“რა იშვიათად და გულგრილად ილოცებდნენ ადამიანები, ტანჯვა-წამება და მწუხარება რომ არ ყოფილიყო..”
“უფალო, მოგვეც ძალა, რომ შეგვეძლოს ნათელი მოვფინოთ იქ, სადაც წყვდიადი გამეფებულა.. რომ შეგვეძლოს სიხარულის მიტანა იქ, სადაც მწუხარება დამკვიდრებულა.. რომ არ ვიყოთ გულცივნი ადამიანებთან და გულგრილნი მათი ტკივილების მიმართ.. რომ შევძლოთ ტვირთვა მოყვასის სიმძიმისა.რომ შეგვეძლოს იმედად ვექცეთ იმედგაცრუებულს.. რომ ვისწავლოთ, ჯერ ჩვენ თვითონ ავასრულოთ ის, რასაც სხვას ვურჩევთ.. რომ მარადის მთელი გულით ვამბობდეთ: იყავნ ნება შენი, უფალო!.. რომ განუწყვეტლივ ვებრძოდეთ დაცემულობას ადამიანისას, ოღონდ ისე, რომ ადამიანს ჭრილობა არ მივაყენოთ.. რომ ვიყოთ დაუღალავნი სხვათა შეწევნაში.. რომ დაუვიწყარი გახდეს ჩვენთვის უდიდესი კანონი: ცხოვრება არის უწყვეტი მსხვერპლის გაღება.. რომ ვირწმუნოთ: არ არსებობს “კარი” დაკეტილი, რომელიც არ იღება სიყვარულით და მოთმინებით.. რომ ვისწავლოთ, თუ როგორ ვიცხოვროთ ამა სოფელში ისე, რომ ამა სოფელმა არ იცხოვროს ჩვენში.. რომ მარადის გვახსოვდეს: მონა ქრისტესი ყველაზე თავისუფალი ადამიანია.. ვილოცოთ, რომ ვიქადაგოთ საკუთარი სიმდაბლით.. ვილოცოთ, რომ ვისწრაფვოდეთ სრულყოფილებისკენ, და მთელი ცხოვრება ჩვენი იქცეს ერთ ცოცხალ ქრისტიანულ მაგალითად და დაუცხრომლად ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა – მამასა და ძესა და სულსა წმიდასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.. ამინ!”
“არასოდეს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში! ყოველ გრიგალს სიმშვიდე მოსდევს, სიბნელეს – განთიადი და სინათლე, დასავლეთს – აღმოსავლეთი, დაცემას – სინანული, ყოველ “ჯვარცმას” – “აღდგომა”, ყოველ პრობლემას – მისი მოგვარება, ყოველ ცრემლს – ღიმილი, ყოველი დაბრკოლებისა და სირთულის შემდეგ – უფალი იესო ქრისტე მოდის!”
“ყოველი განსაცდელი ან გაჭირვება ღრმა აზრს შეიცავს და თავისებურ ხიბლს ატარებს. ტკივილის შემდეგ აუცილებლად მოდის შვება, მოულოდნელი სიხარული და – პირიქით, რაც აწონასწორებს ჩვენს ცხოვრებას. ამიტომაც ამბობენ არაბები: “გამუდმებული მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიანო”, და მართლაც, ადამიანები, რომელნიც მწუხარების გარეშე განვლენ წუთისოფელს, ხშირად უდაბნოს ემსგავსებიან. მუდმივი წარმატებისა და წინსვლის საფრთხე კი იმაში მდგომარეობა, რომ იგი პიროვნებაში ამპარტავნებას, დამოუკიდებლობის გრძნობას აძლიერებს და აღვივებს ცრუ აზრს, თითქოს ღვთის დახმარების გარეშე გვქონდეს უნარი ვიყოთ განმგებელნი ჩვენი ყოფისა. მხოლოდ განსაცდელის ჟამს ვაცნობიერებთ ხოლმე, რამდენად უსუსურნი და უმწეონი ვართ და როგორ აუცილებლად გვჭირდება შეწევნა ღვთისა.” (ილია II)
