ჩვენთვის, რაც უფლის წყალობით გაგვენდო? ჩვენ კი ის გაგვენდო, რომ ძე ღვთისა ხორცშესხმული მოგვევლინა დედამიწაზე, ყოვლადწმიდა მარიამისაგან შობილი. მან საკუთარი სულიერი, ღვთაებრივი არსება ადამიანური სულითა და ხორცით აღჭურვა და ადამიანთა შორის განკაცდა მაგრამ ამასთანავე იგი ერთი წამითაც არ გამოყოფილა მარადიულობისაგან და არც თავისი მარადიული მშობლისაგან. მას არ შეუწყვეტია არსებობა როგორც ჭეშმარიტს, უცვლელს, მარადიულს. იგი, როგორც ადამიანი, ცვლილებებისადმია მიდრეკილი: იზრდებოდა, შიმშილობდა, იტანჯებოდა, აღესრულა, მაგრამ, როგორც ღმერთი უცვლელი რჩებოდა: სრული ღმერთი და სრული კაცი.

ერთ ძველ ხალხურ ლეგენდაში ლაპარაკია იმის შესახებ, რომ უწინ თურმე მერცხლებს აციებისას თბილ მხარეში გაფრენა არ შეეძლოთ. როცა ჩამოთოვდა და ყინვა დაჰკრავდა, ისინი ტანჯვით იღუპებოდნენ. ამის შემხედვარე ერთ გულმოწყალე ადამიანს მერცხლები ებრალებოდა და ყველაფერს აკეთებდა, რაც იცოდა და შეეძლო, რომ მათთვის სამხრეთისაკენ ფრენა ესწავლებინა. იგი ფრინველებს ნიშანს აძლევდა – მერცხლები მათ ვერ იგებდნენ. კაცი საკვებით სამხრეთისაკენ იტყუებდა – არ შველოდა, აშინებდა და სდევნიდა მათ – ამაოდ. არაფერი გამოსდიოდა. მაშინ იგი შეევედრა ღმერთს, რომ თავადაც მერცხლად ექცია. უფალმა მისი თხოვნა შეასრულა და კაცი მერცხლად აქცია, რომელსაც შეეძლო, ადამიანის მსგავსად ეაზროვნა და შეეგრძნო. ადამიანმა-მერცხალმა ადვილად გააგებინა მერცხლებს და შემოდგომით ისინი თბილი ქვეყნებისაკენ წაიყვანა. მას შემდეგ მერცხლებმა სამხრეთისკენ ფრენა ისწავლეს. რათქმაუნდა, ეს მხოლოდ პოეტური გამონაგონია, მაგრამ დაე იგი შენ დაგეხმაროს თუნდაც მცირეოდენ მაინც, გაიგო თუ – მარადიულია სიბრძნე, ნაშობი მარადიული სიყვარულისაგან როგორ განსხეულდა და იქცა კაცად ადამიანთა შორის, რათა ისინი, შერყეულნი მიწიერი მწუხარებისაგან, ახალი გზით წაეყვანა თბილ ქვეყნებში, უფლის სამეფოში, „სადაც არ არის არც ავადმყოფობა, არც მწუხარება, არც ტანჯვა“. მაგრამ თვით მცირე ადამიანურ სხეულშიც დიდებული უფალი ჭეშმარიტი, უცვლელი და მარადიული რჩებოდა.

რატომ იშვა უფალი გამოქვაბულში?

მორჩილება პირველი სათნოებაა, რომელიც ქრისტემ ადამიანებს მთაზე ქადაგებებიდან ასწავლა და საკუთარი მაგალითით უჩვენა ეს სათნოება, იშვა არა სამეფო პალატებში, არამედ – ცხვრების სადგომ ქვაბულში.

 ადგილი კი არ აქცევს ადამიანს მნიშვნელოვნად, არამედ ადამიანი – ადგილს. ადამიანი ყველაზე დიდი ღირებულებაა დედამიწის ზურგზე. ფუფუნება და გარეგანი ბრწყინვალება ღირსებას არ მატებენ ადამიანს, ისევე როგორც სიღარიბე ვერ ამცირებს მას.

ზეციური სამეფო დედამიწის ზურგზე ყველა არსებულზე უფრო მნიშვნელოვანია, და ამ სასუფევლის მოხვეჭა ადამიანს იმისგან დამოუკიდებლად შეუძლია, თუ სად დაიბადა და სად ცხოვრობს – ქალაქში, სოფელში, უდაბნოსა თუ გამოქვაბულში. სამყაროსათვის, სინათლის გამობრწყინებას უდიდესი ქალაქებიდან რომ ელოდა, უფალს გაკვეთილის მიცემა სურდა: რომ ჭეშმარიტი ნათელი შესაძლებელია, უბადრუკი, საცოდავი გამოქვაბულიდანაც მოევლინოს.

