"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."

ეპიზოდები წმინდა მამათა ცხოვრებიდან

პატერიკიერთხელ ერთი კაცი, რომელიც ღმერთისკენ მიმავალ გზას ეძებდა, ბერთან მივიდა და უთხრა:

– შენთან დახმარების სათხოვნელად მოვედი. იქნებ ღმერთისკენ მიმავალი გზა მასწავლო.

ბერმა უთხრა:

– იმ შემთხვევაში გასწავლი, თუ მიპასუხებ, ოდესმე ვინმე თუ გყვარებია?

კაცმა ამაყად მიუგო:

– სიყვარული და სხვა ამქვეყნიური საკითხები არ მაინტერესებს, სიყვარული, ესენი ჩემთვის ძალიან უმნიშვნელოა. მე ღმერთზე ვფიქრობ და ღმერთისკენ მიმავალ გზას ვეძებ.

ბერმა გაიღიმა:

– კიდევ ერთხელ და ღრმად დაფიქრდი, ცხოვრებაში ან ქალი, ან ბავშვი ან თუნდაც ცხოველი, ფრინველი, ყვავილი, მაინც არასოდეს გყვარებია?

– მე ჩვეულებრივი ერისკაცი არ გეგონო, – უთხრა კაცმა, – მე ღმერთისკენ მიმავალ გზას ვეძებ და სიყვარულისთვის დროს ვერ დავკარგავო.

ბერმა მოიწყინა და უთხრა:

– თუ ასეა, მაშინ შეუძლებელია შენ ღმერთისკენ მიმავალი გზა იპოვო. ჯერ ვინმე უნდა შეიყვარო, შენს გულში სიყვარულმა უნდა დაისადგუროს და ეს იქნება ღმერთისკენ მიმავალ გზაზე შენი პირველი ნაბიჯი. შენ მეკითხები კიბის ბოლო საფეხურზე, როდესაც პირველ საფეხურზეც კი არ შეგიდგამს ფეხი. წადი, შეიყვარე ვინმე და მერე ეძებე ღმერთისკენ მიმავალი გზა..

ერთ სასულიერო პირთან მივიდა ორი ქალი. ერთი გოდებდა, რომ ჩაიდინა საშინელი უპატიებელი ცოდვა, მეორე კი მშვიდად და აუღელვებლად ამბობდა: ხო მამაო, ცოდვილი ვარ, ისევე როგორც სხვები, პატარა ცოდვებით.. მღვდელმა ორივეს მისცა დავალება: ერთს, რომელიც ძალიან განიცდიდა თავის ცოდვილ მდგომარეობას, უთხრა, რომ მინდორში მოეძებნა დიდი ქვა, რომლის აწევასაც შეძლებდა ქალი და მასთან მიეტანა. მეორეს, “ნაკლებად ცოდვილს”, კი უთხრა, რომ აეგროვებინა პატარა კენჭები, რაც წინსაფარში ჩაეტეოდა და ისე მისულიყო მასთან. რამდენიმე ხნის შემდეგ ორივე დაბრუნდა. მღვდელმა შემდეგი დავალება მისცა: ახლა წაიღეთ და უკან თავისივე ადგილას დაალაგეთ რაც მოიტანეთო. იმ ქალმა, რომელმაც დიდი ქვა აიღო, ადვილად იპოვა ლოდის კვალი და უცბად მოათავსა თავის ადგილზე. მეორე ქალი კი რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდა და თქვა: მამაო, როგორ შევძლო ამ კენჭების ადგილზე დაბრუნება, მათ არც კვალი დატოვეს და შეუძლებელია მახსოვდეს მათი ადგილ-მდებარეობა სად რომელი კენჭი ავიღეო. მაშინ მღვდელმა უპასუხა: აი ხედავ, შენმა მეგობარმა ჩაიდინა ერთი ცოდვა, მაგრამ ის წავიდა და დატოვა იგი მინდორში; შენ კი, პატარა და მრავალი ცოდვებისგან განთავისუფლება არ ძალგიძს.. აი ამის გამო ქრისტე გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვიყოთ ერთგული მცირედზე – რომ არ შევაგროვოთ ასეთი რაოდენობის ვითომდა “მცირე ცოდვები”, რომლისგან გათავისუფლებას ვერასოდეს შევძლებთ..

კონსტანტინოპოლში ერთი ხელოსანი, რომელიც პატიოსანი შრომით ცხოვრობდა, წმიდა ნიკოლოზისადმი საოცარი სიყვარულით იყო განმსჭვალული და ყოველწლიურად აღნიშნავდა მისი ხსენების დღეს. მოხუცებულობაში იგი ძალიან დაძაბუნდა და სიღატაკეში ჩავარდა. ერთხელაც წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს მოახლოებისას მოხუცმა უთხრა მეუღლეს:

– ახლოვდება ჩვენი საყვარელი წმინდანის ხსენების დღე. ჩვენ კი არაფერი გვაქვს ამის აღსანიშნავად.

– შვილებიც არა გვყავს. ამიტომ არც ეს ხალიჩა გვჭირდება. მოდი გავყიდოთ და ამაში აღებული თანხით აღვნიშნოთ ეს დღეო. – ურჩია ცოლმა.