“წმიდა წერილი ამბობს: “შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი” (მათ. 22,39). ნუ იტყვი: ეს სათნოება დიდია და არ ძალმიძს მისი მოხვეჭა. როგორ შემიძლია შევიყვარო მოყვასი საკუთარი თავივით? მის გაჭირვებებზე როგორ ვიზრუნო ისე, როგორც საკუთარზე, მით უმეტეს მის გულში დაფარულზე, რომელიც არავინ უწყის? ნუ გაგიტაცებს ამგვარი ფიქრები, არამედ ღმრთის სასოებით შეუდექი ამ სათნოების აღსრულებას, უჩვენე უფალს სურვილი და მცდელობა და ღმრთის შეწევნას მიიღებ, რომელიც დაგეხმარება სათნოების აღსრულებაში. წარმოიდგინე ორი კიბე: ერთს ზეცაში აყავხარ, ხოლო მეორეს ჯოჯოხეთში ჩაყავხარ, შენ კი ამ კიბეებს შორის მიწაზე დგახარ. ნუ იტყვი: როგორ ავფრინდები მიწიდან და მივწვდები იმ კიბის თავს? ეს შეუძლებელია და ღმერთი ამას არც ითხოვს შენგან. შენ მხოლოდ თავი დაიცავი, რომ ქვემოთ არ ჩახვიდე. მოყვასს ბოროტებას ნუ გაუკეთებ, ცუდს ნურაფერს ეტყვი, ცილს ნუ დასწამებ, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. ამგვარად, ნელ-ნელა მას სიკეთესაც გაუკეთებ – სიტყვით ანუგეშებ, თანაუგძნობ, შეეწევი იმით, რასაც საჭიროებს. ასე ახვალ ერთი საფეხურიდან მეორეზე და ღმრთის შეწევნით კიბის თავსაც მიაღწევ. მოყვასის შეწევნაში თანდათანობით იქამდეც მიხვალ, რომ სიკეთესა და წარმატებას მისთვის ისევე მოინდომებ, როგორც საკუთარი თავისთვის. სწორედ ეს არის “შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი.” (წმ. აბა დოროთე)
“იმარხულოს შენმა გონებამ ამაო აზრებისაგან. იმარხულოს მეხსიერებამ ძვირისმომხსენებლობისაგან. იმარხულოს შენმა ნებამ ბოროტის მოსურნეობისაგან. იმარხულონ შენმა თვალებმა ცუდი სანახავისაგან: “მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაჲთა არა იხილონ ამაოებაჲ” (ფსალმ. 118, 37). იმარხულოს შენმა ენამ ცილისწამებისაგან, განკითხვისაგან, მკრეხელობისაგან, სიცრუისაგან, მლიქვნელობისაგან, ბილწსიტყვაობისაგან, და ყოველგვარი უქმი და არაჯანსაღი სიტყვისაგან. იმარხულონ შენმა ფეხებმა ბოროტ საქმეზე სიარულისგან. “მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი” (ფსალმ. 33,15; 1 პეტ. 3,11). აი, ქრისტიანული მარხვა, რომელსაც ღმერთი ჩვენგან ითხოვს: შეინანე, თავი შეიკავე ყოველგვარი ბოროტი სიტყვის, საქმისა და აზრისაგან, ისწავლე ყოველგვარი სათნოება, და ღვთის წინაშე ყოველთვის მარხვაში იქნები.” (წმ. ტიხონ ზადონელი)
“გაიხედე უკან, საუკუნეებს იქით, და ქრისტეს – შენთვის ტანჯულს დაინახავ! აიხედე ზევით და ქრისტეს – ზეციური მამის წინაშე შენთვის შუამდგომელს დაინახავ, ჩაიხედე საკუთარ თავში და ქრისტეს დაინახავ, რომელიც შენი გულის “კარზე” აკაკუნებს! გაიხედე წინ და ქრისტეს – შენთვის მომავალს დაინახავ!”