ჩემი აზრით, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ იშვა ქრისტე გამოქვაბულში. წმინდა მიწაზე დღემდე შემორჩა ოთხი უდიდესი მთა: ისინი ქრისტეს მოსვლის დროიდან დგანან. ერთი ბეთლემში, სადაც იშვა ქრისტე, მეორე – მთა ცდუნებისა, სადაც იგი სატანისაგან გამოიცადა, მესამე – გოლგოთის, რომელზეც ჯვარს აცვეს, დაიკრძალა და აღსდგა და მეოთხე – მთა ელეონისა, საიდანაც ზეცად ამაღლდა. ოთხი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მაცხოვრის ცხოვრებაში ოთხ ურყევ მთასთანაა დაკავშირებული. არ შემორჩენილა არც სახლი ნაზარეთში, სადაც იგი ცხოვრობდა, არც სახლი კაპერნაუმში, რომელშიც მან თავშესაფარი ჰპოვა. არ არის შემორჩენილი არც ერთი იმ სახლთაგანი, სადაც იგი გაჩერებულა, არც ჰეროდეს სასახლე, არც პილატეს პალატები, თვით – სოლომონის ტაძარიც კი. ყველაფერი, რაც ადამიანის ხელს შეუქმნია დროისაგან დანგრეულა. მაგრამ ღმერთისაგან შექმნილი ეს ოთხი მთა დღემდე დგას, რათა არავის შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ იგი ჭეშმარიტად იშვა, გამოიცადა ვით ადამიანი, ჯვარს ეცვა კაცობრიობის ცოდვათა გამო, აღსდგა და ზეცად ამაღლდა. ყოვლისმხედველი იცნობდა ადამიანის ქვის გულსა და მერყევ გონებას, ამიტომაც მან ეს ოთხი უდიდესი მოვლენა ოთხი ურყევი მთით ბრძნულად დააკავშირა.

ნუ გაკვირვებს, რომ უფალმა თავისი დაბადებისათვის ასეთი მოკრძალებული ადგილი შეარჩია. ის, რაც უბადრუკი და საძულველია ხალხისათვის, უფალი ხშირად ამოარჩევს და განადიდებს ხოლმე. ეს – ყოვლადბრძენის მოქმედებათა გამოხატულებაა. ასე გამოარჩია მან მებადურთაგან მოციქულნი, გამოქვაბული კი – თავის აკვნად.

რატომ გამოისახება წმინდა იოანე წინამორბედი ფრთებით?

“აჰა გამოვავლინო ანგელოზი ჩემი და მოიხილოს გზაჲ პირისა ჩემისაჲ” (მალაქ 3,1). მესიის წინასწარმეტყველი და თავად მესია წმინდა იოანეს ანგელოზს უწოდებენ, რადგან იოანეს მსახურება ჭეშმარიტად ზეციურ ანგელოზთა მსახურების სადარია. როცა სამყაროს მხსნელი ბეთლემს იშვა, ანგელოზებმა მისი დაბადების შესახებ მწყემსებს განუცხდადეს და მოუწოდეს, რომ ეხარათ და განედიდებინათ უფალი. მას შემდეგ ოცდაათმა წელმა განვლო და უფალი იორდანეზე გამოჩნდა, რათა ეწყო თავისი მხსნელი მსახურება. მაშინ გამოუცხადა წმინდა იოანემ იგი ხალხს, მოუწოდა მათ სინანულისა და განწმენდისაკენ, რათა მისი, მესიისა და მხსნელის მიღების ღირსნი გამხდარიყვნენ.

ამიტომაც გამოსახავდნენ ხატმწერები უხსოვარი დროიდან ხშირად ქრისტეს წინამორბედს ანგელოზის მსგავსად ფრთებით. ამიტომაც არის იგი წმიდა წერილში ანგელოზად მოხსენებული, რამეთუ ანგელოზის მსახურებას ეწეოდა კაცობრიობის ხსნის მესიანურ ისტორიაში.

რა ვთქვათ განათლებულთა და გაუნათლებელთა შესახებ ჩვენს დროში? თანამედროვეობის მრავალ სხვადასხვა კრიზისთა შორის, განათლების კრიზისი – ერთ-ერთი უმთავრესია. ვინ იცის, ვის უფრო შეიძლება, ეწოდოს განათლებული?! ვიღაც ქალაქელ ქალბატონს, თუ მორცხვ, სოფლელ მწყემს გოგონას? აქ საერთო აზრამდე მისვლა ძნელი იქნება მანამ, ვიდრე არ გავარკვევთ განათლების შინაარსს და ხალხთან ერთად არ ვიტყვით, რომ განათლებულია ის, ვინც არ ჰკარგავს სახეს და იცავს ღირსებას. ხოლო ვისაც ღირსება არ გააჩნია, არ შეიძლება, განათლებული იყოს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს და რა ცოდნაც არ უნდა დააგროვოს მან.

 ყველა ცდუნებათა შორის, რომელნიც კი ადამიანს მართებს, რომ გადალახოს, სილამაზე – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, წმიდა დიდმოწამემ ეკატერინემ და ბარბარემ, ანასტასიამ და პარასკევამ და მრავალმა სხვამ გადალახეს იგი, რადგანაც სხვა სილამაზე შეიმეცნეს, ის, რომელიც ფიზიკურზე ძვირფასია. მაგრამ სილამაზეს ისევე როგორც სიმდიდრეს, და უფრო მეტად, ვიდრე – სიმდიდრეს, ქედმაღლობამდე მივყავართ, ქედმაღლობა კი – ტახტია, რომლიდანაც გადმოცვენილნი აუცილებლად ჯოჯოხეთის უფსკრულში ცვივიან.

რას ნიშნავს სიტყვები: „შენ, უფალო!“

თითოეული კვერექსის დასასრულს მღვდელი ხალხს მოუწოდებს, რათა ბოლომდე, სრულად მიეცნენ იესო ქრისტეს და მოგვიწოდებს: „თავნი თვისნი და ურთიერთას და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ…“.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია და მათი გამოყენება ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ვითარებაშია შესაძლებელი.

როდესაც შენ ჯანმრთელად ხარ და სამსახურშიც ბედი გწყალობს, მიიტანე გული შენი წინაშე უფლისა და თქვი: მადლობელი ვარ შენი, ღმერთო!

 როდესაც ადამიანები პატივს მოგაგებენ და გაქებენ, შენთვის თქვი: მე არ ვიმსახურებ ამას, ეს მე არ მეკუთვნის, არამედ, შენ, ღმერთო!