მოხუცმაც ხალიჩა წაიღო გასაყიდად. გზაზე მას თავად წმიდა ნიკოლოზი შემოეგება დიდებული მოხუცის სახით და ჰკითხა:

– საით მიდიხარ, მეგობარო?

– სავაჭროდ მივიდვარ, ეს ხალიჩა უნდა გავყიდო.

– მაინც როგორ ყიდი? – დაინტერესდა მოხუცი.

– ადრე ეს 8 ოქრო მაინც ეღირებოდა. შენ კი რაც გინდა ის მიბოძეო. – უთხრა ხელოსანმა.

წმინდანმა ხელოსანს 6 ოქრო მისცა, გამოართვა ხალიჩა და წავიდა. ამასობაში ხალხი შემოეხვია ხელოსანს და დაცინვა დაუწყო:

– შენ რა მარტო დაიწყე ლაპარაკი?!

– რა მარტო, ვერ დაინახეთ, როგორ იყიდა იგი მოხუცმა?

არავინ დაუჯერა, რადგან მათ მართლაც არავინ დაუნახავთ.

ამასობაში კი წმინდა ნიკოლოზი მოხუცის ცოლთან მივიდა, დაუბრუნა ხალიჩა და უთხრა:

– შენს ქმარს მე დიდი ხანია ვიცნობ. გზაში შემხვდა და მთხოვა, ეს ხალიჩა შენთან მომეტანა. გადმომცა, რომ შეუნახო. – ამ სიტყვებით მღვდელმთავარი ქალს გაშორდა.

ხელოსნის ცოლი ძალიან გაბრაზდა თავის ქმარზე, ეგონა ქმარს დაენანა ხალიჩის გაყიდვაო. შინ დაბრუნებული ქმარი საყვედურებით აავსო.

– როგორ შეგეძლო წმიდა ნიკოლოზისათვის მიცემული აღთქმა დაგერღვია და ხალიჩა უკან მოგეტანაო. აგერ შენი ხალიჩა, რახან ასე დაგენანა, მასთან დაგტოვებ, მე კი შენგან წავალო.

– ვინ მოგიტანა ეს ხალიჩა? – ჰკითხა დაბნეულმა ცოლს და მანაც დაწვრილებით რომ აუწერა, როგორმა ადამიანმა მოიტანა ხალიჩა, მოხუცებულმა სიხარულით წამოიძახა:

– წმინდა ნიკოლოზს უყიდიაო ჩემგან ხალიჩა.

მაშინ ორივემ მუხლი მოიდრიკეს და მადლობა შესწირეს ღმერთს და წმინდა ნიკოლოზს, რომელიც ყოველთვის ასე მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მის თაყვანისმცემლებს..

ერთი კონსტანტინეპოლელი მდიდარი კაცი, რომელიც ძალიან მოწყალე და ქველმოქმედი იყო, სადაც კი ჩაივლიდა, ქალაქში თუ მის გარეთ, მუდამ გლახაკებით იყო ხოლმე გარშემორტყმული. იგი ვითომ იგერიებდა და იშორებდა მათ, სინამდვილეში კი ხელში მოწყალებას უდებდა. ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ადამიანთაგან დაეფარა თავისი ქველმოქმედება. როცა მარტო შეხვდებოდა გლახაკს, მაშინ კი ხელზე ეამბორებოდა და ისე აძლევდა მოწყალებას.

ერთხელ მისმა ახლო მეგობარმა ჰკითხა, როგორ გახდი ასეთი მოწყალეო. მან უამბო, პატარა რომ ვიყავი, ათიოდე წლის, ერთხელ ეკლესიაში შევედი სალოცავად. იქ ვიღაც ღმრთივსულიერი ბერი ქადაგებდა და მრევლს ასწავლიდა, გლახაკისათვის მიცემული მოწყალება ქრისტესთვის სესხებააო. არ დავიჯერე მისი სიტყვები, ვიფიქრე, როგორც მსმენია, ქრისტე ზეცაშია, მამის მარჯვნივ და ქვეყნიდან სესხს როგორ აიღებს-მეთქი. ამ ფიქრებით გავემართე შინისაკენ. გზაზე ერთი ჩამოძონძილი გლახაკი მოდიოდა. მის თავს ზემოთ კი ცხადად დავინახე, რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტე იდგა. უცებ გლახაკს ვიღაც მოწყალე ადამიანი შეხვდა და პური მისცა. როცა ღატაკმა მის გამოსართმევად ხელი გაშალა, მასთან ერთად მაცხოვარმაც გაუწოდა ხელი მოწყალების მიმცემს და პური გამოართვა. შემდეგ იქვე პირისპირ აკურთხა და დალოცა იგი. ეს რომ ვიხილე, ვირწმუნე, რომ ვინც გლახაკს აძლევს მოწყალებას, ქრისტეს აძლევს მას. ახლაც თვალწინ მიდგას ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახე, რომელიც გლახაკებს თავთან უდგას, გარემოცული ვარ ღმრთის შიშით და შინაგანად ანთებული მისდამი სიყვარულით. მაქვს მოწყალების გაღების სურვილი და შეძლებისდაგვარად გავცემ ხოლმე მას, რადგან მოწყალება გალხაკისთვის მიცემა კი არ არის, არამედ ქრისტესთვის მიცემაა, რომლისაც არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