“თუ ღვთის გზაზე სვლა გსურს, პატივს ნუ ეძებ. რა არის ღვთის გზა, თუ არა მხოლოდ ის, რომ ადამიანმა ყველაფერში საკუთარი ნება მოიკვეთოს და საკუთარი თავი უკანასკნელად და ყველაზე უმცირესად მიიჩნიოს. ასეთი ადამიანი ამ გზით სიარულს შეძლებს, რადგანაც იცის, რომ ვინც საკუთარ ნებას არ უარყოფს და სასოებას უფალზე არ დაამყარებს, ამას ვერ გააკეთებს. ამ ადამიანზე სახარების სიტყვა აღსრულდება: “ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ” (მათე 7, 7). ამაში მდგომარეობს ცხოვრება და ცხონება. მოისურვე მისი მოპოვება, რამეთუ ამის გარდა სხვა გზა არ არსებობს..” (წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე)
“რისთვის მიმატოვე, ადამიანო? რისთვის მაქციე ზურგი შენს მოყვარულს? რატომ დაემონე მტერსა ჩემსა? გაიხსენე, შენთვის ზეციდან გარდამოვედ! გაიხსენე, შენთვის ქალწულისაგან ვიშვი! გაიხსენე, შენთვის ჩვილი ვიყავ! გაიხსენე, შენთვის თავი დავიმდაბლე! გაიხსენე, შენი გულისათვის გლახაკი ვიყავ! გაიხსენე, შენთვის მიწიერად ვიცხოვრე! გაიხსენე, შენი გულისათვის დევნა გადავიტანე! გაიხსენე, შენი გულისათვის უსჯულოთა თანა შევირაცხე! გაიხსენე, შენთვის დამამცირებელი სიკვდილით მოვკვდი! გაიხსენე, შენი გულისთვის დაკრძალულ ვიქმენ! სასუფევლიდან ჩამოვედ, რათა შენ ამეყვანე იქ! თავი დავიმდაბლე, რათა შენ ამემაღლებინე. დავგლახაკდი, რათა შენ გამემდიდრებინე. შეურაცყოფილი ვიქმენ, რათა შენ განმედიდებინე. თავი დავიწყლულე, რათა შენ განმეკურნე. მოვკვდი, რათა შენ გამეცოცხლებინე. შენ შესცოდე, მე კი შენი ცოდვა ვიტვირთე! შენ დამნაშავე ხარ, მე კი დამსაჯეს! შენ მევალე ხარ, ხოლო მე ვალი გადავიხადე! შენ სიკვდილმისჯილი ხარ, მე კი შენს მაგივრად მოვკვდი! მე ვარ ნათელი, მაგრამ თქვენ ვერ მხედავთ; მე ვარ გზა, მაგრამ თქვენ არ მომყვებით; მე ვარ ჭეშმარიტება, მაგრამ თქვენ არ გჯერათ ჩემი; მე ვარ სიცოცხლე, მაგრამ თქვენ არ მეძებთ მე; მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ; მე ვარ უფალი, მაგრამ თქვენ არ მემორჩილებით; მე ვარ თქვენი ღმერთი, თქვენ კი არ მევედრებით; მე თქვენი ყველაზე საუკეთესო მეგობარი ვარ, მაგრამ თქვენ არ გიყვარვართ მე; და თუ თქვენ უბედურნი ხართ, მე ნუ დამადანაშაულებთ ამაში..” (წმ. ეპისკოპოსი ტიხონ ვორონეჟელი)
“როდესაც უფალს იპოვი, ყველაფერი შეიცვლება შენში, სხვა თვალით შეხედავ მწუხარებასა და განსაცდელს, დაინახავ მოყვასის გასაჭირს, იმას, რასაც ადრე ვერ ამჩნევდი.. ყველას მიენდობი, ყველას შეუნდობ, ყველას შეიყვარებ..”
“ვინც სულიერ გზაზე სწორად მიემართება, საკუთარ თავში სულ უფრო მეტ ცოდვას დაინახავს; ბოლოს სულიერი თვალით იხილავს, რომ ცოდვას სრულიად მოუცავს, სულიერად კეთროვანია, მთელი გულით შეიგრძნობს, რომ ჭუჭყი და უწმინდურობაა, რომ უფლის სახელის წარმოთქმის ღირსიც არ არის და მხოლოდ მეზვერესავით, თვალთა ზე აღხილვად ვერ მკადრებელი, გულშემუსვრილებით ხმობს: “ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას”. ასეთ სულიერ მდგომარეობაში დიდი ხნით ყოფნის შემდეგ ადამიანი განმართლდება ისევე, როგორც განმართლდა მეზვერე.
ხოლო თუ ადამიანი თავზე კარგი აზრის არის, საკუთარ ცალკეულ, თუნდაც მძიმე ცოდვებს მიიჩნევს შემთხვევით ცოდვებად, რომლებშიც მასზე მეტად გარეგანი გარემოებები, ადამიანები ან ეშმაკები არიან დამნაშავენი, მაშინ ასეთი სულიერი განწყობა ყალბია, ეს აშკარად ფარული ხიბლის მდგომარეობაა.