როდესაც შვილებს სამუშაოზე ან სკოლაში აცილებ, ან კიდევ – ჯარში, დალოცე ისინი სახლის ზღურბლზე და სთქვი: შენ გაბარებ მათ, ღმერთო!

როდესაც ადამიანური შური და მეგობართა ღალატი გძლევს, სულით არ დაეცე, სიმწარეს გულით ნუ ატარებ, არამედ თქვი: ყოველივე ამას შენ გაძლევ, უფალო, განსჯისა და გამართლებისათვის.

როდესაც შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის კუბოს გაჰყვები, მტკიცედ იარე, თითქოს საჩუქარი მიგაქვს საუკეთესო მეგობრისათვის და თქვი: ამ უსაყვარლეს სულს მოვიღებ შენდა საჩუქრად, ღმერთო! 

როდესაც ეშმაკეულ ცდუნებათა ტანჯვისა და ავადმყოფობის შავი ღრუბლები შეგავიწროვებენ, სასოს ნუ წარიკვეთ, არამედ თქვი: დახმარებისა და წყალობისათვის მოგმართავ შენ, უფალო!

როდესაც სიკვდილის ანგელოზი დადგება შენს სასთუმალთან, ნუ შეშინდები: ის შენი მეგობარია, მაგრამ ამ სამყაროსთან გამოთხოვებისას თქვი: ჩემს მონანიე სულს გადმოგცემ შენ, უფალო!

ურწმუნოებს ეშინიათ სიკვდილის, რადგანაც მასში სიცოცხლის განადგურებას ხედავენ. მრავალ მორწმუნეს ეშინია სიკვდილის, რადგანაც თვლის, რომ უნდა აღასრულოს თავისი საქმე ამქვეყნად: ფეხზე დააყენო შვილები, ანდა დაამთავრო დაწყებული საქმე. თვით ზოგიერთი წმინდანიც კი შიშს განიცდიდა სიკვდილის ჟამს. როდესაც ანგელოზნი დაეშვნენ, რათა მიეღოთ სული წმიდა სისოისა, ეს ზეციური ადამიანი ევედრებოდა, რომ ცოტა ხნით კიდევ დაეტოვებინათ ამ ცხოვრებაში, რათა შესძლებოდა, მოენანიებინა და მომზადებულიყო სხვა ცხოვრებისათვის. უფრო ზუსტად, წმიდანებს სიკვდილის კი არ ეშინოდათ, არამედ – უფლის სამსჯავროსი, სიკვდილის შემდგომ. და ეს არის ერთადერთი გამართლებული შიში ქრისტიანისათვის, რომელსაც მტკიცედ სწამს მარადიული სიცოცხლესა და უფლის სამსჯავრო.

ხოლო სხვა, ზეციური ცხოვრების რწმენის გარეშე, სიკვდილის შიში უბრალო თოკია კისერზე, რომლითაც სიკვდილი განსჯილებს საკუთარი ხახისაკენ მიათრევს. სიცოცხლე ურწმუნოსათვის სხვა არაფერია, თუ არა ქროლვა სიკვდილისა, ქროლვა, რომელაც აშლის და, მიმოაბნევს მკვდარ ფერფლს, გაჰქექს და ჩატკეპნის მას მიწაში. უღმერთოს რომ შესძლებოდა ყველაფრის ბოლომდე, ლოგიკურად გააზრება, მას უნდა ეთქვა, სიცოცხლე საერთოდ არ არსებობს, საკვდილი – ერთადერთი რწმენაა მისი, სიკვდილი – ერთადერთი მარადიული ძალაა, სიკვდილი – ერთადერთი ღმერთია.

ქრისტეს მორწმუნეთათვის სიკვდილი თავისთავად – არაფერია. უფალმა უთხრა მართას და ახლა ჩვენც გვეუბნება: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე“ (იოან. 11,25). ვის დაგუჯერთთ, თუ არა – ქრისტეს, ძმაო სტავრო? ხალხს მაშინაც კა ვერ ენდობი, როცა საკუთარ სახელს ამბობენ, და უფრო ნაკლებად, როცა იტყვიან: „ხვალ გადაგიხდი“, განსაკუთრებით, თუკი ღრმა და ამაღლებულ თემებზე საუბრობენ. უფლის ძის გარდა არავინ არაფერი უწყის სიკვდილის შესახებ, არც იმის შესახებ, თუ რა გველის სიკვდილის შემდგომ. მაგრამ მან იცოდა, განაცხადა და გვიჩვენა. მისმა გამარჯვებამ მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, გაანადგურა სიკვდილი (იხ. 1 კორ. 15,26). რატომღა უნდა გვეშინოდეს იმისა, რაც ქრისტეს აღდგომით დამარცხებულია? სიკვდილის შიში არ ეკარება მათ, ვინც ქრისტეს ეკვრის, სიკვდილის დამთრგუნველსა და სიცოცხლის მომნიჭებელს.

და მაინც რჩება ერთი შიში, სრულიად დროული და გამართლებული: ის შიში, რომელსაც გრძნობდნენ წმიდა სულები, თავიანთი სიკვდილის ჟამს. ეს არ არის სიკვდილის შიში, არამედ შიში საკუთარი მოუმზადებლობისა მარადიული სიცოცხლისათვის. შიში საკუთარი სულიური უსუფთაობისა, რამეთუ არაწმიდანი ვერ იხილავენ უფალსა და ჭეშმარიტ ზეციურ ცხოვრებას.