ერთმა ბერმა, როდესაც გაიგო, ძმა ცოდვაში ჩავარდნილიყო, განიკითხა იგი და თქვა: “უდიდესი ბოროტება ჩაუდენიაო”. გავიდა ხანი და ანგელოზმა ბერის მიერ განკითხული ძმის სული მიუვლინა და მიუგო: “ვინც შენ განიკითხე, გარდაიცვალა. სად მიბრძანებ მისი სულის განწესებას: სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში?” ბერი შეშინდა. “შენ ხომ მართალთა და ცოდვილთა განმსჯელი ხარ, – განაგრძობდა ანგელოზი, – მიბრძანე! შეიწყნარებ თუ საუკუნო სატანჯველს განუწესებ?” მიხვდა ბერი – ძმის განკითხვით უმძიმეს ცოდვაში ჩავარდნილიყო და მოთქმა-გოდებით შესთოხვა პატიება. დიდი ხნის განმავლობაში უფალი უპასუხოდ ტოვებდა; საბოლოოდ შეიწყალა და კვლავ ანგელოზი მიუვლინა. “ღმერთმა გაპატია – მიუგო ანგელოზმა – აწ გახსოვდეს სიმძიმე განკითხვისა.”

ერთი მონასტრის ბერი ყვებოდა მის სოფელში მომხდარ ამბავს: ერთხელ ჩვენს სოფელში საბანში გახვეული ჩვილი იპოვნეს, სოფლის ყროლობაზე მიიყვანეს და უშვილო ოჯახებს შესთავაზეს. არავინ ისურვა მისი აყვანა, ყველა სიღარიბეს იმიზეზებდა…

უეცრად ადგა ერთი გლეხი, რომელსაც რვა მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა და განაცხადა:

-წავალ, ჩემს ცოლს ვკითხავ, თუ ის დამთანხმდა, მზად ვარ, ბავშვი მე წავიყვანო, სადაც რვა, ის მეცხრე ბავშვიც გაიზრდება.

მისი ცოლი სიხარულით დათანხმდა და ბავშვი სახლში წაიყვანეს. როდესაც საბანი და საფენები შემოხსნეს, ნახეს, რომ კისერზე ჯვართან ერთად რაღაც ქაღალდებიც ეკიდა. ერთი მათგანი წერილი აღმოჩნდა, სადაც ეწერა, რომ ბიჭუნას ნიკოლოზი ერქვა, ხოლო მეორე კი სახელმწიფო ბანკის ქვითარი იყო ხუთი ათას მანეთზე.

ცოლ-ქმარმა ამ ამბის დამალვა არ ისურვა და წერილიც და ქვითარიც კვლავ სოფლის ყრილობაზე მიიტანეს. ახლა კი თავი წამოყვეს იმათ, ვინც ადრე ბავშვზე უარი განაცხადა… ყველას უნდოდა ბავშვის აყვანა, მაგრამ ყრილობამ იგი წვრილშვილიან გლეხს მიაკუთვნა. იმავე დღეს მათ ქოხს სურსათითა და სხვა საოჯახო ნივთებით დატვირთული ფორანი მიადგა. ასეთ დახმარებას შემდგომშიც თითქმის ყოველკვირეულად იღებდნენ.

ბიჭუნა წამოიზარდა, ძალიან ნიჭიერი და ბეჯითი ბავშვი დადგა. დაამთავრა სოფლის სკოლა, შემდეგ გიმნაზია და უნივერსიტეტიც და ძმებსაც ეხმარებოდა სწავლაში. მისი წყალობით ღარიბი გლეხის ოჯახი შეძლებული გახდა. ასე მიუზღო ღმერთმა სამაგიერო კეთილ ადამიანს.

ერთ მდიდარ ღვთისმოყვარე კაცს სულით და გულით უყვარდა გლახაკებზე და უცხოებზე ზრუნვა და სიამოვნებდა მათთან ერთად სადილობა. გაშლიდა სუფრას, მიიყვანდა გლახაკებს და უმასპინძლდებოდა. ერთხელ ნაცნობ გლახაკთა შორის ერთი უცხო შენიშნა. როცა თავისი თავმდაბალობით, ჩვეულებისამებრ მასპინძელმა მოიწადინა მისთვის ხელებზე წყლის დასხმა, გავიდა, ჭურჭელი აიღო და უკანვე შებრუნდა, მაგრამ ვეღარსად ნახა ის უცხო კაცი და განცვიფრებული დარჩა.

იმ ღამით მას ეჩვენა უფალი, იესო ქრისტე და უთხრა: ჰოი, მოყვასო, ადრე შენ ჩემს ძმებს უმასპინძლდებოდი, გუშინ კი მე თავად ვიყავი შენი სტუმარი. ამიტომ სასჯელის დღეს გეტყვი: “უცხო ვიყავ და შემიწყნარე მე. და რაოდენი უყავ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი ყოველი მე მიყავ” (მათ. 25.35,40).

გაეღვიძა მას და მადლობა შესწირა ღმერთს: “ჰოი, ტკბილო მეუფეო, თუკი ასეთი პატარა გულმოდგინებაც კი მოსაწონია შენთვის, ნეტავი მათ, ვინც დიდ სათნოებას ჩადის შენ წინაშე, ალბათ რამდენად უფრო დიდ მადლს მიიღებენ შენგან, რადგან შენ არავის უკარგავ თუნდაც უბრალო ცივი წყლის დალევინების საზღაურსაც კი. შენ გშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ..”

ბერძენი იმპერატორის, მავრიკიუსის დროს ფრიგიაში იყო ერთი სასტიკი ყაჩაღი. მისი დაჭერა ვერაფრით შეძლეს. ნეტარმა იმპერატორმა შეიტყო მის შესახებ, თავისი ჯვარი გაუგზავნა და ბრძანა, გადაეცათ მისთვის, რომ ნურაფრის შეეშინდებოდა. ეს ნიშნავდა, რომ მას წარსული ცოდვები მიეტევებოდა იმ პირობით, რომ გამოსწორდებოდა. ავაზაკმა მართლაც შეინანა, მივიდა მეფესთან, ფეხებში ჩაუვარდა და თავისი ცოდვები აღიარა. რამდენიმე დღის შემდეგ იგი ავად გახდა და საავადმყოფოში დააწვინეს. ძილში მან საშინელი სამსჯავრო იხილა. გამოღვიძებულმა იგრძნო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და აღსასრული მოუახლოვდა. მაშინ ავაზაკმა ტირილი დაიწყო და უფალს ვედრებით მიმართა: „უფალო, ყოვლისმპყრობელო მეუფეო! უწინარეს ჩემსა შენ ჩემნაირი ყაჩაღი შეიწყნარე, გარდამოავლინე ჩემზე შენი უდიდესი წყალობა: შეიწყნარე სასიკვდილო სარეცელზე ჩემი ცრემლები, როგორც შეიწყნარე მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი, რომელთაც ღირსეული ვერაფერი ქმნეს წინაშე შენსა; ასევე შეიწყნარე ჩემი მწარე ცრემლებიც, განმწმინდე და მომიტევე. ამის შემდგომ ნუღარაფერს მოითხოვ ჩემგან; დროც აღარ მაქვს, მევალენი მიახლოვდებიან. ნუღარ გამოიძიებ ჩემს ცოდვებს და ნუღარ გამომცდი; ვერანაირ სიკეთეს ვერ ჰპოვებ ჩემში; წამომეწივნენ ჩემი უკეთურობანი, აღსასრულს მივუახლოვდი; აურაცხელია ჩემი ბოროტებანი; და როგორც მოციქულ პეტრეს ცრემლები შეიწყნარე, ასევე ჩემიც მიითვალე და შენი გულმოწყალების ძალით აღხოცე ჩემი ცოდვები“. ასე აღიარებდა ცოდვებს ავაზაკი რამდენიმე საათის განმავლობაში და ბოლოს სული უფალს მიაბარა.

მისი გარდაცვალების ჟამს ექიმმა ძილში იხილა: ავაზაკის სარეცელთან მოვიდნენ ეშმაკები სიებით, რომელშიც აღრიცხული იყო ავაზაკის მრავალრიცხოვანი ცოდვები. შემდეგ ორმა ბრწყინვალე ახალგაზრდამ სასწორი მოიტანა. ეშმაკებმა მის ერთ მხარეს დადეს ავაზაკის ცოდვების სია, რამაც სასწორი ერთ მხარეს გადახარა, მეორე კი ზევით აიწია. წმიდა ანგელოზებმა თქვეს: ნუთუ არაფერი გვაქვს?

– რა უნდა გვქონდეს? – შეეწინააღმდეგა ერთ-ერთი მათგანი, – როდესაც სულ რაღაც ათი დღეა, რაც კაცთა კვლას თავი დაანება? მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს, რაიმე სათნოება მოეძებნათ. ერთ-ერთმა მათგანმა ავაზაკის ცხვირსახოცი იპოვნა, რომელიც მისი ცრემლებით იყო დასველებული და მეორეს მიმართა: „ეს ცხვირსახოცი ნამდვილად მისი ცრემლებითაა დასველებული; დავდოთ იგი სასწორის მეორე მხარეს, მასთან ერთად კი ღვთის კაცთმოყვარეობა და ვნახოთ, რა მოხდება“. როგორც კი ცხვირსახოცი სასწორზე დადეს, მან მეყსეულად გადაწონა და გააწონასწორა მეორე მხარე. ანგელოზებმა ერთხმად წამოიძახეს: „ჭეშმარიტად ღვთის კაცთმოყვარეობამ გაიმარჯვა!“ მათ ავაზაკის სული წაიყვანეს. ეშმაკები ატირდნენ და სირცხვილეულნი გარბოდნენ.