იმისთვის, რომ სწორი გზით ვიაროთ, თვალყური უნდა ვადევნოთ საკუთარ თავს; ჩვენი საქმეები, სიტყვები, გულისსიტყვები, მისწრაფებები და ა.შ. ქრისტეს მცნებებს შევუდაროთ, საკუთარი თავი არაფერში არ გავამართლოთ, ვეცადოთ თავის გამოსწორებას, რამდენადაც შესაძლებელია; სხვები არ დავადანაშაულოთ და არ განვიკითხოთ, შევინანოთ უფლის წინაშე, თანდათანობით დავმდაბლდეთ ღვთისა და კაცთა წინაშე – მაშინ უფალი ნაბიჯ-ნაბიჯ დაანახებს ასეთ ადამიანს მის დაცემას, დაზიანებას, მის გადაუხდელ ვალს. ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს – ორმოცდაათი, მაგრამ არც ერთს არ შეეძლო გადახდა. ორივე მათგანი უფლისაგან საჭიროებდა შეწყალებასა და მიტევებას. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს ისეთი მართალი, ვინც არ საჭიროებს მაცხოვრისგან წყალობას..” (იღუმენი ნიკონი)
“როდესაც ადამიანთა შემწეობის იმედს დაკარგავ, ღმერთს მიმართე და მიიღებ მას იქ და ისე, სადაც და როგორც არც ელოდი და არც წარმოგიდგენია..”
“ყოველდღე ეცადე იპოვო წუთები, როდესაც განმარტოვდები, იქნები მშვიდად და ილოცებ.. ეს ძალზე დაგეხმარება ღვთისა და საკუთარი თავის პოვნაში.. ჩვენს შფოთიან და თავაშვებულ ეპოქაში სიმშვიდე ძვირადღირებული სულიერი თანამებრძოლია..”
“პავლე მოციქული პიროვნებისათვის ღვთისაგან მონიჭებულ სამ უმთავრეს ნიჭს გამოყოფს: რწმენას, იმედსა და სიყვარულს. ამქვეყნიურ ცხოვრებაში რწმენა უმტკიცესი საძირკველია სულიწმინდის ტაძრად შექმნილი კაცისათვის. რწმენა ღვთისა ნიშნავს არა მარტო იმას, რომ ღმერთი არსებობს, არამედ იმასაც, რომ უფალი ყოველივეს სიბრძნით განაგებს და ყოველივე კეთილად წარემართებათ მის მორწმუნეთ; ამასთან, უფლის ნების გარეშე ერთი ჩიტიც არ დავარდება დედამიწაზე, და არც თმის ერთი ღერი – ჩვენი თავიდან (მთ. 10,29; ლკ. 21,18).
იმედი ის მადლია, რაც ძალას აძლევს ადამიანს მიწიერი ყოფის განსაცდელთა დასაძლევად და ღმერთამდე ასამაღლებლად. გაჭირვებამ არ უნდა შეგვაშინოს და სასოება არ უნდა დაგვაკარგვინოს, რადგან თუ გვწამს, რომ ღმერთი სიყვარულია, ბუნებრივია, უნდა გვწამდეს ისიც, რომ იგი ცუდს არასოდეს გაუკეთებს მას, ვინც უყვარს. ამიტომაც, სიხარული თუ მწუხარება, რაც ჩვენი ცხოვრების გზაზე გვხვდება, მხოლოდ ჩვენივე სიკეთისათვის არის დაშვებული, სამწუხაროდ, ამას ხშირად ვერ ვაცნობიერებთ. უფალი ბრძანებს: “ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები; როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქვენს ზრახვებზე” (ეს. 55, 8-9).
რწმენა და იმედი მხოლოდ წუთისოფლის საგზალია და ბოროტთან ბრძოლისთვის ჩვენი ღვთაებრივი საჭურველი. მათგან განსხვავებით სიყვარული სულის მარადიული თვისებაა. ეს გრძნობა ღვთაებრივი მადლის განსაკუთრებული გამოვლინებაა, რადგა როგორც მოციქული ბრძანებს: სიყვარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყვარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი” (1 ინ. 4,7).
მთელი გონებით, მთელი გულით და სულით ისე უნდა შევიყვაროთ უფალი, რომ ვერაფერმა განგვაშოროს მას, რასაც მაშინ მივაღწვეთ, თუ ცოდვებისაგან განვიწმინდებით და თავდადებული სიყვარულით შევიყვარებთ ჩვენს მოყვასს. უფრო მეტიც, როგორც უფალი ბრძანებს – უნდა შევიყვაროთ თვით ჩვენი მტრებიც და კეთილს უნდა ვუყოფდეთ მათ..”