ოდესღაც ძველ ეგვიპტეში ხალხთა შორის განხეთქილებები დაწყებულა, დღევანდელის მსგავსი. მაშინ ორმა მამაცმა მეგობარმა ალექსანდრიიდან გადაწყვიტა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, რათა თუნდაც ერთი ბრძენი და ბედნიერი ადამიანი ეპოვათ. ხანგრძლივი და უნაყოფო ძებნის შემდეგ ისინი ერთ წმიდანს მიადგნენ, რომელიც ტყეში განმარტოებით ცხოვრობდა. მან მიწამდე ქედი მოუხარა მოსულთ და სიხარულით შეიპატიჟა ქოხში. ხანგრძლივი საუბრის და გამოკითხვის შემდეგ, მოგზაურებმა, დაწრმუნებულებმა იმაში, რომ იპოვეს ადამიანი, რომელშიც შეერთებული იყო სიბრძნე და ბედნიერება, შესძახეს: „ღვთისნიერო ადამიანო, ჩვენ არ ძალგვიძს ისე ცხოვრება, როგორც შენ! როგორღა ვპოვოთ ბედნიერება“. ატირდა ღვთისნიერი ადამიანი, აღაპყრო ზეცად თვალნი და ცრემლმდინარემ თქვა: „არ უნდა იცხოვროთ ისე, როგორც მე, მაგრამ ბედნიერნი რომ იყოთ, მისდიეთ ამ წესებს:

 „იფიქრეთ ღმერთზე იმდენად მაინც, რამდენსაც ადამიანებზე ფიქრობთ;

 გეშინოდეთ ღმერთის იმდენად მაინც, რამდენადაც ადამიანების გეშინიათ;

 ევედრეთ ღმერთს იმდენად მაინც, რამდენსაც ადამიანებს ევედრებით;

 იმედი იქონიეთ ღმერთისა იმდენად მაინც, რამდენადაც ადამიანების იმედი გაქვთ;

 დახმარება შესთხოვეთ ღმერთს იმდენად მაინც, რამდენადაც ადამიანებს შესთხოვთ;

 შეასრულეთ კანონი ღმრთისა იმდენად მაინც, რამდენადაც ადამიანურ კანონს ასრულებთ;

 მადლიერნი იყავით ღმერთისა იმდენად მაინც, რამდენადაც ადამიანებს ემადლიერებით;

 ადიდეთ ღმერთი იმდენად მაინც, რამდენადაც ადამიანებს განადიდებთ!“

 როდესაც მოისმინეს ცხოვრების ეს გაკვეთილი, მეგობრები ბედნიერნი დაბრუნდნენ სახლებში.

საქმის გადაწყვეტა სანთლით უკეთესია, ვიდრე – ნაჯახით.

აპოკალიფსი – წიგნია, წინასწარმეტყველური მნიშვნელობა რომ აქვს ყველა თაობის ქრისტიანთათვის დროთა დასასრულამდე. ამიტომ ყოველი თაობა მის აზრს თავის დროსთან მიასადაგებს. რამეთუ ყოველ დროში ქრისტეს რწმენის წინააღმდეგ ამ დროის გველი წამოყოფდა ხოლმე თავს. ყოველგვარი უღმერთო მიწიერი იარაღით შეაბჯრული ეს გველი თავს აღმართავდა, აიქოჩრებოდა, სისინებდა, შხამს ანთხევდა, მაგრამ საბოლოოდ სკდებოდა და მტვრად განიბნეოდა და ყოველთვის ყოვლისშემძლე ქრისტე ყველა აპოკალიფსურ ურჩხულზე გამარჯვებული გამოდიოდა.

ასე გახლდათ ყველა საუკუნეში, ასე იქნება უკანასკნელ საუკუნეშიც, უფლის სამსჯავროს წინ. ყურადღებით წაიკითხეთ, რას ამბობს აპოკალიფსის წინასწარმჭვრეტელი: ყველა მხეცი და გველი, ყველა ცრუ აღდგება კრავის წინააღმდეგ და კრავი დაამარცხებს მათ. რადგანაც კრავი – მეფეთა მეფე და ბატონთა ბატონია. 

კიდევ რა გსურთ თქვენ, გარდა ქრისტეს გამარჯვების ამ საწინდარისა? რადგანაც ის კრავი – ქრისტეა. მიწიერ ომებში, ქონებისა და ძალაუფლებისათვის რომ იმართება, არასდროს წინასწარ არაა ცნობილი, თუ ვინ გაიმარჯვებს, და მაინც მრავალი მებრძოლი, ორივე მეომარი მხარიდან იბრძვის მამაცურად და იმედით. ჩვენ კი სულიერ ომს ვეწევით, რომელშიაც წინასწარ, თვით ღმერთის მიერ გამარჯვება გვაქვს ნაწინასწარმეტყველევი და დამტკიცებულია უძლეველი ქრისტეს მრავალი და მრავალი წინა გამარჯვებით ყველა სიცრუის მოციქულსა და წყვდიადის ბინადარზე. 

უკანასკნელია კი ახლანდელი საუკუნე? ვინ უწყის ეს? რამეთუ მან სთქვა: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან“ (მათ. 24, 36). უკანასკნელია კი ეს ბრძოლა ქრისტეს წინააღმდეგ? და რომც იყოს უკანასკნელი! ზუსტად ამიტომაც გავიხაროთ და ვიმხიარულოთ! რადგანაც ეს უკანასკნელი ომი იყოს ყველაზე სასტიკი, მაგრამ გვირგვინები დიდებისა იქნება ყველაზე ნათელი უკანასკნელი ბრძოლა იქნება, ის იქნება მომასწავებელი კრავის უკანასკნელი საბოლოო და დიდებული გამარჯვებისა. ქრისტიანთაგან რომელს არ ჰქონია სურვილი მთელი გულით გამხდარიყო მონაწილე ამ გამარჯვებისა გამარჯვებათა შორის?!

ნუ გეშინიათ! ქრისტეს რჯულის გამარჯვება უფრო მტკიცეა, ვიდრე სამყაროს საფუძველი. იგი თავისი ნებით გადასწევს საბოლოო გამარჯვების დღეს; იქნებ იმისათვის, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ზეცაში და მიწაზე შესძლოს, იხილოს იგი და რაც შეიძლება მეტმა გულმა შესძლოს, გაიხაროს მისით.

ქრისტე ქრისტემდეც არსებობდა და ქვეყნის აღსასრულის შემდგომაც იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ: უფლის სიტყვის, სიბრძნის, მარადიული ლოგოსის ადამიანის სხეულში განცხადებამდე, სიტყვა უფლისა, სიბრძნე და იგივე მარადიული ლოგოსიც ღვთაებრივი სამებისა დედამიწაზე პირადი მისიის სახით მანამდეც არსებობდნენ, ჯერ არ განსხეულებული, მაგრამ დაუცხრომლად მოქმედი თავისი რჩეული მსახურების – წინასწარმეტყველთა, წმიდანთა, მჭვრეტელთა და ბრძენთა მეშვეობით. ყველა მათგანი საკუთარ თავს უფლის მსახურსა და მონას უწოდებდა. ქრისტე კი მონა არ არის, არამედ ძეა, არა მეომარია მეფისა, არამედ თავად არის მეფე. მესიაა და არა – წინამორბედი.

მოუსმინეთ უფლის მოწმობას საკუთარი თავის შესახებ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ“ (იოან. 8,58), აბრაამი კი მასზე რამოდენიმე ათასწლეულით ადრე დაიბადა. კიდევ ერთი მოწმობა ქრისტეს ბაგეთაგან. როცა ებრაელნი შეეკითხნენ მას: „და შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესუ: პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ“ (იოან. 8,25), – ამასვე უწოდებს მას მეოთხე მახარებელიც, როდესაც ამბობს: „პირველითგან იყო სიტყუაჲ“ (იოან. 1,1).

დაბოლოს, იოანეს აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებაში, ზეცად მყოფი უფალი თავად ამბობს საკუთარ თავზე: „მე ვარ ანი და ჰოე, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს ყოვლისა მპყრობელი“ „პირველი და უკუანაისკნელი და რომელი ცხოველ ვარ და ვიქმენ მკუდარ, და აჰა ესერა ცხოველ ვარ უკუნითი უკუნისამდე. ამინ“ (გამოცხ. 1,8,17-18).

მოსეს რჯულის ფიცრებზე ყველა მცნება ამ თანმიმდევრობითაა ჩამოწერილი, ოთხი პირველ ფიცარზე, ხოლო ექვსი – მეორეზე. პირველი ოთხი მცნება განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას უფლისადმი, მომდევნო ექვსი კი – ადამიანისა ადამიანისადმი.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ სულიწმინდის მადლით დაადგინა: ორშაბათი – უფლის ანგელოზების დღედ, სამშაბათი – დღედ იოანე ნათლისმცემლისა, ოთხშაბათი – დღედ ჯვარი პატიოსნისა, ხუთშაბათი – წმიდა მოციქულთა დღედ, პარასკევი – დღედ უფლის ჯვრისა, შაბათი – დღედ წმიდა მოწამეთა, კვირა – დღედ აღდგომისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ამ მიძღვნათა მიხედვით დაწერილია კანონები, საკითხავები, საგალობლები და ლოცვები – კვირის ყოველი დღისათვის, თითოეული ამ მიძღვნათაგან არის გამარჯვების წინდი სულის ხსნისათვის ჩვენ მიერ წარმართულ ბრძოლაში.

არამართებულად ამბობ მეგობარო: „ღმერთი არ არსებობსო“. უფრო სწორი იქნებოდა გეთქვა: „მე არ გამაჩნია ღმერთი“, რამეთუ თვითონაც ხედავ, რომ მრავალი ადამიანი შენს ირგვლივ შეიგრძნობს ღმერთის არსებობას და ამბობს: „ღმერთი არსებობს!“ შესაბამისად, ღმერთი არ გყავს შენ და არა – საერთოდ არ არსებობს, როგორც შენ გგონია.

შენ იმგვარად ლაპარაკობ, ავადმყოფს რომ ეთქვა: „არ არსებობს ქვეყანაზე ჯანმთელობა“. მას უტყუარად მხოლოდ იმის თქმა ძალუძს, რომ თვით არ გააჩნია ჯანმრთელობა, მაგრამ თუკი იტყვის რომ: „დედამიწაზე ჯანმრთელობა საერთოდ არ არსებობს“, იცრუებს. 

შენ იმგვარად ლაპარაკობ, ბრმას რომ ეთქვა: „დედამიწის ზურგზე სინათლე არ არსებობს!“ არის სინათლე, მთელი ქვეყნიერება სინათლითაა სავსე, მაგრამ ის, საცოდავი უსინათლო მას ვერ ხედავს. მაგრამ თუკი მართებულად იტყოდა, ამგვარად იტყოდა: „თვალისჩინი არ მაქვს“.

შენ იმგვარად ლაპარაკობ, ღატაკს რომ ეთქვა: „ქვეყანაზე ოქრო არ არსებობს“. არსებობს ოქრო მიწის ზევითაც და მის ქვეშაც. ვინც იტყვის, რომ ოქრო არ არსებობს, იცრუებს, ხოლო თუკი სიმართლეს იტყვის, უნდა თქვას: „მე არ მაქვს ოქრო“.

შენ იმგვარად ლაპარაკობ, ავაზაკს რომ ეთქვა: „ქვეყანაზე სიკეთე არ არსებობს“, თვით მასში არ არსებობს სიკეთე, და არა – ქვეყანაზე, ამიტომაც არ შეცდებოდა, თუკი იტყოდა: „სიკეთე არ არსებობს ჩემში“.

ასევე შენც, ჩემი მეგობარი არამართებულად ამბობ: „ღმერთი არ არსებობს!“ რადგანაც, თუკი თვითონ არ გაქვს რაიმე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი არავის აქვს დედამიწის ზურგზე. ხოლო მთელი ქვეყნის სახელით ლაპარაკის უფლება კი ვინ მოგცა? ვინ მოგცა უფლება იმისა, რომ საკუთარი ავადმყოფობა და საცოდაობა ყველას თავს მოახვიო?

თუკი სცნობ და იტყვი: „მე არ მყავს ღმერთი“, მაშინ ჭეშმარიტებას აღიარებ, და ეს შენი აღსარება იქნება. რამეთუ იყვნენ და არიან გამოჩენილი ადამიანები, რომელთაც ღმერთი არ ჰყავდათ, მაგრამ ღმერთს ჰყავდა ისინი მათ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ხოლო თუკი სიკვდილის წინაც იტყვიან, რომ არ ჰყავთ ღმერთი, მაშინ უფალი მიატოვებს მათ და ამოშლის სიცოცხლის წიგნიდან. ამიტომაც გთხოვ, ჩემო მეგობარო, შენი სულისათვის, მარადიული სიცოცხლისა და სასუფევლის გულისათვის, ცრემლებისა და ქრისტეს ჭრილობათა გულისათვის, გთხოვ: შეცვალე შენი უტიფარი აღსარება, მონანიების აღსარებით.

უფალი მიწაზე ჩამოვიდა და ფეხები დაბანა მათ, ვისაც იგი უყვარდა. ჩვენი შემოქმედისათვის უდიდესი სიხარულია – უსმინოს გამგონე შვილებს თვისას. უფალი მაშინ გვისმენს, როდესაც ჩვენ გვესმის მისი და არ გვისმენს, როდესაც ჩვენ არ ვუსმენთ. უფალი არ გვისმენს მაშინაც, როდესაც რაიმე საზიანოს ან უგუნურს შევთხოვთ. ერთხელ მოციქულებმა იაკობმა და იოანემ შესთხოვეს უფალს, რომ ცეცხლი დაეტეხა დასახლებისათვის, რომელმაც მათი მიღება არ ისურვა, რათა იქ ღამე გაეთიათ (იხ. ლუკ. 9,51-56). მაგრამ ღმერთმა მიმართა მოციქულებს, აუკრძალა ამის ჩადენა, არა მარტო არ შეისმინა მათი თხოვნა, არამედ უსაყვედურა კიდეც. როდესაც მიმართავ ღმერთს მხოლოდ გაჭირვებისას, შენ ამცირებ უფალს, რამეთუ მოუწოდებ მას მეხანძრის მსგავსად ჩააქროს ცეცხლმოკიდებული სახლი. ქრისტემ უფლება მოგვცა, რომ მისი მამისათვის მამა გვეწოდებინა. რა შეიძლება, ამაზე ტკბილი იყოს? რა შეიძლება, იყოს უფრო ტკბილი ბაშვებისათვის, თუ არა ის, რომ იმყოფებოდნენ მშობლების თანდასწრებით? ჩვენც შევეცადოთ, რომ ჩვენი ზეციური მამის წინაშე გულით, ფაქრებითა და ლოცვებით წარვსდგეთ.

მითხარით, რა მისცეს ადამიანს თავიანთი მიწიერი ცოდნითა და სიბრძნით წარმართმა ფილოსოფოსებმა? – საკუთარი თავიცა და სამყაროც სასოწარკვეთილებამდე მიიყვანეს, ცნობილმა რომაელმა ფილოსოფოსმა სენეკამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მასვე მიბაძა მისმა მოწაფემ – ნერონმა. როდესაც დელფოსელმა წინასწარმეტყველებმა სოკრატე ყველაზე ბრძენ ადამიანად გამოაცხადეს, მან აღიარა ეს და უპასუხა: „ჭეშმარიტად, მე სხვებზე ბრძენი ვარ, რამეთუ ვიცი ის, რომ არაფერი ვიცი“.

 ქრისტეს მოციქულები საკუთარ თავზე ამბობდნენ: „ჩუენ სულელ ქრისტვსთჳს“ (1 კორ. 4,10). ანუ სულელები სოფლის წინაშე და სოფლისათვის, მაგრამ არა – წინაშე უფლისა და უფლისათვის. თქვენ იცით, რომ ბუნების ახალი, იდუმალი კანონის ყველა პირველაღმომჩენს ხალხი შლეგად მიიჩნევდა, მაშ როგორღა არ ჩათვლიან ისინი შეშლილად მას, ვინც სიცოცხლის ზებუნებრივი, რეალური და მარადიული სამეფო აღმოაჩინა! ქრისტე მაცხოვარის მიერ აღმოჩენილი სამეფოს შეცნობა, ყოველგვარ შეცნობაზე შეუდარებლად მნიშვნელოვანია: მხოლოდ ამ შეცნობასთან კავშირში იძენს ყოველგვარი სხვა ცოდნა აზრსა და ღირებულებას, როგორც -უდიდესი მოციქული სწერს: „არამედ და შე-ცა-ვჰრაცხო ყოველივე ზღვევად გარდამატებულისა მისთჳს მეცნიერებისა ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუენისაჲთა, რომლისათჳს ყოვლისაგან ვიზღვიე და შემირაცხიეს იგი ნაგევად, რაჲთა ქრისტე შევიძინო“ (ფილ. 3,8).

ქრისტეს გარეშე ამ სამყაროში სრული უკუნეთი და სიგიჟეა გამეფებული. ვისაც სურს, ეზიაროს ჭეშმარიტებას, ანუ – ზეციურ სიბრძნეს, რომელიც ჩვენს მიწიერ ცხოვრებასა და ცისქვეშეთში ყოველგვრ არსებას ანათებს, მან ყოველგვარი კაცობრივი სიბრძნე უგუნურებად უნდა მიიჩნიოს, რადგანაც ამგვარი სიბრძნე სამარემდე მიიყვანს მას. ჭეშმარიტად, უგუნურებაა ყოველგვარი სიბრძნე, რომელიც შორსაა ცხოველმყოფელი, ერთარსი ღვთისგან. საკუთარ თავს ბევრს შემატებს ის ქრისტიანი, რომელიც საკუთარ თავს უგუნურად ჩათვლის ქრისტეს განუზომელი სიბრძნის წინაშე. რადგანაც კაცობრივი სიბრძნის ნაკლულოვანების შეცნობა ერთადერთი საშუალებაა იმისა, რომ გავხდეთ ბრძენნი ქრისტეში.

ვინმე ფარისეველმა უფალი ჩვენი იესო ქრისტე სადილად მიიწვია. მიიწვია არა პატივისცემის, არამედ – პირადი გამორჩენის მიზნით. იესომ, განჭვრიტა ფარისევლის უწმინდური ზრახვანი და ტრაპეზის წინ ხელები არ დაიბანა. განა სამართლიანი არ არის, თუ უწმინდურს განუბანელი ხელებით მივიღებთ? ფარისეველი ამის გამო აღშფოთდა, ხოლო უფალმა ეს აღშფოთება იმისათვის გამოიყენა, რათა გამოეაშკარავებინა ფარისევლები, რომლებიც აჩვენებდნენ საკუთარ გარეგან სისუფთავეს, ხოლო „შინაგანი… სავსე არნ ნატაცებითა და უკეთურებითა“ (ლუკ. 11,39). ფარისეველი ფიქრობდა, რომ ამ მოწვევით უფლისადმი განსაკუთრებულ წყალობას იჩენდა, მაგრამ მაცხოვარმა გაკიცხა იგი და უთხრა: „მიეცით მოწყალებაჲ, და აჰა თქუენი ყოველი წმიდა არს“ (ლუკ. 11,41). შენ მეკითხები, თუ რას ნიშნავს უფლის ეს სიტყვები.

ისინი აღნიშნავენ მოწყალე გულს, რომელიც ხელს მოწყალების გასაცემად აღძრავს. უფალი, რომელიც გულს ხედავს, მხოლოდ ამგვარ მოწყალებას იღებდა. თუკი გული ბოროტი და გაქვავებულია, ხელთაგან განაცემი უქმი იქნება: მას უფალი უარჰყოფს. ხალხი შეიძლება, გარეგნული მოწყალებით მოატყუო, ღმერთს კი – ვერასოდეს მოატყუებ. უწმინდურია გული – უწმინდურია საჩუქარიც, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს იგი. უწმინდური გულისაგან არაწმინდა აზრები და სურვილები გამომდინარეობენ, გასვრიან ადამიანთა გარეგნულ საქმეებსაც, რაც უნდა კეთილად და სუფთად გამოიყურებოდნენ ისინი. რა სარგებელი აქვს ხელის დაბანას, თუკი უწმინდურობა გულისა აჭუჭყიანებს მას?! თუკი სახლი შიგნიდან სიმყრალით და სიბილწითაა სავსე, რა სარგებელი აქვს კარისა და ფანჯრების მორთვას?! საკუთარი ღვთაებრივი წინაგანჭვრეტით ქრისტე ხედავდა და გრძნობდა ფარისეველის უწმინდურ სულს. მან არ ინება ხელთა განბანა, არ ისურვა მცირე მოვალეობის შესრულება, რათა სახლის პატრონისათვის უფრო დიდი მოვალეობის შესახებ შეეხსენებინა. არ ისურვა, უმნიშვნელოს შესრულება, რათა მნიშვნელოვანის გამო ესაყვედურა. ყველაზე უწმინდური ხელებიც კი სუფთანი არიან უწმინდურ გულთან შედარებით. მაშ განვიბანოთ გულნი ჩვენნი და ყველაფერი წმიდა იქნება ჩვენში. 

მრისხანე მეფე კალიგულას შესახებ ჰყვებიან, რომ მან ერთხელ სენატორები ბოროტი განზრახვით სატრაპეზოდ მიიპატიჟა. იმპერატორის კარი სისუფთავისგან ბრწყინავდა და არაფერი უწმინდური მასში არ იყო, გარდა – თვით მეფის გულისა. ჩვეულებისამებრ მან ხელ-პირი დაიბანა და ძვირფასი ნელსაცხებლებით დაიზილა. გული მისი კი უწმინდურებით იყო აღსავსე. იმ დროს, როცა იგი თავაზიანად ქედს იხრიდა მათ წინაშე, აქებდა და ადიდებდა სენატორებს, ჯალათები მისი ბრძანებით სტუმრების შვილებს სიცოცხლეს ასალმებდნენ.

ეს და კიდევ სხვა ათასი მაგალითი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ძე უფლისა უნდა ჩამოსულიყო დედამიწაზე, რადგანაც იმგვარი უწმინდურობა გამეფდა ადამიანთა გულებში, იმდენად გადაფასდა ღირებულებები, რომ ისინი თანდათან უაზრობად ჩანდა. და სხვას არავის ძალუძდა გულთა განწმენდა და სამყაროს შეცვლა – ერთი ღმერთის გარდა. ქება და დიდება უფალს ჩვენსას, შენ კი სიცოცხლე და ხსნა. 

„რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას“ (ლუკ. 8,18).

ზოგიერთი დიდი ჭკუის მქონე ფილოსოფოსი არ ფლობს ჭეშმარიტებას და ჰგონია კი, რომ ფლობს მას. არ ცდილობს იმ ჭეშმარიტების შეცნობას, რომელიც მხოლოდ ქრისტესგან გამომდინარეობს. ამიტომაც მათი მოჩვენებითი ჭეშმარიტება უარყოფილი იქნება და ნაყოფს ვერ გამოიღებს, ხოლო ღმერთის საჩუქარი, რომელსაც ისინი შემოქმედის წინააღმდეგ თავიანთი დამღუპველი ამპარტავნებისათვის იყენებდნენ, ჩამოერთმევათ და გადაეცემათ სხვებს, მათ, ვისაც ღვთის შიში, ერთგულება, რწმენა და სიყვარული აქვთ. „გვმართებს ასევე მოვიქცეთ ჩვენც, – ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი – როცა ვხედავთ, რომ ვიღაც უყურადღებოდ ტოვებს ყველა ჩვენს რწმუნებას და გონებაგაფანტულია, უნდა გავჩუმდეთ, რადგან, რაც უფრო გულმოდგინენი ვიქნებით, მით იმრავლებს დაუდევრობა მათი“. უფალი იმ ბატონის მსგავსად იქცევა, რომელიც ყველგან – გზისპირზე, ქვიან ნიადაგზე, ეკალ-ბარდში და საღ მიწაზეც აგდებს თესლს, მაგრამ როცა ხედავს, თუ რა ემართება პირველ სამ შემთხვევაში დათესილ მარცვლებს, მას მთელი ზრუნვა კეთილ ნიადაგში ჩაგდებულ თესლზე გადააქვს. რაც უფრო მეტი მოსავალი მოაქვს მინდროს, მით მეტია ბატონის ზრუნვა და ყურადღება მისადმი, ხოლო გზისპირებს, ქვიან და ეკალ-ბარდებიან მიწას იგი თანდათანობით ტოვებს, როდესაც ხედავს მათ უნაყოფობას, მათში ჩაგდებული თესლი კი სხვა კეთილ ნიადაგზე გადააქვს დასათესად.

ეს ყველაფერი ქრისტეს მიერ ქვეყანაზე დათესილ უფლის სიტყვებს ეხება. ვინც უარყოფს, ან ბოროტად გამოიყენებს ამ სიტყვებს, წაერთმევა და იმ ადამიანს გადაეცემა, ვისაც უკვე აქვს და სიხარულითაც იღებს მას.

უფალი ხშირად, ძალიან ხშირად კეტავს ადამიანებისთვის მოჩვენებითი ბედნიერების კარს, მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი ბედნიერების კარი მუდმივად ღია აქვს ყველასათვის, ვინც შესვლას მოისურვებს. შენც შედი, ქრისტეს შვილო, როდესაც ამ კარში შეიხედავ, ბედნიერთა სამეფოს იხილავ, ნეტართა სამკვიდროს. იხილავ წმინდანებით დასახლებულ ზეცას, უკვე მიწაზევე რომ შეიმეცნეს ქრისტესადმი მსახურების ბედნიერება და ზეცაში ამ ბედნიერებას ბოლომდე იგემებენ. როდესაც შეიგრძნობ ამ ყოველივეს და სულიერი თვალი აგეხილება, არც ერთი წუთით აღარ იქნები მარტო და ვერ იგრძნობ მარტოობას. რადგან მრავალრიცხოვან ზეციურ ოჯახს საკუთარ და-ძმებს, ახლობლებსა და მეგობრებს დაარქმევ.

რა შეიძლება უწოდო ადამიანს – მას, ვისაც ცივ ზამთარში გაზაფხულის მოსვლის არ სჯერა?! – გამოუცდელი.. შენი ცხოვრების ზამთარს ღვთის წყალობით გაზაფხული შეცვლის. გაიხარებ, გამხიარულდები და ინანებ შენს მცირედმორწმუნეობას. ამიტომაც ნუ დაღონდები, ნუ ფიქრობ ცუდზე, უფალი შენ გვერდითაა. მალე ჩაივლის ზამთარი, გაზაფხული უკვე კარსაა მომდგარი.. ♥

ჩვენი სახელი…


”დედამიწაზე ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. მოვალთ ადამიანები, დაგვარქმევენ ახლობლები სახელებს, ვივლით ამ სახელით იმდენ ხანს, რამდენი ხანიც გვიწერია ამ ცის ქვეშ ყოფნა და წავალთ… მივებარებით საცხონებლად შემოქმედს ჩვენსას ”სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე…” იქით რა არის არავინ იცის, აქეთ კი მარტო სახელი გვრჩება. სახელს ალამაზებს ადამიანი და ადამიანი ალამაზებს სახელს. რამდენს, რამდენს, ცხოვრებაზე გამწარებულს, წაჰყოლია სახელის სევდა… რამდენს მიუმატებია სახელისთვის სახელი… რამდენი დარჩენილა უსახელოდ… რამდენი ეძებს სახელს… და კიდევ რამდენი კარგავს… ღმერთო, მაღალო, შეიწყნარე ამ მიწაზე ყოველი სახელი ჩვენი, უადგილოდ ნუ დასვამ წერტილს და ნუ მოგვივლენ განსაცდელს მძიმეს, რათა ვადიდოთ სახელი შენი.”

ადამიანი ადამიანისთვის დღეა…


“სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი.. შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ხომ ღამე იყო, ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი.. დამიანი ადამიანისთვის დღეა..”

გ. დოჩანაშვილი

Tag Cloud

%d bloggers like this: