სიტყვით შეიქმნა სამყარო… „თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო ღმერთთან და ყველაფერი მის მიერ შეიქმნა და უმისოდ არაფერი შეიქმნა, რაც კი შეიქმნა”…. რადგანაც სიტყვა იყო ღმერთი ე.ი. სიტყვას, როგორც ღმერთს, არა აქვს დასაწყისი და არც დასასრული… სიტყვა ღმერთშია და ღმერთი სიტყვაშია… ბიბლიიდან კარგად ჩანს, თუ რამხელა ძალა აქვს სიტყვას, იგი მარადიულია… ჩვენ მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა ჰაერში კი არ ქრება, მარადისობაში მიემართება… სიტყვა ჩვენი სულის ნაწილია. მისი მეშვეობით იღვრება სულში აზრები, შეგრძნებები, განცდები, გრძნობები… ადამიანი, ცოცხალ არსებათა შორის ერთადერთია, რომელსაც ღმერთმა სიტყვის წარმოთქმის უნარი მიანიჭა, სიტყვის, რომელიც მარადისობად იქცევა… თუმცა, ხშირად ყოველგვარი ყურადღების გარეშე ვფანტავთ სიტყვებს და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ზეცამდე აღმავალ და მარადისობაში მიმავალ ამ სიტყვებს დიდი ზეგავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე. ჩვენ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება… ჩვენივე სიტყვებით გავმართლდებით და ჩვენივე სიტყვებით გავმტყუნდებით… “ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს” (მათე 12,36). უფალი ამბობს: “მას ვინც უარმყოფს და არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, თავისი მსაჯული ჰყავს: სიტყვა, რომელიც მე ვთქვი; ის განსჯის მას უკანასკნელ დღეს” (იოან. 12,48). ამიტომ, უნდა ვეცადოთ თავი ავარიდოთ ზედმეტ და ამაო მეტყველებას, სხვის განსჯას და ამქვეყნად მხოლოდ სიკეთე დავთესოთ…
რამდენჯერ განგვიკითხავს სხვა ადამიანი საუბრისას, განგვისჯია ფიქრებში… ძალა თვით უთქმელ სიტყვასაც კი აქვს. სიტყვა მდუმარებაშიც არის… სამწუხაროა, რომ დღეს, ჩვენთვის, სიტყვამ დაკარგა ყველანაირი ღირებული მნიშვნელობა. ზოგჯერ, სიტყვას ვამბობთ ისე, რომ მისი მნიშვნელობაც კი არ გვესმის. ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: სანამ სიტყვას იტყვი, შენ ხარ იმ სიტყვის პატრონი, მაგრამ სიტყვას რომ იტყვი, მერე უკვე ის სიტყვაა შენი პატრონიო… მართლა ასეა… ვერც კი წარმოიდგენ რამხელა ზემოქმედება აქვს სხვაზე ჩვენს სიტყვას… სიტყვით შესაძლებელია ადამიანის ამაღლება, განწმენდა და გაკეთილშობილება… შესაძლებელია შესძინო მას რწმენა, სიხარული და სიმხნევე, ჩანერგო მასში სიყვარული და გულმოწყალება, მომადლო მის სულს მშვიდობა და სიმყუდროვე. სიტყვას ადამიანის გადარჩენა შეუძლია… ავსიტყვაობით კი შეიძლება მოშხამო სული, შეჰყარო მას ყველა სახის ვნება, ცოდვა და მანკიერება, შებილწო წმინდა გული. ავ სიტყვას ადამიანის განადგურება შეუძლია, კაცის მოკვლა შეუძლია… ამიტომ, დაუფიქრდი თითოეულ სიტყვას… „ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს.“ სიტყვები უკვალოდ არ ქრება… უკან გვიბრუნდება… ადამიანები უფრო დიდხანს იცოცხლებდნენ ბევრი თბილი სიტყვა რომ ესმოდეთ ახლობლებისგან… ალბათ, არც კი დაბერდებოდნენ… კეთილ სიტყვას ყველაფერი შეუძლია… ჩვენ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა, ისევე როგორც მარცვალი მთესავის იგავში, პოხიერ ნიადაგზე რომ დაეცემა, იძლევა ნაყოფს: ზოგი – ერთიოცდაათად, ზოგი – ერთისამოცად, ხოლო ზოგი – ერთიასად… გახსოვდეს, რომ სიტყვა იყო სიკეთის, სიყვარულის, სითბოს, ყოველგვარი სათნოების სათავე… ღმერთისაც კი… ვაჩუქოთ ერთმანეთს გულიდან წამოსული თბილი სიტყვები… ♥
"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."
ივნისი 6, 2011
Comments on: "სიტყვის ძალა…" (3)
ღმერთმა გაგაძლიეროთ, ნათია! ძალიან მომწონს.
ძალიან კარგია ნათია.. !! გაიხარე და წარმატებები შენ..♥
ძალიან მაგარი ტექსტია. მომწონს…