“დავეცი ისე, წამოდგომის არ მეყო ძალა.. გზად მიმავალ მგზავრს ხელი საშველად გავუწოდე.. ვერ დამინახა და გვერდით ჩამიარა.. წვალებით ავითრიე სხეული, ვიწრო გზას გავუყევ.. ნაკვალევად გაბზარული იმედი დავტოვე.. ხიდს მივადექი, საცალფეხო იყო და ქვესკნელს ზემოთი.. თვალი დავხუჭე და შევაბიჯე.. თეთრწვერა მოხუცი შემხვდა, შემრცხვა და თვალი ავარიდე (მე ხომ არასოდეს ამინთია სანთელი მისთვის).. მან გზა მიჩვენა გზააბნეულს, მე კი ვერ დავინახე სინათლე და..გზად რწმენა დავტოვე.. მერე მათხოვარი შემხვდა, გამხმარი პური მქონდა, შემეცოდა და მას ვაჭამე, წყლის ბოლო წვეთიც მას დავალევინე, მადლობა არ მითხრა, ბოროტად ჩაიცინა.. გზა გავაგრძელე და გზად მადლი დავტოვე.. მერე სოფელი დავინახე,ზურგი მაქციეს და არ დამაპურეს, წყალი მწყუროდა და ჭა ამომიშრეს, მხრებში მოვიხარე და..გზად სიკეთე დავტოვე.. დახეთქილი ფეხისგულებიდან უდაბნო მოვრწყე სისხლით, მეგონა წითელი იები ამოვიდოდა, ეკალ-ბარდი კი გავაღვივე, თვალი დავხუჭე და..გზად თვალის სინათლე დავტოვე.. ბოლო იმედად სიკეთის მარცვალი ჩავაგდე ხნულში, ბოროტებამ კი იბარტყა, ხელი ჩავიქნიე და..გზად სიყვარული დავტოვე.. მერე ზღვა გამოჩნდა, ზღვის პირას კლდე იყო, კლდის თავზე კიდობანი, მეგონა მივაღწევდი, ზურგზე ჯვარმოკიდებულმა ვიარე ვიწრო გზით, ვერ ვზიდე ჯვარი..”მიწა ვიყავ და მიწად ვიქეც” და ყველაფერგამშრალმა გზად ვიღაცის იმედად სიცოცხლეც დავტოვე..”
“ნელ-ნელა დავეშვი მუხლებზე. იმედის შუქმა გააპო მკერდი.. და ქრისტე აღსდგა მაშინ ჩემს გულში..” (ნ. ლორთქიფანიძე)
“ნურაფრისა გეშინია, არასოდეს შეგეშინდეს და ნუ ინაღვლებ, ოღონდ მონანიება არ დაივიწყო და უფალი ყველაფერს მოგიტევებს. ისეთი ცოდვა არ არსებობს და ვერც იარსებებს ამ ქვეყნად, რაც ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიეტევება.. და ვერც ჩაიდენს ადამიანი ისეთ დიდ ცოდვას, ღვთის უსაზღვრო სიყვარული რომ ამოწუროს. განა არსებობს ცოდვა, ღვთის სიყვარულს რომ აღემატებოდეს? მონანიება არ დაგავიწყდეს, მუდმივად მოინანიე და ილოცე, შიში კი განიგდე. გწამდეს, რომ უფალს ისე უყვარხარ, შენ რომ ვერ წამოიდგენ, სწორედ შენივე ცოდვით და შენსავე ცოდვაში უყვარხარ. ნათქვამია და ასეა – ერთ მონანულს უფრო მეტი სიხარული მოაქვს ცად, ვიდრე ათ მართალს, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ. წადი და ნუ გეშინია. ადამიანები ნუ გადარდებს, წყენაზე ნუ გაბრაზდები, გარდაცვლილს გულში მიუტევე ყველაფერი, რითიც შეურაცხგყო და ჭეშმარიტად შეურიგდი.. თუ ინანიებ, გიყვარს კიდეც.. და თუ გიყვარს, მაშასადამე, უკვე ღვთისა ხარ.. სიყვარულით ყველაფერი მიეტევება, ყველა დაიხსნება.. და თუკი მე, შენნაირსავე ცოდვილს, გული შემიძარი და შეგიცოდე, მაშინ ღმერთი რაღას იზამს? სიყვარული შეუფასებელი საგანძურია, მთელ სამყაროს შეგაძენინებს, და არა მხოლოდ შენსას, სხვის ცოდვებსაც გამოისყიდი..” (თ. დოსტოევსკი)
კომენტარის დატოვება