გამოღვიძებულმა ექიმმა საავადმყოფოს მიაშურა. როდესაც ავაზაკის სარეცელს მიუახლოვდა, მისი სული უკვე გასცლოდა სხეულს, რომელიც ჯერ კიდევ თბილი იყო. თვალებზე ცრემლებით დასველებული ცხვირსახოცი ეფარა. ექიმმა მის გვერდით მყოფთაგან შეიტყო ავაზაკის აღსარების შესახებ. მან აიღო ცხვირსახოცი, იმპერატორს მიუტანა და უთხრა: „ხელმწიფეო! ვადიდოთ უფალი, რომელმაც შენი მეფობის ჟამს ავაზაკი აცხოვნა”.

ერთი ბერი, რომელიც ღვთის წინაშე ლოცულობდა და საკუთარი შრომით ირჩენდა თავს, სოფელში თავის ნამუშევრის გასაყიდად მივიდა. ღვთივსათნო მოსაგრე უკვე თავის სენაკში აპირებდა დაბრუნებას, როცა ღატაკებითა და მომლოცველებით გარშემორტყმული უცნობი შემოხვდა და იგი თავისთან მიიპატიჟა.

ბერს საკადრისი პატივი მიაგეს და გაისტუმრეს. იგი გამოეთხოვა მასპინძელს და მისი მასპინძლობით აღფრთოვანებული ცდილობდა, მისი ვინაობა შეეტყო. მან გაიგო, რომ ეს ადამიანი ქვისმთლელი იყო, სახელად ევლოგი. იგი მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა, როდესაც მოსაღამოვდებოდა და მთელი დღის საზღაურს მიიღებდა, სახლში მიჰყავდა ყველა ღატაკი, რომელიც გზაში შეხვდებოდა და მათ გამასპინძლებაში ხარჯავდა ყველაფერს, რასაც დღის განმავლობაში გამოიმუშავებდა. მაგიდიდან ჩამოცვენილ ნამცეცებსაც კი ძაღლებს უყრიდა. ამრიგად ცდილობდა ევლოგი ზეციური სასუფევლის დამკვიდრებას, კვებავდა რა ყველას, ადამიანიდან მწერებამდე.

გულკეთილი ბერი მისმა სათნოებებმა გააოცა; იგი დღედაღამ ევედრებოდა ღმერთს, რომ სხვების ბედნიერებისათვის ევლოგი გაემდიდრებინა. ლოცვასთან ერთად იგი ისე მარხულობდა, რომ ძლივსღა ედგა სული.

ბოლოს ღმერთმა შეისმინა მოსაგრის ლოცვა და მას ასეთი ხილვა მისცა: ბერს ჩაეძინა; უეცრად იგი ამაღლების ტაძარში აღმოჩნდა. მან დაინახა ერთი ღვთაებრივი ყრმა, რომელიც ქვაზე იჯდა. მის გვერდით ევლოგი იდგა. შემდეგ ყრმამ თქვა: „თუ შენ თავდებად დაუდგები, ვუბოძებთ ევლოგის სიმდიდრეს“. ბერი დაეთანხმა და მან დაინახა, რომ იქ მყოფთაგან ორმა ევლოგის უბეში ოქროს ჩაყრა დაუწყო. ამ დროს ბერს სიზმრიდან გამოეღვიძა და ჰმადლობდა ღმერთს, რომელმაც მისი ლოცვა შეისმინა.

ამასობაში ევლოგი თავისთვის ცხოვრობდა. ერთ დილას, როდესაც იგი სამუშაოზე გამოვიდა, ქვას სატეხი დაარტყა და იგრძნო, რომ იგი ცარიელი იყო. მეორედაც დაარტყა და სიცარიელე დაინახა. მესამედ დარტყმის შემდეგ ქვიდან ოქრო გადმოცვივდა. ევლოგი შეძრწუნდა, არ იცოდა, რა ექნა ამდენი ოქროსათვის, იმ დღეს მასთან ერთად არცერთ ღატაკს და, მათ შორის, არც თვითონ არაფერი უჭამია. მეორე დღეს მან ცხენი იყიდა და სახლში ისე გადმოზიდა ოქრო, თითქოს ქვას ეზიდებოდა. იმ საღამოს მან მარტომ ივახშმა.

დიდხანს აწვალებდა ევლოგის მშფოთვარე აზრები… ბოლოს გემი იქირავა და კონსტანტინეპოლში გაემგზავრა, სადაც დიდებულის ტიტული იყიდა; შეიძინა უზარმაზარი, ბრწყინვალე სახლი და დაიწყო უზრუნველად ცხოვრება, ყოველგვარი მომჭირნეობის გარეშე, ე. ი. ყოველდღიურად ეპატიჟებოდა თავისთან ცნობილ და მდიდარ ადამიანებს.

ბერმა, რომელმაც ღვთისაგან ევლოგისთვის ეს სიმდიდრე გამოითხოვა, ამის შესახებ არაფერი უწყოდა. ორი წლის შემდეგ მან ძილში კვლავ იხილა ბრწყინვალე ყრმა და გაიფიქრა: სად არის ევლოგი? სად დაიკარგა იგი? ვიღაც ავსახიანი ევლოგის ყრმის გამოსახულებიდან განდევნიდა… ბერს გამოეღვიძა, ამოიოხრა და თავისთვის ჩაილაპარაკა: „სული დავიღუპე!“ და იმ ადგილისაკენ გაეშურა, სადაც ადრე ევლოგი ცხოვრობდა. იგი დიდხანს ელოდა, როდის მოვიდოდა ღატაკთა გამომკვებავი და მათ თავის სახლში მიიწვედა, მაგრამ ამაოდ! ბოლოს მოთმინებადაკარგულმა ერთ მოხუც ქალს ჰკითხა: „არის აქ ვინმე, ვინც უცხოებს შეიფარებს?“ „არა, – უპასუხა მან ამოოხვრით, – აქ ცხოვრობდა ერთი ქვისმთლელი, რომელსაც ძალიან უყვარდა უცხოთა გამასპინძლება. იხილა რა მისი საქმეები, ღმერთმა მადლი გადმოავლინა მასზე და ახლა იგი დიდებულია კონსტანტინეპოლში…“ ამის გამგონე ბერმა თავისთვის ჩაილაპარაკა: „მე მკვლელობა ჩავიდინე!“ და დედაქალაქში წავიდა.

იქ მან შეიტყო, სად ცხოვრობდა ევლოგი, დაჯდა მისი სახლის კარებთან და მის გამოსვლას დაელოდა… ბოლოს გამოჩნდა ევლოგი ამაყი სახით, მედიდური სიარულით, უამრავი მონისა და ლაქიის თანხლებით. „შემიწყალე, – წამოიძახა ბერმა, – რაღაც მინდა გითხრა…“ მაგრამ ევლოგიმ ზედაც არ შეხედა მას, მონებმა კი ხელი ჰკრეს. საბრალო შუამდგომელმა გადაასწრო ევლოგის სხვა ქუჩაზე, კვლავ წინ დახვდა და დაუძახა, მაგრამ მას რამდენჯერმე უბიძგეს და იძულებული გახდა, გარიდებოდა. ასე იჯდა ბერი ოთხი კვირის განმავლობაში ევლოგის სახლის წინ წვიმასა და თოვლში, მაგრამ მასთან დალაპარაკება ვერ შეძლო.

ბოლოს ბერმა ევლოგის ცხონების იმედი გადაიწურა, მიწაზე დაემხო და უფალს შეევერდა, მისი შუამდგომლობა გაეუქმებინა. მაგრამ არაჩვეულებრივი გამოცხადებით ეუწყა, რომ უგუნური ლოცვა და შუამდგომლობა შენდობის ღირსი არ არის. საბრალო ბერმა არ იცოდა, რა ექნა. იგი გემზე დაჯდა ალექსანდრიაში გასამგზავრებლად. სწორედ ამ დროს იგი ისეთ მცირედმორწმუნეობასა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, რომ მკვდარს დაემსგავსა. ასეთ მდგომარეობაში მყოფს ჩაეძინა და მრავალი მტანჯველი სიზმრისეული ჩვენების შემდეგ მოესმა ხმა: „წადი შენს სენაკში! მე დავუბრუნებ ევლოგის ძველ მდგომარეობას; მაგრამ შენ, უძლურო ადამიანო, ნუ იტვირთებ ღვთის წინაშე მისი დიდებისათვის შეუფერებელ ლოცვას“.

სამი თვის შემდეგ ბერმა შეიტყო, რომ მეფე იუსტინე გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრემ მამასთან წარმატებაში მყოფი დიდებულების დევნა დაიწყო; ორი მათგანი მოაკვდინა, ევლოგი კი გაიქცა. საბოლოოდ მეფემ უდიდესი ჯილდო აღუთქვა იმას, ვინც მის თავს მიუტანდა.

ბერი კვლავ გაემართა იმ ადგილისაკენ, სადაც ადრე ევლოგი ცხოვრობდა. მაგრამ როგორ გაიხარა მან, როდესაც მზის ჩასვლისას დაინახა იგი სამუშაოდან მომავალი და ღატაკებით გარშემორტყმული! ბერს სურდა, მის შესახვედრად გაქცეულიყო, მაგრამ ევლოგიმ დაასწრო, ხელზე ემთხვია და ვახშამზე მიიწვია.

ბერმა და ევლოგიმ ისაუბრეს და ქვისმთლელმა უამბო მას, როგორ დაბრუნდა თავის სამშობლოში. როგორ გამოიქცა ყველა მცხოვრები მის სანახავად და დიდებულის ტიტულის მისალოცად. მაგრამ ევლოგის ეშინოდა, რომ მისი ადგილსამყოფელი გამჟღავნდებოდა და თქვა, რომ იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის თაყვანსაცემად იყო. „მე ხელმეორედ ავიღე ჩემი იარაღები, – განაგრძო თხრობა ევლოგიმ, – და სწორედ იმ ქვისაკენ გავეშურე, სადაც ოქრო ვიპოვნე; ვფიქრობდი, რომ კვლავ მივაგნებდი სიმდიდრეს, მაგრამ რამდენიც არ ვაკაკუნე ქვაზე, ვერაფერი ვიპოვნე. ბოლოს თავი დავაღწიე ამ ცდუნებას და მადლობა ღმერთს, დიდებულის ხარისხი დავივიწყე“.

უფალს ევედრე იმისათვის, რომ შენი შეცოდებები მოგიტევოს, იმისათვის, რომ დაგიფაროს დანაშაულის ჩადენისაგან; მაგრამ ლოცვაში ნუ ითხოვ სიმდიდრეს, ძალაუფლებასა და მის მსგავსს. უფალმა უკეთ იცის, რა არის ადამიანისათვის სასარგებლო და რა – საზიანო. იგი გვიბოძებს ყველაფერს, რაც ადამიანს სჭირდება. ევლოგი საუკეთესო მაგალითია იმისა, რაოდენ დამღუპველია ზოგჯერ ღატაკის გამდიდრება.

წმიდა იოანე ერთ ძუნწ და ვერცხლისმოყვარე ეპისკოპოსს იცნობდა. ერთხელ, როდესაც საავადმყოფოში მიდიოდა, თან წაიყვანა იგი და, რაკი იცოდა, რომ ეპისკოპოსს ფული ჰქონდა, უთხრა:

– მამა ტროილ, ახლა შენი რიგია, რომ ეს გლახაკები მოწყალებით ანუგეშო.

ტროილს მოწყალების გაცემა არ უნდოდა, მაგრამ წმიდა იოანესი შერცხვა და მთელი ფული გლახაკებს მისცა. მას კი 30 ლიტრი ოქრო ჰქონდა. შინ რომ დაბრუნდა, ძლიერ ინანა და ისეთ მოწყინებაში ჩავარდა, რომ იოანეს ტრაპეზზე აღარ დაეწვია. წმიდა იოანეს სულიწმიდისგან ტროილის მოწყინების მიზეზი ემცნო, 30 ლიტრი ოქრო აიღო და მასთან მივიდა:

– მოგიტანე ის ოქრო, რომელიც ჩემი თხოვნით საავადმყოფოში გაეცი. გამომართვი და მომეცი ხელწერილი, რომ უარს ამბობ იმ ჯილდოზე, რაც მოწყალების გაცემის გამო შენთვის იყო გამზადებული.

ვერცხლისმოყვარე ტროილმა სირცხვილი და ღმრთის შიში დაივიწყა. დაინახა თუ არა ოქრო, მაშინვე გამოკეთდა. მან იოანეს ასეთი ხელწერილი დაუწერა:

“კაცთმოყვარე უფალო! ჩემს ნაცვლად ჯილდო მიეცი იოანეს, ალექსანდრიელ პატრიარქს, რომელმაც მოწყალებისთვის გაცემული 30 ლიტრი ოქროს სანაცვლო დამიბრუნა”.

იოანემ ხელწერილი აიღო, შინ დაბრუნდა, წმიდა ხატებთან დადგა და საიდუმლოდ ლოცულობდა, რომ უფალს ტროილი ვერცხლისმოყვარეობისგან განეკურნა.

მომდევნო ღამეს ტროილმა სიზმრად დიდებული სასახლე ნახა. შესასვლელში ოქროს ასოებით ეწერა: “სავანე და მარადიული განსასვენებელი ეპისკოპოს ტროილისა”.

მას გაუხარდა, მაგრამ უეცრად მოსამსახურეებს ვიღაც გამოეცხადა და სამყაროს შემოქმედის სახელით უბრძანა, ოქროს წარწერა წაეშალათ და მის ნაცვლად დაეწერათ: “სავანე და მარადიული განსასვენებელი იოანესი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა, რომელმაც იგი 30 ლიტრი ოქროს ფასად შეიძინა”.

ტროილს შიშისგან გამოეღვიძა და გულში სინანული ჩაეღვარა; მიხვდა, რომ 30 ლიტრი ოქროს გამო ცათა სასუფეველი დაკარგა და სასწრაფოდ იოანესთან გაიქცა; ყველაფერი უამბო და შენდობა ითხოვა. იოანემ იგი მრავალი რჩევა-დარიგებით დამოძღვრა. მას შემდეგ ტროილი გლახაკთა მოყვარე და მოწყალე შეიქმნა.

ერთ ბერს სახელი გაუვარდა როგორც მკაცრად მემარხულე ასკეტს. მას ყოველთვის ძველი, დაფლეთილი სამოსი ეცვა და ზამთარშიც კი ფეხშიშველა დადიოდა, ხოლო ლოცვის კანონის აღსრულებისას სამასის ნაცვლად სამი ათას მეტანიას აკეთებდა. მისი შემყურე სხვა ბერები განცვიფრებულნი იყვნენ, მამა დანიელს კი, რომელიც მაშინ შედარებით ახალგაზრდა იყო და მათზე უმცროსი, ეჭვი შეეპარა ბერის ასკეტობაში და მალე დარწმუნდა კიდევაც, რომ არ ცდებოდა. ერთხელ მის სენაკთან ჩაიარა და შეამჩნია, რომ კარზე ჭუჭრუტანა საგანგებოდ იყო გაკეთებული, რათა გამვლელებს შეეჭვრიტათ და ბერის “მოღვაწეობა” დაენახათ.

შეშფოთდა მამა დანიელი და ყოველივე მამა იღუმენს მოახსენა. იღუმენი ბერთან მივიდა, გამოჰკითხა, როგორ ცხოვრობდა, დატუქსა და უბრძანა, დღეში მხოლოდ 50 მეტანია შეესრულებინა.

“დიდი ასკეტი” მხილების შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა – უკვე ორმოცდაათი მეტანიის გაკეთებაც ეზარებოდა. უხეში სამოსელის ნაცვლად ძვირფასს იცვამდა, საკვებსაც კი გამორჩევით გეახლებოდათ. აი, მაშინ კი მიხვდნენ მამები, რაოდენ ხიბლში იყო ჩავარდნილი მათი ძმა.

ერთი ბერი სენაკიდან არ გამოდიოდა, მაგრამ მისი სახელი ყველგან ცნობილი და მოკრძალებით პატივსაცემი იყო. ერთხელ სულიწმიდამ აუწყა მას:

– ერთი მართალი მამის სხეული და სული ერთმანეთისგან გაყრის პირასაა; წადი და სანამ გარდაიცვლებოდეს, განკურნე.

ბერი დაფიქრდა.

– თუ დღისით გავალ, ხალხი მოგროვდება; შესაძლოა, მათ ჩემი განდიდებაც დაიწყონ, ეს კი ჩემი გულისათვის მძიმე იქნება; მაშ ასე, გვიან საღამოს წავალ, ყველასაგან ჩუმად.

როდესაც შებინდდა, ღვთის კაცი სენაკიდან გამოვიდა… მაგრამ უეცრად მის წინ უფლის ორი ანგელოზი გამოცხადდა ლამპრებით, რათა მისთვის გზა გაენათებინათ. მთელი ქალაქი გამოვიდა მართალი მოსაგრის დიდების სანახავად. ამრიგად, რამდენადაც ის დიდებას გაურბოდა, იმდენად დიდება მას კვალში მისდევდა და აღსრულდა წმიდა წერილის სიტყვები: “რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს” (ლუკა 14, 11).

როდესაც ადამიანზე განსაცდელია დაშვებული, მასზე ყველა მხრიდან მრავლდება თავდასხმა, რათა ის სულმოკლეობასა და დრტვინვაში ჩავარდეს. ერთი მონაზონი სენაკში მდუმარებდა და მასზე დაშვებულ იქნა განსაცდელი: საკუთარ სენაკში მისი მიღება არავის სურდა; თუ ვინმე გზად შეხვდებოდა, პირს იბრუნებდა და არ ესალმებოდა; როდესაც პური სჭირდებოდა, არავინ უნაწილებდა; ძმები მკიდან რომ ბრუნდებოდნენ, არავინ პატიჟებდა სატრაპეზოდ, როგორც იყო ჩვეულება. ერთხელ მკიდან დაბრუნდა და სენაკში ერთი პურიც არ ჰქონდა, მაგრამ მან, როგორც ყოველთვის, ღმერთს მადლობა შესწირა. მისი მოთმინების შემხედვარე ღმერთმა განსაცდელი განაშორა, – და აი, ვიღაცამ კარზე დაუკაკუნა. ეს იყო ეგვიპტიდან მოსული უცხო კაცი, რომელსაც პურებით დატვირთული აქლემი მოჰყავდა. ბერი ატირდა და თქვა: „ღმერთო! მცირე განსაცდელის დათმენის ღირსიც არა ვარ..“ ამის შემდეგ მის მიმართ ძმები თავაზიანები გახდნენ სენაკებშიც და ტაძარშიც, მიპატიჟებაც დაიწყეს საკვებით გასამასპინძლებლად.

ერთი ბერი ცოდვაში ჩავარდა. ძმები შეიკრიბნენ, მამა მოსესაც უხმეს, მან კი მოსვლა არ ინება. მაშინ პრესვიტერმა კვლავ გაუგზავნა ძმა და შეუთვალა, რომ ბერს კრებული ელოდა. მამა მოსე ადგა და წავიდა – მას თან ქვეიშით სავსე, დახვრეტილი კალათი მიჰქონდა. როდესაც ძმებმა მომავალი ბერი დაინახეს, ჰკითხეს:

– რა არის ეს, მამაო?

– ეს ჩემი ცოდვები გროვდება ჩემ უკან, მათ ვერ ვხედავ და სხვისი ცოდვების განსასჯელად მოვედი. – უპასუხა მან.

როდესაც მათ ეს მოსმინეს, ძმა აღარ განუსჯიათ და მიუტევეს მას.

ერთმა ფილოსოფოსმა წმიდა ანტონის, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდა, ჰკითხა:

– რომელ წიგნში ამოიკითხე ცნობები იმ მაღალი ჭეშმარიტების შესახებ, რომელსაც თავად ქადაგებ?

წმიდა ანტონის სიტყვაც არ წარმოუთქვამს, ისე მიუთითა ერთი ხელით ზეცაზე და მეორით კი – მიწაზე..

ერთ დიდ ასკეტს ჰკითხეს:

– მამაო, როგორ ცხონდება ადამიანი?

მან თავი დახარა და უპასუხა:

– სწორ გზაზე სიარულით..

– და რომელია სწორი გზა?

ასკეტი დაფიქრდა და ცოტა ხანში დაბეჯითებით თქვა:

– აღმართი..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Tag Cloud

%d bloggers like this: